შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

მარტოობის 7 კადრი

1. მარგარეტ ტეტჩერის შესახებ გადაღებულ ფილმში „რკინის ლედი” (მთავარ როლში მერილ სტრიპი) ქმარი ეუბნება გაერთიანებული სამეფოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, – მთელი ცხოვრება მაინც მარტო იყავიო. 2009 წლის ივლისში, გარდაცვალებამდე ორიოდე თვით ადრე ვიყავი ხილიანზე სტუმრად და ოთარ ჭილაძემ მითხრა, – როგორც არ უნდა მოინდომოს, რამდენიც არ უნდა ეცადოს, ადამიანი ბოლოს მაინც მარტო რჩებაო.

2. რენტგენოლოგი ნიკა ქირია ღრმა სიბერემდე ცხოვრობდა სოფელ ურთაში, დილაობით თავისი დაფეხვილი „მოსკვიჩით” დადიოდა სამსახურში და ეამაყებოდა, რომ ერთმა ცნობილმა აკადემიკოსმა თავისი ფუნდამენტური ნაშრომი აჩუქა აპოლოგეტური წარწერით: „ქართული რენტგენოლოგიის პატრიარქს”. მაგრამ წარწერაზე მეტად, მე მისი ერთიციცქნა ჩიხუახუა დამამახსოვრდა, კაპასი ძაღლი, მუდმივად რომ მანქანაში ეჯდა და პატრონის ყველა ნაცნობს უნდობლად, ღრენით ხვდებოდა. ასე არა მხოლოდ იცავდა მას დაუპატიჟებელი სტუმრებისგან, არამედ თითქოს ეჭვიანობდა კიდეც მათზე, ვინც რენტგენოლოგის ერთგულებაში შეეცილებოდა.

3. გ. კ.-ს დიდხანს ვთხოვდი, მისი გვარ-სახელის დაწერის უფლება მოეცა, მაგრამ გადაჭრით მითხრა, რომ ხალხისთვის თავისი ვინაობის შეხსენებას არ აპირებდა. მაშინ იყო, რომ შევახსენე თუ როგორ ურჩევდა წლების წინ თავის წარჩინებულ სტუდენტს: არ გაიხსნაო; ეცადე, შენზე ცოტა რამ იცოდნენო; სხვებს ბევრ სალაპარაკოს ნუ მისცემო; ვინმეზე (თუნდაც ოჯახზე) დამოკიდებული ნუ იქნებიო; შენი სიმარტოვისა და თავისუფლებისთვის ყველაფრის მიტოვება უნდა შეგეძლოსო; გული არ დაგწყდეს, წარმატებულთა შორის შენი ადგილი თუ არ მოიძებნაო; არავისთვის ანგარიშის გაწევად არ ღირს ერთხელ მოცემული სიცოცხლეო; მარტოობას უნდა დაეძებდეო.

4. საინტერესოა, რომ მეგრულში „ხვალე”/„ხვალახე” მარტოს, მარტოხელას ნიშნავს. სიტყვა კი არა, პერსპექტივააო, – ხუმრობდა ჩემი ერთი მეგობარი, – დღესაც რომ არის, ხვალეც რომ იქნება, ზეგაც და იმის იქითაცო.

5. რამდენიმე წლის წინ, ოლიანკის მამათა მონასტერში (წალკა) სტუმრად მყოფები არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა მონასტრიდან რამდენიმე კილომეტრში, ხარების მთაზე აგვიყვანა. მძიმედ დატვირთული „ვილისი” რომ აღმართს მორჩა, კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდნენ ქვემოთ დარჩენილი, ერთმანეთზე ახოხოლავებული, ნაირგვარი სახლები. „აქ სკიტი აშენდება” – გვითხრა მშვიდად, ოდნავ გაღიმებული სახით. და უცებ ვცადე წარმომედგინა, როგორ ჩახერგავდა ზამთარი აქამდე მოსასვლელ ბილიკებს და ბუნებას შეატოვებდა მწვერვალზე, მარტოობისთვის, ღმერთთან დასარჩენად ამოსულ ბერებს.

6. ზაზა წოწერიას მიერ თარგმნილი პუშკინის საქვეყნოდ ცნობილი ლექსი კარგა ხნის წინ ვნახე ფეისბუქზე და ახლა, როცა კიდევ ერთხელ ვკითხულობ ამ მარტოობაში გამოჭედილ და მარტოობისვე დამთრგუნველი შედევრის თარგმანს, „ლედ ზეპელინისა” და „იურაია ჰიპის” მოყვარული კაცი მახსენდება, რომელსაც არ ვიცოდი და თურმე ლიტერატურაც ძალიან ჰყვარებია: „მე თქვენ მიყვარდით, ლტოლვა ფარული /ჯერ არ დამცხრალა, კვლავ ისმის კვნესა: /ნუღარ გაშინებს ეს სიყვარული, /მე სულ არ მინდა იდარდოთ ესა. /მიყვარდით ჩუმად და უიმედოდ, / კრძალვა და ეჭვი მტოვებდა არსად,/ მიყვარდით წრფელად, ნაზად, ოჰ, ღმერთო, / ნეტავი, ასე უყვარდეთ სხვასაც”.

7. აგვისტოს ომის დღეებში სოფლიდან ქალაქის სახლში რომ დავბრუნდი – მშობლები სოფელში დარჩნენ, ჩემი ძმა რეზერვისტად იყო გაწვეული – პირველი, რაც თვალში მომხვდა, უპატრონო, და თითქოს დაჩიავებული, ფუნქციადაკარგული ნივთები იყო. როცა ქალაქი დაიცალა და ყველამ თავ-თავისი გზა და საშველი მოძებნა, ეს ნივთები (კარ-ფანჯრები, უბრალო თუ ძვირფასი ავეჯი, ჭაღები და ა. შ.) ჩვენსავით უკანმოუხედავად მიატოვა ყველამ, როგორც გამოუსადეგარი კი არა, აი, ისეთი რამ, მთელი ცხოვრება რომ იხვეჭ, შოულობ და მერე პირველივე განსაცდელში შეგიძლია დაყარო, გაუბრძოლებლად შეელიო. არა, არ მომჩვენებია, შინ დაბრუნებულს დამდურებულებივით მიცქერდნენ, აწყვეტილი კაცისგან ბევრჯერ მიტოვებული ერთგული ცოლივით, რომელსაც ერთგულების გარდა სხვა გზა აღარ დარჩენია. მიცქერდნენ და მეც იმ აწყვეტილი, ოღონდ განსაცდელისგან შეშინებული კაცივით ვცდილობდი თვალი გამესწორებინა მათთვის და მიმეხალა, რომ დავბრუნდი, ტყუილად შფოთავდნენ, არსადაც არ წავსულვარ. ომს გაეცხადებინა ყველაფერი: ადამიანის სიცოცხლის ფასი და ამ ნივთების ნამდვილი ღირებულება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი