პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

განსხვავებული ხედვა ჩრდილოეთის ხალხების შესახებ

ალბათ თქვენც წაგიკითხავთ უმაღლესი კლასის ქართული საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ახალი ამბები, რომლებიც იდუმალი და შიშისმომგვრელი სათაურებით გამოირჩევიან  – „ჩეჩნები საქართველოში ვაჰაბიტ მებრძოლებს წვრთნიან ?!”, „კავკასიის ემირატი პანკისში შემოჭრას გეგმავს”, „საქართველოს საზღვარი შესაძლოა „ბოევიკებმა” გადმოლახონ”. ამგვარი წინადადებებისა და დაუდასტურებელი ცნობების ტირაჟირებით ჩვენს საზოგადოებაში კარგად დამკვიდრებული მანკიერი სტერეოტიპები კიდევ უფრო მეტად ძლიერდებიან. შედეგად, ნაკლებად გათვითცნობიერებული მოქალაქეებისათვის ვაინახები და ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები სხვა ხალხები, მხოლოდ და მხოლოდ, ექსტრემისტულ დაჯგუფებებთან და რადიკალურ ისლამისტურ ორგნიზაციებთან ასოცირდებიან. ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი შეფასება ყოველთვის მცდარი დასკვნის გამოტანისკენ გვიბიძგებს ხოლმე. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ აღნიშნულ საკითხსაც განსხვავებული პერსპექტივიდან, სხვა რაკურსიდან შევავლოთ თვალი. შევეცდები რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოებისა და საინტერესო ამბის გამოკვეთას, რომლებიც ისლამოფობიის გამოვლინებათა შესასუსტებლად ალბათ სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოებშიც უნდა ხვდებოდეს.

დავიწყოთ რომანტიკული თავგადასავლით. ხანდახან ეშლებათ და ამტკიცებენ, რომ ქართული ემიგრაციის ისტორიის კვლევის დაწყება პირველი რესპუბლიკის დაცემის შემდგომი პერიოდიდან არის უმჯობესი. არადა, მნიშვნელოვანი მოღვაწეების ქვეყნიდან მოსობრივი გადინება გაცილებით ადრე დაიწყო.  ქართული ემიგრაციის წარმომადგენლები მეოცე საუკუნის დასაწყისიდანვე ცდილობდნენ ჩვენი საზოგადოების ინტერესების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას. შეიძლება ითქვას, რომ პირველად მსოფლიო პოლიტიკის ლიდერ სახელმწიფოებთან და მათ უმაღლეს წარმომადგენლებთან  სერიოზული კავშირი ვასო დუმბაძემ და გიორგი მაჩაბელმა დაამყარეს. ისინი ქართველი ნაციონალისტები იყვნენ და საქართველოს დამოუკიდებლობის იდეისთვის იბრძოდნენ. მაჩაბელი გერმანიის რაიხთან და ჰოჰენცოლერებთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, დუმბაძე კი რუსეთის იმპერიის დასასუსტებლად არ იშურებდა ძალ-ღონეს (მასზე ამბობენ, რომ სამხედრო სამინისტროს რუსული ზარბაზნებისთვის შეუფერებელი ზომის ჭურვები მიჰყიდაო). რა იყო მათი მიზანი? პირველ მსოფლიო ომში გერმანიის გამარჯვების შემთხვევაში დუმბაძე და მაჩაბელი კავკასიის გათავისუფლებასა და საერთო კავკასიური სახელმწიფოს დაარსებას  გეგმავდნენ.  სახელმწიფო ქართული, სომხურ-თათრული და მთიელთა თანასწორუფლებიანი ერთეულებისგან უნდა ჩამოყალიბებულიყო. სახელმწიფოს მეთაურად გერმანიის კაიზერის ვაჟი და მასზე დაქორწინებული ქართველი არისტოკრატი უნდა გამოეცხადებინათ. ამ ამბავში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ქართველი მოაზროვნეები მხოლოდ თავიანთი ქვეყნის სახელმწიფოებრიობისათვის არ იბრძოდნენ, მათ არალოგიკურად და შეუძლებლად მიაჩნდათ კავკასიის დანაწევრება, მისი სხვადასხვა ნაწილის დამოუკიდებლად განვითარება. მათთვის ჩრდილოეთის ხალხები ერთიანი კავკასიური სივრცის  განუყოფელ და თანასწორ მდგენელებს წარმოადგენდნენ. რომანტიკული გეგმა გერმანიის ომში დამარცხებამ სამუდამოდ დაასამარა.

 

თუმცა, კავკასიის გადაღმა მცხოვრებმა ერებმა მაინც მოახერხეს მობილიზება, ორგანიზება და დემოკრატიული საპარლამენტო სახელმწიფოს დაფუძნება. 1918 წლის 11 მაისს კავკასიის მთიელთა რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოცხადდა.  კავკასიელ ხალხთა პოლიტიკური ლიდერებისგან შემდგარი მთავრობა ოფიციალურად  საქართველოში, ბათუმში ჩამოყალიბდა და წარსდგა ზღვისპირა ქალაქში გამოგზავნილი თურქული და გერმანული დელეგაციების წინაშე. ალბათ არ გაგიჭირდებათ იმის გამოცნობა, თუ რომელმა სახელმწიფომ აღიარა ერთ-ერთმა პირველმა მთიელთა რესპუბლიკის სუვერენიტეტი. მაშინდელი ქართული დიპლომატიის მთავარი ვარსკვლავი, ზურაბ ავალიშვილი ბათუმში შეკრებილ დელეგაციებთან მოლაპარაკებების დროს ჩრდილოელთა მთავარი კონსულტანტი და გულშემატკივარი იყო. იმიერკავკასიელთა საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიდარ ბამატოვიც თბილისში ცხოვრობდა და მუშაობდა, საქართველოს დედაქალაქიდან ცდილობდა თავისი ქვეყნის ინტერესების დაცვას, ასე უფრო მარტივი და მოსახერხებელი იყო.

 

მთიელთა რესპუბლიკამ უამრავი ქარტეხილი გადაიტანა საკუთარ თავზე. „წითელ” და „თეთრ” არმიებს შორის ყველაზე სისხლიანი შეტაკებები სწორედ ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე წარიმართა. ლტოლვილთა და მთავრობის რეპრესირებულ წარმომადგენელთა მთავარი მასპინძელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა იყო. რატომ ? ქართველმა სოციალისტებმა ყველაზე უკეთ იცოდნენ თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისათვის ჩრდილოეთ კავკასიაში დემოკრატიული საპარლამენტო რესპუბლიკის არსებობას, რამდენად სასარგებლო შეიძლება აღმოჩენილიყო ჩეჩნურ-დაღესტნური ნავთობის სარეწები საერთო საქმისათვის, რამდენად მჭიდროდ იყო დაკავშირებული ერთი რესპუბლიკის დამოუკიდებლობა მეორე სახელმწიფოს თავისუფლებასთან.

საქართველოში მცხოვრები და მოღვაწე თანამედროვე ჩეჩნების შესახებაც შეგვიძლია ვთქვათ რამდენიმე სიტყვა. თუ ხარისხიანი ბიბლიოთეკებისა და წიგნთსაცავების ახალი გამოცემების თაროს დააკვირდებით აუცილებლად აღმოაჩენთ ერთ საინტერესო, შავყდიან წიგნს- „აბრაგები”. წიგნის ავტორი გახლავთ პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრი ბატონი ხასო ხანგოშვილი, რომელიც განსაკუთრებული ოსტატობით ახერხებს ხალხთა შორის სოლიდარობის მაგალითების ზედმიწევნით ზუსტად აღწერას. წიგნში აღწერილი თანადგომისა და თანაგრძნობის პრეზენდენტები ალბათ მშვიდობის მშენებლობის საუკეთესო მაგალითებად უნდა მივიჩნიოთ.
დღეს ჩვენი რეგიონი საბედისწეროდ დანაწევრებულია, კავკასიელი ხალხები ურთიერთგანსხვავებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეალობაში ვაგრძელებთ არსებობას. არავინ ვიცით წინ რა მოგველის. რაც არ უნდა მოხდეს ერთი რამ დღესავით ნათელია, ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ერთიანი კულტურული სივრცისთვის ზრუნვის მიზანი და ძველებურად შევინარჩუნოთ ურთიერთპატივისცემის გრძნობა. აღნიშნულ გზაზე პირველი ნაბიჯი კი სტერეოტიპების დამარცხება და ნებისმიერი საკითხის მრავალფეროვანი პერსპექტივიდან აღქმა გახლავთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი