პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

წინ, ბავშვობაში

გამარჯობა, მიხარია თქვენთან კიდევ ერთი შეხვედრა, ვიცი, რომ თქვენც.

მიყვარს თქვენი გამოხმაურებების კითხვა, ძალიან ხშირად ვამოწმებ, ჩავუყვები ხოლმე ყველა ბლოგს და თუ ახალი კომენტარია, პატარა ბავშვივით ვჭყლოპინებ. არა, არ გეგონოთ, ქება მიყვარდეს. ( თუმცა არც უამისობაა), მოსმენა და გაზიარება მაბედნიერებს, განცდა, რომ ვიღაც სადღაც შენს ნააზრევს კითხულობს, ჰოდა, მგონი, დიდი აღიარების დროც დადგა. ადამიანისთვის, რომელიც ოცდაოთხი საათის მანძილზე სკოლაზე წერს და ფიქრობს, არცთუ ბუნებრივი, მაგრამ გულწრფელი აღიარების – მე არ მიყვარდა სკოლა, მეტიც , ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მძულდა.

დღემდე, ჩემს ყველაზე დიდ კოშმარებში მესიზმრება, როგორ ვდგავარ დაფასთან და ვცდილობ, მოვყვე გაკვეთილი, რომელიც არ მესმის, ერთი სიტყვაც, ერთი ბწკარიც, ყველაფერი გაუგებარია, თითქოს ქართულად კი არა, ურდუზე ეწეროს.

მე არ მიყვარდა სკოლა და ერთადერთი, რაც იმ ხანად მაძლებინებდა, წიგნები იყო. ყველანაირი, სხვადასხვა, განსხვავებული, ცუდი და კარგი, ძალიან ცუდი და ძალიან კარგი წიგნები.

ცუდიო? კიდევ ერთი აღიარებაო? ვგრძნობ, რომ ამ წერილს ბევრი სტუმარი ეყოლება. დღემდე ბევრს ვფიქრობ, არის თუ არა დაკარგული ის უზარმაზარი დრო, რაც მე ცუდი წიგნების კითხვაში გავატარე. არადა, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე კარგი და სასაცილო გასართობიც შევიძინე, დღესაც დავსხდებით მე და ჩემი მეგობარი და ერთმანეთს ვეჯიბრებით, რომელს უფრო მეტი დებილური წიგნი გვაქვს წაკითხული, სათაურები? სათაურებს არ დავასახელებ, მაგრამ არცერთი საბჭოთა და ქართული, თუ საბჭოთა და ყაზახური, წითელი თუ პროპაგანდისტული, ძალიან სუსტი და უხარისხო წიგნი არ გამომიტოვებია. რაო? ისეთ წიგნებს თუ კითხულობდიო? კი, მიმალავდნენ, მაგრამ მაინც ვახერხებდი.

 

მახსოვს, უგულისყურობისთვის შენიშვნა ბევრჯერ მიმიღია, ტექნიკურ საგნებში ნიშნებს ჩემი უფროსი და-ძმის ხათრით მიწერდნენ, ბევრჯერაც უჩხუბიათ, როცა ფიზიკის გაკვეთილზე თავი ამიწევია სრულიად არაფრისმთქმელი მზერით, მერხის ქვეშ კი ისეთი თავგადასავლებით აღსავსე წიგნი მედო…-

ჰოდა, რაზე გამახსენდა ეს ამბავი.

ამას წინად, წიგნის მაღაზიაში ფრანგი მწერლის, ანა გავალდას წიგნს წავაწყდი – „35 კილო იმედი”. წიგნი სოფია ბარშოვამ თარგმნა და ისეთმა გამომცემლობამ გამოსცა, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობი, თანაც გადავშალე და პირველივე აბზაცმა მომჭრა თვალი:

„ვერ ვიტან სკოლას.
ამქვეყნად ყველაზე მეტად ეგ მეზიზღება.
არა, უფრო მეტადაც…

გამიმწარა ცხოვრება. „

ჰოდა, რა თქმა უნდა, ვიყიდე.

ვიყიდე კი არა, თუკი ოდესმე სკოლის ბიბლიოთეკებისთვის აუცილებელი, მასწავლებლებისა და მშობლებისთვის წასაკითხი წიგნების სიას გავაკეთებ, გრეგუარის ისტორია სიის თავში იქნება, ჰოლდენ კოლფილდისა და გრძელფეხება მამილოს შორიახლოს.

თუ გვინდა გავიგოთ, რატომ არ უყვართ ბავშვებს სკოლა, რატომ უხარიათ თუნდაც ერთი გაკვეთილით ადრე შინ წასვლა, რას ვაშავებთ და რას ვაკეთებთ არასწორად, როგორ არ უნდა მოვექცეთ მოსწავლეებს, მხოლოდ მოსწავლეებს კი არა, შვილებს, როგორ უნდა მოვუსმინოთ მათ და მათივე ინტერესების მიხედვით განვსაზღვროთ მათი პრიორიტეტები და არა პირიქით – მოკლედ, ვიქნები ბანალური და ვიტყვი, ეს წიგნი სარკეა, ჩვენთვის, მშობლებისა და პედაგოგებისთვის, უფროსებისთვის.

„მე, მაგალითად, ჩემი მაღვიძარას დარეკვამდე ერთი საათით ადრე თვალები უკვე დაჭყეტილი მაქვს და ამ ერთი საათის განმავლობაში ვგრძნობ, თანდათან როგორ იმატებს და იმატებს მუცლის ტკივილი. ორსართულიანი საწოლის მეორე სართულიდან ჩამოსვლის დროს კი გული ისე მერევა, თითქოს ჩემს ოთახში კი არა, გემზე ვიყო, გაშლილ ზღვაში. ავტობუსში ჩემი მუცლის ტკივილი ძალიან მძიმე ბურთად გადაიქცევა ხოლმე. თუ შემთხვევით რომელიმე კლასელს დავემგზავრე და ლაპარაკი ჩვენი საყვარელი მულტფილმის გმირ ზელდაზე წამოვიწყეთ, მაშინ არაფერი მიჭირს, ტკივილი თანდათან იკლებს, სხვა შემთხვევაში კი მგუდავს. ყველაზე უარესად მაშინ ვარ, როდესაც უკვე სკოლის ეზოში შევდივარ. სკოლის თავისებური სუნი პირდაპირ ავად მხდის. წლები გადის და ადგილები იცვლება, მაგრამ სუნი იგივე რჩება. – ცარცის და სხვადასხვანაირი, ძველი ბოტასის სუნი, რომელიც ყელში ჩამდის და გულს მირევს.”

 

გრეგუარს სკოლა არ უყვარს – სამაგიეროდ, ჩხირკედელაობაზე გიჟდება, მე – ტექნიკურ საგნებს ვერ ვიტანდი , სამაგიეროდ წიგნს არ ვუშვებდი წაუკითხავს. მგონია, რომ ჩვენ, ორივეს გვქონდა და გვაქვს ჩვენი ინტერესის შესაბამისი განათლების მიღების უფლება.

ძალიან, ძალიან ძნელია, როცა სკოლის გახსენებაზე მუცელი გტკივდება… მასწავლებლებო, თქვენ არ გამოგიცდიათ ეს?

 

მე კი, სწორედაც მასწავლებლოს დროს – პატარა სტუდენტი გოგო ვიყავი და ერთ სკოლაში ვმუშაობდი. ყველა კლასში ყველაფერი კარგად მიდიოდა, პროცესი მეც მომწონდა და მოსწავლეებსაც, ერთმანეთს კარგად ვუგებდით. უფრო სწორად, თითქმის ყველა კლასში, ერთის გარდა. არ ვიცი, რატომ ვარდებოდა იქ გაკვეთილი სულ, რატომ ვიდექი პირველკლასელი ბავშვივით აკანკალებული და შეშინებული, როგორ ვნატრობდი, რომ რაც შეიძლება მალე გასულიყო ეს 45 წუთი. როგორ ვერ ვიტანდი ოთხშაბათ საღამოს, რადგანაც მეორე დილით იმ კლასში გაკვეთილი უნდა მქონოდა და როგორი განსაკუთრებული ბედნიერება იყო ხუთშაბათი საღამო, როცა ვიცოდი, რომ თითქმის ერთი კვირა იმ კლასში აღარ შევიდოდი…

მოკლედ, ახლა ვხვდები, მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ერთმანეთის გაგება არ გვიცდია, მე მათი ხმაურის და სიცელქის მიზეზის, მათ-ჩემი შიშის და ნერვიულობის.

გრეგუარის პირველი მთავარი პრობლემა სწორედ ესაა, მეორე კი – მისი განსაკუთრებული უნარები. იქნებ დისლექსიაც აქვს, ანდა გონებაგაფანტულობის სინდრომიც, სამაგიეროდ, სრულიად განსაკუთრებულ რამეებს იგონებს, ნამდვილი გამომგონებელია, მისნაირი ადამიანები კაცობრიობის წინსვლას განაპირობებენ.

წიგნი ისეთი თანაგრძნობითაა დაწერილი, ისე თანდათანობით გადადის პატარა, ერთი შეხედვით ზარმაცი და თავისებური ბიჭის ისტორია დრამაში, იმდენ ასპექტში იჭერ და ითავისებ საკუთარ შეცდომებს, რომ მგონია, მასწავლებელთა სერტიფიცირების თუ პროფესიული განვითარების გამოცდებზე პედაგოგიკის მამების თუ ფსიქოლოგთა ნაშრომების ნაცვლად, ანა გავალდას „35 კილო იმედი” და კიდევ რამდენიმე მხატვრული ნაწარმოების წაკითხვა და გაგება უნდა მოვთხოვოთ ჩვენს პედაგოგებს.

იქნებ მაშინ მაინც მივხვდეთ, რომ წარმატებული შედეგისათვის ბევრის მოთხოვნა კი არ არის საჭირო, არამედ თუნდაც ერთი ადამიანის არსებობა, ვისი სიყვარულითაც ბავშვი ისწავლის – ეს შეიძლება ბაბუა იყოს, რომელიმე წიგნის გმირი ან თქვენ – ნებისმიერი მარი მასწავლებელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი