პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

კიდევ რამდენიმე რესურსი თქვენი საინტერესო გაკვეთილებისათვის

უქმეებმა გადაიარა, შობის არდადეგებიც მოვილიეთ, სკოლაში დაბრუნების რთული და ამავე დროს, სასიხარულო დღეებიც დაიწყო.  ვიცი, ძალიან ძნელია, დილის ძილს, დასვენებას, საინტერესო წიგნების კითხვას, ოჯახის წევრებთან ერთად საახალწლო ეიფორიით ტკბობას  თანდათანობით გადაეჩვიო და ისევ სასკოლო რუტინაში ჩაება.

ამ სტატიაში იმ რამდენიმე რესურსს გაგიზიარებთ, რომლებსაც თავი სწორედ საშობაო არდადეგებზე მოვუყარე და გაკვეთილებზე გამოყენებას ვაპირებ, ზოგიერთ წიგნს, საიტს, ელექტრონულ  თუ სხვა სახის რესურსს გაგაცნობთ ან გაგახსენებთ.

მაშ ასე, მომყევით:

1. ბესარიონ  ჯორბენაძე,  . ენა და კულტურა / ბესარიონ ჯორბენაძე ; რედ. გიორგი გოგოლაშვილი. – თბ., 1997

როდესაც მოსწავლეებთან ენობრივ საკითხებზე საუბარს ვიწყებთ, როგორც წესი, მათ ზოგჯერ ცინიკურ, წინასწარ უარყოფითად განწყობილ დამოკიდებულებას ვიღებთ – აუ, სერიები და მწკრივები, უღლება, ბრუნება, არ გეზარებათ, მას?

მაგრამ თუ კი ვისაუბრებთ, ენაზე, როგორც კულტურულ ფენომენზე, როგორც სტიქიაზე, როგორც ცოცხალ არსებაზე, როგორც ჩვენი ყოფიერების სახლზე, რომელიც ჩვენი ბედისწერაცაა, სისხლის შემადგენლობაც და ჰაერიც, რომელსაც ვსუნთქავთ, – მათი დამოკიდებულება  აუცილებლად შეიცვლება და ერთი შეხედვით მოსაწყენ გრამატიკულ წესებსაც საინტერესო მხარეს და გამოყენებას უპოვნიან.

შესანიშნავი ენათმეცნიერის ეს წიგნი მისი ლექციების ჩანაწერებს, ჩანიშნულ საკითხებს, იდეებს და გეგმებს მოიცავს, იგი მისმა მოსწავლეებმა შეადგინეს და ძალიან ბევრი საინტერესო აქტივობის განხორციელების სტიმულსაც მოგცემთ.

2. ციფრული ფოტომატიანე, ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/3946

ეპოქას ხსნით? მწერლის ბიოგრაფიაზე საუბრობთ? ისტორიული თუ კულტურული კონტექსტი გაინტერესებთ? იქნებ  ნაწარმოებში ასახული მხატვრული გამონაგონი უფრო ხელშესახები, უფრო ადვილად დასანახი გინდათ გახადოთ? იქნებ რომელიმე  კონკრეტულ მწერალს ან მისი ნაწარმოების პროტოტიპს ეძებთ?  მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიოთ ეროვნული ბიბლიოთეკის და ჯეოსელის ამ საოცარ ფოტოპროექტს, რომლისთვისაც უამრავი ფოტოს გაციფრება მოხდა პირადი არქივებიდან, საოჯახო ალბომებიდან თუ სხვადასხვა კოლექციებიდან.

აქ სრულიად სასწაული და განსაკუთრებული  ფოტოების პოვნა შეგიძლიათ. იქნებ რომელიმე მათგანი თქვენი მოსწავლეების თხზულების თემაც გახდეს, იქნებ მოთხრობის სიუჟეტიც შთაგაგონოთ ან სულაც, ძალიან საინტერესო სასკოლო ღონისძიება დაგაგეგმინოთ.

მოატანინეთ საოჯახო ალბომები თქვენს მოსწავლეებს და შექმენით კონკრეტულად თქვენი კლასის მოსწავლეების ციფრული ფოტომატიანე. ძალიან, ძალიან საინტერესო და სახალისო იქნება.

მაგალითისთვის ერთი ფოტო ფოტომატიანედან, რამდენი რამის თქმა და დაწერა შეიძლება ამ ულამაზეს ბავშვებზე:

3. კომიქსი, როგორც სწავლების საშუალება.

არ გიფიქრიათ, რომ ნაწარმოების დასურათება, განსაკუთრებით კომიქსად გარდაქმნა უფრო გაუადვილებს თქვენს მოსწავლეებს მის გაგებას თუ შეყვარებას? განსაკუთრებით,  დაბალ კლასებში ძალიან კარგი იქნება ეს აქტივობა, აიღეთ რომელიმე ქართველი მწერლის საპროგრამო ნაწარმოები და თქვენს მოსწავლეებთან ერთად დახატეთ, კომიქსად აქციეთ ის.  თვალსაჩინოებად გამოგადგებათ რამდენიმე კლასიკური ნაწარმოების კომიქსები, მაგალითად ასეთი:

https://www.shortlist.com/entertainment/books/classic-literature-turned-into-comic-books
4. ლიტერატურული რუკა
იცოდით, რომ ქართველ მწერალთა ბიოგრაფიები და მათი სახლმუზეუმების შესახებ ინფორმაცია ერთ საიტზე შეგიძლიათ იპოვოთ? https://www.pencenter.ge/index.php?option=com_content&view=article&id=8&Itemid=14
ნახეთ საქართველოს ლიტერატურული რუკა, გაიგეთ თქვენი საყვარელი მწერლების შესახებ მეტი.

5. ვახტანგ ჯავახაძე, უცნობი

დარწმუნებული ვარ, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა ძალიან კარგად იციან ამ საოცარი წიგნის არსებობის შესახებ, სადაც გენიალური ქართველი პოეტი, გალაკტიონ ტაბიძე   ისეთივე ცოცხალია, ისეთივე აქტიურია, როგორც თქვენი ნებისმიერი მოსწავლე საკლასო დისკუსიისას.

დღიურების, ჩანაწერების, არქივის და უამრავი სხვა მასალის გამოყენებით თავადაც შესანიშნავმა პოეტმა, ვახტანგ ჯავახაძემ შექმნა წიგნი გალაკტიონზე, რომელიც ერთდოულად წიგნიცაა და ფილმიც, რომანიც და დოკუმენტური პროზაც.

სულ ახლახანს ამ წიგნის ახალი, შევსებული ვერსია გამოიცა.
6. 50 ქალი საქართველოდან

ქალ ავტორებზე საუბარი გსურთ? თანასწორობასა და ქალთა უფლებებზე ყურადღების გამახვილება გინდათ? მაშინ ეს ლინკი აუცილებლად დაგეხმარებათ, 50 საინტერესო, განათლებული, განსაკუთრებული ქართველი ქალი მოღვაწის ბიოგრაფია თქვენს გაკვეთილებს სრულიად სხვა მიმართულებას მისცემს:

https://www.feminism-boell.org/ka/kategoriebi/kalta-muzeumi
წარმატებებს გისურვებთ!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი