პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ახალგაზრდების პრობლემები

მაგისტრატურაში სწავლის პერიოდში ერთ-ერთ ლექციაზე, რომელსაც რამდენიმე გადაღლილი, სამსახურიდან მომავალი გოგონა ვესწრებოდით, ლექტორმა, რომელიც იმ დროისთვის თავისი საგნის უბადლო სპეციალისტი, ოთხი შვილის დედა და რამდენიმე შვილიშვილის ბებია იყო, თანაგრძნობით გადმოგვხედა და გვითხრა: „ხომ ამბობენ, მოხუცია ცოდო, განსაკუთრებული მოპყრობა სჭირდება, ბავშვია სათუთი, მასთან ფრთხილად უნდა მოიქცე და ა.შ. – მე თქვენ მეცოდებით, ახალგაზრდები. ისეთი რთულია თქვენი ცხოვრება, იმდენი სტრესის გადატანა გიწევთ: ახლა იწყებთ მუშაობას, ვიღაც უფროსის და რაღაც სისტემის წესებს უნდა აუღოთ ალღო და მიეჩვიოთ; ახლა მოგწონთ ბიჭები, რომლებსაც, სავარაუდოდ, არც ისე კარგად ესმით თქვენი, თქვენ კი მათთან ყოფნას არაფერი გირჩევნიათ; ახლა უნდა ისწავლოთ ყველაზე მეტი, იმიტომ რომ მერე ამისთვის დრო არ გექნებათ, ცოდნის გარეშე კი ცხოვრება უფრო მძიმეა; გყავთ მშობლები, რომლებიც თქვენგან საოცრებებს ელიან, კონკრეტულ ქცევებს გკარნახობენ და თუ მათ რჩევას არ მიჰყევით, თავიანთი უკმაყოფილებით ხასიათს გიფუჭებენ; ბევრ ადამიანთან გიწევთ ურთიერთობა და შეიძლება, ისინი ჩათვალოთ მეგობრებად, ვინც სულაც არ არის თქვენი გულშემატკივარი… არ არის ადვილი, სულით და გულით მეცოდებით. ყველაზე რთული ახალგაზრდის ცხოვრებაა, ყველაზე რთული ცხოვრების ეს ეტაპია…” მახსოვს, როგორ გამიჭირდა იმ დილით საწოლიდან ადგომა, იმიტომ რომ გვიანობამდე ვმუშაობდი, არც საგანი მქონდა მაინცდამაინც კარგად ნასწავლი და ლექციაზე მისვლაც მეზარებოდა, სიმართლე რომ ითქვას. მახსოვს, როგორ გამიკვირდა ლექტორის თანაგრძნობა – არ ვართ უფროსებისგან ასეთ გაგებას ნაჩვევები, უფროსი თაობა ხომ, როგორც წესი, იმას ჩივის, რა ცუდად იქცევიან ახალგაზრდები. დღემდე, როცა ერთი სამსახურიდან მეორეში მივდივარ, ჩემ შვილებს საკმარის დროს ვერ ვუთმობ, საკუთარი თავისა და სასიამოვნო ამბებისთვის ვერ ვიცლი, რაღაც მაღიზიანებს, რაღაცას ვერ ვასწრებ და ვცდილობ, წონასწორობა არ დავკარგო და წინ სვლა განვაგრძო, სულ ეს სიტყვები ჩამესმის ყურში და ვეთანხმები იმ კარგ, გულისხმიერ ქალს. ნამდვილად არ არის ადვილი ეს ყველაფერი და ვინ იცის, შესაძლოა მართლაც ყველაზე რთული იყოს დალაგების, საკუთარი ადგილის პოვნის, სასიამოვნო და აუცილებელ საქმიანობებს შორის განაწილების ეს ეტაპი. კიდევ უფრო რთულია, როცა პირად ვნებებს მძიმე ამბები უდევს ფონად, როცა გარემოში, სადაც ცხოვრობ, თავს არაკომფორტულად და დაუცველად გრძნობ.

ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი შემზარავი ამბავი მოხდა – კახეთში მოსწავლე გოგონა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა მისივე თანასკოლელების მხრიდან. მსხვერპლთან შეხვედრას დღემდე ვერ ახერხებენ სოციალური მუშაკები, მშობლები კი მას სკოლაში დაბრუნებას და გაკვეთილებზე სიარულს აიძულებენ.

ამ ამბამდე ერთი კარგი ფოტოგრაფის ფოტო გავრცელდა, კახეთში გადაღებული ქორწილისა – 17 წლის პატარძალს, ლამაზს და მშვენიერს, თეთრ კაბაში გამოწყობილს, ხელში ფული ჩაუბღუჯავს და ცრემლები მოსდის – ამ დღეს მან პირველად ნახა თავისი მომავალი ქმარი. ამ დღეს გოგონა ვიღაცის ნებით გამოეთხოვა ბავშვობას და ოჯახურ ცხოვრებაში ჩაება. ვინ იცის, როგორი იქნება მომავალი, რომელიც მას არ აურჩევია.

ასეთი ამბები, სამწუხაროდ, ბევრია. ჩვენ ვლაპარაკობთ, ვწერთ, ვითვლით, აღშფოთებას ვერ ვმალავთ, ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტ ხალხს მივაწვდინოთ ხმა და ავუსხნათ, რომ ძალადობა დანაშაულია, რომ ნაადრევი ქორწინება დაუშვებელია, ძალადობის მსხვერპლს შესაბამისი რეაბილიტაცია სჭირდება, გვინდა, რაც შეიძლება მეტმა გოგონამ და ქალმა დაძლიოს უხერხულობისა და სირცხვილის გრძნობა და დააღწიოს თავი ძალადობრივ გარემოს, მაგრამ კონკრეტულ მსხვერპლებს ვერაფერს ვშველით. ისინი მაინც განიცდიან ძალადობას ოჯახის წევრების, მასწავლებლების, მეზობლების, ნათესავების, საზოგადოების მხრიდან და არა მხოლოდ ცალკეული პირები, არამედ სახელმწიფოც ვერ ახერხებს მათ დაცვას. ვერ ახერხებს აამოქმედოს კანონი, რომლითაც არასწრულწლოვანის ქორწინება დანაშაულია, მსხვერპლს კი სოციალური მუშაკის დახმარება გარანტირებული უნდა ჰქონდეს.

ძნელია ამ მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნა, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი: თუ ჩემი ლექტორისნაირი ბევრი მასწავლებელი იარსებებს, რომელიც შეძლებს საკუთარის მაგივრად სხვების პრობლემებზე ფოკუსირებას, გულწრფელ თანაგრძნობას გამოხატავს გარშემო მყოფების მიმართ, მეტს ეყოფა ძალა, სათანადოდ უპასუხოს ცხოვრების გამოწვევებს, არ შეშინდეს, არ დაკარგოს საკუთარი თავის რწმენა და ადამიანთა ნდობა.
ფოტო: დარო სულაკაური

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი