პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს წილადში მრიცხველისა და მნიშვნელის ადგილის დამახსოვრებაში.

დიდი ხანია, აღარ დავობენ იმ საკითხზე, რომ მათემატიკის სწავლებისას მხოლოდ სახელმძღვანელოს პარაგრაფების ფურცელზე დაწერილი ინფორმაცია დაბალეფექტურია, განსაკუთრებით დაწყებით კლასებში.

მათემატიკის გაკვეთილზე ბავშვისთვის გასაგები, მიმზიდველი, საინტერესო აქტივობების და რესურსის გამოყენება,მასწავლებელს საშუალებას აძლევს, უფრო სწრაფად მიაღწიოს მიზანს და გაზარდოს ჩართულობა და სწავლის ეფექტურობა.ეს აუცილებელია,რათა მოსწავლემ ადვილად დაიმახსოვროს, ეფექტიანად აითვისოს სასწავლო მასალა.ბევრი მასწავლებელი დამეთანხმება, რომ წილადების სწავლა ბავშვებისთვის რთული და დამაბნეველია.

კარგად მახსოვს, როგორი ძალისხმევა დამჭირდა  წილადი რიცხვების სწორად ჩასაწერად. რომ აღარაფერი ვთქვათ მათ მნიშვნელობაზე, ვერ დავიმახსოვრე, სად იწერებოდა მრიცხველი და სად  მნიშვნელი. როცა მე თავად გავხდი მასწავლებელი და წავაწყდი ანალოგიურ პრობლემას, სწორედ მაშინ დავიწყე  ფიქრი, რომ რაღაც ისეთი უნდა მომეფიქრებინა,რაც გაუადვილებდა ჩემს მოსწავლეებს ამ საკითხის შესწავლას. პირველ რიგში, აუცილებელია მათთვის სრულიად ახალი ტერმინების _,,მნიშვნელი,, წილადის ხაზი,, ,მრიცხველი,, გააზრება.

შეიძლება ვერც კი ვამჩნევთ, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში წილადები მუდმივადაა ჩვენ გარშემო. მაგ.რესტორანში, სუპერმარკეტებში, სამზარეულოში და ა.შ. მოსწავლეებთან  მომყავს სადემონსტრაციო მაგალითები, რათა აღვძრა მათი ინტერესი თემის მიმართ და დავანახო მისი შესწავლის აუცილებლობა.

გთავაზობთ მარტივი სტრატეგიის გამოყენებას, რომელსაც შეუძლია თქვენს მოსწავლეებს  წილადის ცნებების და მნიშვნელობის გარკვევაში დაეხმაროს.

უცხო სიტყვების ბანკიდან ვიღებ სამ ტერმინს : მრიცხველი,წილადის ხაზი და მნიშვნელი. ვუჩენ მათ თავიანთ ადგილებს. დიდი ალბათობით, მოსწავლეებს მათი დამახსოვრება უჭირთ.  ყურადღების კონცენტრირებისთვის და საკითხის გასამარტივებლად ვიწყებ ზღაპრის მოყოლას.  მათემატიკის გაკვეთილზე მასწავლებლისგან  ზღაპრის თხრობას  არ ელიან, მაშინვე ცქვეტენ ყურებს და სულგანაბული ისმენენ, რაც ზრდის მათ  ჩართულობას.

ზღაპარი

იყო და არა იყო რა, იყო ერთი მეოცნებე,ცნობისმოყვარე ბიჭი,რომელიც სულ ცაში იცქირებოდა. აინტერესებდა იქ ,შორს, ვარსკვლავებთან რა ხდებოდა. (აქ ვაკრავ დაფაზე შესაბამის ილუსტრაციას).

გავიდოდა ღამით აივანზე და ათვალიერებდა ვარსკვლავებით მოჭედილ ცას,თან ითვლიდა და ითვლიდა ვარსკვლავებს.შემდეგ თავის უზარმაზარ წიგნში იწერდა, რამდენი ვარსკვლავი დაითვალა. ამასობაში ბიჭუნა გაიზარდა და  უფრო დაინტერესდა ამ საქმიანობით.

მან მლიონობით ვარსკვლავი აღრიცხა თავის წიგნში. ამასობაში დაბერდა კიდეც (აქაც ვაკრავ შესაბამის ილუსტრაციას).

ამდენ ოცნებაში  მას ხალხმა”ვარსკვლავთმრიცხველი” უწოდა.

შემდეგ ვეკითხები, მოეწონათ თუ არა ზღაპარი, რა დაამახსოვრდათ.

– სად იყურებოდა ბიჭი?

– რა უწოდეს მას?

– რატომ უწოდეს მას ვარსკვლავთმრიცხველი?

– იმიტომ რომ მაღლა იყურებოდა.

აქ კი ვეუბნები, რომ წილადში მრიცხველი იწერება ზევით და ეს არასდროს დაგავიწყდებათ, რადგან თქვენ ადვილად გაიხსენებთ ვარსკვლავთმრიცხველ ბიჭუნას, ვარსკვლავები კი სადაა? მაღლა,ზევით….

ასე იმახსოვრებენ ისინი, რომ წილადში მრიცხველი იწერება მაღლა,(აკავშირებენ ვარსკვლავებთან და ვარსკვლავთმრიცხველთან) შესაბამისად, მაშინ მნიშვნელი იწერება ქვევით.

გარწმუნებთ წამოვა ემოციების ზღვა….აუ,რა ადვილია, მას! ძალიან ადვილია, მას! ვარსკვლავები ზევითაა -მრიცხველიც ზევით იწერება!

შემდეგ კი შესაბამისი აქტივობებით და მაგალითებით გააგრძელებთ მათი მნიშვნელობების ახნას, თუ რას გვიჩვენებს მრიცხველი და მნიშვნელი წილადში.

მე ასე დავეხმარე ჩემს მოსწავლეებს მრიცხველისა და მნიშვნელის ადგილმდებარეობა ადვილად დაემახსოვრებინათ. იმედია,მსგავსი აქტივობა  თქვენც დაგეხმარებათ იმ მოსწავლეებთან, ვისაც უჭირს დამახსოვრება, სად იწერება მრიცხველი და სად მნიშვნელი და საკითხის სირთულე სწავლების დროს სახალისო აქტივობის გამოყენების შემთხვევაში არ გამოიწვევს მათში იმედგაცრუებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი