სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

ცოცხალი რესურსი გაკვეთილისთვის

მასწავლებლის პროფესიას სხვა ხიბლთან ერთად ის უპირატესობა აქვს, რომ ,  მოსწავლეები ხშირად ისევ ბავშვობასთან გაბრუნებენ – სხვანაირად ვერ ასწავლი… ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება განსაკუთრებული  პასუხისმგებლობაა. დადიხარ და ფიქრებში დაგყვებიან შენი ლიტერატურული პერსონაჟები: ხან ვასიკო კეჟერაძე გახსენებს თავს თავისი ინტელექტუალური იუმორით; ხან ავთანდილის სიბრძნე: „ჰკითხე ასსა, ჰქმენ გულისა, რა გინდ რა ვინ გივაზიროს…“; ხან ქარჩხაძის იგი ხარ; ხან კი ტკივილამდე განიცდი ხევისბერის ტრაგედიას და… ხანაც „ადამიანთა სევდას“ დაატარებ გოდერძი ჩოხელთან ერთად.

მასწავლებელმა თითოეული გაკვეთილი  ზეიმად რომ აქციოს და მოსწავლეების გულებში შეაღწიოს, მნიშვნელოვან როლს თამაშობს საინტერესო რესურსი. რესურსი შეიძლება იყოს ციფრული, შემოქმედებითი, მასწავლებლის ხელით შექმნილი, სახალისო, ვიზუალური. თუ გიფიქრიათ, რომელია ყველაზე ცოცხალი რესურსი? – ეს ადამიანური რესურსია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ადამიანი გულით მზეს დაატარებს.

გაკვეთილი ერთი დიდი საიდუმლოა და შენ მოსწავლეები ამ შინაგან სიღრმეს უნდა აზიარო. რთულია, „ხევისბერი გოჩას“ სწავლება, რადგან ძალიან ფსიქოლოგიური და ღრმა ნაწარმოებია.

გადავწყვიტეთ, ჩაგვეტარებინა ლიტერატურული /იმიტირებული/ სასამართლო. ასეთი გაკვეთილი სახალისოსთან ერთად საინტერესოცაა. მოსწავლეები ამ მეთოდით ტექსტს სიღრმისეულად იაზრებენ, როლური თამაშით კი პერსონაჟს ითავისებენ და მერე გულწრფელი ემოციაც ეუფლებათ. უვითარდებათ ლოგიკური აზროვნების, მსჯელობის, არგუმენტაციისა და პრეზენტაციის უნარები.

სანამ როლებს გაინაწილებდნენ, ჯერ შეისწავლეს ალ. ყაზბეგის ცხოვრება, სიღრმისეულად გაიაზრეს ტექსტი, გააკეთეს ხევისბერი გოჩას „ფსიქოლოგიური პორტრეტი“. ცდილობდნენ, გაეგოთ ონისესათვის, ისე ახლოს იყო მათ ასაკთან ონისეს განცდები. ამ გაკვეთილისათვის მათ დაეხმარა სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნაც. შემდეგ დაწერეს სცენარი, სასამართლო პროცესის წარმართვისათვის. გაინაწილეს როლები, აირჩიეს პროკურორი, მოსამართლე, ბრალდებულის ადვოკატი, სხდომის მდივანი, ბრალმდებელი, ნაფიცი მსაჯულები. გაიხსენეს აგრეთვე ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მუხლები. ჩემი მიზანი იყო, მოსწავლეები ვირტუალურად ხევისბერის სამყაროში გადამესახლებინა.

ამისათვის გადავწყვიტე მათთვის ცოცხალი რესურსი, შუაფხოს მკვიდრი, ლეგენდარული ხევისბერის – ბიჭურ ბადრიშვილის ქალიშვილი – თეკლა ბებო გამეცნო, რომელიც ახლა 93 წლისაა. მინდოდა, ამ თბილი რესურსის გამოყენებით საინტერესო და ემოციური გაკვეთილი ჩამეტარებინა. როცა პროგრამით „ასწავლე საქართველოსთვის“ შუაფხოს საჯარო სკოლაში ვმუშაობდი, თეკლა ბადრიშვილთან ვცხოვრობდი. ეს იყო საინტერესო ეპიზოდი ჩემი ცხოვრებისა. მე ვიცხოვრე საოცარ ადამიანთან… ხევისბერის სახლში…

იბადებიან გამორჩეული ადამიანები, რომელთაც  დაჰყვებათ ხოლმე საოცარი მადლი – ასეთია თეკლა ბებო, ხევისბერის ასული კოპალას, იახსარისა და დევების საუფლოდან. ძალიან გონიერი და ინტელექტუალური ადამიანი. მიყვებოდა მამის – ბიჭურ ბადრიშვილის შესახებ და სურვილი გამიჩნდა, ბავშვებსაც ეს თვითონ თეკლა ბებოსაგან მოესმინათ… თურმე, მის მამას განსაკუთრებული ანგელოზი ჰპატრონობდა. სამი დღისა რომ ყოფილა, სვეტი წამოსულა ზეციდან და გულზე დასდგომია. თვითონ ჰქონია უცნაური ხილვა, რომ ხევისბერი უნდა ყოფილიყო. ყველაფერს ანგელოზი ასწავლიდა. გუგულის ხმა ჰყვარებია და რომ დაღუპულა, მთელი წელი მჯდარა გუგული იფანზე, უსტვენდა და მღეროდა თურმე. გრძნეული კაცი ყოფილა – გრძნეული! ნამუსიანი! – ასე იცოდა თურმე თქმა: ,,დედამიწამ ნამუსს უთხრა: ჩემზე მძიმე შენა ხარო…“.

თეკლა ბებო  არის ცოცხალი მატიანე. მონუსხული ვიყავი მისი გონიერებით. იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ბავშვებისთვის გამეზიარებინა, ძალიან დამეხმარა ვირტუალური სამყარო. გაკვეთილის დასაწყისში დავურეკეთ თეკლა ბებოს და მანაც მოგვიყვა ხევისბერი მამისა და ხატობის რიტუალის შესახებ. მთის ხალხს აქვთ რაღაც საერთო, მოხევეებსაც და ფშაველებსაც. უყვებოდა ბავშვებს, როგორ ტარდებოდა ხატობა, როგორ ანთებდა ხევისბერი სანთელს და ადიდებდა მლოცველ ხალხს, როგორ იმართებოდა „საყეენო“, იდგმებოდა ლუდი. როგორ იღებდა ხევისბერი დროშას. „ფერხისა“ ერქვა სიმღერას – ლაშარის ჯვარზე, თამარ მეფეზე… ორი კაცი წამოიწყებდა, დანარჩენები ბანს აძლევდნენ, მერე შემოუვლიდნენ დროშით სამჯერ, წამოიღებდა ხევისბერი დროშას, გამოჰყვებოდა ხალხი. ეს დროშა უნდა აეტანა ხევისბერს მაღლა მთაზე, რომელსაც ერქვა ,,კარატე’’. და თუ საღამოს ვერ მიაღწევდნენ იმ ადგილს, „ხატის საბრძანისს“ ეძახდნენ, იქ ათენებდნენ ღამეს. დილით აიტანდნენ დროშას, იკვლებოდა საკლავი, ადიდებდნენ ღმერთს, ხატს, მერე აიკეცებოდა დროშა და ხატობაც მთავრდებოდა.

ამ ნახევრად მითურმა ამბავმა ბავშვები მონუსხა. გასუსული უსმენდნენ, საოცარი ემოცია ჰქონდათ – ბავშვური: „მასწავლებელო, ჩვენ ჩვეულებრივი ბებო გვეგონა და ეს რა გონიერი და განათლებული ყოფილაო!“. ახლა თითქოს უფრო ახლოს მივიდა მათთან მთის ხალხის სულიერი სამყარო.

სასამართლოს დასაწყისი ძალიან ეფექტური გამოვიდა: – „გთხოვთ, ფეხზე ადგეთ, მოსამართლე მობრძანდება! შემოდის მოსამართლე – თავდაჯერებული, ღირსების შეგრძნებით: „თქვენო ღირსებავ, ნაფიცო მსაჯულებო… დღეს განვიხილავთ ხევისბერი გოჩას საქმეს… კარგი გაკვეთილი გამოვიდა: ისაუბრა ონისემაც, კითხვები დაუსვეს გუგუასაც. მოსამართლემ დამსწრე საზოგადოებას ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მუხლებიც შეახსენა. ნაფიცმა მსაჯულებმა იმსჯელეს, სიღრმისეულად გაიაზრეს ტექსტი, წარმოაჩინეს გოჩას პიროვნება და გამოიტანეს ვერდიქტი, რომელიც გადასცეს მოსამართლეს. მათი განაჩენი იყო ძალიან ადამიანური – შეიწყალეს გოჩა, რადგან ჩათვალეს, რომ მას სულიერი ტანჯვაც ეყოფოდა.

ბოლოს გააკეთეს თვითშეფასება: იმსჯელეს შესრულებულ როლებზე. გაკვეთილი ძალიან ნაყოფიერი გამოვიდა. ბავშვები ძალიან ბუნებრივები, გულწრფელები და საყვარლები იყვნენ…

შინაგანად დაღლილი საოცარ სიმსუბუქეს ვგრძნობდი…

…და ვიწყებ ახალი დღისთვის მზადებას – ახალი ენერგიით, ახალი შემართებით. ასე იქცევა მასწავლებელი, რომელიც ცდილობს ბავშვების გულებამდე ჩააღწიოს და საინტერესო სამყარო შექმნას.

 

ცისანა ლონდარიძე – ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი

ასპინძის მუნიციპალიტეტი, ნაქალაქევის საჯარო სკოლა

ფოტო: მთის ამბები https://mtisambebi.ge/

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი