შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

სიკეთის წილი საწერი

  ერთხელ ასეთი ამბავი შემემთხვა: მესტიაში ავეხეტე ლიტერატურულ ექსპრესთან ერთად, იქ მივიპოეტ-მოვილექსევე და, ჩემდა სასიხარულოდ, კარგი ქართველი პოეტი, ტარიელ ხარხელაური გავიცანი, ჰოდა, პატარა საუბარიც გაიმართა ჩვენ ორს შორის. მკითხა, ძირითადად რაზე წერო, მეც ვუპასუხე, უფრო კი შევთითხნე პასუხი, რამეთუ ყოველთვის მიჭირს ასეთ კითხვაზე აზრიანი პასუხის გაცემა. მოკლედ, ვუთხარი, სოციალურ თემებზე, თანამედროვეობაზე, თაობის სატკივარზე, ხანდახან – სიყვარულზეც, აქა-იქ, ათასში ერთხელ, უფრო ხშირად მაინც ღრმა მელანქოლიით გაჟღენთილ ეგზისტენციალურ საკითხებზე-მეთქი და ასეთები ვთქვი კიდე, ოკრობოკროდ. კარგიაო ეგო, მითხრა, მაგრამ ხანდახან სიკეთეზეც ვწეროთო. მარტივი ნათქვამია… რთულად შესასრულებელი, მაგრამ მაინც შევეცდები, ამ ბლოგში სიტყვა შევუსრულო ძია ტარიელს და იმ სიკეთეზე მოვყვე, 2009-ში რომ შემემთხვა, დღემდე მახსოვს და არც არასოდეს დამავიწყდება.

        სადღაც მარტვილთან ახლოს, სოფელ გაჭედილთან ვართ გაჭედილები, გზაჯვარედინზე ვდგავართ. მე და ზუკა. ასე ორმაგდება შანსი იმისა, რომ რომელიმე მიმავალი მანქანა ჩვენს ცერა თითს დაინახავს და წაგვიყვანს. მზე მონღოლურ შანთზე მეტად გვიწვავს ზურგს, ფეხებთან კი 30-30 კილოგრამი ბარგით დატვირთული ზურგჩანთები გვიწყვია. სიარულს აზრი არ აქვს, ასეთია შუა ზაფხულში ჰიჩჰაიკერებისთვის მეგრული რულეტკა. რამდენიმე მძღოლი ზედაც არ გვიყურებს, ვიღაცამ შეიგინა, ვიღაცამ – „უსაქმურებიო”, ვიღაცამ შეანელა და მერე ისევ აუჩქარა, ალბათ, შიშით, რამე შარს არ გადაყროდა. გვარიანი ლოდინის შემდეგ ერთ-ერთი მანქანა ჩერდება. მოსალაპარაკებლად ზუკა მიდის. „ჩასხედით”, – პირდაპირ გვეუბნება მამაკაცი, რომელსაც, როგორც შემდეგ შევიტყობთ, გენო ჰქვია, გვარად კი ბეჭვაიაა.

     რა გვინდოდა, რას დავხეტიალობდით და რას ვეძებდით, ცალკე მოსაყოლი თემაა. უბრალოდ, შევთანხმდეთ, რომ ჩვენი ამოცანა საკმაოდ რთული იყო – უნდა მოგვესწრო და რაც შეიძლება მცირე ხანში დაგვეთვალიერებინა რამდენიმე ადგილობრივი ღირსშესანიშნაობა, რომელთა შემოვლასაც, ეთნოჰიჩჰაიკინგის გამოცდილებიდან გამომდინარე, ალბათ, 2-3 დღე მაინც დასჭირდებოდა, ჩვენ კი გვეჩქარებოდა, გვეჩქარებოდა და ყოველი წამი უფრო და უფრო მიუწვდომელს ხდიდა ამოცანას. ახლა კი გენოს დავუბრუნდეთ, რომელიც მას მერე არ მინახავს და არც კი ვიცი, ახლა რას საქმიანობს, როგორაა. მაშინ მოსამართლე იყო, ვგონებ, სოფელ დიდ ჭყონში ჰქონდა სახლი და ძალიან საყვარელი ოჯახი, თუმცა ძირითადად ქალაქში იქმოდა საღვაწს. მაშინაც შინ ბრუნდებოდა, ორი ჩანთააკიდებული გზააბნეული მგზავრით რომ დაიმძიმა საფიქრალი. ჩვენც მოურიდებლად გავანდეთ ჩვენი მიზანი და დაველოდეთ გენოს პასუხს – უარეს შემთხვევაში, დიდ ჭყონამდე მიგვიყვანდა და მერე სხვა ტრანსპორტის ძებნა მოგვიწევდა, საუკეთესო შემთხვევაში კი ჯერ მარტვილში გავივლიდით და იქაურ ეკლესია-მონასტრებსაც ვინახულებდით. ბევრი რომ არ გავაგრძელო, გენო მარტვილისკენ დაიძრა. მოვლენათა ამის შემდგომ განვითარებას კი აწმყო დროში უნდა მოვყვე:

          გენო არა მხოლოდ ჩვენს გადაადგილებაზე ზრუნავს, არამედ ექსკურსიამძღოლის მოვალეობასაც კისრულობს და მარტვილის ცნობილი მონასტრის შესახებ გვიყვება. ვათვალიერებთ და ვეუბნებით, რომ ძალიან გვეჩქარება და ახლა დავტოვებთ, დიდ მადლობასაც ვუხდით, გენო კი მანქანის კარს აღებს და შეუვალი გამოხედვით გვიყურებს. ჩვენც, ერთი მხრივ, უარს ვერ ვეუბნებით, მეორე მხრივ კი რა უარი, ეს ხომ ჩვენი შანსია, შესაბამისად, მანქანაში ვსხდებით. გენო მარტვილის სხვა ეკლესიებსაც გვათვალიერებინებს. ეს უკვე ჯეკპოტია ჩვენი მთავარი ამოცანისთვის, ბინგო. თუმცა ეს კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, რაც მოგველის: გენო გვეუბნება, რომ ახლა დაღლილები ვართ და სავახშმოდ მასთან უნდა წავიდეთ, სოფელში. ჩვენ ვუხსნით, რომ ამდენი დრო არ გვაქვს, შეგვიძლია, ეს დღე ორცხობილებზე გადავატაროთ და გვირჩევნია, გზა გავაგრძელოთ. გეზი საით გვაქვს? სალხინოსკენ, დადიანების რეზიდენციისკენ. გენო გვითანხმდება, რომ დიდ ჭყონამდე მიგვიყვანს. ეს გარიგება ძალიან გვაძლევს ხელს. მივდივართ. გარკვეული ხნის შემდეგ გენო მანქანას აჩერებს, გაგიკვირდებათ და დადიანების რეზიდენციასთან ვართ, სალხინოში. უკვე გვეუხერხულება ამდენი პატივისცემა, მაგრამ რა გაეწყობა, რეზიდენციას ერთად ვათვალიერებთ, თან ჩვენი დიდი უპირატესობა ადგილობრივი ექსკურსიამძღოლია, ადამიანი, რომელიც, ვინ იცის, სასამართლო პროცესებზე რა შიშის ზარს სცემს იქაურობას. სალხინოდან უკვე უსასრულო მადლობებით ვემშვიდობებით გენოს, მაგრამ საქმეში ისევ შეუვალი გამოხედვა ერთვება. რამდენიმეწუთიანი თავპატიჟის შემდეგ მანქანა დიდი ჭყონისკენ მიემართება. მერე რაც გველის, ზუსტად არ ვიცი, ეგ როგორ ხდება ხოლმე საქართველოში, მაგრამ რომ ხდება, ფაქტია: გენოს სახლში ვართ, სტუმრები, ღვთისანი, სუფრა იშლება, საოცარი სუფრა იშლება, ისეთი, იმ შვიდდღიანი ლტოლვისა და ბოდიალისას თვალით რომ არ გვინახავს, ცოტა ხანში მორიდებას გვერდზე ვდებთ და მადიანად შევექცევით მეგრულ ხაჭაპურს, ელარჯს, სახელდახელოდ გამზადებულ ზაფხულის სალათას და სხვა გემრიელობებს. ახლა კი, მუცელამოყორილებს, თამამად შეგვიძლია, ჩვენს გზაზე შეხვედრილ ყველაზე კეთილ კაცს მადლობა გადავუხადოთ და დიდი ჭყონი დავტოვოთ, თუმცაღა ვიცით, რომ გაჭირდება ეს ამბავი, რამეთუ ერთ-ორ საათში ღამის წყვდიადი დაისადგურებს, ხოლო „ღამე ბნელია და სავსე ურჩხულებით”… ჩვენი მომდევნო დანიშნულების პუნქტი წაჩხურუა, საოცარი ადგილი საოცარი სახელწოდებით. დანიშნულებათა სიაში „წაჩხურა” გვეწერა, ადგილობრივები „წაჩხურუს” ეძახდნენ, რუკებზე მოხსენიებულია როგორც „წაჩხური”, თუმცა დიდჭყონელებისთვის „წაჩხუროს” ვერსიაც არ იყო უცხო. მოკლედ, ეს ტკბილხმოვანი ადგილი თავისი ეკლესიითა და ჩანჩქერითაა გამორჩეული, რომლამდე მიღწევაც არცთუ ადვილია, მე და ჩემმა მზემ.

  მხოლოდ ანტიკური ვილისი აღწევს იქამდის, ანდა დასავლური ცივილიზაციის ღვთიური ნობათი, რეინჯ-როვერად წოდებული. მოკლედ, პირდაპირ ვიტყვი სათქმელს – გენო თავის მოძღვარს ურეკავს სალხინოში, მოძღვარი, არ ვიცი, ვის ურეკავს, მაგრამ სულ რაღაც ერთ საათში ისევ დადიანების რეზიდენციასთან ვართ, სადაც სპეციალური მანქანა გველოდება, როგორც შემდეგ ვიგებთ, სწორედ ის, რომლითაც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი სარგებლობს ხოლმე იქ სტუმრობისას. ცოტა შემცბარი ვარ და მანქანაში დაძაბული ვზივარ, მაგრამ დაძაბულობას სამეგრელოს საოცარი ლანდშაფტი მიქრობს. ვათვალიერებთ ეკლესიას, ჩანჩქერს, მიდამოს და უკან მართლაც დაღამებულზე ვბრუნდებით. არც კი მინდა ვიფიქრო, რა შეგვემთხვეოდა ორ დამთხვეულს, იქ რომ მარტოები ავსულიყავით, შუაღამისას, მთის წვერზე, უკაცურობაში. მოკლედ, დიდ ჭყონში გაშლილი სუფრის შემდეგ გაშლილი ლოგინი გვხვდება, მეფური ღამეა, სამეგრელოში განსაკუთრებით ლამაზია ღამის ცა, ან შეიძლება მე მეჩვენება ასე, მთელი ბავშვობის ზაფხულები აბაშური ღამის ცის ყურებაში რომ მაქვს გატარებული, იმიტომ. დილით ადრე ვიღვიძებთ, ახლა კი მართლა უნდა დავემშვიდობოთ გენოს. თუმცა ამას მხოლოდ მას შემდეგ ვახერხებთ, რაც გენო კიდევ ერთ სიურპრიზს გვიმზადებს და ჯიხაშკარში მივყავართ ძველი ციხის სანახავად.

    ეს ჩვენი გეგმის შემდეგი პუნქტია, რომლის მონახულებასაც, უკეთეს შემთხვევაში, სამი დღის შემდეგ ვაპირებდით. ჯიხაშკართან ჩვენი გზები იყოფა. გენო გვემშვიდობება და ბედნიერ მოგზაურობას გვისურვებს, მე და ზუკა კი ფეხით მივუყვებით გზას და კარგა ხანს ვერაფერს ვამბობთ. არ ვიცი, ამ დროს რაზე ფიქრობდა ჩემი თანამგზავრი, მაგრამ მე სიკეთეზე ვფიქრობდი. უანგარო სიკეთეზე. უბრალო, ადამიანურ სიკეთეზე, რომელიც ასე მეჩხერადღა გვხვდება დღესდღეობით და რომელსაც, მაინც, აი, ამოდენა გაოგნების ძალა აქვს.
 ორიოდე დღის შემდეგ მე და ზუკამ ერთგვარი შეჯიბრება მოვიგეთ, ამოცანა ბოლომდე შევასრულეთ და ყველა დანიშნულების პუნქტი გეგმაზე ადრე მოვიარეთ, თუმცა გენო რომ არა, შესაძლოა, ახლაც წაჩხურუს რომელიმე ფერდობზე ეხრაკუნა ჩვენს ძვლებს – ვინ იცის, ბუნებაა და გუნება.
  ახლა შემიძლია, ცოტა ხანს მაინც მშვიდად ვიყო, -სიკეთეზე დავწერე, ხანდახან მაინც რომ უნდა ვწეროთ, იმაზე, რამეთუ მოყვრისთვის პირში ზრახვის კვალდაკვალ მაგალითების შეხსენებაც არ უნდა დაგვავიწყდეს, ჩვენ გარშემო ხომ ბევრი პოტენციური გენო ბეჭვაია ცხოვრობს, მაგრამ მათგან მხოლოდ ყველაზე მამაცები ახერხებენ ბოლომდე გენოობას, ასეა ეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი