პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

გაზაფხული, სახსოვარი და საყვარელი მწერლის დანგრეული სახლი

ერთი კვირაა ჩემს პატარა ეზოში პაწია კომშის ხე ყვავის. ჯერ ადრიან გაზაფხულზე მომესალმა ოდნავ მოვერცხლისფრო, ნორჩი ყლორტებით, მერე ფოთლებითაც შეიმოსა და ზუსტად ერთი კვირის წინ კვირტებითაც გამახარა. ვერავის ავუხსნი, რანაირი სიხარულია – ჯერ ერთი, პირველი ხეა, რომელიც საერთოდ აყვავდა ჩემს ეზოში, ერთი წელია, რაც აქ გადმოვედით და ყველა ხე სულ ნორჩია, ამიტომ ზოგს ფოთოლიც კი არ აქვს.   მეორე და მთავარი კი ისაა, რომ ეს პატარა ხე საყვარელი მწერლის კარ-მიდამოდან, ხაშმიდან წამოვაბრძანე.   ერთ დღეს, როცა მისი დანგრეული სახლ-კარის გადასაღებად წავყევი ჟურნალისტებს,  მწერლის უსაყვარლესი მეუღლის, ქალბატონი როზას ნებართვით, პაწაწა ნერგი ამოვიღე და ჩემს ეზოში დავრგე.

მინდოდა, ყოველ  დილით, ეზოში გასულს დამხვედროდა და გაეხსენებინა „ცეტები”, „ბღუკები”, „ბიბო”, „ლამაზი ცრემლები” და ყველა ის გულშიჩამწვდომი ამბავი, რომელიც ზეპირად ვიცი. კიდევ გაეხსენებინა რეზო ინანიშვილის დანგრეული სახლ-კარი, სადაც მხოლოდ ხეები დგანან მედგრად.

დღეს დილითაც,  კომშის აყვავება ნიშნად ჩავთვალე, თაროდან რეზო ინანიშვილის წიგნები გადმოვალაგე, ელექტრონულ ბიბლიოთეკებში დავძებნე, მოვიმარაგე  და ვზივარ, ვზივარ და ვკითხულობ.

ერთი რამეც უნდა გაგიმხილოთ,

ხომ ყველა მასწავლებლის ცხოვრებაში ყოფილა ერთი დღე, როდესაც სკოლაში მოუმზადებელი მიდიხარ – არც აქტივობები დაგიგეგმავს, არც ის იცი ზუსტად, რაზე ილაპარაკებ. ყოფილა, მე ვაღიარებ. ჰოდა, იმ მასწავლებლური „ოროსნობის” იშვიათ დღეს სწორედ  რევაზ ინანიშვილი დამეხმარა.  ამოვირჩიე ერთ-ერთი მოთხრობა, უცებ დავგეგმე გაკვეთილი, მოვიფიქრე დავალებები და ერთ-ერთი საუკეთესო დღე გამოგვივიდა, მეც და ჩემს მოსწავლეებსაც.

მიყვარს ის წიგნები თუ ავტორები, რომელთა მიმართაც აღტაცება არ მინელდება. ეს მუდმივი გრძნობა რაღაც მნიშვნელოვანის მარადიულობაში მაჯერებს.

სულ თავიდან „ბიბოს” მიკითხავდა დედა. ყველაზე უმადო ბავშვი ვიყავი, თუმცა ბიბოს ხათრით მაინც ვჭამდი კარაქიან პურს.

„გათენებას ჯერ ბევრი აკლია, რომ ერთი პირობა მაშინ გაიღვიძებს. დედას და ბებიას სძინავთ. ეცოდება, არ უნდა, შეაწუხოს. წევს გატვრენილი, აპარპალებს იმ დიდრონ თვალებს და იცდის, იქნებ თავისით გაიღვიძონო, მაგრამ თავისით არ იღვიძებენ და როდემდე იქნება ასე, კაცს პური შია!

– ბებო! – გადასძახებს ჩუმად.

– რაო, შემოგევლე! – იმწამსვე გამოეპასუხება ბებია.

– კარაქიანი პური მომიტანე რა, ცოტა!”

მერე „ერეკლე მეფე და ანანურელი ულამაზოები” მოვიდნენ. მოვიდნენ  და ისეთი დარდი ჩატოვეს გულში, დღესაც რომ მარადიულ ჭრილობად ღუის.

 მერე მოვიდნენ და მოვიდნენ, ცეტები და მათ კვალს მიჩერებული ცოლი და დედა, მირანდუხტი და ეთერი, მათთან ერთად გოგონა, რომელსაც ღამე შეუყვარდა, ბიბოს ძმაკაცები – ონავარი ბიჭები…მოვიდა სოფელი,სკოლა, ხე, მიწა, ცა, წვიმა და ნაღველი, ნათელ და მხიარულ თვალებში მოციმციმე ნაღველი – ლამაზი ცრემლები.

და მერე „თითქოს ხელახლა დავინახე ყველაფერი. ქვეყნიერება არის დიდი, თოვლის ფიფქების მთელი ოკეანე ჩამოდის მაღლიდან, ოკეანესავით გასწოლია ნისლი დედამიწას. ხეებიც არიან რაღაცნაირად დიდები, ჯერ ცისკენ წასულნი, მერე დაღუნულები, მეცა ვარ დიდი. ყველანი ერთად ავად დავდგომივართ ორ პაწაწინა ჩიტბატონას. ჩიტბატონები კი, ჭრელები, წითლად ციმციმანი, წყნარად, აუღელვებლად ეძებენ რაღაცებს შავ ფოთლებში, არად აგდებენ ქვეყნიერების სიდიდეს და სიმკაცრეს”.

დღემდე, როდესაც ვინმესთვის ქართული ენის შესაძლებლობების ჩვენება მჭირდება,  პირველი, რაც მახსენდება,  ინანიშვილის პროზის მარტივი და რთული ლექსიკა,  ყველაზე ბუნებრივი სინტაქსი, ყველაზე ძარღვიანი ფრაზეოლოგიზმებია. მისი პროზა ნამდვილად საუკეთესოა ( მასალა ან რესურსი როგორ დავარქვა, მაგრამ მაინც. )  სკოლისთვისაც, როდესაც მოსწავლეებს გვინდა ქართული ენა, მისი შესაძლებლობები შევაყვაროთ.

ჩემს ეზოში ინანიშვილის კომში აყვავდა, ჩემი საყვარელი მწერლის კარ-მიდამოში კი  მისი დანგრეული სახლია, აგურ-აგურ გატანილი, უჭერო, თითქმის მხოლოდ კარკასი და ამდენი ხნის მანძილზე არავინ გამოუჩნდა პატრონი.

 რა ვუპასუხოთ მოსწავლეებს, რომლებიც გვეკითხებიან, რატომ არ მივდივართ რეზო ინანიშვილის სახლ-მუზეუმში?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი