შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

უბნის შვიდი გიჟი

 ფიქრი ოხერია. აი სოფლის რა გითხრათ, ჯერაც მოსავლელი მაქვს, მაგრამ ფიქრს კი ნამდვილად უხდება სიტყვები: „სად წაიყვან სადაურსა”. უხდება და მერე როგორ, აქამდეც ფიქრმა მომიყვანა. მე და ჩემი მეგობარი, ჩემი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი რეჟისორი, ამირან დოლიძე ვისხედით და უანგარო სიყვარულზე ვბჭობდით, უფრო სწორად კი ადამიანებზე, რომლებიც სხვა ადამიანებმა სოციალური სტატუსის გამო გადაიყვარეს და მოიბეზრეს. სიყვარულზე, როგორც უანგარო გამოხატულებაზე, ანდა პირიქით, მხოლოდ რაღაც-რუღაცების გამოისობით რომ არსებობს ხოლმე, ეგეთზე. ბოლოს სიხარულთან მივედით, იმ გულწრფელ სიხარულთან, რომლის უნარიც ყველანაირ ადამიანს აქვს, კამპანიის სულად და გულად წოდებულ ლაღ ახალგაზრდებსაც და საწოლს მიჯაჭვულ ავადმყოფ მოხუცებსაც. და სანამ სიხარულის უნარი აქვს ადამიანსო, ბოლოს ვთქვით, სანამ შეუძლია, რომ გარშემომყოფთა ერთი გამარჯობაც კი გაუხარდესო, განა მანამ არ უნდა გვიყვარდეს ისინი უანგაროდო? ეს ვრცელი თემაა, შეიძლება თვით ფიქრზე ვრცელიც კი, მე კი ამ ფიქრებს გავყევი, ერთმა ქარბორბალამ ამიტაცა და ჩემი მოგონებების ზურმუხტქალაქში ჩამაგდო, იქ სადაც სხვადასხვა დროს ნანახ და გაცნობილ ადამიანებს ერთად მოეყარათ თავი, ჰოდა ახლა სწორედ მათ შესახებ მინდა მოგიყვეთ, კერძოდ კი მათ გამორჩეულ ნაწილზე, რომელთაც რომ პოლიტკორექტურად თუ ვიტყვით, ალბათ, ფსიქიკური პრობლემების მქონენი უნდა ვუწოდოთ, უფრო სახალხოდ კი სხვადასხვა მეტსახელებითა და ერთი კრებითი სახელითა და სტატუსით, უბნის გიჟებად ვიცნობთ. კორექტულობისთვის მათ სახელებს შევცვლი, მაგრამ მეტი სიცხადისთვის მეტსახელებს იმავეს დავუტოვებ და რადგან სასტიკად ვერ ვიტან ორაზროვანი სიტყვებისა და ფრაზების ბრჭყალებში ჩასმას, ამ ტექსტში, თქვენის ნებართვით, აღნიშნულ შემთხვევებში, არც ბრჭყალებს გამოვიყენებ, დაე, თავად გადაწყვიტოთ, სად ვხუმრობ, სად სარკაზმს მივეცემი, სად ვმართლმეტყველებ და სად ვბრაზობ. აგერ თქვენ ჩემი მოგონებების შვიდი ამბავი, ოღონდ არა მაკდონაჰისეული ფსიქოპათების, არამედ უბრალო, უწყინარი, ხალხში კეთილმოხსენიებული უბნის გიჟების შესახებ.

1.გაუბერა ზაზა, ანდა ზაუბერა გაზა

 

ზაზა იმერეთის ერთ ლამაზ, სახელს რომ არ დავასახელებ, ისეთ სოფელში გავიცანი. გავიცანი რა, თვითონ გამიცნო. მე მაშინ 14-15 წლის ლაწირაკი ვიყავი, ის კიდე უკვე სახელმოხვეჭილი უბნის გიჟი იყო, ორი ჩემოდენა ჰქონდა ნაცხოვრები. დღემდე ვერ ვხვდები რაში იყო ზაზას სიგიჟის ამბავი, ასეთ უბნის გიჟებს ხომ, როგორც წესი, თავისივე გარემოცვა ანიჭებს ხოლმე აღნიშნულ სტატუსს და, ხშირ შემთხვევაში, არც მათი სამედიცინო გამოკვლევითა თუ მკურნალობის შესაძლებლობაზე ფიქრით იწუხებს ვინმე თავს. ზაზაც ასე იყო, ერთი შეხედვით ვერაფერს შეატყობდით ფსიქიკური პრობლემებისას, მაგრამ რაღაც მომენტებში გადაეკეტებოდა და ეცვლებოდა ხოლმე გუნება-განწყობილება. მართლაც რომ ამინდივით. ჰოდა, როგორც უკვე აღვნიშნე თვითონ გამიცნო, ფეხბურთის თამაშისას, მოვიდა და მეო გაზა ვარო, მითხრა. ხელის ჩამორთმევას ვაპირებდი და ის კიდე გადამეხვია. ასეთი იყო ზაზა-გაზა, იმდენ სიყვარულს გასცემდა, მაგდენის დატევა თუ შეეძლო ადამიანს, საერთოდ არ მეგონა. სოფლის ხალხიც სიყვარულითვე ექცეოდა, სიყვარულითვე ეღადავებოდა და სიყვარულითვე ემეგობრებოდა. ვიღაცებს უთქვამთ, ცოტა რომ წამოზრდილა, აგე გაუბერა ზაზა მოდისო, ჰოდა ამას კიდე დაუყოლებია პასუხად, გაუბერა ზაზა – ზაუბერა გაზაო. ასე შეერქვა მეტსახელიც, ხან ზაუბერა გაზა იყო, ხან გაუბერა ზაზა. ზაუბერა გაზა ფეხბურთს თამაშობდა, არცთუ ურიგოდ, ბირჟის ბიჭებთან იდგა, მათ ხუმრობაზე იცინოდა და მოულოდნელად ეხუტებოდა რომელიმე მათგანს, გაუბერა ზაზა კი მოულოდნელად მოწყდებოდა ადგილს, გაიქცეოდა, სადმე კუთხე-კუნჭულში შეიყუჟებოდა და დაბღვერილი იწყებდა ყურებას. და სანამ თვითონ არ გადაუვლიდა, მანამ აზრი არ ჰქონდა მასთან საუბარს. ასე ამბობდნენ იმ სოფლელები, ვინ იცის, იქნებ კიდეც ჰქონდა აზრი საუბარსაც და დამოკიდებულებასაც, მაგრამ აბა ვინ აიტკივებდა გაუბერა ზაზაზე თავს.
2.გიჟი კოლია
გიჟი კოლია ჩემს ძველ უბანში ცხოვრობდა. ზუსტად ვიცი, ყველაზე მეტად გოგოებთან ერთად სეირნობა უყვარდა, მათთან ფლირტი, გოგოებიც არ ეუბნებოდნენ უარს, მშვენიერი გასართობი იყო კოლია. ისიც ზუსტად ვიცი, რომ სახლში ყოფნას ვერ იტანდა საშინლად, გამუდმებით მამამისს აგინებდა და სახლიდან ყოველთვის გაღიზიანებული გამოდიოდა. ჩემთან ლაპარაკი უყვარდა კიდევ. დამიჯდებოდა ხოლმე და ჩემს პასუხს არც ელოდა, ისე მელაპარაკებოდა და მელაპარაკებოდა ყველაფერზე. აი წარმოიდგინეთ, მსოფლიო პოლიტიკიდან დაწყებული, უბნის კეთილმოწყობით დამთავრებული, ყველაფერზე თავისი აზრი ჰქონდა გიჟ კოლიას, ოღონდ რაღაც აბდა-უბდად, არეულად. ერთიდან მეორეზე გადახტებოდა, ამასობაში ის ერთი ავიწყდებოდა და ა.შ. ერთხელ დამიჯდა ასე და მითხრა, ცოლი უნდა მოვიყვანოო. ვაჰ, ყოჩაღ შენ, ვინმე გყავს უკვე შეთვალიერებული-მეთქი, ვკითხე. კიო, მაიაო, ეთერას გოგოო. რაღაც მეუცნაურა ეს პასუხი, დამძაბა, საქმე კი ის გახლავთ, რომ ეს ზემოხსენებული ეთერას მაიაც ასევე ფსიქიკური პრობლემების მქონე იყო.. გამიკვირდა, ერთი გაფიქრება ვიფიქრე, ალბათ გიჟს გიჟი მოსწონს-მეთქი. მაგრამ მაინც ჩავეკითხე კოლიას, რატომ მაია-მეთქი და იმანაც საკონტროლო ტყვია ესროლა ჩემს დაძაბულობას. აბა შენ რა გგონია, ამ გოგოებს კი ვეჭუკჭუკები, მარა მაგათგან ვინ გამომყვება ცოლადო, განა მე არ ვიცი, რომ სერიოზულად არ მიყურებენო, მაქსიმუმ მაიამ შემიყვაროსო. ვერაფერი ვუთხარი, ავდექი და გავეცალე, როგორც ხშირად გვჩვევია ჩვენ, დალაგებულებს.
3.კობა ვერტალიოტა
კობა ძიას კარგად არც ვიცნობდი, ისიც ჩემს ძველ უბანში ცხოვრობდა, მაგრამ ჩემი სახლისგან მოშორებით, დადიოდა ხოლმე ქუჩა-ქუჩა და ვერტმფრენის ხმას გამოსცემდა, ბრრრ ფრრრ ბრრრ ფრრრ, თან კმაყოფილი სახით იყურებოდა, აქაოდა ამხელა ავიატორი კაცი ვარო. უსიტყვო კაცი იყო, უმეგობრო, სხვა გიჟებისგან განსხვავებით. ჩემს მოგონებებში კი ადგილი ერთი უცნაური შემთხვევის წყალობით დაიმკვიდრა. ერთხელ, სკოლიდან სახლში მიმავალს შემეჩეხა შუა გზაში, მოდიოდა ტრადიციულად, ბრრრ ფრრრ ბრრრ ფრრრ, მე რომ დამინახა, გაჩერდა, მომიახლოვდა და მეუბნება – „შემოდგომას სულ პირველად რუსთაველზე გაიგებ”, მეუბნება და მიყურებს, თითქოს ჩემგანაც მოელის პასუხს, მეც არ დავაყოვნე და ჩემი პოეზიისადმი სიყვარული დავუმტკიცე: „ქარი ფოთლებს, ჭადრის ფოთლებს, გაშლის, ფეხქვეშ გაიგებს”-მეთქი, მივუგე. გაგიჟდა კობა, თვალები გაუფართოვდა. შენაო, მითხრა, ეგ ლექსი საიდან იციო, იცი ვისი დაწერილიაო? ნონეშვილის-მეთქი, მეც ვუპასუხე ამაყად. აუუ! აუუ! აუუ! თვალებგაფართოებული იდგა კობა, მერე ძლიერად ჩამავლო ხელები ყბებში, კარგი შიში კი ვჭამე, კიდევ ერთხელ ამოიგმინა აუო და რაღაც არნახული აჟიტირებით გააგრძელა ფრენა, ბრრრ, ფრრრ, ბრრრ, ფრრრ..
4.სამშაურა გიზო
ოო, გიზო დიდი კაცია, დიდზე დიდი. პრივილეგირებული გიჟია, გულისხმიერი და გულუხვი ადამიანები მას საკუთარ დაბადების დღეზეც კი პატიჟებდნენ, მეც ერთ-ერთ ასეთ დაბადების დღეზე გავიცანი, ჩემი მეგობრის სახლში. დრო იყო გიზოს ჭკუაც მოეკითხებოდა, შემდეგ რაღაც შეემთხვა, რაზეც არც თვითონ და არც მისი სამეზობლო არ ლაპარაკობს, შესაბამისად ვერც მე გავიგე, თუმცა იმას კი მივხვდი, რომ ამ შემთხვევის მერე გიზო პერსპექტიული ჭკვიანი ბიჭიდან, უბნის გიჟად იქცა. ცხოვრების უკუღმართობათა წყალობით სოციალური მდგომარეობაც გაუუარესდა და ფინანსურიც. მაგრამ წარსულის აჩრდილი კი დაჰყვებოდა გიზოს, სხვანაირი თავდაჭერა ჰქონდა, ბრძნული. ერთი ეგაა, რომ ამ ჩვევებსა და მიხვრა-მოხვრას მის მიერ ნათქვამი ფრაზები არ უბამდნენ მხარს. იმ ნახსენებ დაბადების დღეზეც ერთი კაი მოზრდილი ყანწი მიაწოდეს, აბა გიზო, სადღეგრძელო თქვიო. ისიც ადგა, წარბები შეჭმუხნა, მეტად ჩაფიქრებული კაცის სახე მიიღო და ლექსი დააგუგუნა: „გაუმარჯოს ქალებსაო, დაისხამს და დალევსაო, გაუმარჯოს გიზოსაო, დალია და გალექსაო”. ეს იყო, მოიყუდა ყანწი და სუფრაც ასხმარტალდა, ამხიარულდა. იმავ წამს გამოჩნდა, გიზოსადმი პატივისცემა რამდენად ეკიდა მის წარსულზე და რამდენად მის ამ სამხიარულო მარცვალზე. მერე გავიგე, დილაობით სამ შაურს სთხოვდა მეზობლებს, მერე შეაგროვებდა ორ-სამ ლარს და მთლიანად ზეთისხილში იხდიდა, ზეთისხილი ყვარებოდა სამშაურა გიზოს თურმე, თუმცა ის კი ვერ გავიგე, ეს სიყვარული იმ უბედურ შემთხვევამდე გაჩნდა, თუ მას მერე.
5.ცერბერა გივი და მამამისი, ლოთი ლერი
ეს ორნი ყველაზე ახალი პერსონაჟები არიან ჩემს მოგონებებში. ლოთი ლერი ერთი ძუნძგლიანი კაცია, სახლიდან იშვიათად გამოდის და როცა ეს ხდება, დადის მთელს უბანში და რაც კი რამე უცენზურო სიტყვა სმენია თქვენს პატიოსან ყურებს, ყველაფერს იძახის, თან ხმამაღლა. დადის და იგინება. დადის და მოულოდნელად გაჩერდება, გამვლელ-გამომვლელს ყურში ჩასძხებს მთელი ხმით შე ესეთო და შე ისეთოო და გაიქცევა. ბევრჯერაც უცემიათ ლოთი ლერი, მარა ის თავისას არ მოიშლის. მასზე მეტად ჩემი ამბის პერსონაჟად მინდა მისი შვილი ვაქციო, გივი, ცერბერა გივი. ნამდვილად არ ვიცი ვინ შეარქვა ეს სახელი, როგორც ჩანს, უბნის ბიჭებშიც გამოჩნდა ვიღაც მეტ-ნაკლებად გათვითცნობიერებული ბერძნულ მითოლოგიაში და გივის ყველაზე ზუსტი მეტსახელი შეურჩია, ამ ამბის სიზუსტე კი გივის უბედურებაში მდგომარეობს. დღე-ღამის უმეტეს ნაწილს გივი სადარბაზოს შესასვლელში ატარებს, დგას ჩუმად, ხმას არ იღებს, არც ბირჟაზე უერთდება ბიჭებს და არც სახლში შედის, სიტყვას არ ამბობს, დგას ასე, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი და თავდახრილი. წარმომიდგენია, რამდენი უცხო სტუმარი შეუშინებია ამ თავისი პირქუშობით, თუმცა მასზე საცოდავი ამ ამბავში არავინაა. სახლში შესვლა არ უნდა, ურჩევნია ასე იდგეს, ყინვასა და სიცივეში, ასე უფრო მშვიდად იქნება. უბანი რამდენიმე წუთსაც ვერ იტანს ლოთი ლერის გაავებას, რომ გამოეფინება ხოლმე და იგინება. აბა ცერბერამ რა ქნას, როგორ აიტანოს, დღედაღამ, დილაუთენია თუ შუაღამისას. ცერბერა გივისთან ერთადერთი ამბავი მაკავშირებს, სულ ახლახან გადახდენილი, ახალი წლის ღამეს, თორმეტს უკვე ორი საათი იყო გადაცდენილი სახლიდან რომ გამოვედი, შოკოლადებით დატვირთული. სადარბაზოში ცერბერა იდგა, პირველად გავიგე მისი ხმა. ახალი წელი მომილოცა და რაღაც უცნაურად, ცოტა არ იყოს და შიშისმომგვრელად გამიღიმა. შევჩერდი და შენც გილოცავ, მრავალს დაესწარი-მეთქი და მსგავსი შაბლონური სიტყვები მივაყარე. ეგო შოკოლადიაო? – მკითხა. კი-მეთქი და მივეცი. გამომართვა, დახედა და დამიბრუნა. ნუ მიბრუნებ-მეთქი, გავუღიმე და გავუწოდე შოკოლადები. ცერბერა ერთ ხანს შეყოვნდა, თითქოს რაღაც დიდი ბრძოლა გამართულიყო მის შინაგან სამყაროში, მერე თავი გააქნია, არა, ლერიმ რომ გაიგოს, გაბრაზდებაო. კიდევ ერთხელ ვცადე შოკოლადები მიმეცა, მაგრამ ზურგი შემაქცია და იქვე სადარბაზოს კუთხეში დაიკავა, ალბათ, მისთვის უფრო მშვიდი და უსაფრთხო ადგილი.
6.შეჩემისტრულაილა
კაი კაცი იყო შეჩემისტრულაილა. ზუსტად ასე ეძახდნენ, „შეჩემისტრულაილა”. უბანში რომ გამოჩენილა, არავინ იცნობდა თურმე. მისულა და პირდაპირ ბირჟაზე დამდგარა, ბიჭებთან. იმათ უკითხავთ ვინ ხარო, ამას არ უპასუხია. რამდენიმე კითხვის შემდეგ ბირჟის ლომებიც დანებდნენ და იფიქრეს გიჟიაო, თუმცა გვარიანად შეეპარათ ამ დასკვნაში ეჭვი, ვინაიდან შეჩემისტრულაილა კარგად დაბანილ-დავარცხნილი, ოცდათორმეტივე საღი კბილით და წვერგაპარსული წარმდგარა საუბნო სამსჯავროს წინაშე. ბოლოს ერთ-ერთს, გოგიას, ყელში ამოუვიდა და ვინ ხარ ბოლო-ბოლო, გვითხარი, შეჩემისტრულაილა, შენაო, უთქვამს. ჰოდა აი აქ გაუღია ხმა შეჩემისტრულაილას, აბა, აბაო, უთხრა გოგიას და გააგრძელა დუმილი. გვიანღა გაარკვიეს ამ კაცის ამბავი, დასავლეთიდან ჩამოსულა, სატვირთო მატარებელს ჩამოყოლია და ესე მოგლახავებულა უბანში, არავინ იცოდა საიდან იყო, რა ერქვა, სად დაიბადა, ეს ინფორმაციაც ძლივს გამოსტყუეს შეჩემისტრულაილას, ათასგვარი კითხვებისა და ალკოჰოლის დახმარებით. უბნის განაპირას ერთ-ერთი კერძო სახლის ეზოში აშენებული, ერთი ოთახისმაგვარი სათავსო ჰქონდა ნაქირავები, როგორც გამქირავებლები ამბობდნენ, ის სათავსო მაინც უფუნქციოდ მდგარა იმ ეზოში, ახლა კი შეჩემისტრულაილა ცხოვრობდა და ეზოსაც უვლიდა, ამაში უქვითავდნენ ქირას. ყოველ დილით ყველაზე ადრე იღვიძებდა შეჩემისტრულაილა და ბირჟაზე მიდიოდა. იდგა იქ და ელოდა ბიჭებს, თან სულ ასე, სუფთად, გამოწკეპილი, წვერგაპარსული. ამ ამბებს შორის შეჩემისტრულაილას ამბავი ყველაზე უცნაურია – 8 თვე დაჰყო უბანში და შემდეგ, როგორ არსაიდანაც მოვიდა, ისე მოულოდნელადვე გაქრა. დილით ადრე აუკრავს გუდა-ნაბადი და წასულა, ვინ იცის სად, ვინ იცის, რატომ. იქნებ არც იყო გიჟი და მისი რაღაც უცნაური თამაშის ნაწილი იყო ეს ვოიაჟიც, ან იქნებ ახლა ახალი სავანე იპოვა, სადღაც სხვა ქალაქში, სხვა უბანში, დგას იქ ბირჟის ბიჭებთან და მხოლოდ ათასში ერთხელ თუ დაეთანხმება მათ ნათქვამს, აბა, აბაო.
7.ბუტრაგენიო
ცოტა კი გამიგრძელდა სიტყვა, მაგრამ მეშვიდე და სამართალიო, ბუტრაგენიოს უთქვამს. თან ტყუილად არ მომიტოვებია ბოლოსთვის ეს საოცარი კაცი, ჯერ ერთი ის საყოველთაოდ ცნობილი და პირველი ბუტრაგენიოც შვიდი ნომერი იყო როცა სამეფო კლუბის ღირსებას იცავდა და გოლს გოლზე აჭედებდა მეტოქეების კარში. ჰოდა ამ ჩემს ბუტრაგენიოსაც 7 ნომერი ერგო შვიდ უბნის გიჟს შორის. ნამდვილ სახელს არ გეტყვით, ან რა აზრი აქვს, მგონი თავადაც აღარ ახსოვდა, მთელი უბანი ბუტრაგენიოს ეძახდა, რა გასაკვირია, მთელი თვის განმავლობაში ერთი მაისური ეცვა ხოლმე, რაღა თქმა უნდა, მადრიდის რეალისა და რასაკვირველია, ზურგზე გამოსახული ამაყი შვიდიანით, რომლის თავსაც გვირგვინივით ამშვენებდა წარწერა: ბუტრაგენიო. უბანსაც მეტი რა უნდა, უცებ აიტაცებს ხოლმე ამგვარ თავისებურებებს, ჰოდა ამ ჩვენს გმირსაც შეერქვა და შეერქვა, ყველა, ქალი, კაცი, პატარა ბავშვებიც კი, ყველა ბუტრაგენიოს ეძახდა. ისიც დადიოდა ამაყად, გაჯგიმული, თითქოს მართლაც ემილიო ბუტრაგენიო ჩამოსულიყო მთელი თავისი საფეხბურთო სამეფო დიდებულებით. ამ ჩემი შვიდი პერსონაჟიდან ბუტრაგენიო ყველაზე ჭკუამხიარული იყო, ყველაზე კარგი სათამაშო უბნელების ხელში. ამღერებდნენ, აცეკვებდნენ ქუჩურ ქეიფებზე, ლექსებს ათქმევინებდნენ, პურზე გზავნიდნენ, ეხუმრებოდნენ, დასცინოდნენ, აჩხუბებდნენ. ყველაფერზე თანახმა იყო ბუტრაგენიო, შეხედავდა თავისი უწყინარი თვალებით გამომწვევს და იმწამსვე ასრულებდა მის თხოვნასა თუ მოწოდებას. მე კი ყველაზე მძაფრად ის ამბავი ჩამრჩა გონებაში, ამბავი იმ დღისა, როცა ბუტრაგენიოს დედა გარდაეცვალა. საწყალი ქალი იყო. მთელ დღეს მუშაობაში ატარებდა, რომ ოჯახი ერჩინა. ოჯახიც რა, თვითონ და ბუტრაგენიო. ერთ დღესაც ვერ გაუძლო იმისმა გულმა, ადგა და გარდაიცვალა. ბუტრაგენიო გამოვიდა უბანში, მოვიდა ბიჭებთან და სიტყვა არ უთქვამს ისე დაიწყო ტირილი, ეკითხებოდნენ რა გჭირს, რა დაგემართაო, მაგრამ არაფერს პასუხობდა. ბოლოს მეზობლებმა სახლი შეამოწმეს და გარდაცვლილი დედამისიც იპოვეს. იმ დღის შემდეგ ბუტრაგენიოს ხმა აღარ ამოუღია, ყოველდღიურად მაინც გამოდიოდა ბირჟაზე, მაგრამ დანა პირს არ უხსნიდა, სიმღერასა და მოლხენაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. იჯდა ასე მთელი დღე და მერე ბრუნდებოდა სახლში. დამუნჯდა. მე კი კიდევ დიდხანს მესმოდა ღამღამობით ბუტრაგენიოს სახლიდან ტირილის ხმა, იმის ფანჯრები ხომ ჩემი საძინებლის ფანჯრებს უყურებდნენ, ზუსტად ისევე უთქმელად და შიშის თვალით, როგორც ბუტრაგენიო გვიყურებდა იმ საშინელ დღეს.
გასრულდა ესე ამბავი. მართლაც, სად წამიყვანა სადაური ჩემმა დაუნდობელმა ფიქრმა, მაგრამ ერთი კია, ეს ადამიანები აჩრდილებივით არიან, ჩვენ შორის ცხოვრობენ, ჩვენს მოგონებებში მნიშვნელოვან ადგილსაც იკავებენ და მაინც ისინი არაფერს წარმოადგენენ, არაფრით ცვლიან ჩვენს ცხოვრებას. ჩვენი გულისხმიერება, მათდამი გაწვდილი მეგობრობის ხელი, თუ უბრალოდ კეთილმეზობლური დამოკიდებულებაც ხშირ შემთხვევაში რაღაც საერთო თამაშის ნაწილია და გულწრფელ თანაგრძნობასთან კავშირი არ აქვს. ახლა კი თუ თქვენ ისევ თვლით, რომ ეს ამბავი, მისი პერსონაჟებითურთ არც თუ ისე აქტუალურია, მოდით, თქვენ თქვენს უბნებში ჩაიხედეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი