შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ჩვენ ჯარისკაცები ვიყავით

იმ დროს, ჩვენ ჯარისკაცობის უფრო გვეშნოდა, ვიდრე ჯარისკაცების. ხმები დადიოდა, რომ ქართულ არმიაში სამხედროებს დამპალ თევზსა და მატლმოდებული ფქვილით გამომცხვარ პურს აჭმევდნენ. ჩვენს უბანში ყველამ, ვისაც ერთზე მეტი ნაცნობი მაინც გამოუჩნდა გამგეობაში, ან სადმე, უფრო მაღალ წრეებში, შვილი ამ განსაცდელიდან დაიხსნა. იყვნენ ისეთებიც, ვინც სამშობლოს ძახილს უბრალოდ მიუყრუა და მათ დიდხანს (ზოგიერთს შეიძლება დღემდე) აკითხავდნენ კომისარიატის გაცეცხლებული თანამშრომლები, რომლებიც ბინებში ან ნაცნობ-მეგობრების სახლებში ეძებდნენ არმიაზე გამწყრალ ახალგაზრდებს. დაბეჩავებული არმიის შესახებ ამბების მოსმენამ, ჩემს გონებაში ისტორიის გაკვეთილებზე ნასწავლის წარმოდგენა აამღვრია, რადგანაც წარსულის არაკები  აშკარად არ ემთხვეოდა აწმყოს არაკებს. 
ამ მძიმე ფიქრების გარდა, ჩემს ცნობიერებაში არსებობდა ერთი სამხედრო პირი, რომელიც თავდაყირა აყენებდა ჩემს წარმოდგენას სამხედროებზე, იარაღიან, მსროლელ ხალხზე, რადგანაც ეს კაცი, პოლკოვნიკი ნოდარ ჩადუნელი, ჩვენი სკოლის სამხედრო კათედრის ხნიერი მასწავლებელი, იყო ერთერთი ყველაზე უკონფლიქტო და მშვიდობისმოყვარე ადამიანი ჩვენს უბანში. ის ყოველთვის საზეიმო სამხედრო ფორმით მოძრაობდა, თუმცაღა გზა გრძლად სავალი არ ჰქონია – მისი საცხოვრებელი კორპუსი სკოლის პირდაპირ, 50 ნაბიჯში იდგა. 50 ნაბიჯი აქეთ, 50 ნაბიჯი იქით. საკუთარი პედანტიზმი, იმ ბნელ და გაყინულ პერიოდშიც კი, პოლკოვნიკს უფლებას არ აძლევდა სკოლაში საზეიმო სამხედრო ფორმის, ან საპირველსექტემბროდ გულზე დაბნეული მედლების გარეშე მოსულიყო (მოგვიანებით მას მხოლოდ ერთხელ ვნახავ სპორტიულ შარვალსა და პერანგში, საღამოხანს, შებინდებისას, როცა საკუთარ ძაღლს გაასეირნებს და ჩემს დანახვაზე შეცბება). 
მერე ქართული არმიის საქმე წაღმა წავიდა, ჩემი მხედველობის სიმახვილისა კი – უკან. ნოდარ ჩადუნელმა ხანგრძლივი შვებულება აიღო და მის ნაცვლად, სამხედროს მასწავლებლის პოსტზე მისივე მეზობელი, წოდებით ასევე პოლკოვნიკი, ყოფილი მფრინავი რობერტი მასწავლებელი მოვიდა. რობერტი მასწავლებელს მასწავლებლობამდეც ვიცნობდი, მე-9 კორპუსის გვერდით ავტოფარეხი და პატარა ბაღი ჰქონდა, მე კი – ხეების ირგვლივ შემობარვაში ვეხმარებოდი ხოლმე. ერთხელ, დიდი დასვენების დროს, სკოლის დერეფანში შეესწრო, რომ ჩოგბურთის გაცვეთილი ბურთი, გარსი ჯგუფიდან გამოძევებული ვირთხის კანს რომ უგავდა, ჩამომტვრეულ ფანჯარაში შორი მანძილიდან ოსტატურად გავაძვრინე და ჩათვალა, რომ სამშობლოს სნაიპერი ეზრდებოდა. რა თქმა უნდა, მან არაფერი იცოდა იმის შესახებ, რომ ბურთს ჩემს კლასელ გოგონას, ვერიკოს ვუმიზნებდი, რომელიც საერთოდაც ფანჯრის მოპირდაპირე მხარეს იდგა. ასე მოვხვდი სკოლის სამხედრო ნაკრებში, რომელსაც 172-ე საშუალოს ღირსება შეჯიბრზე უნდა დაეცვა. 
ტყუილი რა საჭიროა, ჩვენ შორის არცერთი არ მოგაგონებდათ „ზღვის კატების” ან „მწვანე ბერეტების” წევრს, მაგრამ მათსავით კი ვემზადებოდით. ჩვენთვის გაკვეთილები გაცდა და ერთი კვირის განმავლობაში ინტენსიური ვარჯიშები გვქონდა მიზანში სროლაში (ვერცერთხელ ვერ მოვარტყი ზუსტად. მეტიც, ციფერბლატშიც კი), სხვადასხვა ფიზიკურ შეჯიბრსა და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმის განეიტრალებაში. უნდა ვაღიარო, ეს უკანასკნელი ჩემი ძლიერი მხარე აღმოჩნდა. ამ ერთ კვირაში ტანკსაწინააღმდეგო ნაღმემს ისე ვანეიტრალებდი, როგორც „დათუნია’ შოკოლადებს ვხსნი ხოლმე საახალწლოდ. 
ჩემპიონატი ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე, გაყინული სკოლის კიდევ უფრო გაყინულ სპორტულ დარბაზში ტარდებოდა. გუნდური შეჯიბრებში მონაწილეობის გარდა, მე პატარა ბურთის მიზანში სროლა და რა თქმა უნდა, განაღმვა დამევალა. ჯერ ბურთის სასროლად წავედი. მისია ასეთი გახლდათ: ერთ დაფეხვილ სკამზე, ხის სანახევროდ მწვანედ  შეღებილი ნაფოტი იდო. ჩემი მიზანი მტრის, ანუ ნაფოტის მწვანე ნაწილის ჩოგბურთის ბურთით (ამჯერად შედარებით ხარისხიანი) განადგურება იყო. ჩემმა მოწინააღმდეგემ ტომას ბეკეტის სიზუსტით ისროლა, მე – არათუ ნაფოტის მწვანე მხარეს, არამედ იმ დაფეხვილ სკამსაც კი ავაცილე. შტაბთან დაბრუნებულს რობერტი მასწავლებელმა მკითხა გაარტყიო? შემრცხვა და აბა რას ვიზამდი-მეთქი, ვუპასუხე. გაეხარდა.
მეორე დავალებაზე თავდაჯერებული წავედი და დარბაზის ბოლოს მისულს ცივი წყალი გადამესხა – ტანკსაწინააღმდეგოს ნაცვლად, ფეხოსანთა საწინააღმდეგო, ძველისძველი, ფერგადასული ნაღმი დამახვედრეს. რა ჭირი ვქნა? ჟიურის ხუთი წევრი მიყურებს. მოვკიდე ხელი ამ ოხერ ნაღმს, გადმოვატრიალე რაღაც სახელური გვერდით და ის-ის იყო უნდა-მეთქვა არ ვიცი – მეთქი, რომ ჟიურის თავმჯდომარემ დაიძახა: „ყოჩაღ, 100 ქულა”. 
აღმოჩნდა, რომ იმ ნახევარფაბრიკატი ნაღმის განეიტრალებას მხოლოდ ამ სახელურის გადმოტრიალება სჭირდებოდა. 
იმ დღეს დავმარცხდით. 
მერე ნოდარ ჩადუნელი სკოლაში დაბრუნდა და ჩემი მასწავლებელი გახდა. მეტიც, კლასის ოცმეთაურად დამნიშნა. ვაღიარებ, მსურველები ცოტა იყო . მგონი ეს მე-10 კლასში ხდებოდა და თავად მიხვდებით, მეათე კლასელ ბიჭს კლასის ოცმეთაურობისთვის მაინცდამაინც არ უნდა სცხელოდეს. 1000 სხვა გასაქანი და სამოღვაწეო სფერო არსებობს. 
ერთხელ სამხედროს გაკვეთილზე დიდი რუზრუზი იდგა. ოთახი გუგუნებდა. უკანა მერხები ყირაზე გადადიოდნენ, ნოდარი მასწავლებელი კი ცდილობდა სიმშვიდე შეეინარჩუნებინა და თითქოს ვერ იჯერებდა, რომ ის, ეთიოპიაში ნაომარი პოლკოვნიკი ვერ ახერხებდა მეათე კლასელი ლაწირაკების დაშოშმინებასა და დასჯას. ცხადად მახსოვს, რომ ამ დროს პოლკოვნიკი თვალდახუჭული იდგა და მაშინ გაისმა ზვიად ესართიას შეკითხვა, რომელმაც მთელი კლასი დაადუმა და ყურადღება მასწავლებლისკენ მიაპყრობინა: 
·მასწ, ომში ადამიანი მოგიკლავთ? 
კლასი, ისე რომ თითოეული მოსწავლის გულისცემა ისმოდა, ელოდა პოლკოვნიკ ჩადუნელის პასუხს და მას შემდეგ, რაც ამ კითხვაზე ირიბი პასუხი მიიღო, ახალგაზრდობა ისევ აყიჟინდა. პოლკოვნიკი ალბათ შეეგუა, რომ საკუთარ სამხედროებზე კონტროლი დაკარგა და ნაწყენმა, შუა გაკვეთილის დროს დატოვა კლასი. 
ამ ამბის გახსენებისას, დღემდე ვწითლდები.
ჩემი სამხედრო გამოცდილება მხოლოდ ამით შემოიფარგლა. უფრო სწორად, ჩემს სამხედრო კარიერას მაშინ დაესვა წერტილი, როცა სამედიციინო შემოწმებაზე წიგნაკში ჩამიწერეს: „ვარგისი არ არის”. არცთუ ისე დიდი ხანი გავიდა, რაც ორივე პოლკოვნიკი გარდაიცვალა. არა ომში, არამედ თავ-თავიანთ სახლებში და მგონი ამ საოცრად კეთილშობილ და გულიან ადამიანებზე, სამწუხაროდ, არავინ წერს ჩემ გარდა, მაგრამ, უნდა ვაღიაროთ, არც მე ვარ გაბრიელ გარსია მარკესი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი