ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ნესტან-დარეჯანის „გულის სამართალი“

„ვეფხისტყაოსნის“ მთავარი გმირები გულისა თუ გონების კარნახით თანაბრად მოქმედებენ. ეს პოემა თავისი ფაბულით, სიუჟეტით, პერსონაჟთა ხასიათებით, თემებით, სიმბოლო-ალეგორიებით, ქვეტექსტებით, ერთი სიტყვით, ფორმითა თუ შინაარსით, როგორც ნამდვილი კლასიკა, თანამედროვე მკითხველთანაც თავისუფლად მართავს დიალოგს. მიუხედავად იმისა, რომ მის შესახებ უამრავი გამოკვლევა, წერილი არსებობს, ასახსნელ-განსამარტავი კვლავ ბევრია, რადგან თავისი საიდუმლოებებითაც გამოირჩევა. მისი საინტერპრეტაციო სივრცე კი უსაზღვროა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ, როგორც ელიოტი წერს: „ახალი ნაწარმოები, იმავდროულად, გავლენას ახდენს ხელოვნების ყველა ადრინდელ ნიმუშზე: ახლის გამოჩენა (თუკი ეს ნამდვილი სიახლეა) არღვევს მანამდე არსებულ იდეალურ წესრიგს“. მაგალითად, ვაჟა-ფშაველას პოემების წაკითხვის შემდეგ მთავარ გმირთა ხასიათების ჩვენეულ აღქმაში რაღაც იცვლება.

პოემის იმ სტრიქონებს შორის, რომელთა შესახებ კიდევ ბევრი დაიწერება, არის ნესტანის ფრაზა: „სცან სამართალი მართალი გულისა გულსა მივა რად“. ეს სიტყვები მან ქაჯეთის ციხიდან მოსწერა ტარიელს. ამ სტრიქონს განიხილავენ სხვა სტრიქონის: „ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად“ – კონტექსტში. ამ უკანასკნელზე ბევრია დაწერილი. გავიხსენოთ რამდენიმე. დავით წერედიანის აზრით, „ეს არის არა კანონზე, არამედ სიმართლის შინაგან განცდაზე დამყარებული სამართალი, სუბიექტური სამართალი, მაგრამ იგი აუცილებლად ობიექტურ საყრდენსაც საჭიროებს, რადგან მაინც სამართალია და არა თვითნებობა. შეყვარებულებს კი სასწორის პინაზე არაფერი აქვთ დასადები, ერთმანეთისადმი სიყვარულის გარდა. მათი სიმართლე პირწმინდად სუბიექტურია და მან გმირები სასჯელისაგან ვერ იხსნა“ („ესე ამბავი სპარსული“).

საგულისხმოა ელგუჯა ხინთიბიძის მოსაზრებაც. იგი ითვალისწინებს ანტიკურ ფილოსოფიასა და შუა საუკუნეების იურისპრუდენციულ ლიტერატურას, ბიზანტიურ ეპოქაში მართალი სამართლით განაჩენის გამოტანას, როგორც მართლმსაჯულების თავისებურ სახეობას, XIII-XVII საუკუნეების ქართული სამართლის ძეგლებს. მისი აზრით, „მართალი სამართალის“ მართლმსაჯულებაზე დაყრდნობა უპირისპირდებოდა გარკვეულ კონკრეტულ სიტუაციაში კანონის, ანუ მიღებული სამართლებრივი ნორმების მიხედვით განსჯას და უფლებას იძლეოდა, კონკრეტული შემთხვევის მიმართ განაჩენი გამოტანილიყო რეალური ფაქტებიდან გამომდინარე სიმართლეზე დაყრდნობით. „ვეფხისტყაოსნის“ სხვა პასაჟიც ადასტურებს მართალი სამართლის ამგვარ გააზრებას. ნესტანი ითხოვს, რომ ტარიელმა მართალი სამართლით განსაჯოს მისი პიროვნება, მისი მოქმედება, მისი გულისთქმა. ქაჯეთის ციხიდან იგი სატრფოს სწერს: „რაცა ვიჩივლე ბედისა ჩემისა, კმა საჩივარად;/ ცან, სამართალი მართალი გულისა გულსა მივა რად“ („თანამედროვე რუსთველოლოგიური კვლევებით კომენტირებული „ვეფხისტყაოსანი“).

ზურაბ კიკნაძის აზრით, „აქ გაცხადებულია „მართალი სამართლის“ არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ მისი ონტოლოგიური ღირებულებაც, როგორც ისეთი სამართლისა, რომელიც არა მხოლოდ ადამიანთა ურთიერთობებს აწესრიგებს, არამედ ბუნებასაც მსჭვალავს, მკვდარ ბუნებაშიც შეაღწევს და სიცოცხლე შეაქვს მასში. ქაჯეთის ციხიდან მოწერილ წერილში ნესტანი ერთხელ კიდევ ახსენებს თუ იხსენებს „მართალ სამართალს“. აი, ეს სტრიქონი: „ცან სამართალი მართალი გულისა გულსა მივა რად“. ვერ ვიტყვით, რომ ეს სტრიქონი ბოლომდე გასაგებია. ის კი ცხადია, რომ ამ სიტყვებში მართალი სამართალი იურიდიული სფეროდან გულის, განცდის სფეროში ინაცვლებს, ის გაშინაგანებულია… პოემაში ნამდვილად არის სინანული იმ „მართალი სამართლის“ სახელით ჩადენილი აქტის გამო. ეს ნესტანის წერილში იგრძნობა. მსგავს წერილს ვერ დაწერდა ის ნესტანი, რომელიც „ქვე წვა ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირგამეხებული“, ვერც ის, რომელიც იმ რჩევას იძლეოდა“ („მართალი სამართალი“).

მოცემულ თვალსაზრისებში გამოიკვეთა „სამართალი მართალი გულისა“. ჩვენი აზრით, აქ აქცენტი უნდა გაკეთდეს სტრიქონის შინაარსის ამგვარ გაგებაზე: გულის მართალ სამართალს (სამართალი მართალი გულისა) ყველა ვერ გაიგებს (გულსა მივა რად). აქ ნესტანი გულის გონებაზე უპირატესობას წარმოაჩენს. მისი სამართალი გულიდან იბადება. სახარებისეული სწავლებით, ღვთის სასუფეველი გულშია. ნესტანს ამ გულის სამართალს ვერ მიუხვდა ვერც ფარსადანი, ვერც დავარი, რომელთაც მიჯნურები გასწირეს სატანჯველად. ასევე, ვერ გაიგო ალუდა ქეთელაურის „გულის სამართალი“ ვერც ბერდიამ და ვერც თემმა. ალუდა ეუბნება უშიშას:

„გული გამიწყრა, არა ჰქნა,

რაც საქნელია ძნელადა

„დაე დააკლდეს სახელსა,

მე გირჩევნივარ მრჩევლადა”.

ამიტომაც გააკრიტიკა არსებული სამართალი:

„ვაი, ეგეთას სამართალს

მონათლულს ცოდვა-ბრალითა“.

„გულის სამართალმა“ გამოიყვანა შინიდან დონ კიხოტი, რათა სამყაროდან გამქრალი რაინდული იდეალები დაებრუნებინა და დაემკვიდრებინა. „გულის სამართალმა“ არ მისცა ნება ანტიგონეს მტრად გამოცხადებული ძმა უპატრონოდ მიეტოვებინა. გულის სამართალი უკარნახებდა ჯოყოლას, ეთქვა:

„მითც ვერ მიაბამთ ჩემს გულსა

თქვენს გულისთქმასთან ძაფითა.

დღეს სტუმარია ეგ ჩემი,

თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა“,

გულის სამართალმა ჩაადენინა „უსამართლობა“ აღაზას და უცხო ვაჟკაცი დაატირებინა. ამ გულის სამართალმა ათქმევინა ჯოყოლას:

„იტირე?! მადლი გიქნია,

მე რა გამგე ვარ მაგისა?“.

გულის სამართალი ღვთის „დაწერილია“ და არა ადამიანისა. ქართულსა და მსოფლიო ლიტერატურაში ბევრი მოქმედებს „გულის სამართლით“, დარწმუნებული, რომ ეს „ღვთის სამართალია“.

ნესტანი გულისხმობს, რომ მისი „გულის სამართალი“ სხვებისთვის აუხსნელი დარჩა. ამ სხვებისთვის ნესტანიც უცხოა და „გაუგებარი“. სწორედ ამას შენიშნავს ზღვათა მეფე, როდესაც მასზე იტყვის:

„ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მხედი,

არცა ლხინი ლხინად უჩანს, არცა ჭირი ზედა-ზედი;

ვით ზღაპარი, ასრე ესმის უბედობა, თუნდა ბედი,

სხვაგან არის, სხვაგან ფრინავს, გონება უც ვითა ტრედი“.

რატომ არ ენდობიან გულს ადამიანები?

გული პოემაში წარმოჩენილია, როგორც ვნებათა ჭიდილის ასპარეზი:

„გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი,

გული ჟამ-ჟამად ყოველთა ჭირთა მთმო, ლხინთა მნდომელი,

გული – ბრმა, ურჩი ხედვისა, თვით ვერას ვერ გამზომელი,

ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი, ვერცა პატრონი რომელი!“.

თანვე გულს ისეთი დიდი ძალა აქვს:

„გული, ცნობა და გონება ერთმანერთზედა ჰკიდიან:

რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკე მიდიან;

უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან“.

ამგვარი გული მხოლოდ წუთისოფლისთვის ირჯება. გაღვიძებული, სულიერი განვითარების გზაზე დამდგარი ადამიანის გულში კი ღმერთი შემოდის. ამიტომ გულის სამართალს რომ მიჰყვე, ისეთი ზნესრული უნდა იყო, როგორიც ნესტან-დარეჯანია. ის ხედავს, რომ წუთისოფელი, ბედისწერა უპირისპირდება ღვთაებრივ კანონებს.

„ბედმან გვიყო ყველაკაი, ჩემო, რაცა დაგვემართა“. ის საკუთარ თავს კი არა, ბედისწერას ადანაშაულებს მომხდარში. ქაჯეთის ციხიდან მოწერილ წერილში ნესტანი კიდევ უფრო გაძლიერებულია შინაგანად, კვლავაც „პირგამეხებული ვეფხვია“, რომელიც თავის დასაცავად არაფერზე დაიხევს უკან:

„შენ, საყვარელო, ნუ სჭმუნავ ჭმუნვითა ამისთანითა,

ჩემი სთქვა: სხვათა მიჰხვდაო იგი ალვისა ტანითა.

არამ სიცოცხლე უშენოდ! ვარ აქამდისცა ნანითა;

ან თავსა კლდეთა ჩავიქცევ, ანუ მოვიკლავ დანითა“.

პოემაში ბრმა ბედისწერა, წუთისოფელი დაპირისპირებულია ღმერთთან:

„ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა!

ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!

სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადათ ძირსა?!

მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა“.

„ნუ გეშის ღმერთი უხვია, თუცა სოფელი ძვირია“.

ბედისწერის სამფლობელო წუთისოფელია. ისინი სინონიმური შინაარსის მატარებელნი არიან. შეიძლება ვთქვათ, ორივე წილნაყარია ბნელ ძალასთან, რომელიც სინათლეს ხელს უშლის, მაგრამ ვერ აქრობს. ნესტანი სწორედ ასეთი სინათლეა (სიმბოლურ-ალეგორიულად, ღვთის ნაწილია. „ის, რაც ამქვეყნად არ არის“, როგორც არაერთგზის არის აღნიშნული ზვიად გამსახურდიასა და სხვათა ნაშრომებში). ამ „გულის სამართლის“ აღსრულების გზაზე გმირებს უწევთ ბნელეთის მოციქულების დახოცვა (ხვარაზმშა, ჭაშნაგირი).

ნესტანი ქაჯეთის ციხეში კიდევ უფრო დარწმუნებულია თავისი გულის სიმართლეში. იგი შინაგანად წუხს, რომ სხვებს არ ესმით მისი, მაგრამ დარწმუნებულია, ღმერთმა იცის, როგორც ბარათაშვილი ამბობს: „შენ უწინარეს ჩემსა უწყი, რა ვიზრახო მე“ („ჩემი ლოცვა“). „გულის სამართალს“ ბადებს ღვთის ხმა. ამ ხმას მისდევს ის, როგორც რჩეული ადამიანი. როგორც ბეატრიჩეს მიჰყვება დანტე და გაივლის ჯოჯოხეთის სანახებს. ტარიელისთვის თავიდან გამოუკვეთელი იყო ეს ხმა, ამიტომ შეყოვნდა თითქოს, როცა ხვარაზმის უფლისწული უნდა მოეკლა და ნესტანის „შეხსენება“ დასჭირდა. მერე „ჩაიცვა“ ნესტანით შთაგონებულმა ვეფხვის ტყავი და გახდა „ვეფხისტყაოსანი“, რაც იყო მისი ხელახლა დაბადება, გაღვიძება, ინიციაციის გზაზე დადგომა (პოემის პერსონაჟთა, როგორც კაცობრიობის უნივერსალურ სახე-იდეათა გააზრებაში უპირველესად, ზვიად გამსახურდიას შესანიშნავი ნაშრომი „ვეფხისტყაოსნის“ სახისმეტყველება“ გვეხმარება). ავთანდილმა მალევე გაიაზრა, რომ ნესტანის გამოხსნა სამყაროს, სინათლის ბნელი ძალებისგან გამოხსნას ნიშნავდა (ამას ყველაზე ადრე თინათინი მიხვდა, რომელმაც იგრძნო, რომ უცხო მოყმის გამოცანა აუცილებლად უნდა ამოხსნილიყო, რომ ეს იყო ღვთაებრივი ნიშანი). ფრიდონი ეუბნება ტარიელს პირველი შეხვედრისას: „ღმერთმან მისგან ანთებული სანთელიცა რად დაგავსო“. შემდეგ კი ამ სანთლის კვლავ „ანთებისთვის“ თვითონაც თავი არ დაზოგა.

წუთისოფლის მოყვარული ფატმანი, რომელიც თავის განსხვავებულობას დროდადრო უმიზეზო მოწყენილობითაც ამხელს, გაიგებს და დაინახავს ამ სინათლეს, ამიტომაც გამოეყოფა „ბრმებს“ და მათთან ერთად აღარ გადავარდება ამაოების უფსკრულში. „თუ ბრმას ბრმა მიჰყავს, ორივენი ორმოში ჩაცვივიან“ (მათე, 15, 14). იგი უყვება ტარიელს:

„რა მობრუნდა ქალი ჩემკე, შემოადგეს სხივნი კლდესა,

ღაწვთა მისთა ელვარება ელვარებდა ზესთა ზესა;

დავიწუხენ თვალნი, ყოლა ვერ შევადგენ, ვითა მზესა“.

ნესტანის დახმარებით იგი, უპირველესად, საკუთარ თავს ეხმარება, რომ ჩაფერფლილი ღვთიურ საწყისი კვლავ ააღორძინოს საკუთარ თავში. ამიტომაც განიცდის სულიერ ფერისცვალებას. ავთანდილთან შეხვედრის შემდეგ იგი გაიაზრებს საკუთარი არსებობის აზრსა და მიზანს.

ზვიად გამსახურდიას აზრით, „ვეფხისტყაოსანში“ ნეგატიური ძალების პერსონიფიკაციაა ქაჯეთი, რომელთანაც არის დაკავშირებული დავარი, შავი მაგიის ეს ადეპტი („ქვრივი ქაჯეთს გათხოვილი“). პოემაში არის მინიშნებებიც იმაზეც, რომ ფარსადანის კარზე საიდუმლოდ მოქმედებენ ქაჯეთის ემისრები, შავი მაგები, რომელთა მიზანიც არის ინდოეთის დამხობა და ნესტანის გატაცება. შავი მაგიის ეს ადეპტები „ღვთის მტრებად“ არიან მოხსენიებულნი: „დავარს დასა მეფისასა უთხრა ვინმე ღმრთისა მტერმან“. მართალია ტექსტში პირდაპირ ამაზე არსად არის საუბარი, მაგრამ მსგავსი მინიშნებების საფუძველზე შესაძლოა დავასკვნათ, რომ ხვარაზმშას ძის სასიძოდ მოწვევა დავარისა და ამ „ღვთის მტრების“ იდუმალი შეთქმულების შედეგია, რომელთაც შეძლეს გავლენის მოხდენა მეფეზე“ („ვეფხისტყაოსნის“ სახისმეტყველება“).

მართლაც, ნესტანი კარგად იცნობს დავარის სიბრძნეს, ამიტომ არა მხოლოდ გამოიცნობს, არამედ ჩაშლის კიდევაც მის გეგმას. სასიძოს მკვლელობა ფარსადანმა დავარს „ღალატად“ ჩაუთვალა და მოკვლით დაემუქრა. დავარი თვითმკვლელობით გადის დრამის სცენიდან, მაგრამ კვალს ტოვებს, ბნელი ძალების მოქმედება გრძელდება.

ნესტანის, როგორც ღვთაებრივი საწყისის, სინათლის გამოსახსნელად თითქოს კოსმოსის ყველა კეთილი ძალა ერთიანდება (ავთანდილი, თინათინი, ფრიდონი, ასმათი, მზე, მთვარე და ვარსკვლავები), რადგან ის „მართალია“. სწორედ მისი გამოხსნით კიდევ ერთხელ ზეიმობს სიცოცხლის კანონი: „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“. სიყვარულის მისტერია კი გრძელდება. პოემის ფინალი დასტურია „გულის სამართლის“, ე.ი. „ღვთის სამართლის“ ყოველივეზე აღმატებულობისა. ამ „გულის სიმართლის“ უძლეველობა ჩანს ვაჟა-ფშაველას პოემებში, განსაკუთრებით კი, „სტუმარ-მასპინძლის“ ფინალში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი