პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სხვა ბათუმი

ზაფხულობით საქართველოს დედაქალაქად ბათუმი იქცევა. ჩვენი თანამოქალაქეებიც და უცხოელი ვიზიტორებიც ცხელი თვეების განმავლობაში ზღვისპირეთის ამ უმშვენიერეს ქალაქში ყოფნას ამჯობინებენ. სამწუხაროდ, სტუმართა უმრავლესობას ბათუმის მთავარ ღირსშესანიშნაობად ზღვა და ფეშენებელური გასართობი დაწესებულებები მიაჩნია. ჩვენი თვალსაწიერი ამ ქალაქის საიდუმლოებებს და უმცირეს დეტალებში ჩამალულ მნიშვნელოვან მოვლენებს ვერ სწვდება. სანაპიროზე გასვლამდე ერთი საათით მაინც თუ გაისეირნებთ პატარა ქალაქის უყურადღებოდ მიტოვებულ ქუჩებში, ისტორიას აღმოაჩენთ.

 

მე ბათუმელი არ გახლავართ და იშვიათად ვსტუმრობ ამ ქალაქს. უმეტესად სამუშაოდ ჩავდივარ და ურბანული ისტორიის გასაცნობადაც ძალიან ცოტა დრო მრჩება. არც გაზეთ „ბათუმელების” საქალაქო კრებულები წამიკითხავს ბოლომდე. მიუხედავად ამისა, გავბედავ და მოკირწყლულ ქუჩებში ჩემი ხეტიალის გამოცდილებას გაგიზიარებთ.

ჩვენ ხშირად ვამტკიცებთ, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების უმთავრესი წინაპირობა ადგილობრივი მრეწველობის გაძლიერებაა. აჭარის რეგიონს სხვადასხვა ინდუსტრიული დარგის დაფუძნებისა და მათი წარმატებით ამუშავების მდიდარი გამოცდილება აქვს. ქალაქის შემოსასვლელში, გარეუბან ბენზეში, ხელოვნების ცენტრის გვერდით, კოხტა სამსართულიანი შენობა დგას, რომელიც ორიგინალური არქიტექტურით აუცილებლად მიიპყრობს თქვენს ყურადღებას. შენობაში ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმია განთავსებული. რამდენიმე სტუდენტს ისეთი სიხარულით შეგვეგებნენ, თავი იამაიკაში ჩასული ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეები გვეგონა. ალბათ სტუმარი აქ იშვიათობაა – ამიტომაც ააფორიაქა მუზეუმის თანამშრომლები დამთვალიერებელთა შედარებით მრავალრიცხოვანი ჯგუფის დანახვამ.

მუზეუმმა სავსებით გაამართლა ჩვენი მოლოდინი. მისი ორივე სართული საინტერესო ექსპონატებითაა სავსე. აქ თვალს მიადევნებთ, როგორ დაიწყო საქართველოში ნავთობის მრეწველობა და რას აკეთებდნენ ამ დარგის განვითარებისთვის ალფრედ ნობელის საქართველოში მოღვაწე ძმები, ბათუმით მოხიბლული როკფელერები და როტშილდები. ექსპოზიცია ამომწურავ პასუხს გაგცემთ კითხვებზე, საიდან და როგორ დაიწყო ჩვენს ქვეყანაში თამბაქოსა და ჩაის წარმოება ან როგორ ბეჭდავდნენ და ავრცელებდნენ რევოლუციონერები აკრძალულ ქართულენოვან ლიტერატურას რუსული ოხრანკის გვერდის ავლით.

საინტერესო ადგილები ქალაქის ცენტრშიც მრავლადაა. დარწმუნებული ვარ, ყველა ყოფილხართ პიაცას კოშკთან, რომელიც ბათუმის ახალი არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე თვალში საცემი ნიმუშია. ამ შენობიდან ორიოდე ნაბიჯზე, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე, ძველისძველი ორსართულიანი სახლი დგას, რომლის პირველ სართულზე მეორადი ტანსაცმლისა და სუვენირების მაღაზიაა გახსნილი. იაფფასიანი აბრების გვერდით გასული საუკუნის წარწერასაც შეამჩნევთ. ტექსტი იუწყება, რომ ამ სახლში ეგნატე ნინოშვილი ცხოვრობდა და ბათუმელ მუშათა აჯანყებების ფონზე თავის შესანიშნავ მოთხრობებს წერდა, თან საფუძველს უყრიდა საქართველოში მემარცხენე მოძრაობას.

კოშკიდან საწინააღმდეგო მიმართულებით თუ წახვალთ, კოსტავას ქუჩას მიადგებით. სწორედ აქ იყო სტამბა, სადაც 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუცია დაიბეჭდა. ოკუპაციისა და დედაქალაქიდან დევნილობის მიუხედავად, საქართველოს მაშინდელმა მთავრობამ მაინც დაამტკიცა და გამოსცა იმ პერიოდის ევროპისთვის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული ძირითადი კანონი. გარდა საქართველოსი, ჩვენი რეგიონის ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ მოახერხა თავისი კონსტიტუციის შემუშავება და დამტკიცება. მაშასადამე, საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი მოვლენის აღსრულებაც ბათუმს უკავშირდება.

კოსტავას ქუჩას გენერალ მაზნიაშვილის ქუჩა კვეთს. შეგვიძლია, ისიც შევიტანოთ ჩვენს საექსკურსიო მარშრუტში. რატომ? სწორედ ამ მიდამოებში გაიმართა 1905 წლის რევოლუციის პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეტაკება დემოკრატიული ძალების კოალიციასა და მეფის ჯარებს შორის. მაშინ ბათუმელმა დემოკრატებმა დიდ წარმატებას მიაღიეს და რამდენიმე თვით ქალაქის ნაწილზე საკუთარი მმართველობაც დაამყარეს. ახალი მმართველობის პირობებში თავისუფალი არჩევნების, საყოველთაო განათლებისა და ახალი შრომის კანონმდებლობის შექმნა იგეგმებოდა, მაგრამ, საუბედუროდ, არაბოლშევიკური რევოლუცია ბათუმშიც დამარცხდა.

სულ ბოლოს რუსთაველისა და ასათიანის ქუჩების კუთხისკენ გასეირნებას შემოგთავაზებთ, სადაც ძველ ბათუმურ სახლზე ძალიან საინტერესო შინაარსის აბრაა მიკრული. უზომოდ მიყვარს ანტონ ჩეხოვის შემოქმედება. მსოფლიოს უამრავი დრამატურგის, ლიტერატურათმცოდნისა თუ რეჟისორის მსგავსად, მეც მიმაჩნია, რომ მისი პიესები გლობალური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. სკოლას ვამთავრებდი, როდესაც შესანიშნავი „სამი და” წავიკითხე – ნაწარმოები, რომელიც, ვფიქრობ, საუკეთესოდ წარმოაჩენს პრივილეგიებჩამორთმეული იმპერიული ინტელიგენციის ყოფას და ზედმიწევნით აღწერს იმ განათლებული ადამიანების უუნარობას, რომლებიც ვერ გრძნობენ გარემოებათა ცვლილებას და, მიუხედავად შესაძლებლობისა, მიზანს ვერ აღწევენ. სწორედ ამ სახლში უცხოვრიათ დებ შატილოვებს, რომელთა ცხოვრებაზე დაკვირვებამაც შთააგონა ჩეხოვს ამ ლეგენდარული პიესის შექმნა.

***
ბათუმში მოგზაურობის შემდეგ ერთი ნატვრა გამიჩნდა: ძალიან მინდა, ვინმემ საგანგებო რუკა შეადგინოს, სადაც ჩემსავით უცნაური ადამიანები მათთვის საინტერესო ისტორიულ ადგილებს აღმოაჩენენ. ვფიქრობ ტურიზმის ახალი მიმართულებით განვითარება ყველაზე სასარგებლო სწორედ მოსწავლეებისა და უახლესი ისტორიის მასწავლებლებისთვის იქნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი