ოთხშაბათი, ნოემბერი 30, 2022
30 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2022

ბრძოლა საავადმყოფოს გადასარჩენად

შედარებითი პარტიული პოლიტიკა პოლიტიკის მეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე მოკრძალებული და ნაკლებად პოპულარული დარგია. სტუდენტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით სპეციალიზაცია მათ თვალსაწიერს დაავიწროებს და შედეგად ყველაზე აქტუალური საკითხების განხილვას მოწყდებიან. ჩემი გამოცდილება სულ სხვა რაიმეს მკარნახობს. პარტიული პოლიტიკის შედარებითი ანალიზის საფუძველზე ევროპის ქვეყნებში მიმდინარე უამრავი უმნიშვნელოვანესი პროცესის აღმოჩენა შევძელი, გავარკვიე, თუ რა ამოძრავებთ ადამიანებს განვითარებული დემოკრატიის მქონე სახელმწიფოებში, რომელი ღირებულებების საფუძველზეა შესაძლებელი ადამიანების დარაზმვა და გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმებზე გავლენის მოპოვება. შედარებითი პარტიული პოლიტიკის ლაბირინთებში მოგზაურების დროს დავრწმუნდი, რომ პატარა რეგიონის მცირერიცხოვანი ქალაქის პრობლემაც კი შეიძლება იქცეს საერთო ეროვნული დისკუსიების საგნად.

პოლიტოლოგები ხშირად იყენებენ ტერმინს „ერთი საკითხის პარტია“ (single-issue party). აღნიშნული ცნებით მოიხსენიებენ იმ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, რომელთაც მოქალაქეები ერთი კონკრეტული საკითხის, პრობლემის გადასაწყვეტად აფუძნებენ. ამგვარ პარტიებს არ აქვთ ყოვლისმომცველი პროგრამა და მათი მიზანი არ გახლავთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს შესახებ მწყობრი ხედვის ჩამოყალიბება. „ერთი საკითხის პარტიები“ თავიანთი მკაფიო, ერთმნიშვნელოვანი მიზნის მიღწევის შემდეგ ან უქმდებიან, ან ტრადიციულ პარტიებად გარდაიქმნებიან. ასეთი ორგანიზაციების შესწავლის საფუძველზე შეგვიძლია მივაკვლიოთ თემებს, რომელთაც პოლიტიკური ელიტა სათანადო ყურადღებას არ აქცევს, მაგრამ ხალხისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. წარმოიდგინეთ, როგორ უნდა აწუხებდეს ადამიანს, ადამიანთა ჯგუფს ერთი, ცალკე აღებული გამოწვევა, რომ მის საპასუხოდ ახალი პოლიტიკური გაერთიანება დააარსოს.

თანამედროვე ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ახალი და წარმატებული single-issue party ნორვეგიაში ჩამოყალიბდა, რაც არაერთი დამკვირვებლის გაოცებას იწვევს. გაკვირვებას მარტივი საფუძველი აქვს, ნორვეგიაში წლებია შედეგიანად ფუნქციონირებს მრავალპარტიული სისტემა. წინა მოწვევის პარლამენტში ცხრა პოლიტიკური პარტია გახლდათ წარმოდგენილი. საკანონმდებლო ორგანო მხოლოდ რაოდენობრივი სიმრავლით არ გამოირჩეოდა. სტორტინგში ნებისმიერი პოლიტიკური გემოვნების მოქალაქეს შეეძლო თავისი ღირებულებების შესაბამისი ძალის აღმოჩენა, უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში კომუნისტებიდან დაწყებული ულტრაკონსერვატორი ქრისტიანებით დასრულებული, ყველა საზოგადოებრივ ტენდენციას ჰქონდა ადგილი დამკვიდრებული. რამ განაპირობა იდეოლოგიურად მრავალფეროვან მულტიპარტიულ ქვეყანაში კიდევ ერთი, ახალი საპარლამენტო პარტიის წარმოშობა?

2017 წელს ჩრდილოეთ ნორვეგიის მეჩხრად დასახლებული ოლქის, ფინმარკის ორ პატარა ქალაქში სამოქალაქო საინიციატივო ჯგუფი დაფუძნდა. ჯგუფის წევრები ქალაქ ალტასა და მის შემოგარენში კარდაკარ დადიოდნენ და ხალხს პოლიტიკოსებისათვის სპეციალური საფოსტო ბარათების გაგზავნას სთავაზობდნენ. საფოსტო ბარათებში ერთადერთი მოთხოვნა გახლდათ ჩამოყალიბებული – ალტელები გადაწყვეტილების მიმღებ პირებს საქალაქო საავადმყოფოს გადარჩენისკენ მოუწოდებდნენ. სამოქალაქო ინიციატივის წევრები საავადმყოფოში შექმნილ ვითარებასაც აპროტესტებდნენ. ისინი უკმაყოფილო იყვნენ სამედიცინო მომსახურების ხარისხით, ყურადღებას ამახვილებდნენ სამედიცინო პერსონალის სიმცირეზე. სწუხდნენ, რომ რიგი სერვისების მისაღებად მეზობელ რეგიონებში უწევდათ გამგზავრება. გარდა ამისა, საფოსტო ბარათების გაგზავნით პროტესტის გამოხატვის იდეის ავტორები მიიჩნევდნენ, რომ სამედიცინო სისტემა სათანადო ყურადღებას არ უთმობდა პაციენტთა ინტერესებსა და უფლებებს. მათთვის კატეგორიულად მიუღებელი გახლდათ პაციენტების ხარჯზე კომერციული თუ ბიუროკრატიული ამოცანების გადაწყვეტა. „Postkortaksjonen“-ის ლიდერები არ ემხრობოდნენ ჯანდაცვის სისტემის ბაზარზე დამოკიდებულების ზრდას.
უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარე ქალაქის მოსახლეობა სამოქალაქო ინიციატივას ენთუზიაზმით გამოეხმაურა. უამრავმა ადამიანმა მართლაც გააგზავნა ოსლოში საპროტესტო საფოსტო ბარათი. თუმცა, პროტესტანტები მალევე მიხვდნენ, რომ ფოსტის საშუალებით ჯანდაცვის სისტემის ხარისხისა და ხელმისაწვდომობის ზრდას, სექტორში საბაზრო ინტერესებზე მაღლა საკუთარი მოთხოვნების დაყენებას ვერ შეძლებდნენ. აქედან გამომდინარე, 2020 წელს დააარსეს ფონდი „ალტას საავადმყოფო პაციენტებზე ფოკუსით“, რომელმაც მიზნის მისაღწევად სისტემური ბრძოლა დაიწყო. ფონდის ეგიდით არაერთი შეხვედრა, დისკუსია, კონფერენცია გაიმართა. შემუშავდა პოლიტიკის დოკუმენტები, პეტიციები, განცხადებები, რათა ქალაქის საავადმყოფოს მოდერნიზებისთვის ბიძგი მიეცათ. ორგანიზაცია მთელ ნორვეგიაში შეუდგა ალტას ჰოსპიტლის მხარდამჭერთა მობილიზებას. ცხადია, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაინტერესდნენ ფონდის მოთხოვნებით, რიგი პრობლემების გადასაწყვეტად თავიანთი წინადადებებიც წარადგინეს, მაგრამ მოძრაობის აქტივისტებისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხზე პასიური გამოხმაურება დამაკმაყოფილებელი არ გახლდათ.

2021 წლის შემოდგომაზე ფონდის წევრებმა არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტეს და დაარეგისტრირეს პარტია „ფოკუსი პაციენტებზე“. პარტიამ საკუთარი საარჩევნო სია ფინმარკის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე, ამომრჩეველთა რაოდენობის თვალსაზრისით ყველაზე უფრო მცირერიცხოვან, ნორვეგიელებითა და ადგილობრივი აბორიგენებით – საამებით დასახლებულ ოლქში წარადგინეს. ჩრდილოეთის რეგიონების პაციენტების დაცვაზე ორიენტირებულ პარტიას საარჩევნო პროგრამაში ერთადერთი მოთხოვნა ჰქონდა ჩამოყალიბებული. ისინი ალტას საავადმყოფოს გადარჩენასა და მის შემადგენლობაში გერიატრიის (მედიცინის მულტიდისციპლინარული ქვედარგი, რომელიც მოხუცების საჭიროებებს იკვლევს და მკურნალობს), სამშობიარო და სასწრაფო დახმარების განყოფილებების გახსნას ითხოვდნენ. ყველასთვის მოულოდნელად პარტიამ ოლქში 12,5%-ის მოპოვება მოახერხა და ერთ საპარლამენტო მანდატს გამოჰკრა ხელი.
2022 წლიდან ნორვეგიის პარლამენტი მთელ ევროპაში მხოლოდ იმით არ არის გამორჩეული, რომ კრებას სათავეში ქურთული წარმოშობის სპარსელი, მასუთ გარახანი უდგას. სტორტინგის უნიკალურობას ირინე ოიალაც განსაზღვრავს, ონკოლოგიური პაციენტი, რომელმაც საკუთარ ქალაქში შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიღება ვერ შეძლო და ამიტომ საფოსტო ბარათებით დაიწყო ბრძოლა უკეთესი, ყველასთვის ხელმისაწვდომი, ბაზარზე ნაკლებად ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემისათვის.
იმედია, დადგება დრო და მსოფლიოს არცერთ კუთხეში არ იარსებებს პაციენტების პარტიის დაფუძნების აუცილებლობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ორი გაფრენა

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი