პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

წერილი გარდაცვლილებს

ხშირად, როცა თაობებს შორის მსგავსება-განსხვავებაზე ვფიქრობ, მგონია, რომ ჩვენი და, მაგალითად, ჩვენი მშობლების თაობა ერთმანეთისგან ავტორიტეტების არსებობით განსხვავდება. დიახ, წინა თაობას მეტი ჰყავდა ისეთი ადამიანი, ვისი ცხოვრებაც სამაგალითოდ მიაჩნდა, ვისაც უპირობოდ სცემდა პატივს, ვის სიტყვასაც იოლად იჯერებდა. ახლა ასე აღარ არის, რაშიც ალბათ ლომის წილი ინტერნეტს უდევს. ახლა შეგიძლია, ნებისმიერი ადამიანი, ვინც გაინტერესებს, სოციალურ ქსელში იპოვო, თვალი ადევნო და მის ძლიერ მხარეებთან ერთად სუსტებიც დაინახო, ხელშესახები და განხილვადი გახადო, დაელაპარაკო, ხმა მიაწვდინო. მიუწვდომლობისა და განსაკუთრებულობის საბურველის გარეშე კი ყველა ადამიანი ადამიანია, რომელიც უფრო შენნაირია, ვიდრე განსხვავებული. ასე კვდება ავტორიტეტი, ქრება დისტანცია.

ჩემი თეორიის საბუთად არაერთი მაგალითის მოყვანა შემიძლია, მაგრამ ამჯერად ერთზე მოგიყვებით.

წერილი გარდაცვლილ ხალხს [ https://www.facebook.com/letterstodeadpeople ] – ასე ჰქვია პროექტს, რომელიც ინტერნეტში 2009 წლიდან დღემდე მიმდინარეობს და მასში ჩართული ადამიანები ცნობილ გარდაცვლილებს მოკლე ღია ბარათებს სწერენ.

„ნელსონ მანდელა, ბავშვობიდან მესმოდა, რომ ძალიან მაგარი ტიპი იყავი, მაგრამ არასოდეს მომისმენია, რამ გაქცია ასეთად”.
„ძვირფასო ფრენკ სინატრა, განგსტერებსაც უყვართ მუსიკა”.
„ედუარდ მუნკ, რა გაყვირებდათ?”
„კაზანოვა, შეგიძლია თქვა, რამდენი ქალის გული მოინადირე?”
ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ მოკლე, ოდნავ ფამილარული წერილებისა, რომლებსაც სხვადასხვა ასაკის, ეროვნებისა და ინტერესების ადამიანები სწერენ გარდაცვლილებს. ასეთი ბარათი ათასობითაა და მათი კითხვა მშვენიერი თავშესაქცევია მათთვის, ვისაც აინტერესებს, როგორ ხდება დროთა განმავლობაში ამა თუ იმ ადამიანის ცხოვრების გადაფასება, როგორ იხსნება ბარიერები და ჩნდება კითხვები. ამ ბარათების ანალოგიით რამდენიმე წერილს ვწერ მათ, ვისაც არ ვიცნობდი, ვინც ცოცხალი აღარ არის და ვის შესახებაც, მიზეზთა გამო, ხშირად ვფიქრობ.
წერილი I
გურამ რჩეულიშვილს

ძვირფასო გურამ, ბავშვობაში დედა მიყვებოდა ბიჭზე, რომელიც მძიმე ჩექმებით (ბათინკებით) და მკერდზე შეხსნილი პერანგით, გამორჩეული სიარულის მანერით იქცევდა გარშემო მყოფთა ყურადღებას. ეს ფეხსაცმელი მისთვის ქალაქში მთასთან დამაკავშირებელი ელემენტი იყო. ამ ბიჭმა, ძლიერმა და უშიშარმა, ერთ ღამესაც თურმე ლენინის ძეგლს ესროლა. ასეთი რამ მაშინ არ ხდებოდა, იმპერია ხალხისგან მონურ მორჩილებას, ბელადების პატივისცემას მოითხოვდა. რუსი გოგოს გადარჩენისას დაიღუპა, – ამბობდა დედა, – ოჰ, ეს რუსი ქალებიო…

ცოცხალი რომ იყოთ, 80 წლის იქნებოდით და ძალიან გეწყინებოდათ იმის დანახვა, რომ ჩვენთან ისევ უსიტყვოდ ემონებიან ბელადს. მას არა – სხვას, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს; ხალხმა ისევ ვერ ისწავლა საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება, დამოუკიდებლად აზროვნება. მთებში ახლა მეტი ხალხი დადის. ეს კარგია, მაგრამ ისინი მთას და, საზოგადოდ, გარემოს უფრო ნაკლებ პატივს სცემენ, ყველა ტურისტულად აქტიური ადგილი ნაგვითაა სავსე. გაგრაში რუსი გოგოები ისევ ისვენებენ, მაგრამ კანტიკუნტად. აფხაზეთი ახლა დე ფაქტო ავტონომიური რესპუბლიკაა, რომელიც, რაც დრო გადის, უფრო და უფრო უცხო ხდება ჩვენთვის. ალბათ ესეც გეწყინებოდათ…

წერილი II
ანატორის აკლდამაში „მცხოვრებ” ქალს, რომელიც, თქმულების თანახმად, ბავშვითურთ წავიდა იქ ჟამიანობისას

შენი სახელი არ ვიცი. არც ის ვიცი, შენი ამბავი მართალია თუ არა. ამბობენ, რომ სოფელი ჟამიანობისას დატოვე პატარა შვილთან ერთად, რომელიც აკვნით წაიყვანე აკლდამაში. ჩემი სოფელი ახლოს არის იმ სოფელთან, სადაც ალბათ შენ ცხოვრობდი აკლდამაში გადასახლებამდე. ჩემი სოფელი ახლა უდაბური და მიტოვებულია, იქ აღარავინ ცხოვრობს, გარდა ჩემი და ჩემნაირების მოგონებებისა. იქაურობა სწორედ ეგეთი ამბებისა და ლეგენდების გამო მიყვარს. მგონია, რომ წინათ იქ უფრო შეგნებული ხალხი ცხოვრობდა, ვიდრე ახლა, მეტად ზრუნავდნენ გარშემო მყოფებსა და გარემოზე, ვიდრე ახლა, მაგრამ ვინ იცის.

მეც მყავს შვილები და მას შემდეგ, რაც ისინი გაჩნდნენ ჩემს ცხოვრებაში, უფრო ხშირად ვფიქრობ შენზე როგორც გმირზე, რომელიც შვილითურთ მარტო წავიდა სიკვდილთან შესახვედრად. ვფიქრობ იმაზე, როგორი იქნებოდა შენი ცხოვრება, ახლა რომ გეცხოვრა, როცა ადამიანები შავი ჭირის გამო აკლდამებში აღარ მიდიან, მაგრამ სხვა პრობლემების წინაშე ისეთივე უსუსურები ვართ, როგორიც ალბათ შენ იყავი შვილის ავადმყოფობისას. მაგალითად, მე გამუდმებით მქენჯნის სინდისი იმის გამო, რომ ჩემს შვილებთან იმაზე ათჯერ ნაკლებ დროს ვატარებ, ვიდრე სამსახურებში. სხვებს წამლისა და თბილი ფეხსაცმლის ფული არ აქვთ, კიდევ სხვები ტყვიების ზუზუნში ან ლტოლვილის სტატუსით ზრდიან ბავშვებს…
წერილი III
შუშანიკ წამებულს
შუშანიკ, ეკლესიისთვის შენ წმინდანი ხარ, ლიტერატურათმცოდნეებისთვის – ლიტერატურული გმირი, ჩემთვის კი ქალი, რომელიც 15 საუკუნის წინ იმავეს ამბობდა, რასაც ჩვენ ვამბობთ დღეს, ამავე ქვეყანაში მცხოვრები ის ქალები, ვისთვისაც მიუღებელია ქალის შეურაცხყოფა, მისი არათანაბარ პირობებში ჩაყენება, საკუთარი აზრის ქონისთვის ცემა და განკვეთა; ქალი, რომელიც ისევე შეუპოვრად იბრძოდა საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებისთვის, როგორი სიმტკიცეც ჩვენ გვმართებს ძალადობის ფაქტების შესამცირებლად და გენდერული თანასწორობის მოსაპოვებლად.
წერილი IV
ასტრიდ ლინდგრენს
ბავშვობიდან მინდოდა, შენთვის მომეწერა და დარწმუნებული ვიყავი, რომელ ენაზეც არ უნდა ყოფილიყო ეს წერილი, წაიკითხავდი და გაიგებდი. დღემდე მგონია, რომ დედამიწის ზურგზე ყველაზე უკეთ შენ გესმოდა პატარების და თუ რამე კარგი მოგონება გამომყვა ბავშვობიდან, შენი წიგნებით გამოწვეული ემოციაა. ამ ზაფხულს ბინა გამოვიცვალეთ, ახალ ბინაში გადასვლისას ერთ-ერთმა დამხმარემ შენი წიგნი შენიშნა, აიღო და მოეფერა. ჰო, მოეფერა. ნამუშევარ, დაღარულ, მტვრიან ხელებს უსვამდა და ამბობდა, სკოლაში არაფერი მისწავლია, ერთი წიგნიც არ წამიკითხავს, მარტო ეს მიყვარდაო. იმ წიგნში ემილი, ბიულერბიუელი და სალტკროკელი ბავშვები ცხოვრობენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი