შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ფართოდ დახუჭული თვალები

გზაზე აბრაამი მოდიოდა. ჩვენთან შეჩერდა, აბრაამი მქვიაო – გაგვეცნო. სალამი აგვართვა. ღვინით მთვრალსა ჰგავდა, ოღონდ ზომიერად მთვრალს. არც რომ იქითაა და არც რომ აქეთ, არამედ შუაში. ფეხშიშველა მოვიდა, ფეხსაცმელები ხელთ ეპყრა. მშობლიურ მიწაზე ასე დავაბიჯებო – აბრაამმა თქვა. ამ ნათქვამში ბევრი გალაკტიონი იყო. მე რომ ვსველდები, ფეხსაცმელები მაინც მშრალი რჩებაო. როცა დაინახა, რომ სტუდენტი გოგონა ეწეოდა, ეგ არაფერიო – დაამშვიდა, თვითონაც ამოიღო ფილტრიანი და გააბოლა…
ამ ზაფხულს, სტუდენტებს ზედამხედველად გავყევი საველე პრაქტიკაზე, თერთმეტი დღითა და ათი ღამით. დიდად არც ველისა გამეგება რაიმე და მითუფრო არც მასზედ პრაქტიკის, მაგრამ თავ ზემოთ ძალა არ აღმოჩნდა და ბედს აღარ გავუძალიანდი. შარშანდელი, სათაფლიაში გადახდენილი ფათერაკების ხსოვნა უფრო მაშინებდა და მიკლავდა გულს, ათი დღე-ღამე უწყლობაში რომ გავატარე. ამჯერად ლაგოდეხის ნაკრძალში ვიყავით დაბანაკებულნი, გურგენიანის ჩანჩქერიდან რამდენიმე კილომენტრში. აქ წყალი ოხრად მოდიოდა – გინდაც დასალევი, გინდაც ჩასაყურყუმელავებელი. დიდად ლამაზი რამე ყოფილა ეგ ჩანჩქერი. ჩვენი მთავარი საქმე იქაურობის დასუფთავება იყო. აზიზად და გულმოდგინედ ვეკიდებოდით ამ მოვალეობას.
…და გვითხრა აბრაამა ამ მთისა და იმ ბარისა, თავისი ცხოვრებისა, ამ ქვეყნის სიყვარულისა, იმ ბუნების მადლისა. გონება ისე არ მეხედნება, ტყავში ისე ვერ ვეტევი, მუხლი ისე არ მემორჩილება, ყოველწლეულ ამ მიწასა და ამ ხეებს თუ არ ჩავეხუტეო. საქმე შეგვიქო, ჭკუა გვასწავლა და დასასრულს თავისი ფილტრიანი იქვე მოისროლა.
ასეთი იყო აბრაამი, მაგრამ მხოლოდ აბრაამი არ იყო ასეთი. აბრაამს იქ ორეულები ჰყავდა, რომლებიც ჰგავდნენ მას არა იერსახით ან კეფაზე ხალით, არამედ სამშობლოს სიყვარულით. სიყვარულით, რომელიც აბრაამებს სხეულში მეტასტაზებივით აქვთ გამჯდარი, ძარღვებში მდინარესავით დაუდით. ნაღდი სიყვარულით.
გურგენიანის ცხოვრება ეგეთია. იქაურობას ზღვა ხალხი სტუმრობს – ბევრი ქართველი და ბევრიც უცხოელი. ერთი ისაა, რომ ამათ შორის განსხვავება დიდზე დიდია. არა, გარეგნულად კი ჰგვანან ერთმანეთს, მაგრამ განსხვავებული ქცევა აქვთ გამჯდარი გენებში: ტურისტები ქვემოდან ცეცხლშენთებულებს ჰგვანან და როცა აღმართს ან კლდეს მიუახლოვდებიან, თითქოს მუხლი უმაგრდებათ. თან მიაქვთ საძილე აღჭურვილობა და მხოლოდ იმდენი საკვები, რამდენიც საჭიროა იმისთვის, რომ გრძელსა და რთულ გზაზე გული არ შეუღონდეთ. უკან გამობრუნებისას კი თავიანთი ნაგავი უკან ჩამოაქვთ და ურნაში ყრიან. ქართველების უმეტესობა ტლანქად მიაბიჯებს და ვერ გაამტყუნებს კაცი – ხელში უჭირავთ კარგი სამწვადე, ნიგოზივით ხორცი, ცივად მოხარშული დედალი, კონტეინერში ალყა-ალყა ჩალაგებული თევზი, საგანგებოდ შემწვარი კატლეტები, დედასავით საყვარელი კახური პურები, უშველებელი საზამთრო, ფანტა-კოკა-კოლა-სპრაიტი, ქორწილის გადასახდელად საკმარი ღვინო და ჭირვეული მსმელებისთვის – კონიაკი. ანუ, ზუსტად იმდენი საჭმელი, რამდენიც საკმარისია იმისთვის, რომ გრძელსა და რთულ გზაზე გული შეგიღონდეს. სასმელი კი იმდენი, რამდენიც საკმარია საიმისოდ, რომ დიდებული სილამაზის სანახავად კლდეებზე აბობღებულმა ვერაფერი დაინახო.
ჭამონ კაცო. ღმერთმა შეარგოთ. ყველას თავისი საქმე და საკეთებელი აქვს, მაგრამ საათივით აწყობილ ქვეყანაში, სადაც ადამიანები გარემოს, და შესაბამისად საკუთარ თავს, პატივს სცემენ, მათი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც მათი ნაგავი სხვის სხეულსა და ცხვირს შეაწუხებს. ზღაპრების კითხვა მიყვარს, მაგრამ წერა არ გამომდის. ჰოდა, საქართველო სულაც არაა ასეთი, საათივით აწყობილი ქვეყანა. მრავალჭირნანახში თავზესაყრელი თავისუფლებაა. იმდენი თავისუფლება, რომ ვის აჩუქო აღარ იცი.
იმ 10 დღის მანძილზე, ჩანჩქერისა თუ ნაკრძალის დალაგების პროცესში, 100-ჯერ მაინც მოვისმინეთ ღვთისგან დალოცვილი ქართული ბუნებისა და ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის სადღეგრძელო. მერე კი – იმ ასივე მიგდებული ბოთლის აღება მოგვიწია, რომლიდან გადმოდენილი სითხითაც ამ სადღეგრძელოებს ამბობდნენ. მარტო ბოთლი რა სახსენებელია, ვაჟკაცები ყველაფერს ხელუხლებლად ტოვებდნენ (ვარგისი საკვების გარდა): პოლიეთილენის პარკებს, რომლებშიც ეს საკვები იყო მოთავსებული; ერთჯერად თეფშებს – ცხიმით მოთხვრილს; გამოშიგნული საზამთროს ქერქებს; კონსერვის ქილებს; საცვლებსა და ჩუსტებს რომლებითაც ჩანჩქერის ქვეშ შევიდნენ; სიგარეტის ნამწვებს, კოლოფებზე რომ აღარაფერი ვთქვა. ალაგ-ალაგ ვხვდებოდით ტარიელ-ავთანდილების თანმხლები მანდილოსნების მიერ გამოცვლილ ქალის საფენებს. ამ დროს ხელაპყრობილები ვლოცავდით მათ, ვინც მხოლოდ ბოთლები და კონსერვის ქილები დაგვიტოვა.
თუმცა, ყველა მთვრალი ქართველი იმდენად მთვრალი როდია, რომ მთელ დინგი-დუნიას დაანახოს საკუთარი ფეკალიები. გურგენიანის ჩანჩქერთან, ზოგიერთები, სიფხიზლის უკანასკნელ მარცვალს იმისთვის იყენებენ, რომ თავიანთი ნაგავი ქვებს შორის, ხეებს მიღმა ან გამოქვაბულებში დამალონ. მერე კი ფართოდ დახუჭული თვალებითა და ღიღინ-ღიღინით ჩამოიარონ სალი კლდეები და გზად „მიყვარს სმა და მიყვარს ჭამა” დაამღერონ.
ზაფხულობით თქვენი სტუდენტები გვეხმარებიან, სხვა სეზონებზე კი დოღის ცხენებივით დავრბივართ იქაურობის დასასუფთავებლადო, მითხრა იქაურმა რეინჯერმა, ბატონმა ზაქრომ, საკუთარი საქმის მოყვარულმა და გულიანმა კაცმა. მერე? რა ეშველება ამ საქმეს – მეთქი, ვკითხე. ორი-სამი წელიწადიც უნდა გავუძლოთ და მერე აზროვნება შეეცვლებათ და საქმესაც ეშველებაო, მიპასუხა. ამინ იყოს – მეთქი, ვუთხარი.
ამასწინათ, ერთმა ჩემმა Facebook-ელმა მეგობარმა დაწერა, რომ გარემოს მიმართ ხალხის ასეთი გულგრილობა სოციალურ-პოლიტიკურ-მატერიალური ფონის ბრალია. მისი არგუმენტებიც ბოლომდე ჩავიკითხე და იმათიც, ვინც ამ აზრს მხარი აუბა, მაგრამ ვერაფერს მივხვდი. მის მიერ დასახელებული მიზეზი და დამდგარი შედეგი ისევე შორს დგანან ერთმანეთისგან, როგორც გია სურამელაშვილი და მაღალყელიანი სვიტრი. განა იმ ადგილას მოსაქმება, სადაც ჭამ და რომლის სადღეგრძელოსაც ამბობ, ჯიბეში ფულის ნაკლებობის ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის ბრალია? ქართული ოცნების? იქნებ უფრო ნაციონალური მოძრაობის? სად ერეკლეო…
წამოსვლის წინ, როცა კარვები ავშალეთ და თერთმეტი დღის ნაკვალევი მოვსპეთ, წამით გავივლე ტვინში: იქნებ ზაქროს ნახსენებმა სამმა წელმა ათ დღეში გაიარა და საქმესაც ეშველა – მეთქი, მაგრამ ქართველთა სუფრაზე მიმავალნო, იმედები დატოვეთ გარეთ. ფიქრი დასრულებული არ მქონდა, რომ ბილიკს გავხედე. გზაზე კი – აბრაამი მოდიოდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი