ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

რას გვასწავლის პოზიტიური მშობლობა

მე შემიძლია დაგინახო შენ;

და ამოვიცნო შენი საჭიროებები;

მე შემიძლია მჯეროდეს შენი,

ვიზრუნო შენზე და დაგიცვა.

მე შემიძლია შენ გამო ვეცადო, გავხდე უკეთესი მშობელი, უკეთესი დედა ან მამა,

და პრობლემის გადაჭრის გზების ძიებაში დაგეხმარო, როცა ეს დაგჭირდება.

მე შემიძლია გიტვირთო და დავიტიო ყველაფერი, როცა არც ისე „კარგად” იქცევი, როცა რაიმე ძალიან მიუღებელს აკეთებ, როცა რაიმეს აშავებ. ასეთ დროს მე არ მომწონს შენი საქციელი, მაგრამ ეს ვერაფერს აკლებს ჩემს შენდამი სიყვარულს.

შენ, როგორც ყველა ადამიანს გაქვს შეცდომის დაშვებისა და მისი აღიარების უფლება.

მე, როგორც ყველა ადამიანს, ბევრი რამ მეშლება და ალბათ უამრავჯერ შემეშლება, მაგრამ ჩემს ყველა შეცდომას კრიტიკულად ვაფასებ.

მე შემიძლია, გაგიგო რთულ დროს და ვიყო შენი მეგობარი და მესაიდუმლე.

შემიძლია შევეცადო, გაგიგო ყოველთვის და მხარი დაგიჭირო, როცა არც ისე კარგად გექნება ყველაფერი.

რადგან ეს ყველაფერი მეც გამოვიარე და კარგად ვიცი, რასაც გრძნობ.

მე შემიძლია, ვიყო შენ გამო ათასჯერ მეტად ძლიერი და ათასჯერ მეტი დაფარული შესაძლებლობა აღმოვაჩინო საკუთარ თავში და ეს ძალიან მომწონს. შენ გარეშე შეიძლება ეს ვერ აღმომეჩინა.

მე შემიძლია შენს დანახვაზე უფრო მეტად გავიღიმო, გაგიზიარო სიხარული და არ ვიყო ისეთი თავკერძა, როგორიც სხვა შემთხვევაში ვიქნებოდი.

შენ პატარა ხარ, მაგრამ სრულუფლებიანი წევრი ხარ ამ სამყაროსი, შენი ემოციები ჩემთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასია.

შენ გაქვს უფლებები და ასევე მცირე პასუხისმგებლობები, რომლებიც დროთა განმავლობაში გაიზრდება, მაგრამ ეს ნუ შეგაშინებს, ასე ცხოვრება ძალიან საინტერესოა.

მე ყოველთვის მაინტერესებს შენი აზრი და მიყვარს შენი მოსმენა,

იმიტომ, რომ შენ საინტერესო იდეები გაქვს და ყოველთვის ვეცდები, მხარი დაგიჭირო მათ განხორციელებაში.

შენი სურვილები ჩემთვისაც მნიშვნელოვანია, ბევრი წლის წინანდელ ჩემს თავს მახსენებს და შევეცდები დაგეხმარო, რომ მათი განხორციელება შეძლო.

შენ ელვის უსწრაფესად იზრდები, გიყალიბდება წარმოდგენა ამ სამყაროზე, შენს შესაძლებლობებზე და ძალიან მალე მოგინდება, იყო დამოუკიდებელი ადამიანი, შენი გზით იარო და საკუთარი აღმოჩენები გააკეთო. მინდა, იცოდე, რომ ფიქრებში ყოველთვის შენთან ვიქნები.

მე შეიძლება უცებ დამაფრთხოს დამოუკიდებლობის ასე ცალსახად გამოცხადებამ და მოთხოვნამ, მაგრამ ჩემს შიშებს არ დავემონები და ხელს არ შეგიშლი.

პ.ს რომ მკითხონ, რას გვასწავლის პოზიტიური მშობლობა, ალბათ ამ ყველაფერს ვეტყოდი.

მარტივად კი ასეა: პოზიტიური მშობლობა გვასწავლის – გვიყვარდეს ბავშვი კრიტიკის და საყვედურების გარეშე, მივიღოთ მისი პიროვნება ზედმეტი და გადაჭარბებული მოლოდინების გარეშე და დავაფასოთ ის.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი