სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

როცა ზღვა დაკეტილია, რევოლუცია – დაგვიანებული.

ლია სტურუას ერთი ლექსის შეფასება

არსებობს ლექსები, რომლებზეც შეიძლება ტომები დაიწეროს. სულ რამდენიმესტრიქონიანი ლექსები. დაწყებ მათზე წერას ან საუბარს და არ გეყოფა არც ქაღალდი და არც ვირტუალური მეხსიერება. ასეთ ლექსებს სკოლებში კვირეულები უნდა მიუძღვნა და მასთან ერთად სხვა დისციპლინებიც შემოგესწავლება, სხვა წიგნებიც შემოგეკითხება. ეს ლექსები მუდამ აქტუალურია და მუდამ ცოცხალი. მინდა, ერთ ასეთ ლექსზე მოგიყვეთ.

ლია სტურუას „ზღვა დაკეტილია“. მისი სათაურიც პარადოქსულია, ისევე როგორც „თავის ქალა არტისტული ყვავილებით“. ზღვა ხომ ყოველთვის ღიაა, მისი ჰორიზონტი თვალისთვის მიუწვდომელია. როდის შეიძლება ადამიანისთვის ზღვა დაიკეტოს? მოდი, გავიხსენოთ ისტორია, ლიტერატურა, რეალობა, ადამიანური სისუსტეები და ემოციები. წლების წინ, როცა მეთერთმეტეკლასელებს ეს კითხვა დავუსვი, ასეთი პასუხები მივიღე: „როცა ადამიანსა და ზღვას შორის კედელი აღიმართება“; „ბევრმა გემმა შეიძლება დაკეტოს ზღვა, თვალთახედვა“; „შესაძლოა, შიშმა დაკეტოს ზღვა“; „როცაზღვისთვის ვერ იცლი“; „ზღვა შესაძლოა ადამიანის გულის სიმბოლო იყოს, გულის ჩაკეტვა ზღვის ჩაკეტვის გამოხატულებად იქცეს“; „შეიძლება, უბრალოდ ზღვაზე წასვლა აგიკრძალონ და, რა თქმა უნდა, შენთვის ზღვა ჩაიკეტება“…

„მტკივა. ცოფიანი ძაღლი

მყავს მუცელში, უნდა ამოვიღო,

ამოვიხიო, ამოვიგლიჯო

ეს წითელი ბაირაღი!“

აქ უკვე სიმბოლოთა მთელი ჯარია. ასოციაციების რუკის შევსება ბავშვებს მიიყვანს მთავარ იდეამდე: რას ნიშნავს წითელი? რასთან ასოცირდება ეს ფერი? შიშთან, სიკვდილთან, სიყვარულთან, ცეცხლთან, ბრძოლასთან, საბოლოოდ – მძაფრ ემოციებსა და გრძნობებთან, – ასეთი იყო ჩემი მოსწავლეების ასოციაციები. ბაირაღი ზოგმა დროშად წარმოიდგინა ზოგმა – ყელსახვევად. თუმცა ლექსის გაგრძელებამ უკვე ყველა ერთ აზრამდე მიიყვანა:

„რევოლუცია?

სადღა შემიძლია. პირიქით, ვწერ

და ეს ძაღლი მინათებს,

ანუ ტკივილი…“

აღმაფრენას, წითელ ბაირაღებს და სტრიქონებიდან გამოპარულ ბრძოლის წყურვილს ფრთები ეკვეცება და ძირს ეხეთქება, თითქოს გაცოფებულმა ჰელიოსმა ცაში მონავარდე იკაროსის ფრთები დაადნო და ისიც ბზრიალ-ბზრიალით ეშვება დაბლა. პირიქითაც: ავტორის არსში ჩაბუდებული მტერი – ცოფიანი ძაღლი ტკივილად ქცეულა და ტკივილი – ძალად, ტკივილი – სიტყვებად, რომლებიც საბოლოოდ დაღლილი ლირიკული გმირის ბოლო ამოთქმაა. სიტყვა „რევოლუციამ“, რა თქმა უნდა, ცნობილ რევოლუციებთან მიგვიყვანა და მისი არსის ჩაწვდომაც ვცადეთ, ვიმსჯელეთ, ცოტა ისტორიასაც გადავწვდით და დავასკვენით, რომ რევოლუცია მხოლოდ მატერიალურ სამყაროში მომხდარ გადატრიალებას არ გულისხმობს – ხშირად რევოლუცია ადამიანის სულში ხდება და ის გარდაქმნის, განახლების, ძველზე უარის თქმის წინაპირობაა. ჰოდა, ამ გაგებით ავტორი უარს ამბობს ცვლილებაზე, მას აღარ შეუძლია, დაღლილია – უნდა, მაგრამ ვერა, ძალა აღარ აქვს, ნებდება. როდის ნებდება ადამიანი? „როცა დაღლილია“, „როცა სხვა გზა არ დარჩა, არჩევანი არ აქვს“, „როცა შეუძლებელია არდანებება“, „როცა ვიღაც ან რაღაც აიძულებს დანებებას“. ლექსს ვაგრძელებთ და თანდათან ცხადი ხდება ზღვის დაკეტვის მიზეზიც, ავტორის დაღლილობა და აპათიაც.

„ზღვას კონვერტითაც ვერ გამომიგზავნის,

მარკიანი, ბეჭდიანი, საქმიანი კონვერტით,

რომელსაც მისამართი აწერია…

სწორედ ეს მისამართი შეჭამეს,

თავის მელნიან-შტამპიანად“.

ფიქრები აფხაზეთისკენ გარბის. ბავშვები ეძებენ ინფორმაციას აფხაზეთის ომის შესახებ. დავალებად აქვთ, ახლობლებში, ნათესავებში, მეზობლებში იპოვონ ის ადამიანები, რომლებსაც ახსოვთ აფხაზეთის ისტორია, ან დევნილები არიან, ან იმ დროის შემსწრეები, მოვლენების თვითმხილველები და ინტერვიუ ჩამოართვან, აუცილებლად ჰკითხონ შეგრძნებებზე, ემოციებზე, მონატრებაზე, ნოსტალგიაზე. რას განიცდიან, როგორ უმკლავდებიან წარსულის მძიმე ამბებს. კლასში ემოციების მთელი კალეიდოსკოპი მოაქვთ. დაფაზე ვწერთ იმ სიტყვებს, რომლებიც პოეტურად გამოხატავს მონატრებას, ვიწერთ შედარებებს, მეტაფორებს. ამ სიტყვებით ვერლიბრის, თეთრი ლექსის შექმნას ვცდილობთ, ვეუბნები, რომ მთავარი სიტყვები და გრძნობებია, ისინი თავად იპოვიან კალაპოტს, თავად შექმნიან რიტმს, თავად აეწყობიან და მართლაც ასე ხდება, ჩვენ თვალწინ ახალი ისტორია იბადება ლექსად. /ჭუჭყიანი, ნაცრისფერი კორპუსის პაწაწინა ფანჯრიდან ლურჯი ცის ნაგლეჯი მოჩანს, ფიქრები სოხუმისკენ გარბიან, ცის ნაკუწი უცებ მღელვარე ზღვად იქცევა, თეთრი ღრუბლები მასზე მოლივლივე იალქნებია. დღეები მონატრებას აქვავებს და ლოდებად აქცევს, ეს ლოდებია, სიხარული რომ დამავიწყა…/ და ასე ვაგრძელებთ, ბავშვურად, მაგრამ ამავე დროს გულში ჩამწვდომად, ინტერვიუდან ვწურავთ შეგრძნებებს, სიტყვებს და ახალ რეალობად ვაქცევთ.

ლექსს კიდევ ერთხელ ვკითხულობთ, ვაანალიზებთ, სიღრმეებში ჩავდივართ. რამდენიმე ბავშვი მხატვრულად, ემოციურად კითხულობს, ცდილობენ, ავტორის ენერგია ამოიცნონ. ვმსჯელობთ და განვიხილავთ მხატვრულ ხერხებს, მეტაფორებს, სიმბოლოებს, ეპითეტებს.

ბავშვები ავტორის სხვა ლექსებითაც ინტერესდებიან, კითხულობენ, მსჯელობენ, ერთმა გოგონამ ილუსტრაციის შექმნა სცადა, ვიღაცას ავტორის მოწვევის იდეა გაუჩნდა, ვიღაცა პირობას დებს, რომ ოდესმე აფხაზეთში წავა. მოკლედ, „დაკეტილი ზღვის“ კვირეული ნამდვილად შედგა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი