პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

წიგნები და გემოები

ბოლო დროს აღმოვაჩინე, რომ ყველა ჩემ მიერ წაკითხული წიგნის მენიუ მახსოვს, რას, როდის და რა პირობებში მიირთმევდნენ ჩემი საყვარელი წიგნის გმირები, განსაკუთრებით ნათლად და დეტალურად ბავშვობის წიგნების კერძები მახსენდება – შემწვარი გუფთა და ძეხვი, ფუმფულა ფუნთუშები-რომელთაც სამზარეულოს ფანჯრიდან შემოპარული კარლსონი იპარავდა, ფრეკენ ბოკის ცხარე წვნიანი, მთელი ქვეყნის მასშტაბით რომ გაუთქვა სახელი, პეპის მაჭკატები, რომელთა ცომსაც იატაკზე ზელდა ეს ცეცხლისფერთმიანი გოგო, ნუგბარით სავსე საპიკნიკო კალათა ამავე წიგნიდან, წარუმატებელი კულინარის, ძია მელკერის რეცეპტით დამზადებული ქორჭილა „სალტკროკელებიდან” და მოხუცებულებისათვის მოწყობილი დიდებული ნადიმი „ემილიდან”, შაშხით, ინდაურებითა და კუპატებით.
ასტრიდ ლინდგრენის დიდებულ სუფრაზე შეიძლება ბევრი ვილაპარაკოთ, მე კი ახლა „პატარა მაწანწალა” მახსენდება, ცივი ლონდონი, სადაც მშიერი ბავშვები ზოგჯერ პურის პუდინგს მიირთმევდნენ, ზოგჯერ კი სტაფილოთი გაჰქონდათ თავი. კიდევ მექსიკური სამზარეულო მაინ რიდის სათავგადასავლო რომანებიდან, ჰექტორ მალოს უსახლკარო ბიჭისთვის მომზადებული ცხელი ბულიონი, გამოზოგილი და განაწილებული ულუფები „დედა, მამა, რვა ბავშვი და საბავშვო მანქანიდან”. ბერძნული სამზარეულოს დაგემოვნება კორფუზე გამგზავრებული ოჯახის მიერ, ვარსკვლავიანი თაფლაკვერები მერი პოპინსიდან, უდაბნოში, გზადაკარგული მფრინავი ეგზიუპერი და ერთადერთი ფორთოხალი, როგორც სიცოცხლის სიმბოლო, ღორმუცელა უფლისწულის მდიდრული მენიუ და გემრიელი სიზმრები “სალამურას თავგადასავალში”, ჯანჯუხა და ცხელი მჭადი ნოდარ დუმბაძის შესანიშნავი მოთხრობებიდან, კულინარიული სასწაულები წიგნიდან „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა” და მუხუდოს წვნიანი „სამი მუშკეტერიდან”. . .
არ ვიცი, რისი დამსახურებაა ასეთი მეხსიერება – ალბათ უარაფრო და მშიერი ბავშვობის წლების, როცა მართლა წიგნები გვაპურებდნენ შეშინებულ და შეციებულ ომის ბავშვებს…
უსასრულოდ შეიძლება წიგნების და კერძების ჩამოთვლა განვაგრძო, მაგრამ აქ გავჩერდები და რამდენიმე რეცეპტს გასწავლით-ზოგიერთს -საბავშვო წიგნებიდან, ზოგიერთს- ამ წიგნების შთაგონებით შექმნილს, ხოლო ზოგიერთს, ისეთი ცნობილი საბავშვო ავტორის კულინარიული წიგნიდან, როგორიცაა, მაგალითად, როალდ დალი.
დაიხმარეთ საბავშვო წიგნები იმისთვის, რომ სამზარეულოსა და ბიბლიოთეკას შორის მანძილი გაუმარტივოთ პატარა მკითხველებს.
რეცეპტი.1
პროპელერიანი გუფთები კარლსონისათვის
„ კარლსონმა თქვა, ვაღმერთებ დაბრაწულ გუფთებსო, მაშასადამე, გამასპინძლებაა საჭირო, თორემ ეწყინება და გაიბუტება… ოჰ, რა ბევრი რამ იყო ახლა დამოკიდებული ამ გემრიელ გუფთებზე!
– ერთ წუთს მოიცადე, – უთხრა ბიჭუნამ, – სამზარეულოში გავიქცევი და გუფთას მოვარბენინებ.
კარლსონმა მოწონებით დაუქნია თავი.
– ოღონდ ჩქარა! ხომ იცი, მარტო სურათების ყურება კუჭს ვერ ამოავსებს!
ბიჭუნა სამზარეულოში შევარდა.
დედას თავისი უჯრულა წინსაფარი აეფარებინა და დიდ ტაფაზე ლამაზ-ლამაზ გუფთებს აწითლებდა. ხანდახან ტაფას ხელში შეათამაშებდა ხოლმე და ბურთივით მრგვალი გუფთები ხტუნვით ბრუნდებოდა მეორე მხარეს.
…იცით რა გუფთები იყო? შებრაწული, კრაწუნა და მართლაც რომ სანაქებო.”
წარმოიდგინეთ, შებრაწულ გუფთებს პროპელერი რომ ჰქონდეთ და თავისით უფრინდებოდნენ პატარა ბიჭუნებს პირში.:))
რეცეპტისათვის საჭიროა:
ქათმის ფილე – 500 გრამი
წიწიბურა -ერთი ჭიქა
ერთი დიდი ხახვი
2 კბილი ნიორი
1 კვერცხი
ოხრახუშის რამდენიმე ღერი
ტკბილი წიწაკა-დაფქული-მწიკვი
ხმელი რეჰანი ან თავშავა
მარილი-გემოვნებით
ერთი ცალი სტაფილო, ან სხვა ბოსტნეული
საფანელი
ზეთი
ქათმის ფილე, მოხარშული წიწიბურა, ხახვი, ნიორი, ოხრახუში გავატაროთ, გავუკეთოთ ტკბილი წიწაკა, სანელებლები და მარილი, დავამატოთ გათქვეფილი კვერცხი, (თუ თხელი გამოვიდა, შეგიძლიათ ერთი ცალი კარტოფილიც დაუმატოთ).
კულინარიულ დაფაზე მოვამზადოთ პატარა გუფთუკები, ამოვავლოთ საფანელში და შევწვათ კარგად გაცხელებულ ტაფაზე, ზეთში.
სტაფილო გავთალოთ, დავჭრათ ჩხირებად და კულინარიული ჩხირის საშუალებით ავაწყოთ მარტივი კონსტრუქციის პროპელერი, ჩავარჭოთ ჩვენს გუფთებში და რაიმე სახის გარნირთან ერთად მივართვათ ჩვენს პატარებს. ( ასეთივე პროპელერი შეგიძლიათ შემწვარი კარტოფილით, ვაშლით, ჭარხლით დაამზადოთ)
პ.ს. სინამდვილეში, კარლსონი და ბიჭუნა რომ შებრაწულ გუფთებს მიირთმევდნენ, ღორისა და საქონლის ნარევი ფარშით მზადდება და შვედური სამზარეულოს უმთავრესი კერძია, მაგრამ მრავალფეროვნებისთვის, ჩემი ვარიანტიც შეგიძლიათ მოამზადოთ, გემრიელია, დამიჯერეთ.
რეცეპტი 2
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა:
„ბაბუა ჯო და ჩარლი თითქმის მირბოდნენ, რომ მისტერ ვონკას არ ჩამორჩენილიყვნენ, მაგრამ იმ მრავალრიცხოვან კარებს რომ ჩაურბინეს, ერთი წარწერა არ დარჩენიათ წაუკითხავი:
კარზე ეწერა: საჭმელად ვარგისი მარმელადის ბალიშები, სალოკი შპალერი ბაგა-ბაღებისათვის,ცხელი ნაყინი ცივი დღეებისათვის…”
ამას წინათ, ამ წიგნის ავტორის, როალდ დალის კულინარიული რეცეპტების წიგნი ვიყიდე, სადაც მარმელადის ბალიშების, შოკოლადის სიურპრიზის და სხვა სასუსნავების რეცეპტებიც წერია, ჰოდა, ერთს თქვენც გაგიზიარებთ:
ვილი ვონკას შოკოლადის სიურპრიზი
(ამ სასუსნავის ადაპტირებულ ვერსიას გთავაზობთ, სიმინდის სიროფის ნაცვლად, რომელიც ბავშვებისთვის ნაკლებად სასარგებლოა, თაფლი გამოვიყენე.)
რეცეპტისთვის გვჭირდება:
დაჭრილი ნიგოზი, ხმელი ჩირი, ნუში, თხილი, ქიშმიში, სიმინდის ბურბუშელა -მთლიანობაში 400 გრამი;
100 გრამი კრეკერი;
200 გრამი თაფლი;
ვანილი;
ერთი ფილა შოკოლადი;
2 სუფრის კოვზი კარაქი;
მომზადება:
ნელ ცეცხლზე, ისე რომ არ აქაფდეს და არ ადუღდეს, ოდნავ ღრმა ტაფაზე მუქ ოქროსფერამდე მივიყვანოთ თაფლი, ჩავყაროთ თხილეულ-ჩირეულობა და კრეკერები, კარგად ვურიოთ, დავუმატოთ ვანილი, ამოვიღოთ და გავაბრტყელოთ ფიცარზე.
რომ გაცივდება, მოგრძო ოთხკუთხედებად დავჭრათ.
ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ შოკოლადი, დავუმატოთ კარაქი, ავადუღოთ, ამოვავლოთ შოკოლადში და გავაცივოთ.
რეცეპტი 3
ვაშლის პუდინგი დავით კოპერფილდისათვის
საბრალო დავით კოპერფილდი, როგორ გამოაგდეს სახლიდან, არადა, წარმოდგინეთ, როგორ მოენატრებოდა თავისი ძიძის , პეგოტის გამომცხვარი ვაშლის პუდინგი და ერთი ჭიქა ცხელი რძე.
მასალა:
2 კვერცხი
100გრამი შაქარი
100 მლ. რძე
120 გრამი ნაღების კარაქი
1ლიმონი
250 გრამი ფქვილი
6 ვაშლი
70 გრამი რაიმე სახის, მომჟავო ჯემი
ქიშმიში
დარიჩინი -დანის წვერით
მარილი-მწიკვი
ნუში-100 გრამი
კვერცხის ცილა გამოვაცალკევოთ გულიდან, ცილა გადავდოთ, ხოლო გული ავთქვიფოთ შაქართან და რძესთან ერთად 5 წუთის განმავლობაში, დავუმატოთ კარაქი და ისევ განვაგრძოთ თქვეფა, შემდეგ დავამატოთ ხორბლის ფქვილი, ავთქვიფოთ.
ცალკე მოვამზადოთ გათქვეფილი ცილა, დავუმატოთ ცომს, არ გადავურიოთ. ვაშლი გავრეცხოთ, გული ამოვაცალოთ, დავჭრათ თხელ რგოლებად, ფორმაში ჩავაფინოთ პერგამენტი, თხლად წავუსვათ ჯემი, დავაწყოთ ვაშლები.
ცომს ფრთხილად გადავურიოთ ათქვეფილი ცილა, ფორმაში ჩაწყობილ ვაშლებს დავასხათ დარჩენილი ცომი, 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში გამოვაცხოთ 45 წუთის განმავლობაში. უკვე გამომცხვარს მოვაყაროთ მოხალული ნუში.
რეცეპტი 4.
ჯემიანი ნამცხვარი ჩემი პირადი ზღაპრიდან
„ჩემი ზღაპარი ალბათ არც ისე საინტერესოა, როგორც ეს სასწაული წიგნები, რომლებზეც უკვე მოგიყევით.
კადრებად დარჩენილი მამა, უცხოეთში გაფანტული ოჯახი, მუდამ შვილების მონატრული დედა.
თუმცა, მანამდე იყო ის ყველაზე ტკბილი, დაუვიწყარი ერთიანობა- ცივი კორპუსის თბილი სამზარეულო, მამა ჩაის სვამს, უფროსი და მღერის, ძმა- მამას სკოლის ამბებს უყვება, მე-ნაბოლარა-ყველას ფეხებში ვედები და დედა აცხობს ჩემი ზღაპრის ჯემიან ნამცხვარს”:
მასალად საჭიროა:
200 გრამი რძე
200 გრამი შაქარი
200 გრამი ზეთი
ფორთოხლის ცედრა -ერთი სუფრის კოვზი
4 კვერცხი
ერთი პაკეტი საფხვიერებელი ფხვნილი
ფქვილი იმდენი, რამდენიც დასჭირდება არაჟნის კონსისტენციის ცომის მომზადებას
ბლის მურაბა
რაიმე სახის მომჟავო ჯემი
ცუკატები, ქიშმიში
მომზადება
ვაკეთებთ გოგლი-მოგლს, ვიღებთ რძეს, ზეთს, საფხვიერებელს, თითო-თითო ინგრედიენტს ვუმატებთ და ვთქვეფთ, ვყრით იმდენ ფქვილს, რომ არაჟნის კონსისტენციის ცომი გამოგვივიდეს, ბოლოს ვამატებთ ქიშმიშსა, ცედრასა და ცუკატებს, ცომს ვყოფთ ორ ნაწილად და ვაცხობთ ორ ფორმაში. ვაცხობთ 200 გრადუსზე , დაახლოებით 30-40 წუთს, ზედაპირის შეწითლებამდე.
როდესაც გამოცხვება, პირველ ნაწილს წაუსვით ჯემი, ( თუ სველი ნამცხვრები გიყვართ, შეგიძლიათ რაიმე წვენით ან სიროფით დანამოთ კიდეც), დაადეთ მეორე ნაწილი, კიდევ წაუსვით ჯემი, მოაყარეთ შაქრის ფხვნილი, ცუკატები, ქიშმიში ან დაფხვნილი ორცხობილა.
გაუმარტივეთ ბავშვებს გზა სამზარეულოდან ბიბლიოთეკამდე, იქნებ ეს ბედნიერი მკითხველების გაზრდის საუკეთესო საშუალებაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი