პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ძმობის ზნეობრიობა: ერთობა და არა ქიშპი

(,,გოგოთურ და აფშინა“)

პოემის მთავარი გმირია გოგოთური, რომელიც ავსებს ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში იდეალურ პერსონაჟთა გალერეას. მის სახეში გაერთიანებულია სამშობლოსა და თავისუფლების სიყვარული („ხმლის ქნევას მადლი მაშინ აქვ, როცა ხმალს ჰხედავ მტრისასა!“), საოცარი კ ე თ ლ შ ო ბ ი ლ ე ბ ა და კ ა ც თ მ ო ყ ვ ა რ ე ო ბ ა, ვაჟას გმირთათვის დამახასიათებელი ვაჟკაცური შემართება, რაც განაპირობებდა მის გავლენას ადამიანებზე (აფშინას ფერისცვალებაც ხომ გოგოთურის პიროვნული მომხიბვლელობისა და საოცარი სიკეთის გავლენის შედეგია). გარეგნობა არ აღუწერია საგანგებოდ. ერთგვარი ინტერესი ვაჟამ ამ მხრივ გოგოთურის მიმართ გამოიჩინა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მხოლოდ ის გვითხრა, რომ:

„გოგოთურს რკინის გული აქვ,

მკლავი ხო გადამეტია,

რამდენჯერ მარტომ შაბერტყის

მტერი ქვიშაზეც მეტია.

ომში სიკვდილს ჰგავ გოგოთურ,

შეუბრალები, უკვდავი,

მტერსაც ზარსა სცემს უზომოს,

როგორაც სულთამხუთავი…

ისე აგორებს მტრის რაზმებს,

როგორც ნავს ტალღთა დენანი,

ალბათ სწყალობენ ვაჟკაცსა

ის ანგელოზნი ზენანი“.

მაღალი იდეალების მქონე ადამიანისთვის, დიდი პიროვნებისათვის ოჯახური გარემო ერთგვარად შემზღუდავია. ამ ნიშნითაა განხილული გოგოთურისა და მისი ცოლის ურთიერთობა. ოჯახური ცხოვრება უღელია გოგოთურისთვის. მისი ცოლი მდაბალი ვნებების ქალია, რომლის გონებაიწროობისთვის მიუწვდომელია ქმრის დიდბუნებოვნება:

„მიჰყვება გულის ძრახვასა

ვნებიანობით რეტია,

წაიტყვის უგვანს სიტყვასა

მოუფიქრელი, ცეტია.

ქმრისად სახელის მძებნელი,

სხვას არ დაგიდევს არასა:

მტყუანი იყოს მის ქმარი,

თუნდ ხალხს სცარცვიდეს შარასა,

ოღონდ იქნევდეს ფრანგულსა,

არ ჰღალატობდეს ხარასა,

ცოლსაც სწყალობდეს, აცმევდეს

წითლის დარაის კაბასა“.

გოგოთური, რომლის ბუნებისთვისაც უცხო, მიუღებელია ცოლის ბრმა პრაგმატიზმი („რა სარჩოდ გამომადგება თათრების დაჭრილ ზურგები? ლაშქრობით რა მოგიტანავ, ტანზე წყლულების მეტია, მარტო სახელი რას გიზამს, თუ სარჩოც არა ჰხვეტია?!“), სიბრალულსაც კი აღძრავს მკითხველში. თუმცა აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ გოგოთურს თავისი გამოკვეთილი დამოკიდებულება აქვს ოჯახური ყოფისადმი. საინტერესოა მომენტი, როცა იგი აწყნარებს ცოლს და თავს აჩვენებს, თითქოს ეთანხმება მოთხოვნას („უნდა მიმოვლო ხმელიო, რასაც შენა მთხოვ იმისა, წავალ, ვიქნები მქნელიო. მოყვრებში გამაემართა ამის დაცინვით მთქმელიო”). აქ კარგად ჩანს საკუთარ შინაგან სამყაროსთან პიროვნების შეთანხმებული მოქმედება. ეს ჩანს მაშინაც, როცა იგი, მიუხედავად შეურაცხყოფისა, რაც აფშინამ მიაყენა, არ კარგავს პიროვნულ სიმაღლეს („ხომ იცი, საქართველოა ყველა კუთხიდან მტრიანი, მგზავრს მიშვებ უიარაღოს, კაცი არა ხარ ღვთიანი?… თუ მაინც გიყვარს ხმლის ქნევა, ქროლვა, ქორებულ ტევება, მე სამ გამამყევ, გაჩვენო მტერი საჟლეტად ვეება”).

მთაში კარგის გვერდით უზნეოც, ავაზაკიც მოიპოვება:

„ამბობენ ბლოელ აფშინა,

მინდოდაურის გვარისა,

სცარცვავს რჯულიან-ურჯულოს,

მარჯვედ მომხმარე ფარისა“.

აფშინას ჭერხო ნაყაჩაღარი უნჯით არის სავსე (პოემის მიხედვით ეს „უნჯი” ალბათ ნაძარცვი იარაღია: ,,იარაღნ მამცენ, ფშაველნო” ან „ჩქარა მაიხვენ აბჯარნი”), ხოლო ქვევრი ვერცხლით. უღვთო აფშინას კოპალას ჯვართან წითელჩოხოსანი გოგოთური შეეყრება „თავი საქმითა და ავი წადილით” მცხოვრებ აფშინას სიკეთის ბეგარა ედება. აფშინაში გოგოთურთან ფიზიკური და მორალური მარცხის შემდეგ იღვიძებს მამაკაცური თავმოყვარეობა, გულის სიღრმეში მიმალული სიკეთე. გოგოთური და აფშინა ძმად გაიფიცებიან („იფიცნეს, ეხლა ძმანია, ვით ერთი დედის შვილები…“ ). აფშინა საბოლოოდ უარყოფს თავისი ცხოვრების ძველ წესს, ყოფილი მძარცველი ნაწარმოების ბოლოს რჯულის ერთგული ხევისბერი ხდება (თუმცა პოემაში არ ჩანს აფშინას ფერიცვალების შინაგანი პლანი, როგორც ეს ალუდას თუ მინდიას შემთხვევაშია):

„ხევისბრის დიდება ისმის,

აფშინა არი სწორედა!

ხალხს ხატს ახვეწებს ტკბილის ხმით

იწვევს მფარველად ქვეყნისა:

„მწყალობელ იყოს გიორგი,

ხალხო, ოჯახის თქვენისა!

მტერზედამც გაგემარჯვებათ,

სიკვდილს გაშოროს მწარესა,

გამარჯვებითამც გივლიათ

ყოვლგნივ ხმელეთის მხარესა!”.

არის გარკვეული მოტივები ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში, რომელნიც ამოზრდილია სოციალ-პატრიოტული განწყობილებებიდან. ასეთებია, მაგალითად, შემდეგნი: ა) სულიერი სიმტკიცე და გაუტეხელობა გულისხმობს საკუთარი ძალების რწმენას, ანუ ო პ ტ ი მ ი ზ მ ს, რომელიც ობლობისა და მარტოობის შინაარსით არის გამსჭვალული. საკუთარ პიროვნულ ღირსებათა ნიადაგზე გამორჩეულობის შეგრძნება, დამახასიათებელი ვაჟას იდეალური პერსონაჟებისათვის, მარტოობისა და ობლობის გრძნობაში გადადის (თუმცა ამასვე განიცდიან ზოგჯერ უარყოფითი პერსონაჟებიც: შერე „ეთერიდან”, აფშინა „გოგოთურ და აფშინადან”); ბ) მაგალითად, „გოგოთურ და აფშინაში” ნათქვამია: „ცოლი აუტყდა გოგოთურს: …წადი, შენც ვინმე გაცარცვე, არ გინდა სარჩო, ნეტარა?”. გოგოთური აწყნარებს ცოლს და ვითომ მისი სურვილის განსახორციელებლად მიდის; ეს პატარა, უმნიშვნელო მოტივია, რომელიც ლიტერატურაში გავრცელებულია ც ო ლ ი ს მოტივის სახელწოდებით. ვაჟასთან გვხვდება პიროვნული ღირსების დაცვის, მოთმინებისა და სულგრძელობის მოტივები და ა. შ.

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი