პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სკოლაში წასვლა

ჰოდა, მოვიდა სექტემბერიც. სოციალური ქსელი გამოპრანჭული, ბედნიერი, გახამებულსამოსიანი ბავშვების ფოტოებით, მათი მშობლების აღტაცებული კომენტარებით, მოსაზრებებითა და შთაბეჭდილებებით გაივსო.

-ჩემს გოგოს დღეს სკოლის პირველი დღე აქვს, წარმატებას გისურვებ, დედიკო!

-ახალი დღე, ახალი სკოლა, ახალი ურთიერთობები, ჩემს ბიჭზე უფრო მე ვნერვიულობ!

– ჩვენი მასწავლებელი თბილი და კარგი გოგონა ჩანს, იმედია, ეს შთაბეჭდილება არ გაგვინელდება…

დაა.შ. და ა.შ.

ახალი ცხოვრება, ახალი ურთიერთობები, ახალი გამოწვევები და იმედგაცრუებები, და ახალი შიშები, განსაკუთრებით შიშებზე მინდა გელაპარაკოთ.

წელს სკოლაში ის ბავშვიც წავა, ვისაც ძალიან გაუჭირდება გაკვეთილზე მშვიდად ჯდომა და იქნებ საკლასო ოთახში სეირნობამ დაამშვიდოს.

ის ბავშვიც წავა, ვისაც კომუნიკაცია განსაკუთრებით უჭირს, თანდათანობითი, ყოველდღიური შეგუება სჭირდება.

ისიც წავა, ვისაც ცუდად ესმის ან დაფის დანახვა უჭირს.

ისიც, ვინც ეტლით მოძრაობს და ადაპტირების გარეშე საკლასო ოთახში შესვლა გაუჭირდება.

ისიც წავა, ვისაც უცხო ადამიანების განსაკუთრებული შიში აქვს.

ისიც, ვისაც გადატანილი სტრესის გამო კალმის ხელში დაკავებისას თითები უკანკალებს.

ისიც, ვისაც მხოლოდ კალმის ბოლოს ღეჭვა ამშვიდებს.

ისიც, ვისთვისაც აკრძალვები თუ უარი ცოტა რთული გასაგებია.

ისიც, ვინც თანდათან უნდა შეეჩვიოს სისტემურობას, დავალებებს, გაკვეთილებს.

ისიც წავა, ვინც ნებისმიერი ხმაურისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა.

ისიც, ვისაც შეხებების ეშინია.

ისიც, ვინც შეიძლება სრულიად უადგილო წამოძახილით დაიმშვიდოს თავი.

ისიც, ვინც არ არის მიჩვეული მითითებების შესრულებას.

ისიც, ვინც განსაკუთრებულად ცელქია ან პირიქით, მეტისმეტად მორცხვი და გაუბედავი.

ისიც, ვისაც გაკვეთილზე ეძინება, ძალიან, ძალიან უჭირს ამდენი ხნის განმავლობაში არ ჩასთვლიმოს.

წელს სკოლაში სპეციალური საჭიროების მქონე ბევრი ბავშვი წავა, ინტეგრირებული კლასი, რესურს ოთახი, სპეციალური პედაგოგი, ფსიქოლოგი – ამ ყველაფერზე ძალიან დიდ იმედებს ამყარებენ მშობლები, რომელთაც ხშირად თავიანთი შვილების გვერდით, კლასში ჯდომა ან საკლასო ოთახებთან ატუზვა უწევთ.

ყოველი ახალი სექტემბერი ახალი გამოწვევაა ჩვენი საზოგადოებისთვის, მოსწავლეებისათვის, მშობლებისათვის, მასწავლებლებისათვის – იქნებ წელს უკეთ მოვახერხოთ ბავშვების ინტეგრირება, იქნებ წელს უფრო მეტი ვიცოდეთ, იქნებ წელს უფრო მეტი ვიშრომოთ და უფრო მეტად შევიყვაროთ?

თუ შენ მასწავლებელი ხარ, ეცადე, ბავშვების წინაშე არ შეარცხვინო, უკმეხად არ მიმართო, შეურაცხყოფა არ მიაყენო, მაქსიმალურად ჩართო კლასის მუშაობაში, იცოდე, რომ ის სხვებისგან არაფრით განსხვავდება, იქნებ თანაკლასელებზე მეტიც იცოდეს.

თუ შენ მოსწავლე ხარ, იცოდე, რომ მის გვერდით ყოფნა, მისი დახმარება შენი მოვალეობაა, მასთან ურთიერთობა კი ძალიან, ძალიან საინტერესო თავგადასავალი.

თუ შენ მშობელი ხარ, აუცილებლად უთხარი მასწავლებელს, რომ მშობელთა კრებაზე, ხმამაღლა და ყველას გასაგონად არაეთიკურია ვინმეს დიაგნოზის, ქცევის თავისებურების განხილვა. იცოდე, რომ ვიღაცების გამორჩევა, ვიღაცებისთვის თავის არიდება და დისტანცირება არაფერს კარგს არ მოუტანს შენს შვილს. მან ყველანაირ ადამიანთან ურთიერთობა, ყველას სიყვარული უნდა ისწავლოს.

თუ შენ სკოლის ადმინისტრაცია ხარ, აუცილებლად მოაწყვე შენს სკოლაში რესურსოთახი, დაასაქმე გამოცდილი, განათლებული, ემპათიური პედაგოგი თუ ფსიქოლოგი, არავითარ შემთხვევაში არ განარჩიო ერთი მოსწავლე მეორისგან.

თუ შენ განათლების სამინისტრო ხარ, დაგეგმე და განახორციელე უფრო მეტი პროექტი ინკლუზიური განათლების გასაუმჯობესებლად, ასწავლე უფრო მეტ პედაგოგს, აღჭურვე უფრო მეტი სკოლა, მოამზადე და დაასაქმე უფრო მეტი პროფესიონალი.

თუ შენ ქვეყანა ხარ, ასწავლე და შეიყვარე შენი ყველაზე საუკეთესო ნაწილი.

წარმატებას გისურვებ!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი