შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

შევისუნთქოთ ღიპები

ერაყის ომი რომ დაიწყო, ვაზისუბანში ხმა გავარდა სადამ ჰუსეინის შვილი, ის, რომელიც სპორტის ამბებს თავკაცობდა ქვეყანაში, მათი საფეხბურთო ნაკრების მარცხის შემდეგ, ფეხბურთელებს აიძულებდა ქვის ბურთით ეთამაშათო. ეს ჩვენთვის საკვირველი ამბავი გახლდათ. განა იმიტომ, რომ განსხვავებული სიმძიმისა და სიმკვრივის ბურთი გვეუცხოებოდა (უბურთობის პირობებში ხან რა გვიგორებია გადახრიოკებულ მოედნაწოდებულ ასფალტზე და ხან რა), არც ადამიანის სისასტიკე გვაკვირვებდა (ვინ შეიძლებოდა იმ ფიდერისტზე უფრო სასტიკი ყოფილიყო „ველური გულის” სეანსის დროს დენს რომ წაგვართმევდა). ამ უჩვეულო ამბავში ჩვენ გვაკვირვებდა ის ფაქტი, რომ სადღაც, არცთუ ძალიან შორეულ ქვეყანაში, ფეხბურთის თამაში ადამიანისთვის საძულველი და მტანჯველი გამხდარიყო. 
განა ასეთი რა ძალა ჰქონდა ამ დალოცვილ თამაშს?  ჰქონდა, ჰქონდა. ჩემი პირველი დიდი განცვიფრებაც ფეხბურთმა გამოიწვია და ჩემი პირველი დიდი გულისტკივილიც ფეხბურთი იყო. ძალიან პატარა ვიყავი, როცა ჩემ ტოლ მეგობრებთან ერთად, მათთან, ვისაც ჩემ მსგავსად კორპუსის სიახლოვეს არსებული სადემარკაციო ზოლის დატოვება, ანუ მანონის მაღაზიასთან გავლებული უხილავი ზღვრის გადაკვეთა ეკრძალებოდა, სკოლის დიდ სტადიონზე გავიპარე. იქიდან გამაყრუებელი გუგუნი მოისმოდა. კაცების, ქალების, გოგოების, ბიჭების ხმები ერთმანეთში ირეოდა და ჩვენი, გაურკვევლობაში მყოფი ბავშვების ყურებში აღწევდა. გულმა ვერ მოგვითმინა და წავედით. ქვიშის დიდ სტადიონზე (სადაც მომავალში ფიზკულტურის გაკვეთილები ჩამიტარდება) ჩვენი უბნის დიდი ბიჭები 4/2-ლებთან ბურთაობდნენ, წარმოსახვით ტრიბუნებზე კი სანაქებო გულშემატკივრობა მიდიოდა. მე ჯერ კიდევ შორიდან ვიცანი ჩემი კარის მეზობელი, ლაშა კირვალიძე, რომელიც მოედნის ცენტრში  მეტოქის მოტყუებას ცდილობდა და ეს კოხტად გამოუვიდა. 
ის თამაში წავაგეთ. 4/2-ლები გამარჯვებულები და გახარებულები დაბრუნდნენ ხევის გადაღმა მხარეს, მე და ჩემს მეგობრებს კი სახლებში მწარე გაკვეთილი ჩაგვიტარეს მანონის მაღაზიის გადალახვის გამო. იმ გაკვეთილის სიმწარე მალევე მიმავიწყდა, ის განცვიფრება კი დღემდე მომყვება. 
გულისტკივილის ამბავი კი, რომელიც Facebook-ის მეგობრებს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დაწყებამდე გავუზიარე, 1995 წლის 29 მარტს მოხდა, როცა 5 წლის ვიყავი. მამაჩემმა ჩემი ძმა, თითქოსდა კბილის ექიმთან მიჰყავდა, საქართველო-გერმანიის მატჩზე წაიყვანა, მე კი მოტყუებული შემოვრჩი ჩაბნელებულ ყვითელ კორპუსს. თუკი მამაჩემს რაიმეს ვერ ვაპატიებ, ალბათ სწორედ ეს იქნება. იმ დღეს იურგენ კლინსმანმა ორი ბურთი შეგვიგდო. გვიან ღამით, როცა ამ მუხანათობის შესახებ შევიტყვე, ბოღმამ ლამის გამხეთქა და საკუთარ თავს შევფიცე, რომ იმ დღიდან მოყოლებული გერმანიის ნაკრების გულშემატკივარი ვიქნებოდი (ფეხბურთის მოყვარულები დამეთანხმებიან, რომ გერმანიის ნაკრების გულშემატკივრობა უმეტეს შემთხვევაში „მიუნხენის ბაიერნის” ქომაგობასაც გულისხმობს). ღმერთია მოწამე, ეს ფიცი არასოდეს დამირღვევია. ამის გამო ცხარე ცრემლით ვიტირე 1999 წელს, როცა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მანჩესტერელმა წითელმა ეშმაკებმა ჯიბეში ჩადებული გამარჯვება ამოგვაცალეს და ჩემს სათაყვანებელ ოლივერ კანს ბოლო ორ წუთში ორი გოლი გაუტანეს. ჯანდაბა! ახლაც კი ვითრგუნები. ვისლუკუნე 2002-შიც, იმავე ოლივერ კანის კარში გახვეული ორი ბურთის გამო. 
მომდევნო დამარცხებებს უფრო თავდაჭერით ვხვდებოდი. 
მთელი ამ ხნის მანძილზე ფეხბურთის თამაში არ შეგვიწყვეტია. ვთამაშობდით სკოლაში – კლასი-კლასზე; ვთამაშობდით ავტოფარეხებს შორის ჩაკარგულ ოღრო-ჩოღრო ასფალტიან ვითომ მოედნებზე – კორპუსი-კორპუსზე; როცა წამოვიზარდეთ ვთამაშობდით – უბანი-უბანზე; სკოლის ნაკრების მეკარე რომ გავხდი, ვთამაშობდით სკოლა-სკოლაზე და ასე გადიოდა შუადღეები, საღამოები. უფრო გვიან კი ყველა ეს ადამიანი, გუნდი, კორპუსი, უბანი და სკოლა ერთმანეთს შეერწყა და ჩვენს უბანში დიდი საფეხბურთო ზეიმები დაიწყო წელიწადის ყველა სეზონზე, განსაკუთრებით კი – ზაფხულობით. ამ შერკინებებში მთავარი ის იყო, რომ ჩვენ უარი ვუთხარით ყველა კომპლექსსა და უხერხულობას – ღიპებს, ტალანტის უქონლობას, სასაცილო ილეთებს, გაცუდებული დარტყმის დროს დაბადებულ შეკითხვებს იმის შესახებ ბუცები უკუღმა გვეცვა თუ არა, ან თვალები სადმე სხვაგან (იოლი მისახვედრია სადაც) ხომ არ გვქონდა. ლექსიკონებიდან ამოვშალეთ „არ გამომდის”, „არ მეხერხება”, „მაგის ნიჭი ვინ მომცა” და უბრალოდ ბურთის თამაში დავიწყეთ. 
გუშინ საღამოს, ვაზისუბანში სეირნობისას შევამჩნიე, რომ მოედნებზე კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. არც დიდი ჩანდა, არც პატარა. მერე აღვიდგინე, რომ ძალიან კარგა ხანია, ზაფხულშიც კი უბნის ფეხბურთი აღარ მინახავს. ცხადია, არც მითამაშია. ბავშვებს უფრო მეტ საშინაო დავალებას აძლევენ ვითომ? – ვცდილობდი პასუხი მეპოვა. მერე გამახსენდა, რომ ჩემი 4 წლის ძმიშვილი ზუკა თავისუფლად იყენებს Youtube-ს, ქაჩავს თამაშებს და მისიებს შესანიშნავად ართმევს თავს. აღარაფერს ვამბობ უფროს 6 წლის ნიკაზე, რომელსაც ალბათ დრო და უფლება რომ მივცე ელექტრონულ ფოსტასაც გამიტეხავს. ესენი კიდევ რა, წარმომიდგენია საფეხბურთო ასაკისები რა კიბერ-სასწაულებს ახდენენ. არა, კომპიუტერის, ანუ ინფორმაციის ზღვის წინააღმდეგი კი არ ვარ, ღმერთო კი მომკალი, პირიქით, მაგრამ ეს ბურთიც რომ შევაპაროთ ბავშვებს, დაშავებთ ვითომ რამეს?!  კარგი, ბავშვები იქით იყვნენ და დიდები სადღა დაიკარგნენ? ამ უმუშევრობით გამოხრულ ქვეყანაში რა სამსახურმა ჩაყლაპა ეს ხალხი?! 
მე ფეხბურთის სპეციალისტი არ ვარ. არც იმ რეცეპტებისა გამეგება, რომლის წყალობითაც ჩვენი ნაკრების თამაშის შემდეგ Facebook-ზე ქართული ფეხბურთის საფლავის ქვას აღარ გააზიარებენ. მე კი არა, ისეთი პირი უჩანს, იმ სათვალიანმა კაცმაც არ იცის ეგ რეცეპტი, ფედერაციის საფიხვნოს თავში რომ ზის, მაგრამ განა მე პროფესიონალებზე, მარაკანაზე, ალიანს არენაზე, სანტიაგო ბერნაბეუზე, საგოლე გადაცემების სტატისტიკასა და მესი-რონალდოს დუელზე ვჩივი? მე, როგორც ამ საქმის კარგი მცოდნე აკა მორჩილაძე დაწერდა, ძველი გულებისა და ბურთის ამბავი მადარდებს. უბნის სტადიონებზე ღიპიანი, ჭამა-სმის მოყვარული ხალხის გაგორებულზე. მიზანზე, რომელსაც თამაშის დასრულების შემდეგ, დამარცხებულის მიერ მოტანილი ცივი წყალი ჰქვია. ვცადოთ, ჰა? შინ დაბრუნებულები ნუ მივაცხრებით ორ ჯამ ლობიოსა და მერე კომპიუტერს; გავიხსენოთ სად შევინახეთ ბუცები, ამოვქექოთ ტელეფონის წიგნაკის ის გვერდები, სადაც ჩვენი ჭკუის ხალხის ტელეფონის ნომრები გვიწერია, ავაცუნდრუკოთ ფეხები, ძველებურ ჟრუანტელს უფლება მივცეთ ტანში დაგვიაროს, დავივიწყოთ, რომ არსებობს ლიფტი და დავეშვათ ფეხით, მოედანთან მისულებმა ღიპები შევისუნთქოთ და ვიღრიალოთ ლომურად. გული გულობდეს, თორემ ფეხბურთი ქვის ბურთითაც ითამაშებაო, ხომ იცით. 
მხოლოდ ასე დავიპატარავებთ ქართულ კუნთებს – ღიპებს. ჭირსაც წაუღია ბარსელონა  და ჩელსი (ოღონდ არა „ბაიერნი”). მე ღიპი მადარდებს, თორემ ჩემნაირი ფეხბურთელი რაც უფრო ცოტა ეყოლება ამ ქვეყანას, მით უფრო მალე ავშენდებით. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი