ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ბავშვები, ქალაქები და ბავშვებისთვის გასაგები ამბები

ბავშვებს ვეუბნები ხოლმე, აი ამ ადგილას კაი ფოტოს გადაიღებთ გასასთორად – მიყვება ნუცა, ჩემი მეგობარი და ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო გიდი, ვისაც ცხოვრებაში შევხვედრივარ. ნუცას ჩემსავით ორი შვილი ჰყავს და ცოტა ხნის წინ საბავშვო ტურების ორგანიზება დაიწყო: თბილისის ქუჩებში დაატარებს ბავშვებს და ათას საინტერესო ამბავს უყვება, რაც მთავარია, მათთვის გასაგებ ენაზე. ზოგ ადგილს ახალ სახელს არქმევენ – მაგალითად, ძველ თბილისში ქუჩას, სადაც ბევრი კატა ცხოვრობს, კატლანდია ჰქვია, ზოგან რაინდი ხვდებათ, ზოგან ბითბოქსერი და რომელიმე პარკში შეიძლება ლექსიც კი დაწერონ ქალაქზე, რომელიც არცერთ იმ ლექსს არ ჰგავს, რომლებიც მანამდე თბილისზე დაწერილა. ბავშვები პირდაპირ, ყველანაირი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე წერენ იმაზე, რომ ამ ქალაქში ბევრი მახინჯი კორპუსი და ასევე ბევრი ძველი, თითქმის დანგრეული სახლია; ჰაერი არც ისე სუფთაა და ვერც ბევრ პარკს იპოვი ისეთს, ბალახი ისე ბიბინებდეს, რომ ერთი სული გქონდეს, როდის წამოკოტრიალდები. მთავარია, ბავშვმა იცოდეს, რომ მისი ესმით და შეუძლია იმის თქმა, რასაც ფიქრობს – მერე ყველაფერი ადვილდება. ალბათ ეგაა მთავარი წესი, რაც უნდა დავიცვათ ჩვენ, ვისაც ბავშვებთან გვაქვს ურთიერთობა.

 

ქალაქებისა და ბავშვების ურთიერთობაზე ფიქრი იმ დროიდან ამეკვიატა, როცა მივხვდი, რომ ეტლით ბავშვს ძალიან ცოტა ქუჩაზე გავასეირნებდი მშვიდად, რომ ტროტუარები ჩვენ არ გვეკუთვნოდა. პირველად „ცუდი სიტყვებიც” ჩემგან გაიგო ჩემმა უფროსმა შვილმა – ზებრა გადასასვლელზე მანქანები არ აჩერებდნენ და მე გაცეცხლებულს, არანორმატიული ლექსიკის გარდა, არაფერი მადგებოდა ენაზე. ბავშვები იზრდებიან და მათ საინტერესო ამბები, უსაფრთხო ადგილები და მათთვის გასაგებ ენაზე მოყოლილი ისტორიები სჭირდებათ. ჯერ კიდევ არისტოტელე ასწავლიდა მოსწავლეებს სიბრძნეს სეირნობის დროს და რა შეიძლება იყოს იმაზე მარტივი, თან ბავშვები გაასეირნო და თან მნიშვნელოვანი ამბები მოუყვე – მათთან ერთად არქიტექტურაზე, მრავალფეროვნებაზე, რელიგიებზე, კულტურაზე იმსჯელო.

 

წინა კვირაში ჩემი მეორეკლასელი შვილი თავის კლასთან ერთად ძველ თბილისში ექსკურსიაზე იყო, სადაც არსებობდა მარტივი დათქმა – საფეხმავლო ტურზე გიდები ბავშვები იყვნენ და ერთმანეთს უყვებოდნენ წინასწარ მომზადებულ ამბავს კონკრეტულ ადგილზე. ჩემი შვილი ლეღვთახევის გიდი იყო და სხვების მოყოლილი ამბებიდან ყველაზე საინტერესოდ ის მიიჩნია, რომ ადრე ქალები აბანოებში დაჰყავდათ იმის შესამოწმებლად, ხომ არ იყვნენ „გონჯები“. ქალაქის აღქმის ეს პრინციპი ძალიან მომეწონა – ქალაქიც ხომ უამრავი ფრაგმენტისგან შედგება და ამ ფრაგმენტული ამბებიდან ხომ ყველაზე მეტს ვიგებთ აქ მცხოვრებლების შიშებზე, სიყვარულებზე, ახირებებზე, ცხოვრების წესზე.

 

ერთხელ ბავშვებთან ერთად ერთ ძველ სასაფლაოზე შევიარე – ყველაფერზე ვილაპარაკეთ. პანდემია იყო, სიკვდილისა და ავადმყოფობის შიში გვტანჯავდა და აი, ვნახეთ პატარა ბავშვების საფლავები ლამაზი ფოტოებით; მოხუცი კაცების საფლავები გვერდზე მიხატული ცოლების ფოტოებით, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ, მაგრამ პრაგმატული მიზნებით წინასწარ მოუზომეს ადგილები სასაფლაოზე და მხოლოდ გარდაცვალების თარიღის მიწერაღა სჭირდებოდათ ამ სამყაროსთან გამოსათხოვრად; ოთახებივით მოწყობილი საფლავები იმ ახალგაზრდების, ვინც ცხოვრებაში ვერ მოახერხა სიცოცხლით ტკბობა.

რთულ თემებზე სალაპარაკოდ ქალაქებში სეირნობა მარტივი გზაა – ყველაფერი თვითონ მოდის შენთან, ყველაფერი ილუსტრირებულია. მთავარია, ქალაქების ხმა გესმოდეს, მისი ამბების წაკითხვა და მერე შესაბამისი ინტერპრეტაცია შეგეძლოს.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი