შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ზუტნერები საქართველოში

(„წერილები საქართველოდან“ – 1876-1885)

 ბერტა ფონ ზუტნერი საქართველოში, ერთთავად მშვენიერი მიზეზით მოხვდა: მან და მისმა მეუღლემ – არტურ გუნდაკარ ზუტნერმა, საქორწინო მოგზაურობა სწორედ ყველასთვის უცხო და შორეულ, მაგრამ „მოულოდნელობებით სავსე“ ქვეყანაში გადაწყვიტეს.

ამასაც თავისი მიზეზი ჰქონდა: მეუღლეზე 7 წლით უფროსმა ბერტამ არტურის მშობლების გული ვერაფრით მოიგო, პირიქით, ისინი მათი ქორწინების დაუღალავ მოწინააღმდეგეებად იქცნენ, ამიტომ, ახლად შეუღლებული წყვილი იძულებული გახდა, ერთობლივი ცხოვრების პირველი, ყველაზე ამაღელვებელი და მგზნებარე ხანა მათგან რაც შეიძლება შორს გაეტარებინა.

როგორც მერე აღმოჩნდა, ძალიანაც ნაყოფიერად და ბედნიერად.

წლების შემდეგ, თავის მემუარებში, უკვე მთელ მსოფლიოში სახელმოხვეჭილი მწერალი და პაციფისტი ბერტა ფონ ზუტნერი იტყვის, რომ სწორედ საქართველოში გატარებული ათი წელი იქცა მისი „ცხოვრების სკოლად“.

ცხადია, საქართველო შემთხვევითი არჩევანი არ ყოფილა. არც მხოლოდ მისი სიშორე და უცხოობა იყო მთავარი არგუმენტი. ტყუილად არ ჩნდება ბერტა ფონ ზუტნერის ჩანაწერებში ასეთი ფრაზა: „ჩვენი მიზანი იყო იმ ქვეყანაში მოხვედრა, საიდანაც იაზონმა ოქროს საწმისი გაიტაცა“.

მეტაფორულად თუ ვიტყვით, ძიების და აღმოჩენების ხანგრძლივი თავგადასავლით, ბერტა და არტურ გუნდაკარ ზუტნერები ახალ არგონავტებად მოევლინნენ ჩვენს ქვეყანას, იმ განსხვავებით, რომ მათ ერთმანეთის სიყვარულიც უღალატოდ და უდანაკარგოდ შეინარჩუნეს და საქართველოდან წაღებულ „ოქროს საწმისს“ – აქ დაგროვილ ცხოვრებისეულ და პროფესიულ გამოცდილებას, სიბრძნეს, შთაბეჭდილებებს ჭეშმარიტი ევროპული ღირსებით და მადლიერებითაც უპატრონეს.

ბერტა ფონ ზუტნერი (ქალიშვილობის გვარით – გრაფინია ფონ კინსკი) 1843 წელს, პრაღაში დაიბადა. ის ზუტნერების ოჯახში, ვენაში, თავდაპირველად, მასწავლებლის სტატუსით მოხვდა – მომავალი მეუღლის ოთხ დას უცხო ენებს და მუსიკას ასწავლიდა. ბერტას და არტურს ერთმანეთი თავდავიწყებით შეუყვარდათ, რის გამოც, ოჯახის უფროსმა ქალი სახლიდან დაითხოვა. მომდევნო ერთი წელი ბერტამ პარიზში, შვედი ინჟინრის – ალფრედ ნობელის გარემოცვაში გაატარა – მის პირად მდივნად მუშაობდა. გულჩათხრობილ და მარტოსულ ნობელსაც ძლიერ შეუყვარდა ბერტა, რომელსაც, თავის მხრივ, ვერც ამ ერთ-წლიანმა სიშორემ გაუნელა არტურის სიყვარული. საბოლოოდ, ბერტა კვლავ ვენაში დაბრუნდა და 1876 წელს, მან და არტურმა საიდუმლოდ იქორწინეს.

მშობლებისგან მემკვიდრეობაჩამორთმეული არტური და ბერტა საქართველოში ეკატერინე დადიანის მიწვევით გაემგზავრნენ.

ალექსანდრე ჭავჭავაძის უფროს ასულს, სამეგრელოს დედოფალ ეკატერინეს, ბერტა ფონ ზუტნერი ჯერ კიდევ 1864 წლიდან იცნობდა – მათ ერთმანეთი ბად ჰომბურგში გაიცნეს.

ეს შეხვედრაც და საქართველოში, კერძოდ სამეგრელოსა და თბილისში გატარებული წლებიც შთამბეჭდავად აქვს აღწერილი ბერტა ფონ ზუტნერს კრებულში „წერილები საქართველოდან“. ცოტა ხნის წინ, მზია გალდავაძის მიერ გერმანულიდან ქართულად თარგმნილი ეს კრებული „არტანუჯმა“ გამოსცა.

წიგნი 1876-1885 წლების ზუტნერების ოდისეას ეძღვნება. თხრობა ბოლოდან იწყება – იმ მომენტიდან, როცა ბერტა და არტური ბათუმიდან ოდესისკენ მიმავალ რუსულ ორთქლმავალ „კოცებუზე“ ააბიჯებენ. გემბანიდან გადაშლილი შავი ზღვის უნაპირო სივრცეები მწერალ ქალს მეხსიერებას უღვივებს და შთაბეჭდილებებზე სალაპარაკოდ აღძრავს.

რამდენიმე წერილი დღიურის ტიპის ჩანაწერია („კავკასიელი ქალები“, „მოგონებები სამეგრელოზე“), სადაც პირად ქრონიკებთან ერთად მკაფიო, მრავალფეროვანი ეთნოგრაფიული სურათიც იხატება.

ბერტა ფონ ზუტნერი დაუფარავი აღტაცებით საუბრობს კავკასიელი ქალების უამრავ ღირსებაზე, მათ სილამაზესა და ბუნებრივ არისტოკრატიზმზე, მათ სიმამაცეს კი სპარტელი და რომაელი ქალების სიმამაცის გვერდით მოიხსენიებს (ამის მაგალითად მარაბდის ბრძოლისა და ხერხეულიძეთა დედის ეპიზოდს ახსენებს). საქართველოში ქალის კულტის არსებობას იმ არგუმენტით ამართლებს, რომ აქ ქრისტიანული სარწმუნოება ქალმა შემოიტანა, ხოლო მოციქულები თვით ყოვლადწმინდა ქალწულმა წარმოგზავნა.

ბერტა ფონ ზუტნერი უზადო დამკვირვებელია – მას ყოფის ყველა დეტალი აინტერესებს, ყველაფერზე ჰყვება, რამაც მოხიბლა, გააკვირვა, გააღიზიანა ან დააეჭვა. საინტერესოა მისი მსჯელობა ცრურწმენების შესახებ, რომელთა სიმრავლემ, როგორც ჩანს, ცოტათი დააბნია კიდეც იმ გარემოში, სადაც, წესით, ორთოდოქსი მორწმუნეები ცხოვრობენ.

ერთ რამედ ღირს მისი „ქალაქური ქრონიკები“ – იმდროინდელი თბილისის აღწერა – ადამიანები, ქუჩები, ხასიათები, ტრადიციები… თავად ზუტნერები თბილისში 1878 წელს გადმოვიდნენ და ახლანდელი აღმაშენებლის გამზირზე ცხოვრობდნენ. მათი „თბილისური საშვიც“ ეკატერინე დადიანის გაცემულია – მან გამოატანა ავსტრიელ მეგობრებს ერეკლე ბაგრატიონის ქვრივთან, თამართან, სარეკომენდაციო წერილი.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისი უფრო აღმოსავლურ ქალაქად მიაჩნია, ბერტა ფონ ზუტნერი მაინც შენიშნავს ბანოვანი ქალების ევროპულ განათლებას. თითქმის ყველამ ფრანგული იცისო, გაოცებით წერს. დაუვიწყარ სურათსაც გვიხატავს: ზის ჭრელაჭრულა ბალიშებში ქართველი ბანოვანი ქალი, დროდადრო ქარვის კრიალოსანს გვერდზე გადადებს, რათა ალფონს დოდე ან რომელიმე ფრანგული ჟურნალი აიღოს…

ავსტრიელი მწერლის ყველაზე დიდი შთაბეჭდილება კი, ცხადია, თავად ეკატერინე დადიანია, მისი უფროსი მეგობარი (ბერტა ეკატერინეს უმცროსი ქალიშვილის, სალომეს კბილა იყო). სამეგრელოს მთავრის ქვრივი მასში პატივისცემას ბევრი მიზეზით იწვევს. ბერტას თვალწინ ეკატერინეს ტკივილებითა და ვნებათაღელვით სავსე წლებმა გაიარა; კარგად ახსოვს, რამდენი მთხოვნელი ჰყავდა უდროოდ დაქვრივებულ, მშვენიერ პრინცესას (რომლის, ვინტერჰალტერის მიერ შესრულებული პორტრეტიც – ორდენის ლენტებით და სიმამაცის მედლით შემკულ სამეჯლისო კაბაში გამოწყობილი – ტოლს არ უდებდა ამავე მხატვრის მიერ შესრულებულ, დედოფალი ევგენიას პორტრეტს), მაგრამ ეკატერინე აღარასდროს გათხოვილა და დარჩენილი ცხოვრება შვილებზე ზრუნვას მიუძღვნა.

„უკლებლივ ყველას, ვინც კი მას მიუახლოვდებოდა, დაუოკებელი სურვილი იპყრობდა, ამ საოცარი ქალბატონის მიმართ მოწიწება გამოეხატა“, – ვკითხულობთ ზუტნერის მოგონებებში, ეკატერინე დადიანის შესახებ. იმასაც ვკითხულობთ, თუ როგორი დახვეწილი და გრაციოზული იყო მისი აპარტამენტები პარიზში, რაც მხოლოდ მატერიალურ სიუხვეზე კი არა, უპირველესად, ღრმა შინაგან კულტურაზე, სულიერი სამყაროს მშვენიერებაზე მიუთითებდა. ვკითხულობთ ეკატერინეს ორი ვაჟისა და ერთი ასულის შესახებ, მათ ვნებებზე, ქცევებზე, ქორწინებებზე – ეს ამბები დადიანების ოჯახის ქრონიკებთან გვაახლოებს, მათ კარზე ატეხილ სამეფო-სამთავრო თამაშებსაც მოვკრავთ თვალს, ალბათ პრინცი ნიკო დადიანის რუსეთის მიმართ მეტისმეტი რევერანსებიც გაგვაღიზიანებს, იმ რუსეთის, მარტო მას და მის ოჯახს კი არა, მთელ საქართველოს რომ სუვერენიტეტი გაუუქმა, პირადად ნიკოს კი ამის სანაცვლოდ ტიტული „უმაღლესობა“ და საკომპენსაციო თანხა უბოძა…

ბერტა ფონ ზუტნერი პირველი ქალია მსოფლიოში, რომელმაც ნობელის პრემია მშვიდობის დარგში მიიღო. სამართლიანად ამბობენ, რომ მისმა რომანმა „ძირს იარაღი!“ მსოფლიო შეცვალა. არც ისაა შემთხვევითი, რომ ამ წიგნის პირველი გამოცემა ზუგდიდში ინახება. იქ, სადაც ერთობლივი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი წლები გაატარეს ბერტა და არტურ ფონ ზუტნერებმა.

საქართველოში ყოფნის დროს ჩაისახა ის სამშვიდობო იდეები, რომლებიც, მოგვიანებით, ბერტა ფონ ზუტნერმა სხვადასხვა ფორმით – მწერლობით თუ საზოგადო მოღვაწეობით – თავდაუზოგავად და უკომპრომისოდ განახორციელა.

ოქროს საწმისის ქვეყანამ თავისი მადლით უხვად დაასაჩუქრა ახალი არგონავტები. მათ კი, მადლს მადლი მიუმატეს, კაცობრიულ სიკეთედ აქციეს.

დღეს, ომებით დაღლილი და ცეცხლწაკიდებული მსოფლიოსათვის, ეს სიკეთე განსაკუთრებულად დასაფასებელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი