შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

მოსინრამი – დედამიწის ყველაზე წვიმიანი დასახლება

დღეს, გლობალური დათბობის, კლიმატის ცვლილებისა და დედამიწაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურის ზრდის ფონზე, ვფიქრობთ, საინტერესო იქნება, გაგაცნოთ ერთი ადგილი დედამიწაზე, სადაც თითქმის ყოველდღე წვიმს და სადაც ბათუმზე 4-ჯერ, თბილისზე კი 23-ჯერ მეტი ნალექი მოდის!

მიუხედავად ასეთი ექსტრემალური პირობებისა, იქაური მოსახლეობა – ხასის ხალხი, სრულიად ადაპტირებულია ყოველდღიურ წვიმასა და მაღალი სინოტივის პირობებში ცხოვრებას.

ინდოეთის ეს მიყრუებული პატარა სოფელი, სახელად მოსინრამი (Mawsynram) ერთ დღეში გახდა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ადგილი – Guinness-ის რეკორდების აღმწერებმა 21-ე საუკუნეში, მსოფლიოს რეკორდების განახლებისას აღმოაჩინეს, რომ აქ, სოფელ მოსინრამში, ინდოეთის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთში (ინდოეთი, მეგალაიას შტატი) უფრო მეტი ნალექი მოდის, ვიდრე გეოგრაფიის გაკვეთილებიდან ნაცნობ ინდურ ჩერაპუნჯაში, რომელიც საუკუნეზე მეტი ხანი ფლობდა მსოფლიოს „წვიმების დედაქალაქის ტიტულს“.

 

თუ ნალაქების რაოდენობებით მსოფლიოს სხვადასხვა ადგილს შევადარებთ, მოსინრამში (ინდოეთი, მეგალაიას შტატი) ყველაზე მეტი, 11,800 მმ ნალექი მოდის. მეორე ადგილზეა, ჩვენთვის ნაცნობი ქ. ჩერაპუნჯა (ინდოეთი, მეგალაიას შტატი) – 11,777 მმ (რომელიც მოსინრამიდან სულ რაღ 15 კმ-ში მდენარეობს). ხოლო მესამე საპატიო ადგილზე – კოლუმბიაში მდებარე ქალაქი ტუტუნენდო (კოლუმბიის უკიდურესი ჩრდილო-აღმოსავლეთი), სადაც ცა მუდამ ღრუბლიანია და წვიმის სახით წელიწადში 11, 600 მმ-დე ნალექი მოდის.

 

ტუტუნენდოში, ყველაზე „მშრალ“ თვეებად, თებერვალ-მარტს თვლიან, მაგრამ ამ დროსაც კი, ქალაქში სულ მცირე 20 დღე მაინც წვიმს!

 

მსოფლიოს ყველაზე „წვიმიანი ათეულის“ შემდეგი ადგილები ასე განაწილდა:

 

მე-4 ადგილი: ქროპრივერი (კუნძული ახალი ზელანდია, 11,560 მმ);

მე-5 ადგილი: სან-ანტონიო დე ურეკა (ეკვატორული გვინეა, აფრიკა, 10,450 მმ);

მე-6 ადგილი: სოფ. დებუნდშა (კამერუნი, აფრიკა, 10, 299 მმ);

მე-7 ადგილი: ბიგბოგი (ჰავაიი, აშშ, 10,272 მმ);

მე-8 ადგილი: მაუნთ ლაიალეალე (ჰავაიი, აშშ, 9,763 მმ);

მე-9 ადგილი: კუკუი (ჰავაიი, აშშ, 9,293 მმ);

მე-10 ადგილი: მთა ემეი (ემეიშანი, სიჩუანი, ჩინეთი, 8, 169 მმ).

 

და მაინც როგორია ცხოვრება ასეთი ექსტრემალური ამინდის პირობებში? როგორია ჩრდილოეთ ინდოელების ყოველდღიური ცხოვრება მსოფლიოს ყველაზე ტენიან ადგილას? როგორია აქ მცხოვრები ადამიანების საცხოვრებელი სახლები, ან მათი ყოველდღიური ცხოვრების განრიგი?

 

გთავაზობთ მცირე ჩანახატს ამ უცნაური ადგილის შესახებ, ცნობილი ინდოელი ჟურნალისტის, ქ-ნი ამმუ კანამპილის რეპორტაჟის – „ცხოვრება დედამიწის ყველაზე ტენიან ადგილას“ – მიხედვით: ინდოეთის ერთ-ერთ ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე შტატში, გორაკებზე მდებარე სოფელში, ყველა სახლს სახურავზე წვიმის ხმაურისგან დამცავი ბალახის სქელი ფენა ადევს. აქ ჩვეულებრივი ამბავია ღრუბლებით დაფარული ზეცა და ნისლი, რომელიც სახლის ოთხებშიც კი შემოდის. სოფლის თავში, წვიმისგან დაჟანგულ ნიშანზე მუქი ასოებით წერია: „დედამიწის ყველაზე წვიმიანი ადგილი“.

 

უცნაურია, მაგრამ მეგალაიას შტატის ერთ პატარა სოფელში მცხოვრებთა დიდმა ნაწილმა არც კი იცოდა, რომ მათი სოფელი, მოსინრამი, გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნშია შეტანილი და მათთან 11,873 მმ ნალექი მოდის. „მართლა? ეს ყველაზე წვიმიანი ადგილია დედამიწაზე? არ ვიცოდი…“, გვეუბნება ბინი კინტერი, ასაკოვანი ქალბატონი, რომელიც ეჭვობს, რომ 100 წლის წინ დაიბადა.

 

მეტეოროლოგების თქმით, სოფელი მოსინრამი, რომელიც ინდოეთისა და ბანგლადეშის საზღვარზე მდებარეობს, ყოველწლიურად ძალიან დიდი რაოდენობით ნალექს იღებს ბენგალის ყურიდან მომავალი მუსონური ქარებით. ამ ფენომენს სწორედ ბეგალიის ყურის წლოვანი მასა და სოფლის განსაკუთრებული მდებარეობა განაპირობებენ. ინდოეთის მეტეოროლოგიური დეპარტამენტის თანამშრომელი, ნი სუნიტ დასი გვიხსნის, რომ „ტენი, რომელიც მაღალი ტემპერატურისა და აორთქლების პროცესის გამო, ბენგალის ყურის თავზე გროვდება, საზაფხულო მუსონს პირდაპირ მოსინრამისკენ მოაქვს“. ეს ის მუსონია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თავისი მძიმე წვიმებით, ინდოეთის დედაქალაქში, დელიში წყალდიდობა და სატრანსპორტო ქაოსი გამოიწვია. თუმცა ეს პროცესი, მოსინრამში ნაკლებად შესამჩნევია. ეს სოფელია და აქ კლიმატის ოინები რბილად მიმდინარეობს.

 

დაახლოებით 30 წლის წინ სოფ. მოსინრამში ჯერ კიდევ არ იყო ასფალტის გზები, ელექტრობა და ონკანის წყალი, რაც განსაკუთრებით ძნელს ხდიდა მუსონის 6-თვიან პერიოდს სოფლის მცხოვრებლებისათვის. „ეს ისეთი ადგილია, სადაც წვიმისგან დაძრული მეწყრით ვერავის გააკვირვებთ“, გვიყვება ნი დასი. „მეწყერი მუდმივად კეტავდა სოფლისკენ მიმავალ ერთადერთ გზას და სოფლის შიდა გზებს. თუმცა დღეს, უკეთესი მდგომარეობაა, თუ არ ჩავთვლით წლისგან მუდმივად სველ მიწას და ელექტროენერგიის ხშირ გამორთვებს, რომლებსაც მწვეთავი წყლის ნაკადები იწვევს“. ყოველ ზამთარს მოსინრამის მოსახლეობა (ზამთარი ინდოეთში მშრალი სეზონია, .ა.) წვიმიანი სეზონისთვის მზადებაში ატარებს. პირველი და უმთავრესი საქმეა, სახურავების მომზადება ექვსთვიანი წვიმებისათვის, შემდეგ შეშის დამზადება და საგულდაგულოდ შენახვა (გასათბობად და საჭმლის მოსამზადებლად). ასევე მნიშვნელოვანია, მარცვლეულის წინასწარ მომარაგება, რადგან წვიმების დროს, ძალიან ძნელია სადმე საყიდლებზე წასვლა. გზები და მდინარეები ამის საშუალებას არ იძლევიან. განსაკუთრებით ძნელია მაისი-ივლისის პერიოდი, როდესაც ცა მუდმივად მძიმე ღრუბლებით არის დაფარული, ხოლო ტროპიკული წვიმა დღეში რამდენჯერმე მოდის.

 

სოფელი მოსინრამი, ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლა, 1400 მ-ზე მდებარეობს (დაახლ. ჩვენი კოჯრის ან საბადურის სიმაღლეზე). სოფლის ტერიტორიაზე უამრავი მდინარე, ნაკადული და ჩანჩქერი ჩამოდის. აქაური ქალების ერთ-ერთი მთავარი საქმე წვიმისგან დამცავი საფრის, ე.წ. „კნუპის“ დამზადებაა. კნუპის გასაკეთებლად საჭიროა ბამბუკის ნაჭრები-ნაფოტები, ბანანის ფოთლები (ან პლასტმასის ნაჭრები) და განსაკუთრებული ბალახი (ე.წ. „ცოცხის ბალახი“), რომლის მეშვეობითაც ადგილობრივები, კუს ბაკნის მსგავს, ქუდისმაგვარ საკმაოდ დიდი ზომის თავსაფარს ამზადებენ.

 

სამოცდაათი წლის ქ-ნი პდაჰ, ძირითადად სწორედ ამ საქმით არის დაკავებული და მშრალი სეზონის დიდ ნაწილს, იანვარი-მარტის თვეებში, ბამბუკის კალათებს, ცოცხებსა და კნუპებს ამზადებს, რომლებსაც შემდგომ, მეგალაიას შტატის სხვა ქალაქებიდან ჩამოსული ვაჭრები ან ტურისტები ყიდულობენ. შტატში ყველგან უხვად წვიმს, ხოლო მოსინრამის კნუპები საუკეთესოდ ითვლება…

 

„არ მიყვარს ეს გადაბმული წვიმები. მოსაწყენია მთელი დღე სახლში ჯდომა“, ამბობს ქ-ნი პდაჰ. „სამწუხაროდ, მზე იშვიათად ჩნდება-ხოლმე. თუ ელექტრობა არ არის, სახლში ბინდია, დღის საათებშიც კი“, გვეუბნება ნი მუნსტარ მარბანიანგი, ზოლიან პიჟამაში გამოწყობილი სოფლის თავი. „ხალხი, რომლებსაც სხვაგან მეორე სახლი ან ბინა აქვთ, როგორც წესი, მუსონის სეზონის დროს იქ გადადიან. სხვები, წვიმიან დროს ძილში ატარებენ“, აგრძელებს ნი მუნსტარი (moonstar, ინგლ. „მთვარის ვარსკვლავი“), რომლის სახელიც მიგვინიშნებს, რომ ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ბრიტანული კოლონიური ეპოქიდან კიდევ ბევრი რამ არის შემორჩენილი.

 

მეგალაიას შტატი, ისევე როგორც აღმოსავლეთ ინდოეთის სხვა შტატები, ასამი, სიკიმი, არუნაჩალპრადეში, მანიპური, მეგალაია, მიზორამი, ნაგალენდი და ტრიპურა ინდოეთის საკმაოდ განსხვავებული ნაწილია, რადგან აქ მოსახლეობის ეთნიკური და ლინგვისტური შემადგენლობა, რბილად რომ ვთქვათ, იმდენად ჭრელია, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთის ზოგიერთ შტატში ოფიციალურ ენად ინგლისურია დადგენილი (არუნაჩალპრადეში, მეგალაია, ნაგალენდი და ტრიპურა), რადგან მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა არ იცის იდოეთის სხვა „დიდი“ ოფიციალური ენები – ჰინდი, ასამური ან ბენგალური.

 

საინტერსო ფაქტია, რომ კოლონიალურ დროს, როდესაც ინდოეთი დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში შედიოდა, მეგალაიას შტატის დედაქალაქს, შილონგს, თავისებური ლანდშაფტისა და უხვწვიმიანი კლიმატის გამო „აღმოსავლეთის შოტლანდიას“ უწოდებდნენ. საკუთრივ შტატის დასახელება, „მე(ი)გა(ე)ლაია“, სანსკრიტზე „ღრუბლების სავანეს“ ნიშნავს.

 

„წვიმამ მიგვაჩვია, რომ ხმამაღლა უნდა ვილაპარაკოთ. ეს ხომ წყლისა და ღრუბლების საცხოვრებელია“, იცინის 67 წლის ნი მარბანიანგი. მუსონის სეზონის დამთავრებისას სოფელში დღესასწაულს არ აღნიშნავენ. „წვიმის შემდეგ პირდაპირ იწყება სარემონტო პერიოდი. უამრავი რამ არის შესაკეთებელი… პირველი, რასაც ვაკეთებთ, წვიმების შემდეგ არის ის, რომ 6-თვიანი ნესტის შემდეგ მზეს ვეფიცხებით და ნესტიან ტანსაცმელს მზეზე ვაშრობთ“, გვიღიმის ნი მუნსტარ მარბანიანგი, მსოფლიოს ყველაზე წვიმიანი სოფლის თავი. „არსად არ ვაპირებ წასვლას. ეს ჩემი სახლია, აქ დავიბადე და აქვე მინდა მოვკვდე. დიახ, აქ ძალიან ბევრს წვიმს, მაგრამ ჩვენ ამას უკვე შეჩვეული ვართ. ერთიღა დაგვრჩენია – დაველოდოთ, როდის გადაიღებს წვიმა“.

 

მოამზადა ლევან ალფაიძემ

წყარო: https://phys.org/news/2013-07-life-spent-wettest-earth.html

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი