შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ქართველი მწერლების საკუთარი ოთახი

მე ვიცნობდი კაცს, რომელსაც უნდოდა დაეწერა იმის შესახებ, თუ როგორ წერდნენ ჩვენი სახელოვანი მწერლები თავიანთ წიგნებს, მათ შემოქმედებით ლაბორატორიაზე მოეყოლა. ამბავი იმაზე, თუ როგორ ითხზვება ამბები, რომელიც შემდეგ მარადიული ხდება და ერთნაირად აფორიაქებს ყველა საუკუნის ადამიანებს.
როგორც ვიცი, იმ კაცმა ამის დაწერა ვერ მოასწრო – მიზეზებს არ გამოვეკიდები, შეუსრულებელ საქმეზე სხვა რაღა უნდა ითქვას. უბრალოდ, ამ ჩანაფიქრით შთაგონებულს, უწინაც და მერეც, მეც არაერთხელ შემიხედავს ქართველი მწერლების საკუთარ ოთახში. 

– მე? „დროების” რედაქციაში ვსდგევარ, ვისაც ჩემი ნახვა უნდა, იქ მომნახოს. – ეს ალექსანდრე ყაზბეგია და ადამიანი, რომელიც მასთან სტუმრობას გადაწყვეტს, ცოტა დაბალს და ბნელს ოთახში მოხვდება, ღარიბულად მოწყობილ ოთახში, სადაც ყველაფერი აყრილ-დაყრილი, აწეწილ-დაწეწილია – აქა-იქ მიმოფანტული ტანსაცმელები, წიგნები… შუა ოთახში დგას დიდი უბრალო ხის მაგიდა, და მასზე აუარებელი, დომხალივით არეული რვეულები ყრია. „დროების” რედაქტორის სერგეი მესხის მხარდაჭერით შეგულიანებული ყაზბეგი ჯერ ხევის ეთნოგრაფიულ მიმოხილვას დაწერს გაზეთისთვის, შემდეგ კი ფელეტონს, რომელიც ასოთამწყობების დაჟინებული თხოვნით – „ჯერ ნუ მოკლავ ელგუჯას, კიდევ განაგრძე წერაო” – დიდ მოთხრობად იქცევა. პეტრე უმიკაშვილი მოგვითხრობს, როცა რედაქციაში საღამოობით ვიკრიბებოდით, იმ გაუთავებელი ლაპარაკისა და ყაყანის დროს, მეორე დილისთვის სანდრო წერდა „ელგუჯას” გაგრძელებასო. ის სულ ნაწილ-ნაწილად წერდა, თითო ნომრის მასალას აძლევდა სტამბას და ერთხელ ვერ მოვითმინე და დავაყვედრე კიდეც: რა არის, სანდრო, ამ ყოფაში როგორ იქნება წერა-მეთქი. იმან კი მიპასუხა, წარმოიდგინე, ასე უფრო ხალისიანად ვწერ, ხელს არაფერი მიშლისო. ნაწილ-ნაწილ, გაგრძელებებით იწერებოდა, იბეჭდებოდა და მაშინდელი ახალგაზრდობა მოუთმენლად ელოდა ამბის გაგრძელებას. მწერალი ყოველთვის ისეთ ადგილას შეწყვეტდა თხრობას, რომ მკითხველი არ მოეწყინა, მისი ცნობისწადილი აეშალა და ინტერესი გაეღვიძებინა. 

– ხომ არ მოგეწყინა, ჩემო მკითხველო? – კითხულობს „მთვარის მოტაცების” ნახევარგზაზე კონსტანტინე გამსახურდია, – მეც თავათ მოწყენამ ამაღებინა კალამი ხელში და ვინძლო ჩემმა მოწყენამ შენი გააქარვოსო. სანამ საკუთარი შემოქმედებითი ლაბორატორიის შესახებ უფრო დაწვრილებით მოჰყვებოდეს ესეიში „როგორ ვწერ?”, თავისი ყველაზე ძლიერი რომანის შუაგულში გული ვერ მოუთმენს, რომ ამბის მდინარებისგან თავდაღწეული მკითხველს არ გამოეცნაუროს. არ უთხრას, – ათასზე მეტი ღამეა ვზივარ, ვზივარ და გითხრობ განთიადიდან განთიადამდის, თამაშითა და ბრძოლით ვწერ ჩემი გმირების თამაშისა და ბრძოლის ამბავს. და ღამეები მიჰქრიან, როგორც ნაბდით დაჭედილი ბედაურებიო. გულწრფელია და პერსონაჟების ბედს აყოლილი, მათ ხვედრზე დაფიქრებული, ესმის თუ როგორ სუნთქავენ, ლაპარაკობენ მასში მისივე გმირები, ღელავს მათ ნაცვლად, რადგან ჯერ თვითონაც არ იცის, რა მოუვათ მათ – თამარ შერვაშიძეს, არზაყან ზვამბაიას, თარაშ ემხვარს, სათნო ძაბულის, ბედდამწვარ ლუკაია ლაბახუას და ქრისტეს ფეხის მკვნეტელ გვანჯ აფაქიძეს… მთვარე სამთვარიოში ჩასულა, მწერალი სავსებით მარტოა ამ წუთშიაც, მკლავი მოექანცა და ეტკინა წელი, მაინც წერს, რადგან სული მისი სხეულზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა. და როცა ჰგონია, მკლავი შესდგაო, გონებას ძალი დაეშრიტა და ფანტაზიას ფრთები შეეკვეცაო, ენა ქართული, ეს უფსკრული თვალშეუდგამი ისევ აზღვავდება, ისევ აღდგება მის ცხელ სისხლში და წამოვლენ სახეები ტალღებივით. მერე კი ისევ – განთიადიდან განთიადამდის, და ღამეები მიჰქრიან, როგორც ნაბდით დაჭედილი ბედაურები… 

– გაშორება გამოსავალი არ იყო. ან უნდა მოკლა, ან აპატიო… ვაპატიე. – ირაკლი სამსონაძემ ერთ-ერთი ჟურნალის კორესპოდენტთან საუბრისას ის ისტორია გაიხსენა, თუ როგორ გადაუყარა მეუღლემ რვა თვის ნაშრომი, დასრულებული რომანი. ზაფხული იყო, სახლს ალაგებდა, უცებ პორტფელში ჩადებული ნაწარმოები ნახა და რადგან ფურცლები გადაჯღაბნილ-გადმოჯღაბნილი იყო, ჩათვალა, რომ უნდა მოეშორებინაო. იმ წუთიდან გაუჩნდა სურვილი, ერთი დაკარგული წიგნის დასავიწყებლად მეორე, სრულიად ახალი, ფორმით, თემებითა და პერსონაჟებით განსხვავებული რომანის დაწერისა. „ყურთბალიში” მანგლისში იწერებოდა, ოცი დღის განმავლობაში, ძირითადად ღამით. დღისით არ გამოდიოდა, დღე ქურთის ცელქი ბიჭის, არტურჩიკასი იყო, დამსვენებლებს მისი ცელქობები უნდა მოეთმინათ. ერთი ამოსუნთქვით, ერთ აბზაცად დაწერილი რომანი გულწრფელად, შეულამაზებლად გვიყვება უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მონაკვეთზე – გასული საუკუნის 90-იანი წლების საქართველოზე.  

არ მეეჭვება, რომ ერთხელაც (და იმედი მაქვს, ეს ძალიან მალე მოხდება), ირაკლი სამსონაძესაც, ალექსანდრე ყაზბეგივით და კონსტანტინე გამსახურდიასავით, სასკოლო სახელმძღვანელოებში შეიტანენ, მისი „ყურთბალიში” კი ისეთივე საჭირო და პოპულარული წიგნი იქნება, როგორც ყაზბეგისა და გამსახურდიას Magnum Opus-ები. აქ კი, ამწუთას მხოლოდ ის მინდოდა, XIX, XX და XXI საუკუნის ქართველი მწერლების საკუთარ ოთახში შეგვეხედა, თუნდაც ერთხელ, თუნდაც რამდენიმე წამით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი