სამშაბათი, მარტი 19, 2024
19 მარტი, სამშაბათი, 2024

დაუდუმებელი ხმა: ფოლკნერიდან ალექსიევიჩამდე

– ასე მგონია, მე კი არა, ჩემს შემოქმედებას აჯილდოებენ-მეთქი – შემოქმედებას, ანუ მთელი ცხოვრების ჯაფასა და მოწამებრივ გარჯას, არა სახელის მოსახვეჭად ან, მით უმეტეს, გამორჩენისათვის, არამედ იმისათვის, რომ ადამიანური სულისაგან რაღაც მანამდე არარსებული შემექმნა.

ეს უილიამ ფოლკნერის სანობელო სიტყვიდანაა, დიდი ხნის წინ, 1950 წლის 10 დეკემბერს რომ წაიკითხა სტოკჰოლმში. მაგრამ დღეს, სამოცდახუთი წლის შემდეგ, როცა ბელარუსი მწერლისა და ჟურნალისტის – სვეტლანა ალექსიევიჩის ნობელის პრემიით დაჯილდოების ამბავი გავიგე, პირველი, რაც გამახსენდა, სწორედ ეს, რამდენიმე გვერდში ჩატეული, საოცრად გულწრფელი, მკაცრი და წინასწარმეტყველური ლიტერატურული აღსარება (შეგონება) იყო.

– რაზეა ეს წიგნი? რატომ ვწერ? – „ჩერნობილის ლოცვის” ავტორი შესავალშივე ამხელს წერის მიზეზსაც და იმას, თუ რამ გადააწყვეტინა, თითქმის ოცი წლის განმავლობაში შეხვედროდა და დალაპარაკებოდა სადგურის თანამშრომელებს, მეცნიერებს, ექიმებს, ჯარისკაცებს, გადმოსახლებულებს, თვითჩასახლებულებს… ეს სხვა წიგნი უნდა ყოფილიყო – არა იმდენად მოვლენის შესახებ, რომელზეც უკვე ათასობით ფურცელი დაეწერათ და ასობით ათასი მეტრი კინოფირი დაეხარჯათ, არამედ იმ ადამიანებზე, რომლებისთვისაც ჩერნობილი მეტაფორა და სიმბოლო კი არა, საკუთარი სახლი იყო.

და სვეტლანა ალექსიევიჩმა გადაწყვიტა, ისე მოეყოლა ისტორია, რომ არ დაეკარგა ერთი ადამიანის ბედი. უამრავი ზეპირი ისტორიის მოსმენითა და ჩაწერით მხოლოდ სხვის ტანჯვაში კი არ ჩაეხედა, მთელი თავისი ცხოვრებით ამ მოვლენის ნაწილად ქცეულიყო.

სვეტლანა ალექსიევიჩის „ჩერნობილის ლოცვაში” (თარგმნა ნინო ბექიშვილმა) ეს ადამიანები, უფრო სწორად, ხმებია გადარჩენილი. ხმები, როგორც სისხლიანი და აბსურდული ეპოქის – გორბაჩოვისდროინდელი ფსევდოლიბერალური, სინამდვილეში კი დაუნდობელი, ულმობელი საბჭოთა სისტემის – განაჩენი; მარტოსული ადამიანის (დაღუპული მეხანძრის ცოლი) ხმა, ავტორს რომ ეკითხება, რაზე გიამბოთ, სიყვარულზე თუ სიკვდილზე, თუ ეს ორი ერთი და იგივეაო; მონოლოგი შიშზე, ბაყაყები და ქინქლები რომ გადარჩება, ადამიანი კი – ვერა; ხალხის ქორო – პედიატრი იქნება ეს, ჰიდრომეტეოროლოგი თუ რუსულის მასწავლებელი, რომელიც ამბობს, ჩვენში შიშიც ცოცხლობს და ვალის აღსრულების გრძნობაც: ვიყოთ იქ, სადაც სიძნელეებია, საშიშია, დავიცვათ სამშობლოო. და საერთოდაც, ლიტერატურა, რომელსაც მე ვასწავლიდი, ცხოვრებაზე კი არა, ომზე და სიკვდილზეაო.

ხმები. ხმები. სვეტლანა ალექსიევიჩის პერსონაჟთა დაუდუმებელი ხმები, ხან – მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ქალების ზეპირ ისტორიებად („ომს ქალის სახე არ აქვს”, 1985), ხან ავღანეთის ომში დაღუპული საბჭოთა ჯარისკაცების დედების მოგონებებად („თუთიის ბიჭები”, 1989), ხანაც – საბჭოთა იმპერიის ნგრევის შემსწრე ადამიანების ყოფითი ამბებიდან („სექენდ ჰენდის დრო”, 2013).

ხმები. ხმები. და არა მხოლოდ. ისევ ფოლკნერი:

– ადამიანი უკვდავია, განა იმიტომ, რომ სხვა ქმნილებათაგან განსხვავებით მხოლოდ მას აქვს დაუდუმებელი ხმა, არამედ იმიტომ, რომ სული აქვს მომადლებული, სული, რომელსაც თანაგრძნობის, თავგანწირვისა და ამტანობის უნარი შესწევს (ფოლკნერის სანობელო სიტყვის ფრაგმენტები დამოწმებულია პაატა და როსტომ ჩხეიძეების თარგმანიდან).

ესაა სვეტლანა ალექსიევიჩის სამყაროც – ჩვენი დროის ადამიანების ტანჯვისა და სიმამაცის თავგადასავალი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი