სამშაბათი, ივლისი 14, 2026
14 ივლისი, სამშაბათი, 2026

პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრის თეორიული მოდელები

წარმოიდგინეთ, რომ მოსწავლეებს ასეთ ამოცანას აძლევთ: „ოთახში ხართ ჩაკეტილი. გასაღები არ გაქვთ. თქვენ გარშემო მხოლოდ ქაღალდი, ფანქარი და პატარა სარკეა. როგორ გამოხვალთ ოთახიდან?“ დიდი ალბათობით, კლასში იმდენი პასუხი გაჩნდება, რამდენი მოსწავლეც გყავთ. ზოგი კარის გაღების პრაქტიკულ გზას მოიფიქრებს, ზოგი დახმარების გამოძახებას ამჯობინებს, ზოგი კი სრულიად მოულოდნელ იდეას შემოგთავაზებთ.

რატომ ხდება ასე? რატომ პოულობს ზოგი მოსწავლე გამოსავალს სწრაფად, ზოგი კი დიდხანს ფიქრობს? რატომ ხედავენ ისინი ერთსა და იმავე პრობლემას სხვადასხვანაირად? რატომ გვთავაზობს ზოგი ორიგინალურ და არასტანდარტულ იდეებს, ზოგი კი ნაცნობ და შაბლონურ გადაწყვეტილებებს? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად საჭიროა იმ სააზროვნო პროცესების განხილვა, რომლებიც პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრის საფუძველს ქმნის.

რა არის პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრა?

პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრა არის უნარი, რომელიც ადამიანს ეხმარება, პრობლემას სხვადასხვა პერსპექტივიდან შეხედოს, წამოაყენოს მრავალფეროვანი და ორიგინალური იდეები, შეაფასოს შესაძლო ალტერნატივები და იპოვოს კონკრეტული სიტუაციისთვის ყველაზე ეფექტიანი გამოსავალი.

ეს უნარი ადამიანს საშუალებას აძლევს, დაინახოს ის შესაძლებლობები, რომლებიც სხვებისთვის შესაძლოა შეუმჩნეველი დარჩეს; დასვას კითხვები იქ, სადაც სხვები მზა პასუხებს ეძებენ; წარმოიდგინოს პრობლემის გადაჭრის ისეთი გზა, რომელიც თავდაპირველად შესაძლოა უცნაური, უჩვეულო ან შეუძლებელიც კი ჩანდეს.

პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრა არ გულისხმობს მხოლოდ „სწორი პასუხის“ პოვნას. ის მოიცავს პრობლემის მრავალმხრივ გააზრებას, სხვადასხვა კუთხით დანახვას, იდეების გენერირებას, მათი სარგებლიანობის შეფასებას და არგუმენტირებული გადაწყვეტილების მიღებას.

მაშასადამე, ეს არის უნარი, როდესაც ადამიანი ერთი და იმავე პრობლემის გადაჭრის პროცესში მონაცვლეობით იყენებს დივერგენტულ და კონვერგენტულ აზროვნებას.

რატომ არის პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრის უნარი მნიშვნელოვანი?

  • იმიტომ, რომ რეალურ ცხოვრებაში კითხვებს ყოველთვის ერთი სწორი პასუხი არ აქვს;
  • იმიტომ, რომ გვაძლევს შესაძლებლობას, ვეძებოთ ალტერნატიული გზები და არ შემოვიფარგლოთ ერთი გამოსავლით;
  • იმიტომ, რომ გვეხმარება ახალი და არასტანდარტული იდეების გენერირებაში;
  • იმიტომ, რომ გვასწავლის იდეების კრიტიკულად შეფასებას და მათი ძლიერი და სუსტი მხარეების დანახვას;
  • იმიტომ, რომ რთულ და გაურკვეველ სიტუაციებში ზრდის ჩვენი გადაწყვეტილებების მოქნილობასა და ეფექტიანობას;
  • იმიტომ, რომ ხელს უწყობს თავდაჯერების, დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობის განვითარებას.

სწორედ ამიტომ თანამედროვე განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, სადაც მოსწავლეებს მხოლოდ მზა პასუხების დამახსოვრებას კი არ მოვთხოვთ, არამედ კითხვების დასმას, იდეების გამოთქმას, შეცდომებზე ფიქრსა და სხვადასხვა გზის გამოცდას შევთავაზებთ.

როგორ შევუწყოთ ხელი მრავალფეროვანი და არაშაბლონური იდეების დაბადებას? როგორ წარვმართოთ სასწავლო პროცესი, რათა ერთი შეხედვით გადაუჭრელი პრობლემა მოსწავლეებმა განსხვავებული კუთხით დაინახონ? რა აზროვნებითი პროცესები უდევს საფუძვლად შემოქმედებით გადაწყვეტილებებს?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემას სხვადასხვა მკვლევარი სხვადასხვა თეორიული მიდგომით ცდილობს. წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრის სამ მნიშვნელოვან მოდელს: გენერაციულობის თეორიას, ოსბორნ-პარნსის პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრის მოდელს და ედვარდ დე ბონოს „აზროვნების ექვსი ქუდის“ მეთოდს. თითოეული მათგანი განსხვავებული პერსპექტივიდან გვიჩვენებს, როგორ იქმნება ახალი იდეები და როგორ შეიძლება მათი გამოყენება პრობლემის გადასაჭრელად.

გენერაციულობის თეორია

ბევრს მიაჩნია, რომ შემოქმედებითი უნარები თანდაყოლილია და მათი გამომუშავება შეუძლებელია, მაგრამ მეცნიერთა დიდი ნაწილი (მაგ., შემოქმედებითობის განვითარების გენერაციულობის თეორია) ამ შეხედულებას არ იზიარებს. გენერაციულობის თეორია გვეუბნება, რომ შემოქმედებით ადამიანებს აქვთ გარკვეული უნარები, რომლებიც დასწავლადია და მათ გამომუშავებაზე შესაძლებელია მუშაობა.

აქედან გამომდინარე, გენერაციულობის თეორია აყალიბებს რამდენიმე ძირითად თეზისს:

  • ყველა ადამიანს აქვს შემოქმედებითი უნარი;
  • შემოქმედებით ადამიანებს განსაკუთრებული უნარ-ჩვევები აქვთ;
  • ყველას შეუძლია ამ უნარ-ჩვევების დასწავლა და ათვისება.

ამ ძირითად თეზისებზე დაყრდნობით გენერაციულობის თეორია გვთავაზობს ოთხ სტრატეგიას შემოქმედებითობის გასაძლიერებლად.

  1. იდეების გენერირება და შენარჩუნება

გენერაციულობის თეორიის მიხედვით, შემოქმედებითი ადამიანები დაჯილდოებულნი არიან მოზღვავებული იდეების შენარჩუნების უნარით. იდეების შენარჩუნების უნარი გულისხმობს სწრაფად და თავისუფლად გენერირებული იდეების „დაჭერას“ და მათ შენარჩუნებაზე ზრუნვას.

  1. გამოწვევებთან გამკლავება

გენერაციულობის თეორიის თანახმად, შემოქმედებით ადამიანებს არ ეშინიათ გამოწვევებისა და მარცხის. გამოწვევის უნარი არის ინდივიდის უნარი, დაუპირისპირდეს სირთულეებს და გამოიყენოს ისინი როგორც განვითარებისა და ინოვაციის შესაძლებლობა. გამოწვევებთან გამკლავება ხელს უწყობს შემოქმედებითი პროცესების გაღრმავებას და მოსწავლეს სტანდარტული მიდგომების გადახედვისა და ახალი გზების ძიებისკენ უბიძგებს.

  1. გაფართოების უნარი

გაფართოების უნარი მოიცავს უკვე არსებული იდეების განვითარებას, მოდიფიცირებას და გაფართოებას ისე, რომ მათგან ახალი, უფრო მდიდარი და მრავალმხრივი იდეები წარმოიშვას. ეს უნარი მნიშვნელოვანია იდეების გადამუშავებისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების ფორმირებისთვის. გაფართოება გულისხმობს იდეების ღრმა ანალიზს და მათი შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებას.

  1. გარემოცვის უნარი

გარემოცვის უნარი დაკავშირებულია იმასთან, რამდენად შეუძლია ინდივიდს, აღიქვას და გამოიყენოს გარემოში არსებული რესურსები და კონტექსტი იდეების მოსაფიქრებლად. მხარდამჭერი და მასტიმულირებელი გარემო ხელს უწყობს იდეების დაბადებას. შესაბამისად, გარემოზე შეგნებული ზემოქმედება შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც შემოქმედებითი პროცესის ხელშემწყობი მნიშვნელოვანი ფაქტორი.

მაშასადამე, გენერაციულობის თეორია მნიშვნელოვანი საფუძველია  პრობლემების შემოქმედებითად გადაჭრის უნარების განვითარების პროცესში.

 

ოსბორნ-პარნსის მოდელი

პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თეორიული საფუძველია ოსბორნ-პარნსის პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრის მოდელი, რომელიც ალექს ოსბორნმა და სიდ პარნსმა შეიმუშავეს და წარმოადგენს შემოქმედებითი აზროვნების სტრუქტურირებულ ფორმატს. აღნიშნული მოდელი ეფუძნება რწმენას, რომ შემოქმედებითობა უნივერსალურია და მის განვითარებას შეიძლება ხელი შეეწყოს მიზანმიმართული სტრატეგიების მეშვეობით.

ოსბორნ-პარნსის მოდელი მოიცავს პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრის ექვს ეტაპს: მიზნის იდენტიფიცირება, ფაქტების ან მონაცემების შეგროვება, პრობლემის განსაზღვრა, იდეების გენერირება, გამოსავლის პოვნა და  მიღებული გადაწყვეტილების დაგეგმვა. თითოეული საფეხური იყოფა დივერგენტულ (იდეების თავისუფალი გენერირება) და კონვერგენტულ (იდეების შეფასება და ფოკუსირება) ფაზებად.

მოდელის თანახმად, პრობლემების ეფექტურად გადაჭრისთვის მნიშვნელოვანია როგორც იდეების გენერირება, ისე მათი შეფასება და ყველაზე რელევანტურზე ფოკუსირება.

 

ედვარდ დე ბონოს „აზროვნების ექვსი ქუდი“

ედვარდ დე ბონომ საფუძველი ჩაუყარა  თეორიას „აზროვნების ექვსი ქუდი“, რომელიც მხარს უჭერს მოსწავლეებში მრავალმხრივი პერსპექტივით განპირობებული აზროვნების განვითარებას. ის ხელს უწყობს ინდივიდებსა და ჯგუფებს პრობლემის გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაუმჯობესებაში.

თეორიაში თითოეულ ქუდს თავისი დანიშნულება და ადგილი აქვს:

თეთრი ქუდი –  ფაქტები, ობიექტურობა, ლოგიკა. ეს ქუდი განსაკუთრებით ღირებულია იმის უზრუნველსაყოფად, რომ გადაწყვეტილებები და სტრატეგიები აგებული იყოს გადამოწმებულ და მიუკერძოებელ ინფორმაციაზე. ამ ეტაპს შეუძლია, საიმედო საფუძვლად დაედოს შემდგომ ქუდებს, რაც უზრუნველყოფს, რომ შემუშავებული სტრატეგიები და გადაწყვეტილებები იყოს არა მხოლოდ კრეატიული და ინოვაციური, არამედ რეალისტური და განხორციელებადიც.

წითელი ქუდი – გრძნობები, სუბიექტურობა, ინსტიქტი. წითელი ქუდის ტიპის აზროვნებაში ჩართულ მოსწავლეებს შეუძლიათ, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი გრძნობები საკითხის მიმართ ლოგიკური გზით მათი ახსნის ან გამართლების გარეშე, რაც გავლენას მოახდენს გადაწყვეტილების წარმატებულობასა თუ წარუმატებლობაზე.

ყვითელი ქუდი – ოპტიმიზმი, პოზიტივი, შესაძლებლობა. აზროვნების ეს ქუდი ეხმარება მოსწავლეებს, შეისწავლონ სიტუაციის დადებითი ასპექტები, ფოკუსირდნენ შესაძლებლობებზე, სარგებელსა და ღირებულებაზე. ყვითელი ქუდი შინაგანი ღირებულებაა, დავაბალანსოთ კრიტიკული ან ნეგატიური აზროვნების ბუნებრივი ტენდენცია, რომელიც ხშირად დომინირებს როგორც ადამიანის გონებაში, ასევე ჯგუფურ დისკუსიებში. პოზიტივის ძიებით ეს ქუდი ხელს უწყობს იმედისა და მოტივაციის განცდის გაღვივებას, რაც შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს ინოვაციების შემოსატანად და პრობლემის შემოქმედებითი გადაჭრისთვის.

შავი ქუდი – საფრთხე, რისკი. შავი ქუდი ხშირად განიხილება როგორც ნეგატიური, მაგრამ ლოგიკური ტიპის სააზროვნო ქუდი. მისი მთავარი მიზანია, წაახალისოს იდეების, სტრატეგიებისა და წინადადებების კრიტიკული შეფასება, რისკებისა და დაბრკოლებების იდენტიფიცირება. შავი ქუდის ეფექტურად გამოყენება გულისხმობს გეგმის ან იდეის უარყოფითი მხარეების ფრთხილ და მეთოდურ შესწავლას. ეს მოიცავს ყველაზე უარესი სცენარის განხილვას, მოსალოდნელი საფრთხის ამოცნობას.

მწვანე ქუდი – შემოქმედებითობა, ფანტაზია და ახალი იდეები. კრეატიული იდეების გასაჩენად მორგებული მწვანე ქუდი ნებისმიერი იდეის განხილვის თავისუფლებას ანიჭებს მოსწავლეს. როდესაც პრობლემის გადაჭრის პროცესში ეს ქუდი აქტიურდება, მოსწავლეები ფიქრობენ თავისუფლად, პრაქტიკულობის შეფასებისა და კრიტიკის გარეშე. ეს არის გონებრივი იერიში, რომლის დროსაც იდეების რაოდენობა და მრავალფეროვნება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე განხორციელებადობა.

ლურჯი ქუდი – პროცესის კონტროლი და კოორდინაცია. ლურჯი ქუდი აზროვნების პროცესის სამართავად გამოიყენება. ეს არის კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ექვსივე სააზროვნო ქუდის მითითებების დაცვას. ლურჯი ქუდის მთავარი მიზანია, შეინარჩუნოს მკაფიო ყურადღება და მიმართულება დისკუსიის ან გადაწყვეტილების მიღების პროცესში.  მისი პერსპექტივიდან აზროვნება პასუხისმგებელია სხვა ქუდების აზროვნებათა შეჯამებასა და სინთეზზე, დასკვნების გამოტანასა და მომდევნო ნაბიჯების დაგეგმვაზე.

ამ თეორიის მთავარი კონცეფციაა,  პრობლემის გადაჭრის პროცესში მოსწავლემ შეძლოს ექვსი განსხვავებული პერსპექტივიდან აზროვნება.

დასკვნის სახით შეგვიძლია თქვათ, რომ პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრა არ არის რიგითი უნარი. ეს არის უნარი, რომელიც განსაზღვრავს, როგორ იფიქრებენ, როგორ იმოქმედებენ და როგორ დაძლევენ გამოწვევებს ადამიანები.

თუ შევძლებთ, ჩვენს მოსწავლეებს განვუვითაროთ მრავალმხრივი პერსპექტივით განპირობებული აზროვნება, ჩვენ გავზრდით დამოუკიდებლად მოაზროვნე ადამიანებს, რომლებიც კი არ ელოდებიან პასუხებს, არამედ თავად ქმნიან მათ.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Espy, L. (2019, July 30). The Osborn-Parnes creative problem-solving process. Project Bliss. https://projectbliss.net/osborn-parnes-creative-problem-solving-process/
  2. P. Guevara. Six Thinking Hats: The concept and application. SafetyCulture. 2023

https://safetyculture.com/topics/six-thinking-hats/

  1. Hamilton College. Can creativity be taught? 2024, January 22

https://www.hamilton.edu/news/stories/can-creativity-be-taught

  1. Robert Epstein. Creativity games for trainers: A handbook of group activities for jumpstarting workplace creativity. McGraw-Hill. 1995
  2. University of California, Berkeley. Creative problem solving: A quick, down-and-dirty handbook. Inclusive Innovation Connector. 2017

https://brdo.berkeley.edu/sites/default/files/cps_handbook.pdf

  1. დ. ჯ. ტრეფინგერი, ს. გ. ისაქსენი, კ. ბრაიან სტიდ-დორვალი. პრობლემების შემოქმედებითად გადაჭრა. გამომცემლობა „დიოგენე“, 2006

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“