შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

სიყვარულის ლაბირინთები სასკოლო ასაკში

ეს უწყინარი სასიყვარულო თავგადასავალი, არშემდგარი და მალევე ჩაფერფლილი, გასული საუკუნის 80-იანი წლებისაა, ჩვენს ქვეყანაში ეროვნული მოძრაობა და ავადსახსენებელი საბჭოეთის ნგრევა რომ ახლოვდებოდა. ტიპურ სოფლის სკოლაში ვსწავლობდი, არცთუ ურიგოდ. ჩვეულებრივი, მეგობრული, აქტიური, ლიდერის თვისებებით გამორჩეული ბავშვი ვიყავი. წარსულისკენ რომ მივიხედავ, საშინელი სევდა მიპყრობს, იდილიური სოფლური გარემოდან წუთისოფლისა „ცხელ თონეში“ გადავარდნილი, გულუბრყვილობამდე რომანტიკოსად დარჩენილი ქალისა. მაშინ მეგონა, რომ ყველა ჩემიანი იყო, ყველას ვუყვარდი და ყველა მიყვარდა, ბოროტება და ღალატი საერთოდ არ არსებობდა, მხოლოდ ჩემი საყვარელი რომანებისა და მოთხრობების ავტორების მოგონილი იყო ხალხის გასართობად. უზომოდ ემოციური, მეოცნებე და მაძიებელი ვიყავი, ყველაფერი მაინტერესებდა, ხარბად ვცდილობდი სამყაროს შემეცნებას, მაგრამ იმ სტერილურ მიკროკოსმოსში ალბათ ამას ყველაზე ნაკლებად შევძლებდი.

მეშვიდე კლასში ვიყავით, თბილისის სკოლიდან რომ სასწავლებლად ჩვენი ერთი კლასელი გადმოვიდა. ხალისიანი, ცელქი, თამამი, თავდაჯერებული, სხარტი ბიჭი იყო. უცებ აიყოლია კლასელები. ყველას გვიყვარდა, გოგონებსაც და ბიჭებსაც. არ მახსოვს, რომელ კლასში ვიყავით, ერთხელაც ამ სიმპათიურმა შავტუხამ წერილი გამომიგზავნა და სიყვარულის გამოცხადებასთან ერთად ამავე წერილის საპასუხოდ მოითხოვა ჩემგან სიყვარულზე თანხმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მესამე სართულის ფანჯრიდან გადახტომით დამემუქრა. ჩემს დასანახად ფანჯრის რაფაზეც შეხტა. არ დავმალავ, სიმპათიები მის მიმართ მეც მქონდა, მაგრამ ეს სიყვარული იყო თუ ინდის ხურმა, წარმოდგენა არ მქონდა. ჩემს ოცნებებში ის ხშირად გაიელვებდა ხოლმე, ეს იყო და ეს. თავში აზრადაც არ გამივლია, ამის შესახებ ვინმესთვის რამე მეთქვა, ამ ურთიერთობის გაგრძელებაზე ან მასთან მეტად დაახლოებაზე მეფიქრა. ჩემი სამყარო მქონდა, ჩემს ილუზიებში შორიდან ვუღიმოდი ამ თავზეხელაღებულ ბიჭს. მეტი არაფერი!

წერილს ოლიმპიური სიმშვიდით შევხვდი და მის მომტანს ვუთხარი, მე მისთვის სათქმელი არაფერი მაქვს და თუ საიდანმე გადახტომა უნდა, ნება მისია-მეთქი. წერილი მომტანს დავუბრუნე, ცივად ავდექი და გავეცალე. როგორც ჩანს, ჩემმა გულგრილობამ თავმოყვარეობა გვარიანად შეულახა. არ ელოდა. იყო ჩოჩქოლი და მისვლა-მოსვლები, ამბების მიტან-მოტანები, მაგრამ ჩემი შინაგანი მღელვარება იობის მოთმინებით დავფარე და წერტილი დავუსვი მის მცდელობას. თავგანწირული მიჯნურის ფანჯრიდან გადახტომას კი აბა, ძმაკაცები როგორ დაუშვებდნენ?

არადა როგორ მომწონდა რამდენიმე მგზნებარე შეყვარებულ წყვილს ჩვენი სკოლის ზღაპრულ ეზოში განმარტოებულს რომ დავინახავდი. „სიყვარულსა მალვა უნდა“ ალბათ იმიტომ ამოიჩემა ხალხმა, რომ შეყვარებულ წყვილს ბევრი ბრძოლის გადატანა უწევს, თუ მათი გრძნობა გახმაურდა. თავიდან საზოგადოება უნდობლად უყურებს შეყვარებულებს. ყველაფერი თეატრს ემსგავსება. მათ უნდა ითამაშონ სიყვარულის ლამაზი ისტორია, მაყურებელი უნდა დაარწმუნონ თავიანთი გრძნობის სიმყარეში და მერე ყველა აღიარებს, მიესალმებიან და გულშემატკივრობენ. გამონაკლისებიც, ცხადია, ყველგან და ყოველთვის არის. მეც მინდოდა მქონოდა ასეთი სასიყვარულო თავგადასავალი, მაგრამ მორცხვი და ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი. დედაჩემი ჩემი სკოლის მასწავლებელი იყო, ჩემი ძმა ჩემს მომდევნო კლასში სწავლობდა, მათიც მერიდებოდა და სითამამეც საამისოდ ამდენი არ მქონდა. მოკლედ, ტაბუ დავადე ჩემს ქვეცნობიერში დაბადებულ გრძნობას და ამ თემაზე არავისთან კრინტიც არ დამიძრავს. ჩემი თამამი „შეყვარებულის“ დაჟინებული მზერა კი სულ თან დამყვებოდა. არც ის იღებდა ხმას და არც მე. თუმცა ცხადი იყო, რომ ასე უსიტყვოდ და უმოქმედოდ რაღაც მაინც ხდებოდა ამ ორი ადამიანის გულში. კატეგორიულად ვუფრთხოდი იმის გამჟღავნებას, რომ რამენაირი გრძნობა მაკავშირებდა ამ ადამიანთან. დიდი ძალისხმევის ფასად, მაგრამ მასაც ისევე ვეპყრობოდი, როგორც სხვა თანაკლასელებს.

ჩემი დამრიგებელი და მათემატიკის მასწავლებელი იყო ერთი საოცარი ქალი, საბჭოთა სკოლისთვის უჩვეულო პერსონა თავისი აზროვნებითა და ცხოვრების წესით. 21 წლის იყო, ჩვენი დამრიგებელი რომ გახდა მეოთხე კლასში და სკოლის დამთავრებამდე მოგვყვებოდა. იყო ულამაზესი, უნიჭიერესი, ფართო განათლებით, ნაკითხი, ხელოვნების მოყვარული, იცვამდა დახვეწილად, თანამედროვედ, მრავალფეროვნად და მიუხედავად იმისა, რომ მათემატიკა ჩემი საყვარელი საგანი არ ყოფილა, ეს ქალი სიგიჟემდე მიყვარდა. მხოლოდ მე არა, მთელი კლასი მასზე ვგიჟდებოდით, გოგონები ვბაძავდით ყველაფერში. ოჯახში მისაყვედურეს კიდეც, რომ საუბრის მანერაშიც კი ვბაძავდი ელიკო მასწავლებელს.

არ ვიცი, რა შენიშნა ელიკო მასწავლებელმა ჩემსა და იმ ბიჭს შორის, ან რა ჭორს მოკრა ყური, ერთ მშვენიერ დღეს ქარიშხალივით შემოვარდა კლასში და გამომცდელად მოგვაშტერდა… რატომღაც მათემატიკა იმ დღეს ბიოლოგიის კაბინეტში გვიტარდებოდა და ახლაც ცხადად მახსოვს, მესამე სართულის იმ განაპირა ოთახში სად რა მცენარე, სად რა ადამიანის ჩონჩხი და სხვა ინვენტარი იდგა. დგას ელიკო მასწავლებელი და გამომცდელად გვზვერავს. მივჩერებივართ ყველანი სიყვარულით და გული გვიგრძნობს, რომ რაღაც უჩვეულო ხდება.

  • აბა, ვინ იქნება თამამი და მეტყვის, ვინ არის შეყვარებული ერთ ბიჭზეო და მზერა სტყორცნა ამ ჩემს არშემდგარ მიჯნურს. კლასი გაოგნდა და გაისუსა. დრო გადის. ხმას არავინ იღებს.
  • ჰააა, არ მეუბნებით, არა? – აგრძელებს ელიკო მასწავლებელი გამომწვევად, – კარგი, დაველოდები, აბა, ვინ გაწითლდებააა? – მეგონა, ცხელი ვულკანის ლავა გადმომაღვარეს თავზე. ერთი საცოდავად კი ვუთხარი საკუთარ თავს:
  • აბა, მაკა, ახლა გმართებს გმირობა-მეთქი, მაგრამ ჩემი ჰეროიკული სულისკვეთება ამ ლავამ მთლიანად დაფერფლა და ისე გავწითლდი, ისე გავწითლდი, სააღდგომო კვერცხივით თუ ბროწეულის ყვავილივით, სახეზე ალმური ამდიოდა. ყველა უკლებლივ, მთელი კლასი, თვით ის ბიჭი და ელიკო მასწავლებელი მე მომაშტერდნენ. ვნატრობდი, რომ სკოლის შენობა დანგრეულიყო, დედამიწას პირი დაეღო და უფსკრულში ჩავენთქე, ფანჯარა გაღებულიყო და რამე ურჩხულს ამ ჯოჯოხეთიდან გავეტაცე, მეტეორი დამცემოდა, ან ვინმე კეთილ ადამიანს კალაშნიკოვის ერთი „აბოიმა“ დაეცალა ჩემზე, მაგრამ არაფერი ხდებოდა… გამანადგურებელ სიჩუმეს ჩემი კლასელების უმწეო ხმაური მოყვა, იცით, ელიკო მასწ… წამოიწყეს ვიღაცებმა უმწეოდ, მაგრამ ელიკო მასწმა ულმობლად გამოაცხადა:
  • კარგი, შეწყვიტეთ! აღარ არის საჭირო არაფრის თქმა! ზის უკვე ერთი ვარდივით! –

უბრალოდ ვიწვოდი, ჯოჯოხეთის ცეცხლი მეკიდა… ჩემი საყვარელი ელიკო მასწავლებელი იმ წამს მძულდა… აღარაფრის ძალა არ მქონდა… რაც ბიჭმა თვითმკვლელობის მუქარით ვერ გამომტაცა, აგერ ელიკო მასწავლებელმა ერთი გაწითლებით ყველასთვის ცხადი გახადა… ტაია შელიას (კონსტანტინე გამსახურდიას „დიონისოს ღიმილის“ გმირი) მიერ შელოცვილი, მოჯადოებული, ასხმარტალებული გველივით უძლური ვიყავი, ძვლებში გადამტვრეული და მოლეკულებად დაშლილი. ამის შემდეგ გაკვეთილზე რა ხდებოდა, აღარაფერი მახსოვს. თავჩაქინდრული ვიჯექი და სიკვდილს ვნატრობდი. მახსოვს, ზარი რომ დაირეკა  ჩემი მიჯნურის გაბრწყინებული, უბედნიერესი, მოზეიმე სახე, ჩემკენ წამოვიდა, შორიახლოს შეჩერდა, თვალებში ჩამხედა და უსიტყვოდ მითხრა: „აჰა, ჩემი წერილის პასუხად გამარჯვებას შენ ზეიმობდი, მაგრამ ესეც ასით ნული ჩემს სასარგებლოდ!“ მე კი არც ახლა მქონდა სათქმელი არაფერი.

მალე ბებია-ბაბუასგან ბიჭი მშობლებმა ისევ გადაიყვანეს თბილისში და ეს ისტორიაც დასრულდა. ბოლო ზარზე მოულოდნელად ჩვენთან მოვიდა. მისი ნახვა მიძნელდებოდა და რომელიღაც საკლასო ოთახში შევიმალე. მან დაიარა დერეფანი, ყველა საკლასო ოთახის კარი გამოაღო, სადღაც ფანჯარასთან მიყუჟული მიპოვა, ჩვეული ხალისით მოიჭრა, გადამეხვია და მითხრა: „ყველგან შენ გეძებდი… მე არ ვარ საშენო, მაგრამ მაინც, სულ ისე მეფიქრება შენზე, როგორც შენ და ნუ უარყოფ, ხომ გახსოვდი? ხომ არ დამივიწყებ?“ გავუღიმე თანხმობის ნიშნად და ხელიხელგადახვეულები გამოვედით იმ კლასიდან. თითქოს რაღაც ტვირთი მომეხსნა. მერე, როცა თეთრ პერანგებსა და წინსაფრებზე ტრადიციული წარწერების ჟამი დადგა, ის მოვიდა,  წინსაფრის ცენტრში დიდი ოთხკუთხედი შემოხაზა, „ყვავი“ დააწერა და კიდეზე მიაწერა: „მაკას თავის ნ.ჯ.-სგან“. მას ინიციალები არ დაუწერია, თავისი სახელი და გვარი სრულად და გარკვევით „დაბეჭდა“. სკოლის დამთავრებასთან ერთად მასზე ფიქრებსაც დავემშვიდობე… თითქოს ბავშვობასთან ერთად რაღაც ისეთი დასრულდა, რომ არც დაწყებულა, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანი და დაუვიწყარი იყო. მისი შავი, ბრიალა თვალების დავიწყება შეუძლებელია… მისი ცხოვრება ცუდად წარიმართა, 90-იანი წლების ორომტრიალმა კრიმინალურ სამყაროსთან დააახლოვა, შემდეგ გავიგეთ, რომ „მხედრიონში“ გაწევრიანდა და 1992 თუ 93 წელს სადღაც მოკლეს. ვინ მოკლა და როგორ, არ ვიცი. რას შეეწირა, ვინ შეიწირა, გაუგებარი დარჩა, ჩვენ არც მის დაკრძალვაზე წავსულვართ, შავბნელი წლები იყო, მაგრამ როცა კლასელები ვიკრიბებით, მას სულ ვახსენებთ და მის მოსაგონარს ვამბობთ. უნიჭიერესი და უკეთილესი ადამიანი იყო და რა სამწუხაროა, რომ ასეთი ახალგაზრდების სიცოცხლე გაანადგურა ეპოქამ.

ახლა მე თვითონ ვარ მასწავლებელი, 4 კლასთან ვმუშაობ და კლასში დაახლოებით 30 მოსწავლე მიზის, ანუ ყოველდღიურად საბაზო და საშუალო საფეხურის  120 მოსწავლესთან მიწევს ურთიერთობა. უამრავი სასიყვარულო ისტორია ტრიალებს ჩემ გარშემო. ახლა ბავშვები ბევრად გახსნილები და თამამები არიან და საიდუმლოდ იშვიათად იტოვებენ თავიანთ გრძნობებს. ალბათ ახლაც არიან გულჩათხრობილი ნატურები, მაგრამ – იშვიათად. ძირითადად მიყვებიან თავიანთ გრძნობებზე, ამის სურვილს თავად გამოხატავენ, თორემ მე, რასაკვირველია, არასდროს ჩავერევი მათ თავგადასავლებში, თუ თავად არ ითხოვენ ამას. მართალია, ადამიანის სულიერება და განცდები ათასწლეულების მანძილზე უცვლელია, მაგრამ მსოფლაღქმა და დამოკიდებულებები კი მნიშვნელოვნად იცვლება. თუნდაც თანამედროვე შეყვარებული ბავშვი აღარ გავს ჩემი ეპოქისას. თანამედროვე ადამიანის უმთავრესი დოქტრინა ბედნიერების მოპოვების სურვილთან არის დაკავშირებული და ამ სურვილს იმდენად ჰყავს შეპყრობილი ადამიანი, რომ სხვა ღირებულებები, ერთგულება, მოთმინება, თავგანწირვა, მეორეხარისხოვანი გახდა.

ეს ყველაფერი სხვადასხვა ეპოქის მწერლობაშიც კი აისახება. სასიყვარულო ისტორიები მხატვრულ ტექსტებსა და კინოში ხომ ჩვენი საყვარელი ჟანრია. მაგალითისთვის განვიხილავ ორ უსაყვარლეს მოთხრობას, ესენია: ჯეკ ლონდონის „თამაში“ და ერიკ-ემანუელ შმიტის „გამოჯანმრთელება“. ამ ორ მწერალს დაახლოებით საუკუნე აშორებს ერთმანეთთან. ორივე ამაღელვებელ „ლავსთორის“ ყვება, ორივე მოთხრობის შეყვარებული წყვილები იდეალურები არიან, ორივე მოთხრობის ფინალი ტრაგიკულია. ორივეგან კვდება მთავარი გმირი, რომლებიც ახალგაზრდები, ლამაზები, გულიანები, საოცრად მიმზიდველი და სიცოცხლით სავსე ადამიანები არიან და მარტო რჩებიან მათზე შეყვარებული გოგონები. ჟენევიევასა და ჯო ფლემინგის სიყვარულის ისტორია საოცრად რომანტიკულია. ჯეკ ლონდონი ჩვეული ოსტატობით, ფრთხილად და ემოციურად ყვება საოცარი სიყვარულის დაბადებას. ჯო ფლემინგისთვის ულამაზესი და უკარგესი ჟენევიევა ღვთის საჩუქარია, მაგრამ მისი მეორე კერპი კრივის ღმერთია. კრივით ცოცხლობს და სუნთქავს, კრივით არჩენს ოჯახს საყოველთაო სიდუხჭირეში ყველას პატრონობს, დედას, ხუთ უმცროს და-ძმას, სახლის ყიდვასაც კი ახერხებს, ჟენევიევასთან ბუდის მოწყობასაც აპირებს, ხოლო გოგონას არ ესმის, რატომ და როგორ არის ასე დამოკიდებული ჯო რინგზე. ქორწილის დღეს სატრფოს ტრაგიკული აღსასრული ჟენევიევასთვის უდიდესი სასჯელია, თითქოს ყოველივე დასრულდა მისთვის, სამყარომ ფერები დაკარგა, ქალიშვილის მწუხარებას საზღვარი არ აქვს, გარშემო ყველა მასთან ერთად ტირის და მკითხველიც გლოვობს. იმდენად ლამაზი წყვილი იყო, იმდენად საამური „ლავსთორი“, რომ მის დასასრულთან შეგუება აუტანელია.

ერიკ-ემანუელ შმიტის მოთხრობის გმირები 25 წლის მედდა სტეფანი და ავტოკატასტროფაში მოყოლილი ლამაზმანთა გულთამპყრობელი კარლი არიან. სტეფანი უგულო დედისგან დაკომპლექსებული, გულჩათხრობილი და უღიმღამო გოგო იყო, საკუთარი თავი მახინჯად ეჩვენებოდა, სიყვარული მისთვის არ არსებობდა, სრულიად უცხო რამ იყო, არასდროს ჰყოლია თაყვანისმცემელი და არც იმედი ჰქონდა, რომ ოდესმე ვინმეს მოეწონებოდა. კარლს ავტოკატასტროფაში თვალები დაუზიანდა, ოპერაციას ელოდებოდა და თვალები შეხვეული ჰქონდა, მაგრამ სტეფანის მშვენიერება სურნელით, ხმითა და ხასიათით მაინც შეიცნო, მასში ქალი გამოაღვიძა, ასწავლა ქალურად ჩაცმა, საკუთარი თავის ფასი და აჰა, ასე შეცვლილი სტეფანი რაფაელს შეუყვარდა. შოკისმომგვრელია მოთხრობის ფინალი, ის თანამედროვე ყოფასა და თანამედროვე ადამიანის ლტოლვებს ზედმიწევნით გამოხატავს. კარლზე ავადმყოფურად შეყვარებული სტეფანი თავისი კერპის სიკვდილის გაგებისთანავე „გამოჯანმრთელდა“, რაფაელს სიყვარულზე თანხმობა უთხრა და იმავე დღესვე მას დანებდა. მართალია, მისი ნათქვამი სიტყვის „მიყვარხარ!“ ადრესატი იმ დღეს კარლი იყო და არა რაფაელი, მაგრამ, ჟენევიევასგან განსხვავებით, სტეფანიმ მონახა ძალა, რომ საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი ახალი სიყვარულით იმავე დღესვე ჩაეცხრო.

სიმბოლურად მეჩვენა ამ მოთხრობების ფინალური სცენები. მწერალი ყოველთვის ღრმად განიცდის ეპოქის სულს, ჯეკ ლონდონიც და ერიკ-ემანუელ შმიტიც გარშემო არსებული ქრონოტოპის (დრო-სივრცის) მესაიდუმლეები არიან, ისინი იმაზე უკეთ იცნობენ ადამიანის ფსიქოპორტრეტს, ვიდრე ჩვენ შევიცნობთ საკუთარ თავს. ამ ორ მოთხრობას აუცილებლად წავაკითხებ ჩემს მოსწავლეებს, ორივე ძალიან რომანტიკულია, როგორც ჯონ გოლზუორთის „ვაშლის ყვავილი“, ყველა თაობის მკითხველის საყვარელი ნაწარმოები.

ახლა მახსენდება ჩემ თვალწინ უკანასკნელ 2-3 წელიწადში განვითარებული ჩემი მოსწავლეების სასიყვარულო ისტორიები. ჯეკ ლონდონის ან ერიკ შმიტის კალმის მაგიას რომ ვფლობდე, საოცარი მოთხრობები დაიწერებოდა მათზე. ერთი დაშორებით დასრულდა, ხოლო მეორე ბედნიერი „ლავსთორი“ ახლაც ისევე ლამაზად ყვავის, როგორც მარიტას ბროწეულის ხე.

შესაძლოა, ძალიან ინტიმურ, ფაქიზ თემებზე თამამად ვწერ, მაგრამ მე ჩემი მოსწავლეების ფსიქოლოგიც ვარ, უახლოესი მეგობარიც, თანამდგომიც. რა უნდა ქნას მასწავლებელმა, როცა უნებლიედ ცხელი სასიყვარულო ისტორია მის თვალწინ ტრიალებს და ახალგაზრდა, გამოუცდელი გულები მისგან თანაგრძნობას ითხოვენ? შეიძლება, ვიღაცამ მითხრას, რომ მოსწავლის პირადი ცხოვრება და გრძნობები ჩემი საქმე არაა და მე თავი უნდა ავარიდო ამ ისტორიებს. ხშირად ბავშვები იმდენად გულით ითხოვენ ჩვენს თანაგრძნობას, ქვისა არა ვარ, თუ მათ მესაიდუმლე სჭირდებათ და ასეთად  მე ვეგულები, იმედებს ვერ გავუცრუებ. სიყვარული ხან დაუშრეტელია, ხან – მილევადი, ერთი გრძნობა მეორით იცვლება. ხშირად მესმის ხოლმე, აი, ,თუ ვერ გამაბედნიერებს, გადავიყვარებ. ყველაფერი ინდივიდუალურია. ვიღაცას შეუძლია გადაიყვაროს, ვიღაცას – ტკივილის ატანა ურჩევნია ძლიერი გრძნობის დავიწყებას, უბრალოდ ვერ ახერხებს… ასეა თუ ისე, ყოველი სასიყვარულო თავგადასავლისგან რაღაც რჩება, ღრმა და მშვენიერი, წარუშლელი, გამაკეთილშობილებელი. ადამიანებს ყოველთვის სწყურიათ „ლავსთორიების“ მოსმენა. ყველას ვურჩევ: მოყევით თქვენი და სხვისი სასიყვარულო თავგადასავლები, მოუყევით ერთმანეთს, დაწერეთ, გაიმეორეთ ხშირად, პირად ცხოვრებაში ჩარევისა გარეშ, კონფიდენციალობის დაცვით. მერწმუნეთ, ჩვენ ეს სულს გვიფაქიზებს. ამ წერილს გოგლას ლექსით დავასრულებ, გარდასული სიყვარულის ხიბლზე რომ ჩაგვაფიქრებს. პოეტს ეს ლექსი სიკვდილამდე ერთი წლით ადრე დაუწერია, ვინ იცის, ვინ აგონდებოდა ამ დროს სახელოვან პოეტსა და მეცნიერს:

გადამივიწყე… ახლა წვიმაა…

ვით გვალვა წვიმას, შენ მოგიწყურებ…

მე ვადღეგრძელებ შენს მოგრძო თვალებს,

უხილავ სევდით ამოკირწყლულებს,

არაგვის გმინვას, ჭადრის მჭკნარ ფოთოლს

და მთებში დაჭრილ არწივის წყლულებს…

ჩემი ოცნება მიაქვთ წეროებს,

ნეტავ თუ ისევ დამიბრუნდება?..

მე მცივა, როგორც ხის კენწეროებს…

შენ დამივიწყე… ნისლი ბრუნდება…

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მასწავლებლის დღიური

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი