შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

მასწავლებელთა საერთაშორისო პრიზი

გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციას არაერთი კეთილი ნების ელჩი ჰყავს. იუნესკოს დესპანებს დიპლომატიური რანგი არ გააჩნიათ, მათ მათი საქმიანობის განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო აჯილდოებენ. ელჩებს შორის მრავალი ცნობილი ხელოვანი და მეცნიერია. საერთაშორისო საპატიო სტატუსის მოპოვებას ხშირად მილიარდერებიც ახერხებენ. კეთილი ნების გამავრცელებლის ოფიციალურად აღიარებულ ფუნქციას იშვიათად ისეთი ადამიანებიც შეითავსებენ ხოლმე, რომლებიც ვერც ერთ დასახელებულ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებენ. ერთი მათგანი გახლავთ ინდოელი სანი ვარკეი, რომელმაც თითქმის მთელი ცხოვრება განათლების სისტემას დაუკავშირა.

 

სანი ვარკეი „ვარკეის ფონდის” დაფუძნების ერთ-ერთი ინიციატორი იყო. ფონდმა აქტიური საქმიანობა 2010 წლიდან დაიწყო. ორგანიზაციის წევრებმა მიზნად, უპირველეს ყოვლისა, განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა დაისახეს. მობილიზებული რესურსების გამოყენებით ფონდი ათამდე უღარიბეს ქვეყანაში ახორციელებს მასწავლებელთა დახმარების პროექტებს, ხელს უწყობს ქალთა განათლების ხარისხის უზრუნველყოფას და აშენებს ახალ სკოლებს. ფონდის მონაწილეობით ყოველწლიურად 21 ქვეყანაში სპეციალური კვლევა ტარდება. კვლევის საფუძველზე პერიოდულად ქვეყნდება „მასწავლებელთა საერთაშორისო ინდექსი”, რომლის მიხედვითაც პედაგოგთა სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებსა და რეალურად არსებულ პირობებს შორის სხვაობას ზომავენ. არსებულ მონაცემებს აქტიურად იყენებენ საერთაშორისო ორგანიზაციები და კვლევაში მოხვედრილ სახელმწიფოთა მთავრობები, რათა უკეთ დაგეგმონ განათლების პოლიტიკის ზოგიერთი მიმართულება.

მიუხედავად ამ კეთილშობილური საქმიანობისა, ვარკეიმ მთელ მსოფლიოში სახელი სულ სხვა ინიციატივით გაითქვა. მან რამდენიმე წლის წინ მასწავლებელთა საერთაშორისო პრიზი (Global Teacher Prize) დააწესა, რომელსაც წელიწადში ერთხელ მილიონ დოლართან ერთად გადასცემს ხოლმე რომელიმე სახელგანთქმულ პედაგოგს.

მასწავლებელთა საერთაშორისო პრიზის მოსაპოვებლად წარდგენილ კანდიდატს ექვსი ძირითადი კრიტერიუმით აფასებენ:

1. აღიარებულია თუ არა პედაგოგი მოსწავლეების, მოსწავლეთა მშობლების, კოლეგების, დირექტორის, პროფკავშირელებისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლების მიერ საკუთარი საქმის პროფესიონალად;

2. როგორ იყენებს გაკვეთილზე ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და ორიგინალურ სასწავლო სტრატეგიებს;

3. რა ტიპის ურთიერთკავშირის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს მოსწავლეებსა და საზოგადოებას შორის; გრძნობენ თუ არა მოსწავლეები სოციალურ პასუხისმგებლობას საკუთარი საზოგადოების მიმართ;

4. რით უწყობს ხელს მასწავლების პროფესიის პოპულარიზებასა და განვითარებას (კამპანიები, სოციალური და მასობრივი მედია, კონფერენციები, საჯარო განხილვები, სამეცნიერო სტატიები);

5. რა წარმატებისთვის მიუღწევიათ მის მოსწავლეებს შესაბამის სფეროში; აქვთ თუ არა მათ მდიდარი სამუშაო გამოცდილება;

6. როგორი დამოკიდებულება აქვთ მის მოსწავლეებს საერთაშორისო თანამშრომლობის, ხალხთა შორის მეგობრობის, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მიმართ; მონაწილეობენ თუ არა საერთაშორისო ღონისძიებებში.
მასწავლებელთა საერთაშორისო პრიზის გაცემა 2016 წელსაც იგეგმება. ნომინანტთა წარდგენის ბოლო ვადა 2015 წლის 10 ოქტომბერია. რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ საკუთარი პროფესიის განვითარებისთვის მოღვაწე, ორიგინალური და თანამედროვე მეთოდებით მომუშავე, საერთაშორისო თუ ადგილობრივ დონეზე წარმატებული, პასუხისმგებლობის მქონე მოსწავლეთა აღმზრდელი მასწავლებლების პოვნა ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებულ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს. თუ მოვინდომებთ, შეგვიძლია რომელიმე მასწავლებელი მილიონერად ვაქციოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი