ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ლაპარაკობს და უჩვენებს საქართველო

„მაყვალა გ., 65 წლის. ცხოვრობს გაუსაძლის პირობებში. სახლს არა აქვს ფანჯრები. ნახევრად გადახდილია სახურავი. სოციალური დახმარება მოუხსნეს. სასწრაფოდ ესაჭიროება ფანჯრების ჩასმა და სახურავის შეკეთება”.

„გურამ კ., 47 წლის. არის მარტოხელა. ჩავარდნილია ლოგინად მძიმე დიაგნოზით. საჭიროებს ძვირად ღირებულ მკურნალობას. საკვებსა და წყალს მეზობლები აწვდიან”.

„ლეილა ტ., 51 წლის. მძიმე დაავადების გამო ესაჭიროება რეგულარული პროცედურები. რაიონს აქვს საჭირო სამედიცინო დანადგარი, მაგრამ არ ჰყავს სპეციალისტი. შესაბამისად, ბენეფიციარს სამკურნალოდ თბილისში სიარული უწევს”.

„გივი ჯ., 71 წლის. გარდაეცვალა მეუღლე და შვილი. მარტო უვლის 10 წლის შვილიშვილს. ბავშვის სრულფასოვნად გამოკვებას ვერ ახერხებს. სასწრაფოდ ესაჭიროება პროდუქტები, მედიკამენტები და ფულადი დახმარება”.

ჩემი კომპიუტერის ფაილებში ასეთი ისტორიები მრავლადაა. ქალთა საინფორმაციო ცენტრი – ორგანიზაცია, სადაც მე ვმუშაობ – ყოველდღე უამრავ ზარს და წერილს იღებს მთელი საქართველოდან. სოფელ-სოფელ სიარული, მოსახლეობის პრობლემების გაცნობა და მათ მოგვარებაზე ზრუნვა ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია, თუმცა ასეთი საკითხები არც ერთი და არც რამდენიმე ორგანიზაციის ძალისხმევით არ წყდება. როცა ნაცნობები ჩემი საქმიანობის შესახებ გაიგებენ, აღფრთოვანებით მეუბნებიან, რომ ძალიან საინტერესო ცხოვრება მაქვს, მაგრამ ძნელია, ბედნიერი და კმაყოფილი იყო, როცა უმძიმეს პირობებში მცხოვრები უამრავი ადამიანის გასაჭირს ხედავ.

რამდენიმე წელია, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით ვმუშაობ და დამიჯერეთ, არაფერია ისეთი რთული, როგორიც მედიასაშუალებათა უმეტესობის დარწმუნება, დაინტერესდნენ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების, განსაკუთრებით – ქალების, პრობლემებით. თუ დავუფიქრდებით, ადვილად დავინახავთ, რომ სოციალური პრობლემების გაშუქებას ქართული ტელეარხების საეთერო დროის საკმაოდ მცირე ნაწილი ეთმობა. სოციალურ საკითხებზე მუშაობა, პრობლემების ადვოკატირება მხოლოდ რამდენიმე მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკის ნაწილია. ზოგჯერ მეჩვენება, რომ მედიის მთავარ ფუნქციად ადამიანების გართობა, არსებითიდან უმნიშვნელოსკენ ყურადღების გადატანა, გულგრილობის დათესვა და სინამდვილისთვის თავის არიდების სწავლება იქცა. რა საჩვენებელია დაცლილი მაღალმთიანი სოფლები, ჯონჯოლის კრეფისას დაკავებული უღარიბესი მოსახლეობა, სიცივისა და შიმშილისგან დატანჯული სახეები, როცა არსებობენ ქართველი „ვარსკვლავები” თავიანთი ნაძალადევი ეპატაჟურობით, სავსე გარდერობებით, პირადი პრობლემებით. რა სახსენებელია სახურავგადამძვრალი, უფანჯრო შენობები, რომლებსაც სახლებს ვერც დავარქმევთ, ხუთკვადრატულიანი ფიცრულები და ცელოფნებით შეფუთული ვაგონები, სადაც, გვინდა თუ არ გვინდა დაჯერება, ჩვენი თანამოქალაქეები ცხოვრობენ, როცა შეგვიძლია, გასართობი ვიდეოების ყურებით შევიქციოთ თავი.

ადრე, წლების წინ, მეც ჟურნალისტობას ვაპირებდი. არ ვიცი, როგორი ჟურნალისტი ვიქნებოდი თავად, ვიწრო ელიტურ სამყაროში ჩაკეტვას ვამჯობინებდი თუ ცივ წყალში რეცხვისგან ხელებდამსკდარი რესპონდენტები მეყოლებოდა, ამიტომ დიდად არ მიყვარს მედიის გაკრიტიკება, მით უმეტეს, რომ ვიცნობ ჟურნალისტებს, რომლებიც მთელი ძალით ცდილობენ, არ მიჰყვნენ დინებას და აკეთონ ის, რასაც პროფესიული ეთიკა, საზოგადოების საჭიროებები და საკუთარი დამოკიდებულება კარნახობთ. როგორც ნებისმიერ სხვა სფეროში, არც ჟურნალისტიკაში არსებობს ერთი ქვაბი, სადაც ყველას მოვათავსებთ, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს საქართველოში ძნელად მოიძებნება გადაცემები და გამოცემები, სადაც სოციალურ პრობლემებზე მსჯელობენ, გამოსავალს ეძებენ და კითხვებს უსვამენ პასუხისმგებელ პირებს. მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისი არსებობს. სამაგიეროდ, მრავლად გვაქვს შოუები, სადაც აუცილებლად მიგიწვევენ, თუ ხვალ ქუჩაში თავხედურად ან სულელურად მოიქცევით და მიაღწევთ იმას, რომ თქვენი საქციელის ამსახველმა ვიდეომ სოციალური ქსელი მოიაროს. თუ მოახერხებთ და ორიოდე ცრემლს გადმოაგდებთ, დამცველებიც გამოგიჩნდებიან და მთელ ქვეყანასაც აალაპარაკებთ.

ახლა, ამ პოსტის წერისას, მედიის გაკრიტიკებაზე მეტად სხვა რამ მინდა, როგორც ადამიანს, რომელიც ყოველდღე ფაილებად, ფოლდერებად და მეილებად ახარისხებს ყველასაგან დავიწყებულთა ცხოვრებას, როგორც ადამიანს, რომელსაც უწევს, ასეთი ამბების შესახებ პროდიუსერებისგან მოისმინოს „არ მაინტერესებს”, როგორც, უბრალოდ, მოქალაქეს. ისევე როგორც მთავრობა არ არსებობს ამომრჩევლის გარეშე, არც მედია არსებობს აუდიტორიის გარეშე, ამიტომ ყველაფრის ჟურნალისტებისთვის გადაბრალებაც არ მგონია სწორი. ჩვენ, მაყურებლებს და მკითხველებს, გვაქვს ძალა, ვიყოთ დამკვეთი, მოვითხოვოთ ის, რაც პრიორიტეტულად მიგვაჩნია, გადავწყვიტოთ, რომ ჯობია, უბრალოდ, არ ვუყუროთ გადაცემებს, რომლებიც არ მოგვწონს, ნაცვლად იმისა, რომ ვუყუროთ და ვლანძღოთ. არ გავაზიაროთ და გავავრცელოთ ვიდეოები, რომლებიც ჩვენთვის პრინციპულად მიუღებლად მიგვაჩნია. როდესაც სიტყვის თავისუფლება ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს მონაპოვრად მიგვაჩნია, სწორედ ჩვენ ვართ მთავარი ძალა იქაც, სადაც საქმე „მეოთხე ხელისუფლებას” ეხება.

პრინციპი მარტივია – გამოვიჩინოთ ნებისყოფა და ნუ ვიყიდით პროდუქციას, რომელიც არ გვჭირდება და თანაც ცუდად მოქმედებს ჩვენზე. ერთხელაც იქნება, მწარმოებლები მიხვდებიან, რომ დაკვეთა სხვაგვარია და დაადგებიან გზას იქით, სადაც ჩვენგან დავიწყებული ადამიანები ცხოვრობენ – ფიცრებით, ყუთებითა და ცელოფნებით შეკოწიწებულ, შიმშილის, უღონობისა და უმწეობისაგან მხრებჩამოყრილ, მავთულხლართებით შემოღობილი საქართველოსკენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი