პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ბელორუს რკინიგზელთა ფარული აჯანყება

ალექსანდრე ლუკაშენკოს დიქტატორულ რეჟიმს მრავალი იდეა, ღირებულება და მეთოდი აერთიანებს პუტინის დესპოტიასთან. ორი ავტორიტარული სისტემის ლიდერებს ერთმანეთის გაგება არ უჭირთ. რუსეთ-უკრაინას შორის სამხედრო-შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების პირველივე დღეებიდან რუსი სამხედროები აქტიურად იყენებენ ბელორუსის ტერიტორიასა თუ ინფრასტრუქტურას თავისუფლებისთვის მებრძოლ ქალაქებზე თავდასხმისათვის. ბელორუსის მხარდაჭერის გარეშე რუსეთი უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებს ალყაში ვერ მოაქცევდა. მაშასადამე, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბელორუსი ევროპის შუაგულში დაწყებულ ომში საბედისწერო როლს ასრულებს.

თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სახელმწიფო მხოლოდ მმართველი ელიტისგან არ შედგება. სახელმწიფოს ფუნდამენტს მმართველების გარდა რიგითი მოქალაქეებიც ქმნიან. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ დაწყებულმა საერთო-სახალხო გამოსვლებმა აჩვენეს, რომ ოფიციალური მინსკის პოზიციები მყარი არ არის. მილიონობით ადამიანი არ იზიარებს ევროპის უკანასკნელ დიქტატორად წოდებული პრეზიდენტის ხედვებს, ისინი მასობრივ დემონსტრაციებს აწყობენ და რეპრესიების მიუხედავად აქტიურად ეწინააღმდეგებიან ერთი კაცის ოცდახუთწლიან, ერთპიროვნულ მმართველობას. ბუნებრივია, რომ ბელორუსის ოპოზიცია ლუკაშენკოს საშინაო პოლიტიკის გარდა აბსოლუტურად მიუღებლად მიიჩნევს კარტოფილის მოყვანით გატაცებული ლიდერის საგარეო პოლიტიკასაც. ოპოზიციურად განწყობილ ბელორუსებს დანაშაულად მიაჩნიათ უკრაინელების წინააღმდეგ Z ნიშნით აღბეჭდილი სატანკო შენაერთებისთვის ხელშეწყობა. მათ არ სურთ მოძმე ხალხის დაჩოქებაში მონაწილეობა, ისინი კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევენ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვას.

უშედეგოდ დამთავრებული ორწლიანი საპროტესტო კამპანიის შემდეგ პოლიტიკოსები ძალაგამოცლილნი არიან. მათი ნაწილი დაკავებულია, უმრავლესობას ხელ-ფეხი აქვს შეკრული და უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ბევრი არაფრის გაკეთება შეუძლია. სამაგიეროდ ფხიზლად არიან ბელორუსის მუშათა კლასის, მუშათა არისტოკრატიის წარმომადგენლები. მთელ პოსტ-კომუნისტურ სივრცეში დასაქმებულთა შორის ყველაზე აქტიური, განათლებული და ორგანიზებული ძალა რკინიგზელები არიან. ისინი თავიანთი ენერგიითა და გამბედაობით, ბრძოლის რესურსებით ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ დგანან ვიდრე სხვა სფეროებში მშრომელი ადამიანები. ომის დაწყების პირველი დღეებიდანვე ბელორუსი რკინიგზელები ცდილობენ ნამუსი შეუნახონ თავიანთ სამშობლოს.

რას აკეთებენ ბელორუსი რკინიგზელები პუტინ-ლუკაშენკოს ალიანსის წინააღმდეგ?

ცხადია, საომარი ვითარებისა და დიქტატურის, ძალოვანი სტრუქტურების სასტიკი მოქმედებების პირობებში ღია და დემოკრატიული პროტესტის ორგანიზება ურთულეს საქმეს წარმოადგენს. ომის წინააღმდეგ ღია გამოსვლა სიცოცხლის ფასად შეიძლება დაუჯდეთ რიგით მშრომელებს. აქედან გამომდინარე, ბელორუსმა რკინიგზელებმა ფარული, იატაკქვეშა წინააღმდეგობის გზა აირჩიეს. კერძოდ, ისინი საიდუმლო ქსელების საშუალებით ცდილობენ ხელი შეუშალონ რუსული სამხედრო ტვირთების ბელორუსის რკინიგზით გადაადგილებას.

საიდუმლო ქსელში რკინიგზის ყველა საფეხურის თანამშრომლები არიან ჩართულნი.

ხშირად, მეისრეებს „ერევათ“ რუსული ეშელონების მიმართულება და უკრაინისკენ მიმავალი მატარებლები მოულოდნელად საზღვრისგან ოდნავ მოშორებით მდებარე პროვინციებში ამოყოფენ თავს. ცხადია, სამხედრო ჯავშნოსნები მალევე უბრუნდებიან ცენტრალურ მაგისტრალს და საბოლოოდ მაინც კვეთენ რუსეთ-უკრაინის საზღვარს, მაგრამ მეისრეების „დაბნეულობის“ წყალობით უკრაინის თავდაცვის ძალები დროს იგებენ და უკეთ ემზადებიან მომხდურის მოსაგერიებლად.

არის შემთხვევები, როდესაც ლიანდაგ შემკეთებელთა კოლონის მონტიორები უხარისხოდ არემონტებენ ან სპეციალურად აზიანებენ რკინიგზის სხვადასხვა მონაკვეთს. ვრცელდება დაუდასტურებელი ცნობები, რომ ლიანდაგის დეფექტის წყალობით სამხედრო ტვირთით სავსე რამდენიმე ვაგონი რელსებიდან გადავიდა და რუსულ არმიაში რამდენიმე დღიანი ლოჯისტიკური ქაოსი გამოიწვია.

ევროპულ გაზეთებში წერენ, რომ რკინიგზელთა ნაწილი ლიანდაგებთან ახლოს მდებარე კოლმეურნეობებიდან ტრაქტორებს ეზიდება. ტრაქტორებს პირდაპირ სარკინიგზო კვანძებზე აჩერებენ, რათა მატარებლები ან ვერ გაიარონ, ან მძიმე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას შეასკდნენ და ამგვარად გზა გაირთულონ.

რიგი მემანქანეები კი ხშირად უარს აცხადებენ Z ნიშნით დაღდასმული ლოკომოტივების მომსახურებაზე და ათას რაიმეს იმიზეზებენ სამსახურში გამოუცხადებლობისა თუ სხვა სადგურზე გადაყვანისათვის.

როგორც ჩანს, საბოტაჟის ფაქტებმა იმდენად იმატეს, რომ ბელორუსის მთავრობა ღიად ალაპარაკდა. ოფიციალური სტრუქტურები ოცწლიანი პატიმრობით ემუქრებიან ყველა იმ პირს, ვინც რკინიგზაზე ეშელონების გადაადგილებას შეუშლის ხელს. ძალის დემონსტრირების მიზნით მინსკმა სპეცოპერაციაც ჩაატარა, კბილებამდე შეიარაღებულმა სპეცრაზმელებმა ოთხი რკინიგზელი დააკავეს, მათი ოჯახის წევრები და თანამშრომლები შიშში აგრძელებენ ცხოვრებას.

იმედია, ომი მალე დასრულდება. იმედია, ევროპის ცენტრში კვლავ დაისადგურებს მშვიდობა. საუკუნეების განმავლობაში გაიხსენებენ იმას, თუ როგორ დაუთმო საკუთარი ტერიტორია მეზობელი ქვეყნის გასანადგურებლად ბელორუსმა კრემლს. ბელორუსთა ახალი თაობები სამარცხვინო ღალატის გამო სირცხვილით დაიწვებიან. მაგრამ მათ მაინც შეეძლებათ, რომ თავი იმართლონ და თავიანთი ხალხის ღირსებაზე მიანიშნონ. ბელორუსი ხალხის ისტორიის საამაყო გვერდებს საბოტაჟის მონაწილე რკინიგზელები ქმნიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი