შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ერთხელ, როცა თექვსმეტ ასო-ბგერას შევხვდით…

ეს სცენარი გამოგადგებათ მაშინ, თუ ანბანის დასასრულ რაიმე ღონისძიების მომზადებას დაგეგმავთ. შეგიძლიათ, ის უბრალოდ წაუკითხოთ ბავშვებს და ქართული ანბანის ჯადოსნურობაზე დააფიქროთ.

სცენაზე (ჩამოშვებული ფარდის წინ) გოგონა და ბიჭუნაა. ისინი მუსიკის ფონზე გამორბიან, სცენის ორი მხრიდან. ტრიალდებიან, პატარა საცეკვაო მოძრაობას აკეთებენ და იწყებენ:

გოგონა იწყებს:

უჰ, დადგა დრო, რომ ერთი ძალიან უცნაური,

 

ბიჭი:

ძალიან საინტერესო,

გოგონა:

ამაღელვებელი,

ბიჭი:

და საერთოდაც, ცოტა ჯადოსნური

ამბავი მოგიყვეთ.

გოგონა:

ჰოდა, მოგესალმებით და

ბიჭი:

ვიწყებთ!

გოგონა:

ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ქართული ანბანის შესწავლა გადავწყვიტეთ.

ბიჭუნა:

მაშინ ვერც კი წარმოგვედგინა, რომ ქართული ანბანის სამყარო ასეთი გასაოცარი და თავგადასავლებით სავსე იქნებოდა.

გოგონა:

ერთხელ, როდესაც თექვსმეტი ასო-ბგერა უკვე შესწავლილი გვქონდა, რაღაც ძალიან უცნაური მოხდა.

ბიჭუნა:

დაუჯერებელი! სახლში ვბრუნდებოდით ავტობუსით, საღამო იყო და ცივი ქარი ქროდა…

გოგონა:

უცებ ყველაფერი ბურუსმა მოიცვა, თვალები დავხუჭეთ…

ბიჭუნა:

და რომ გავახილეთ… ჯობია თავად ნახოთ.

ფარდა იწევა და ჩნდება შიდა სცენა.

სცენის შუაგულში კოცონის იმიტაციაა. ის ანათებს. კოცონის გარშემო 16 ასო-ბგერა სხედან. ეკრანზე, პროექტორით უღრანი ტყე მოჩანს, სადაც 16 პაწაწინა სახლია (სოკო სახლები). ამ სახლებს 16 ასო აწერია.

ასო-ბგერებთან გოგონა და ბიჭუნა მიდიან ფრთხილად. აკვირდებიან, გარშემო უვლიან, მხრებს იჩეჩავენ. გაკვირვებული არიან, ბოლოს ბიჭუნა იწყებს:

გამარჯობათ, უკაცრავად, მაგრამ ხომ ვერ მეტყვით, სად ვართ?

ასო-ბგერა – ა:

თქვენ ანბანის სამყაროში მოხვდით. თან შესანიშნავ დროს.

ასო-ბგერა – ი:

ჩვენი ამბებისა და ისტორიების მოყოლას ახლახან ვიწყებდით…

ასო-ბგერა ჰ:

ჰოდა, რაღას უცდით შემოგვიერთდით.

გოგონა გაოცებას ვერ მალავს, ამბობს:

ვაიმე, მგონი სიზმარში ვარ (თვალებს იფშვნეტს).

ბავშვები სხდებიან ასო-ბგერებთან. ამბის მოყოლას

ასო-ბგერა ა იწყებს:

(ასოების გამოსვლისას ეკრანზე გადის შესაბამისი ილუსტრაციები/ანიმაციები)

დღეს აქ 16 ასო-ბგერა შევიკრიბეთ, ჩვენი 17 და და ძმა, დიდი მოგზაურობიდან ჯერ არ დაბრუნებულან. უამრავი საქმე აქვთ: წერილები უნდა შექმნან, და ადამიანებს სიხარული დაუბრუნონ. ჰოდა, მე, რადგან სულ პირველი გავჩნდი, ჩემი ისტორიით დავიწყებ. ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინ, როდესაც ასო-ბგერები ამქვეყნად არ არსებობდნენ, და არავის არ შეეძლო ერთმანეთისთვის წერილის მიწერა, სიხარულის ჩუქება, მთვარემ იფიქრა, რომ მისი ერთი, ყველაზე ციმციმა სხივი დედამიწაზე გამოეგზავნა. დიახ, მგონი მიხვდით, ეს სხივი მე ვიყავი. მთვარეს ძალიან ვგავარ და თან სულ ვბრჭყვიალებ. თუმცა მარტომ მოვიწყინე, თან სიტყვების შექმნისთვის მეგობრები მჭირდებოდა, სწორედ ამიტომ….

აგრძელებს ი:

გავჩნდი მე, და პირველი სიტყვა სწორედ მე და ა-მ შევქმენით. ია.
მთვარეს ერთი ულამაზესი მეგობარი ჰყავდა, ჯადოსნური რაში, თეთრი და ცეცხლოვანი, ვერცხლის ძაფების ფაფარი და ოქროს ნალები ჰქონდა. როდესაც ის ცაზე გადაიფრენს დედამიწაზე ცისარტყელა ჩნდება. ერთხელ, მოესმა ა-ს წუხილი, მარტო რომ იყო და სიტყვებს ვერ ქმნიდა, შეეცოდა, წინა ფეხზე თავის საყვარელი ოქროს ნალი მოიძრო და დედამიწაზე გამოაგზავნა, კი, ეს ნალი მე ვარ! აქ ი გავხდი და ა-ს დავუმეგობრდი, ჩვენ მიერ შექმნილი პირველი სიტყვა – ია კი ისეთი ნაზი, ლამაზი ყვავილია, თან გაზაფხულზე პირველი ამოდის და საოცარი სურნელება აქვს.

ბიჭუნა:

ახლა გასაგებია, საიდან მოდის იის მშვენიერება – მთვარის სხივისგან და ჯადოსნური რაშის ნალისგან… რა საოცარია.

 

მ აგრძელებს:

მე მზის შვილი ვარ, ჩემი მუცელი მზის დისკოა, ხოლო ზედა რკალი კი ოქროსფერი სხივი. სწორედ ამიტომ იწყება, ყველაზე ნათელი სიტყვა – „მზე“ – ჩემით. მზემ იფიქრა, მთვარის სხივთან მზის შვილიც აუცილებლად უნდა ყოფილიყო, და მე გავჩნდი დედამიწაზე, უფრო სწორად საქართველოში – ქართული ანბანის სამკაულად.

მზე – დედაა ჩემი,
მთვარე – მამაჩემი,
მოციმციმე ვარსკვლავები
და და ძმაა ჩემი.

 

ზ- აგრძელებს:

მე ცხოველების სამყაროდან მოვხვდი ქართულ ანბანში. ანბანი რომ იქმნებოდა, ერთმა კეთილმა, გონიერმა და გულისხმიერმა ზებრამ, თავისი ერთი ზოლი აჩუქა ანბანს და გავჩნდი მე – ზ. ზოლი თან ისეთი მოქნილი იყო, დაიგრიხა, ჯერ ერთ რგოლად იქცა, შემდეგ ხაზად ჩამოიხაზა და მეორე რგოლად შეიკრა. ზ ასოზე იწყება ულამაზესი ყვავილის სახელი: „ზიზილა“.როგორც კი მზე ამოდის, ზიზილა იშლება, მასზე იმდენი ლეგენდა არსებობს, მარიამის ყვავილსაც კი ეძახიან…

ე ასო-ბგერა:

ოდესღაც ერთ პაწაწინა, ბაღის ფერიას, ძაფის დართვა უსწავლია, ისე მოსწონებია ეს საქმე, რომ სულ ართავდა და ქსოვდა, ართავდა და ქსოვდა. ოქროს ძაფით ქსოვდა ულამაზეს ყვავილებს, რომლის მსგავსი მანამდე არვის ენახა. ეს ყვავილები მთვარის შუქზე ცოცხლდებოდნენ და დედამიწას ამშვენებდნენ. ასო ა-ს უნდა ახსოვდეს, როდესაც ის ჯერ კიდევ მთვარის სხივი იყო, როგორ ჩამოდიოდა დედამიწაზე და ფერიის მიერ შექმნილ ყვავილებს ეალერსებოდა. ყვავილს ფერიამ ენძელა უწოდა. გაზაფხული გახდა მისი დაბადების დრო, ხოლო მე, ასო-ბგერა -ე, ენძელას პირველი ასო, მორჩენილი ოქროს ძაფისგან გავჩნდი.

 

ღ – ასო-ბგერა:

მაშინ ზღვა ისე ღელავდა, უზარმაზარ გემებს ტალღები ათამაშებდნენ როგორც პაწაწინა სათამაშოებს. ერთ გემზე, პატარა გოგონას ძალიან შეშინებია, და უნატრია, ნეტავ ზღვამ ღელვა შეწყვიტოსო. მისი ნატვრა პაწაწინა ტალღას გაუგონია, გოგონა შესცოდებია, მისულა ზღვის დედასთან და უთხოვია, ზღვა დაამშვიდეო! ზღვის დედას შეუსრულებია კეთილი ტალღის სათხოვარი, თუმცა სანაცვლოდ ტალღა ასო-ბგერა ღ-დ უქცევია და ქართულ ანბანთან გაუგზავნია. ტალღას ტალღობა და ზღვა ძალიან უყვარდა, და მონატრებისთვის რომ გაეძლო, თავად მიუღია ტალღის ფორმა, ის თავის თავში მუდმივ ღელვასა და ზღვას ატარებს. აბა დამაკვირდით.

ასო-ბგერა ვ:

ვარდების ბაღში დავიბადე, ყველაზე წითელი და ხასხასა, ყველაზე მაღალი და ძლიერი ვარდის გულში. ჩემი ვარდი ძალიან გულადი და კეთილი იყო. როცა შეიტყო ქართული ანბანი იქმნებაო, გადაწყვიტა, თავისი ერთი ფურცელი გაეგზავნა ანბანისთვის. ის ერთი ფურცელი მე აღმოვჩნდი, პირდაპირ მის გულში დაბადებული, ყველაზე სურნელოვანი და ყველაზე წითელი. ანბანში ვარდის ფერი და მშვენიერება მოვიტანე, თუ კარგად დამაკვირდებით, იმ ჩემს ვარდს აუცილებლად დაინახავთ.

თ – ასო-ბგერა:

იყო ერთი პაწია თაგუნია, სხვა თაგვებისგან განსხვავებით გრძელი და ძალიან ლამაზი კუდი ჰქონდა, რომ დადიოდა კუდი ათასგვარად ერხეოდა და სხვადასხვა ფორებს იღებდა, ხან მზის, ხან, ვარსკვლავის, ხან გულის, ხან ყვავილის, ზოგჯერ გეომეტრიულ ფიგურებადაც იქცეოდა ხოლმე, მაგრამ ყველაზე მეტად ერთი უცნაური ფორმის მიღება მოსწონდა. ვერც ერთი თაგვი ვერ ხვდებოდა, რის ფორმა იყო. ყველას აოცებდა ეს ამოუცნობი მოხაზულობა. ჰოდა, როცა ამ თაგუნასთან მოვიდა ამბავი, ქართული ანბანი იქმნებაო, ბევრი არც უფიქრია, სწორედ ეს საოცარი ფიგურა გააგზავნა ანბანის მერვე ასოდ, დიახ ეს ასო-ბგერაა თ.

ო – ასო-ბგერა:

წყნარი ოკეანის სიღრმეში, ძალიან ლამაზფეხებიანი რვაფეხა ცხოვრობდა. რვაფეხას რვავე ფეხი ისეთი მშვენიერი ჰქონდა, ოკეანის მკვიდრები მის სანახავად ყოველ საღამოს მიდიოდნენ. უყურებდნენ და მოხიბლულები იძახდნენ, რა ლამაზია! რა მშვენიერია! როგორი ლაქები აქვს! როგორი ხვეულები! როცა ამბავი გავრცელდა, ქართული ანბანი იქმნებაო, ოკეანის მცხოვრებლებსაც მოუნდათ ერთი ასო-ბგერა მათაც გაეგზავნათ. რა თქმა უნდა რვაფეხა გაახსენდათ და მასთან მივიდნენ თხოვნით. რვაფეხამ დიდსულოვნად ერთი ფეხი გაიმეტა, ყველაზე მშვენიერი და ყველაზე უნაკლო. მის ნაცვლად ოკეანის მეფისგან ახალი ფეხი მიიღო, ხოლო თქვენს წინაშეა ო, წყნარი ოკეანის სიამაყე.

 

ლ – ასო-ბგერა:

ერთმა ლმობიერმა ღრუბელმა ლამაზი ლოტუსისგან შეიტყო, ქართულ ანბანს ასოები აკლიაო, განსაკუთრებით ისეთი ასო-ბგერები სიტყვებს სინაზესა და სირბილეს რომ მისცემსო. ჰოდა, ადგა ჩვენი ლმობიერი ღრუბელი და ყველაზე საყვარელი და ძვირფასი რაც ჰქონდა, ის მისცა ქართულ ანბანს. აბა დაფიქრდით, რა შეიძლება ღრუბლისთვის ძალიან, ძალიან ძვირფასი იყოს? რა და ყველაზე ფუმფულა, ყველაზე ფაფუკი, ქათქათა და ბზინვარე ნაწნავი. ღრუბლის ნაწნავი, ისეთი კარგი იყო, ისეთი მშვენიერი, ანბანში მეთერთმეტე ადგილი შესთავაზეს. დიახ, მე ასო-ბგერა ლ ვარ, ოდესღაც ლამაზი ღრუბლის მშვენიერი ნაწნავი.

ხ – ასო-ბგერა:

დიდი მინდვრის მუხის ხე, ისეთი მოწყენილი ყოფილა, მთელი ფოთლები ძირს ჩამოეყარა. რკოები შეშფოთებულან, რა ექნათ, როგორ გაემხიარულებინათ ლამის სამასი წლის მუხა? რა გაახარებდა ახლა მას ყველაზე მეტად? ამ ფიქრებში რომ იყვნენ, ერთმა ხაკისფერმა ხოჭომ, საოცარი ამბავი მოიტანა! ქართული ანბანი იქმნებაო, და ასოები სჭირდებათო. ხოჭო ძალიან შორიდან მოსულიყო და ძლივს საუბრობდა. ჰოდა მუხამ და რკოებმა ზუსტად ერთდროულად გაიფიქრეს, ერთი რკო უნდა წავიდეს ანბანშიო, აარჩიეს ყველაზე მამაცი, ყველაზე გულადი, ვეებერთელა რკო და იქცა ხ-დ. მუხას აღარასოდეს მოუწყენია, მას ხომ თავის წარმომადგენელი ჰყავდა ანბანში.

ასო-ბგერა წ:

ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინ, ბავშვები მშობლებთან ჯერ კიდევ წეროებს რომ მიჰყავდათ, ერთმა წერომ ყური მოჰკრა ქართული ანბანის შექმნის ამბავს. ეს წერო ძალიან მეოცნებე წერო იყო. სულ ოცნებობდა რაიმე საინტერესო თავგადასავალი გადახდენოდა. ჰოდა იფიქრა, აი მოვიდა ჩემი დროო, მოიხსნა ცალი ფეხიდან წითელი აბრეშუმის ლენტი, და იმ დროს ჩაქროლებულ ქარს გაატანა ქართულ ანბანში მისაღებად. ქარმა ატარა, ატარა და ამასობაში წითელმა ლენტმა წეროს ფორმა მიიღო, ასე გავჩნდი მე – წ, წეროს ფეხზე შებმული წითელი ლენტისგან.

ს – ასო-ბგერა:

ერთხელ ერთმა სპილომ სიზმარი ნახა. თითქოს ხორთუმი დაკარგა და შეშინებული დაეძებდა აქეთ-იქით. რომ გაიღვიძა, მაშინვე ბრძენ და ჭკვიან სისინა გველს მიმართა. გველმა კარგად მოუსმინა და სისინით უთხრა: მართლა რომ არ დაკარგო შენი ძვირფასი ხორთუმი, და მუდამ შენთან იყოს, მოდი, ჯადოსნური ფანქრით დავხატოთ და ანბანში ასო-ბგერად გავუშვათო. მართლაც აიღეს სიფრიფანა ფურცელი და სპილოს ხორთუმი დახატეს, შემდეგ სისინა გველმა ეს სიფრიფანა ფურცელი ფერად სკვინჩას გაატანა და აი ასე წარმოვადგენ ანბანში სპილოს ხორთუმს, ასო-ბგერა ს, აბა დამაკვირდით, ხომ ხედავთ მსგავსებას?

რ – ასო-ბგერა:

ციფრთა სამყაროსაც მოუნდა ანბანის შექმნაში საკუთარი წვლილის შეტანა. ციფრი რვა, ყველაზე უფროსი იყო, და როგორც ხმები დადიოდა უკვდავიც. ის მარადიულად იარსებებდა და არასდროს არ დასრულდებოდა. ჰოდა, რა თქმა უნდა, მან ითავა ანბანში ასო-ბგერის გაგზავნა. უძველესი სკივრი გახსნა, იქიდან ორმა ვერცხლის რკალმა ამოანათა, რკალები ერთმანეთს შეაწება და ასო-ბგერა რ-ს ძირი მიიღო, ხოლო სურნელოვანი რეჰანისგან რ-ს ულამაზესი თავი. ისეთი მშვენიერი გამოვიდა რ, რომ ანბანის ყველა წარმომადგენელი გაოგნდა, მას საპატიო ადგილი შეხვდა. ეს მშვენიერი რ სწორედ რომ მე ვარ, ვერცხლის რკალებისა და რეჰანის ჰარმონია.

ც ასო-ბგერა:

ამბობენ, რომ დღეს ციცინათელები აღარ ციმციმებენო, ქალაქის დიდმა განათებებმა ძალიან შეაშინეს და ადამიანებს აღარ ეჩვენებიანო. მაშინ კი ასე არ იყო, როგორც კი ღამე მოვიდოდა, ათასობით ციმციმა ნაპერწკალი ერთად აბრჭყვიალდებოდა. ისეთი ლამაზი იყო, თითქოს ცის ყველა ვარსკვლავი დედამიწაზე ჩამოსულაო. ციცინათელებს, თავად ანბანის ასოებმა სთხოვეს წარმომადგენლის გაგზავნა. უნდოდათ, ანბანიც ასევე აციმციმებულიყო. რა თქმა უნდა, ციცინათელებს ძალიან გაუხარდათ. რამდენიმე ციცინათელა გადაება ერთმანეთს და ჩვენს ანბანსაც გასაოცარი ც შეემატა. აი, ახლაც ვბრჭყვიალებ და ვციმციმებ.

ჰ – ასო-ბგერა:

იმისთვის, რომ ანბანი ჯადოსნური გამხდარიყო, საუკუნეებისთვის გაეძლო, ასოებს ეფრინათ და ეფარფატათ, სჭირდებოდათ ერთ-ერთი სტიქია, რომელიც მათ ფრთებს გამოასხამდა და ფრენას ასწავლიდა. ასეთი სტიქია კი, ზუსტად ისაა, რაც გაიფიქრეთ: ჰაერი. ჰაერთან სათხოვნელად თითქმის ყველა ასო-ბგერა მივიდა, 32-ივე. ჰაერმა მოუსმინა ასო-ბგერებს. შემდეგ ერთი დაიქროლა, დაიზუზუნა, ჯერ ცაში აიჭრა, შემდეგ დედამიწაზე ჩამოიქროლა, დაბზრიალდა, დატრიალდა, ნამდვილი ტორნადო მოაწყო, ოღონდ არავინ დაშავებულა და ასე შექმნა ჩვენი ანბანის ყველაზე ბოლო, 33-ე ასო-ბგერა ჰ. ასე შემქმნა მე, თუ წარმოთქვამთ ჩემს სახელს – ჰ-ს, შეიგრძნობთ, როგორ ქრის ქარი და როგორი ამოდის ჰაერის ნაკადი ქვევიდან ზევით.

 

ბიჭი:

ეს რა საინტერესო ამბები მოგვიყევით, ძალიან დიდი მადლობა!

გოგონა:

აი ამიტომაა ჩვენი ანბანი ასეთი ჯადოსნური, შიგ მთელი სამყაროა ჩაქსოვილი! ნეტა სიტყვებს როგორ ქმნით?

ირთვება მუსიკა, რაიმე ცეცხლოვანი, მხიარული და ასოები იწყებენ სიტყვების შექმნას. ბავშვებს მაისურზე დაპრინტული აქვთ შესაბამისი ასო-ბგერები, ქმნიან სიტყვებს, თან ხმამაღლა ამბობენ:

ზღვა, თოლია, ია, მერცხალი, ვაზი, წვიმა, ნავი, სახლი, მთვარე.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი