შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ტაოს ყვითელი ყაყაჩოები – დაკარგულისა და დასაკარგის შესახებ

ამას წინათ, ტაო-კლარჯეთში ვიმოგზაურეთ. ჩემი ბავშვობის ოცნება ავისრულე, ავიღეთ დიდი რუკა, ცოტაოდენი საგზალი, საწვავის მარაგიც შევივსეთ და წავედით.

ჩვენი სასტუმრო, უფრო სწორად, პანსიონი ქალაქ იუსუფელთან ახლოს, მდინარე ჭოროხის ხეობაშია – ქართველი დიასახლისი გვყავს, მაჭახელას ხეობიდან გათხოვილი, ღიმილიანი, ლამაზი და საქმიანი მერალი, მეუღლე თურქი ჰყავს – სელიმი ჰქვია, სტუმართმოყვარე და ბედნიერი ოჯახია.

რა თქმა უნდა, ბედისწერა სხვაგან სად წამიყვანს, თუ არა მასწავლებლის ოჯახში – მერალი მაგიდის ჩოგბურთის პედაგოგად მუშაობს სკოლაში, სადაც მისი გოგონებიც სწავლობენ. ხშირად დადიან ბათუმში, შავი ზღვის ქვეყნების ჩემპიონატზე, თბილისის ნახვა ძალიან უნდა, მაგრამ ჯერ ვერ მოახერხა. სოფელი, სადაც ის და მისი ოჯახი ცხოვრობს, იუსუფელს საკმაოდ რთული, მთიანი გზით უკავშირდება, მეწყერიც ხშირადაა, მაგრამ გზას ყოველთვის დროულად წმენდენ. გოგოები სკოლაში დადიან, მშობლები – ოჯახობას უძღვებიან – საქმეს რა გამოლევს, ნათესები, ნარგავები, საქონელი, სტუმრების მიღება და გამასპინძლება.

საოცრად ლამაზია ტაო-კლარჯეთი, გზად ბევრი ქართველი გვხვდება, როდესაც გზის სწავლებას ვთხოვთ და იგებენ, რომ საქართველოდან ვართ – გურჯი, გურჯი -იძახიან და ცდილობენ მიგვახვედრონ, რომ თვითონაც გურჯები არიან.

დიალექტურ კორპუსში თუ მოძებნით, იქაური ქართველების ნაუბარსაც მიაგნებთ, მაგალითად, ასეთს:

“გურჯიჯა ლაპარაკი აქუან ბევრ სოფელსა. ესენია: ქობაქი // ქუაბაი // ქუაბაგი, ხევეგი, ბალხი, იეთი, ელიასჴევი, ქორიეთი, დევთისა, ჭილათი, მახათეთი, კუპრეთი, ბოწმინდა, ბინათი, გუდასჴევი, კუპრეთი. ხევეგი ახლა ცოტაია.

იუსუფელის სოფლებში მოდის: დიკა, ქერი, ცერცვი, ლობიო, მარქვალი , ფათათესი, ძირი, ჯახური, ლაზუთი, ვაშლი, შინდი, კიტრი, თომათესი, აყირო. ყურძენი ბევრი სოჲ იქნება: ჯინეში, კაროლ, ხათხულ, ცხენიძუძუ. არი კაკალი, თხილი.

ვიცით ჯორი, ცხენი, ვირი, ჴარი, ფური, დეკეული, მოზუერი, ბუზაღი-ჴობო, ჴობოლარი, ჴობოები.ჭადი, კეცი გიგვიგონია ანადან. ანაი სოფელშია, ჩევრელში. იმა დეელაპარაკეთ და გაგაგნებიებს….” ( ქართული დიალექტური კორპუსის მასალები)

მივდივართ, გზად უამრავი აყვავებული ბროწეული, ფერად-ფერადი ბლის ხეები, ყვითელი ყაყაჩოები, კაკლის ხეივნები – ფერთა მთელი გამა.

ქალები – ძირითადად ჭრელა-ჭრულა თავშლებში გამოხვეულები შრომობენ, იშვიათად – ჯინსის შარვლები და მაისურებიც მოსავთ, კაცები – ცხელ მზეს ეფიცხებიან და მაგარ, თურქულ ჩაის სვამენ.

ალბათ, ბანალურად მოგეჩვენებათ, თუ ვიტყვი, რომ ყველა ძალიან მეცნობა, მეახლობლება – ეს სახეები, თვალწარბი და როგორც წესი, მართალიც გამოვდივარ – იშვიათად ქართულიც იციან, ხსოვნით კი ყველას ახსოვს – რომ გურჯია.

პირველი პარხალია, მერე ოთხთას ვნახულობთ, მერე ოშკი, იშხანი, ხანძთა… – დავდივართ და ქვებს ვეფერებით. იმდენი რამე მიკვირს, სად წავიდა ეს მასშტაბური აზროვნება, წვრილმანებამდე სადა და გენიალური არქიტექტურა, გემოვნება, სივრცეების ფლობის სურვილი, დამოკიდებულება, რომ აუცილებელი არაა, სახლის წინ სამსახური გქონდეს და ორ ნაბიჯში კიდევ – სალოცავი, არამედ ახალი, რთული ადგილები აღმოაჩინო, უდაბნოები ქალაქად აქციო…

დავდივართ და გული ყელში გვებჯინება, ნახევრადდანგრეული და მაინც ბრწყინვალე ტაძრები და ციხეები, ზოგიერთი ეკლესია ხარაჩოებშიც გვხვდება, პატარა იმედი გვიჩნდება, იქნებ ჯერ კიდევ შეიძლება, რომ ეს დახავსებული კედლები, საოცარი თაღები და ჩუქურთმები ჩვენმა შვილებმაც ნახონ.

თურქ გიდს გერმანელი ტურისტების ჯგუფი ჰყავს, ჩვენს საუბარზე ხვდება, რომ ქართველები ვართ და დამწუხრებული სახით ჩამონგრეულ ჩუქურთმაზე გვითითებს, ჩემი მწირი გერმანულით ვიგებ, რომ ჯერ კიდევ შარშან ეს ჩუქურთმა მთლიანი იყო, მერე ვიღაც მოსულა და ჩამონგრევა უცდია.

დავდივარ და გულში ჩემს საყვარელ ისტორიულ გმირებს თუ პერსონაჟებს ველაპარაკები, მახსენდება ყველა ეპიზოდი თუ კადრი გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან, როგორ ეზიდებოდნენ საშენ მასალას, როგორ გეგმავდნენ ახალი, კულტურული გარემოს მშენებლობის კონცეფციას, როგორ ლოცულობდნენ, “ფრიადითა შრომითა და ქვითკირითა მყარითა მრავალთა ჟამთა დაავაკეს და ესრეთ შეჰრაცხეს შემზადებაჲ ადგილისაჲ მის”.

სამანქანო გზა თითქმის ყველგან მიდის და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ გზა პოლიტიკაა, საშუალებაა, მთიანი სოფლები შეინარჩუნო. გზა, სკოლა და სამედიცინო პუნქტი, ხმამაღლა ვოცნებობ და წარმოვიდგენ, ჩვენს მთიან სოფლებში როგორ შენდება უმაღლესი სასწავლებლები, ბიბლიოთეკები, სკოლები…

ჩვენ ძალიან ხშირად გვახასიათებს ნაღველი იმაზე, რაც დავკარგეთ და ეს ბუნებრივია. თურქეთში მოგზაურობა, ამ მხრივ ჩემთვის ორმაგად მტკივნეულია – ტაო-კლარჯეთ-ლაზეთი – ოდესღაც დიდ საქართველოს მახსენებს, წმინდა სოფიას ტაძარი – ქრისტიანობის ძველ დედაქალაქს-კონსტანტინეპოლს და ქალაქ სმირნას დარბევის დროს დაღუპულ ჩემს წინაპრებს, ოღონდ, მიუხედავად ამისა, მგონია, რომ წარსულზე ნაღველს ბევრი არაფერი მოაქვს. დაკარგულზე უფრო მეტად, დასაკარგზე დარდი უნდა ვისწავლოთ, მაგალითად, ფოთის კოლხურ მუზეუმში სრულიად შეუფერებელ პირობებში მყოფ უძველეს არტეფაქტებზე, ჯავახეთის ეკლესიებზე, ჩვენს დედაქალაქზე-რომელიც ყოველდღიურად კარგავს ისტორიას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი