ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

რას ნიშნავს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა

გარემო, ფართო გაგებით, ნიშნავს საგნის გარემოცვას, ანუ იმ პირობებისა და გარემოებების ერთობლიობას, რომლებიც ამ საგანზე ზემოქმედებას ახდენს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, ცნება „გარემო“ გულისხმობს არა მხოლოდ ადამიანის ორგანიზმზე პათოლოგიური ზემოქმედების მქონე გარეშე ფიზიკურ, ქიმიურ და ბიოლოგიურ ფაქტორებს და ბუნებრივი გარემოს კომპონენტებს, მაგალითად, ატმოსფეროს, ნიადაგსა და წყალს, არამედ (ხშირად არაპირდაპირი ზემოქმედების მქონე) საცხოვრებელი გარემოს ელემენტებსაც, ისეთებს, როგორიც არის შენობები, სამუშაო და გასართობი ადგილები.

გარემოს შესაძლო ფორმებია: ბუნებრივი გარემო – დედამიწაზე ბუნებრივად არსებული ცოცხალი და არაცოცხალი ბუნება; სოციალური გარემო – საზოგადოება, რომელშიც ინდივიდი ცხოვრობს; ბიზნესგარემო – ბიზნესის ფუნქციონირების პირობები და სხვა.

ბუნებრივი გარემო დედამიწის გარემოს შემადგენელი ნაწილია, რომელიც მოიცავს ბუნებრივად და ხელოვნურად წარმოქმნილ ელემენტებს და ქმნის ბუნებრივ ლანდშაფტებს. ფართო გაგებით, ბუნებრივი გარემოს ნაწილია მთლიანად კაცობრიობა და მასთან დაკავშირებული ბუნებრივი რესურსები, ჰაერი, წყალი, მიწა, ფლორა, ფაუნა. თითოეული ეს ბუნებრივი ელემენტი ერთმანეთთან ურთიერთდამოკიდებულებაში იმყოფება.

ბუნებრივ გარემოში ადამიანის სამეურნეო საქმიანობას აქვს როგორც აღმშენებლობითი, ისე დამანგრეველი ხასიათი, რაც ბუნების ყველა ელემენტს -რელიეფს, ჰავას, წყლებს, ნიადაგებს, ორგანულ სამყაროსა და მთლიანობაში ბუნებრივ-ტერიტორიულ კომპლექსებს ეხება.

გარემოს დაცვა ყველა იმ ღონისძიებას მოიცავს, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანისა და ბუნების სასიცოცხლო საფუძვლების მთლიანობაში შენარჩუნებას და გარემოს არსებული დაზიანებების აღმოფხვრას. აქ წინა პლანზე დგას ადამიანის მიერ გამოწვეული ზიანის შეზღუდვა და გარემოზე ზემოქმედება. ცხოველებისა და ბუნების დაცვისგან განსხვავებით, გარემოს დაცვა კონცენტრირდება არა გარკვეული ლანდშაფტების ან ცალკეული საფრთხეში მყოფი ცხოველებისა თუ მცენარეების დაცვაზე, არამედ ზრუნავს ბუნებრივი სასიცოცხლო საფუძვლების ერთი მთლიანობის შენარჩუნებაზე ყველა ცოცხალი არსების კეთილდღეობისთვის.

საინტერესოა, რომ გარემოს დაზიანების პირველსაწყისები უკვე უძველეს წარსულში შეინიშნებოდა. მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის დაწყებას გარემოს შეცვლა მოჰყვა: ბალახი, ბუჩქები და ტყეების ქვედა იარუსის მცენარეები შინაურმა ცხოველებმა გადაჭამეს, მიწათმოქმედების წინაპირობების შექმნამ ფართომასშტაბიანი ეროზიები გამოიწვია. მოგვიანებით, ანტიკურ პერიოდში, საწვავი და გემთმშენებლობისთვის საჭირო საშენი მასალების მოსაპოვებლად ხმელთაშუა ზღვის აუზში მრავალი მთის ფერდობზე გაიჩეხა ტყე და ამის შედეგად გახრიოკებული ლანდშაფტების ნახვა დღესაც შეიძლება. თუმცა იმ დროს ეს ადრეული გარემოს დაზიანებები, ძირითადად, რეგიონულად იყო შემოსაზღვრული.

დღეს უკვე არსებობს მსოფლიო მასშტაბის ნგრევისა და ადამიანის სასიცოცხლო საფუძვლების განადგურების საფრთხე. ასეთი გლობალური გავლენის მაგალითებია: კლიმატის ცვლილება, ოზონის შრის დაზიანება, ეკვატორული და ბორეალური ტყეების განადგურება, მსოფლიო ოკეანის დაბინძურება და სხვ. გარემოს დაზიანების ნაციონალური და რეგიონული შედეგების მაგალითებია: ცხოველთა და მცენარეთა სახეობების გადაშენება, ნიადაგის დაბინძურება, ეროზია და დეგრადაცია, ნარჩენების პრობლემა, ჰაერში მომწამლავი ნივთიერებების შემცველობის ზრდა, მძიმე მეტალებითა და პესტიციდებით დაბინძურებული საკვები და მზარდი ხმაური და სხვ.

ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრება ადმიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა. ამ უფლების დაცვა მოსახლეობის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შენარჩუნების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ცნებით „გარემო და ადამიანის ჯანმრთელობა“ ადამიანის ჯანმრთელობისა და ავადობის იმ ასპექტებს გულისხმობს, რომლებიც განპირობებულია გარემო ფაქტორებით. ამ ცნების ქვეშ ასევე მოიაზრება ადამიანის ჯანმრთელობაზე პოტენციური გავლენის მქონე გარემო ფაქტორების შეფასება და კონტროლი.

გარემოს დაცვისა და განვითარების კომისიის ანგარიშში გარემოსდაცვითი პრობლემატიკისა და უსაფრთხოების კავშირი პირველად 1987 წელს გამოიკვეთა ასეთი ჩანაწერის სახით: „კაცობრიობას ორი ძირითადი საფრთხე ემუქრება: პირველი – ეს არის ატომური იარაღის გამოყენება, – იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში ეს პერსპექტივა აღარ იარსებებს, – და მეორე – მსოფლიოს გარემოს დეგრადაცია. ეს არ არის მომავლის პერსპექტივა, ეს ფაქტია დღეს“. გაეროს 42-ე გენერალურმა ასამბლეამ ოფიციალურად შემოიტანა უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის კონცეფცია. ამ კონცეფციის თანახმად, მსოფლიოში არსებული გლობალური საფრთხეებიდან, რომლებიც მნიშვნელოვნად ემუქრება საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია გარემოს დეგრადაცია და მისი თანამდევი პრობლემები.

2004 წელს, გაერთიანებული ერების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში „უფრო უსაფრთხო მსოფლიო: ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა“ ხაზი გაესვა იმას, რომ აუცილებელია პრობლემათა გადაჭრისადმი ერთიანი მიდგომის შემუშავება. მსოფლიო ჯერ კიდევ არ არის მზად, შეხედოს განვითარების პრობლემებს ინტეგრირებულად და თანმიმდევრულად. სიღარიბესთან, გადამდებ დაავადებებსა და გარემოს დეგრადაციასთან ბრძოლა ფრაგმენტულ ხასიათს ატარებს. მაგალითად, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში დაახლოებით ორმა მილიარდმა ადამიანმა განიცადა ბუნებრივი კატასტროფების ზეგავლენა, ხოლო ამ ბუნებრივი კატასტროფების შედეგად წარმოშობილმა ეკონომიკურმა ზარალმა წინა ოთხი ათეული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს გადააჭარბა. პროგნოზების თანახმად, კლიმატის ცვლილება კიდევ უფრო გაამძაფრებს ბუნებრივი კატასტროფების სიხშირესა და სიმძიმეს და საკმაოდ უარყოფითი ზეგავლენა ექნება როგორც სიღარიბის, ისე გადამდები დაავადების ზრდაზე. უდავოა, რომ საჭიროა პრობლემათა გადაჭრის ინტეგრირებული გზების ძიება.

დღევანდელი თვალსაზრისით, გარემოსდაცვითი უსაფრთხოება განსაზღვრავს ქვეყნისა და საზოგადოების უნარს გადაიტანოს და/ან წინ აღუდგეს გარემოსდაცვითი რესურსების სიმწირეს, შეუქცევად გარემოსდაცვით ცვლილებებს ან ბუნებრივი რესურსების გამო წარმოშობილ დაძაბულობასა და კონფლიქტებს. გარემოს დეგრადაციამ, ბუნებრივი რესურსებისა და ეკოსისტემების არარაციონალურმა მოხმარებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას თემებსა და ერებს, ხოლო კონკურენცია ისეთ სწრაფად ამოწურვად რესურსებზე, როგორიცაა ტყეები, მტკნარი წყალი, ნაყოფიერი ნიადაგები, კლიმატის ცვლილების ზეგავლენა და ადამიანთა მიგრაცია, საფრთხეს უქმნის სტაბილურობასა და მშვიდობას.

ტრანსასაზღვრო დაბინძურება და/ან გარემოსდაცვითი ავარიები და კატასტროფები ხშირად უარყოფითად მოქმედებს მეზობელ სახელმწიფოებზე. თუმცა ბუნებრივი რესურსების გამოყენებისას წამოჭრილმა პრობლემებმა შეიძლება გააერთიანოს კიდეც ადამიანები და თემები, რათა ერთობლივად გამოასწორონ ბუნებრივი რესურსების მართვა. შესაბამისად, თანამშრომლობა გარემოს დაცვის კუთხით შესაძლოა კონფლიქტების პრევენციისა და ერებსა და თემებს შორის მშვიდობის დამყარების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახდეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი