ცხოვრების აჩქარებული ტემპი, კომპიუტერული ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის არნახული განვითარება, ინფორმაციის უსაზღვრო ხელმისაწვდომობა, ოჯახებში კითხვის კულტურის მივიწყება ან მთლიანად გაქრობა (ისევ და ისევ ცხოვრების ტემპის გამო), გაჯეტებს მიჯაჭვულობა – ეს იმ მიზეზების მოკლე ჩამონათვალია, რომლებიც უფრო და უფრო გვაშორებს წიგნს. განსაკუთრებით საგრძნობია ეს პრობლემა, როცა დიდტანიანი (ვრცელი) ნაწარმოებების კითხვაზე მიდგება საქმე. ისინიც კი, ვისთვისაც კითხვა უდიდესი სიამოვნება და ყოველდღიური რუტინაა, დროის სიმცირისა და დამღლელი სამუშაოს გამო დიდტანიან ნაწარმოებებს მსუბუქი ჟანრისა და მცირე ზომის ტექსტების კითხვას ამჯობინებენ. ამიტომ ნუ გაგვიკვირდება, თუ მოსწავლეს, რომელსაც დღეში საშუალოდ 4-5 საგანში უწევს საგაკვეთილო მასალის მომზადება, ვრცელი ნაწარმოების გვერდების რაოდენობა აფრთხობს და წინასწარვე განაწყობს მის მიმართ უარყოფითად.
შეიძლება თამამად ითქვას, რომ ვრცელი მხატვრული ტექსტების სწავლება თანამედროვე სკოლის ერთ-ერთი ყველაზე რთული და, ამავე დროს, ყველაზე საინტერესო გამოწვევაა. ამ საკითხს ეხება ჩემი კოლეგა მაია მენაბდეც თავის სტატიაში (იხ. ვრცელი ტექსტები სკოლაში, Maswavlebeli.ge, 11 აგვისტო, 2025).
ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტის ბოლო რედაქციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დიდტანიანი (ვრცელი) ნაწარმოებების რაოდენობა სავალდებულო შესასწავლ ტექსტებს შორის კი არ შემცირდა, პირიქით, გაიზარდა. ბოლო კლასში ორი საკმაოდ ვრცელი რომანი ისწავლება – კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“ და მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“. ამას ემატება არცთუ მცირე ზომის ტექსტები: „სამანიშვილის დედინაცვალი“, „შელოცვა რადიოთი“, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „იგი“, ახლა უკვე ლეო ქიაჩელის „ჰაკი აძბაც“. ეს მაშინ, როცა საათების რაოდენობა ჯერჯერობით უცვლელია. მასწავლებელი რთული ამოცანების წინაშე დგას:
- თუ ყველა დასახელებული ტექსტი შესწავლითი კითხვით, საფუძვლიანად უნდა დამუშავდეს, ეყოფა დრო ამისთვის?
- გამოიჩენენ მოსწავლეები ისეთ ინტერესს ვრცელი ტექსტების მიმართ, რომ მათი დიდი ნაწილი სახლში იკითხონ, თანაც იკითხონ მასწავლებლის მიერ მითითებული კონკრეტული ამოცანებით? ამას ხომ საკმაოდ ბევრი დრო სჭირდება.
- რამდენ ასპექტზე გაამახვილოს მასწავლებელმა ყურადღება ტექსტზე მუშაობისას: ეპოქის კონტექსტზე, პერსონაჟის/პერსონაჟების სახის დინამიკაზე, თხრობის მანერაზე, მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებზე, მარადიულ ღირებულებებსა და თანამედროვე პრობლემებთან კავშირზე, რითაც აქტუალური ხდება ნაწარმოები მოსწავლეებისთვის თუ სხვა მნიშვნელოვან თემებსა და პრობლემებზე (ვრცელი ნაწარმოები უმეტესად პოლითემატურია)? ეს ყველაფერი ხომ ძალიან ბევრ დროს მოითხოვს.
ისევ ვდგებით ლიტერატურის სწავლებაში არსებული მარადიული დილემის წინაშე: რა ჯობს – ვასწავლოთ ბევრი და გადარბენით, ზედაპირულად, თუ შედარებით ცოტა და მრავალწახნაგოვნად, სიღრმისეულად? მეტაფორულად რომ ვთქვათ, მივცეთ ბევრი თევზი თუ მივცეთ ანკესი და ვასწავლოთ თევზაობა?
როგორც ფილოლოგს, კარგად მესმის ჩემი კოლეგების: მტკივნეულია რომელიმე კლასიკურ ნაწარმოებთან შელევა. მაშინ იქნებ სწავლებისადმი მიდგომა მაინც შევცვალოთ?
რა გამოცდილება აქვთ ამ მხრივ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემებს? წამყვან ქვეყნებში, რომლებიც წიგნიერების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევიან და რომელთა გამოცდილებაც, ალბათ, გასათვალისწინებელია, აშკარად შეინიშნება ერთნაირი მიდგომა – ვრცელი ტექსტები არ ისწავლება „შინაარსის მოყოლით“, ისინი ისწავლება ლიტერატურული გამოცდილების მისაღებად, ცხოვრებისეულ კონტექსტთან დასაკავშირებლად, ინტერპრეტაციისა და დიალოგისთვის. მაგალითად, გერმანიაში, სადაც თითოეულ ფედერალურ მიწას შეიძლება საკუთარი პროგრამა ჰქონდეს, სავალდებულო საკითხავი ტექსტების სია არ არსებობს, მათ მხოლოდ სარეკომენდაციო ჩამონათვალი აქვთ და რა წაიკითხოს მოსწავლემ, ამას თავად მასწავლებელი განსაზღვრავს. მიდგომა კი ასეთია: არა ბევრი, არამედ ცოტა და სიღრმისეულად. აქცენტი დაისმის არა შინაარსის ცოდნაზე, არამედ დისკუსიაზე, საკუთარი მოსაზრებების გამოხატვასა და მათ არგუმენტირებულ დაცვაზე, მხატვრულ საშუალებათა კვლევაზე, რასაც შემდგომ მოსწავლეები ესეების, საგაზეთო სტატიების, მხატვრული და ფუნქციური (ანგარიში, რეზიუმე, ოქმი, წერილი, დღიური და ა.შ.) ტექსტების წერისას იყენებენ.
საფრანგეთში მაღალ კლასებში აქცენტი ნაწარმოების ფილოლოგიურ ანალიზზე დაისმის. ამისთვის არ არის აუცილებელი, მოსწავლეებმა დიდტანიანი ნაწარმოები მთლიანად წაიკითხონ (მათ არჩევანი აქვთ), მაგრამ ამ ნაწარმოების ნაწყვეტების სიღრმისეული დამუშავებით ისინი სწვდებიან მწერლის სტილს, ენას, მხატვრულ სამყაროს, თავისუფლად გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას მისი ნაწარმოებებიდან ამოღებული მნიშვნელოვანი ციტატების მიმართ. ხშირად ლიტერატურის გაკვეთილებზე შესწავლილ ტექსტებზე დაყრდნობით იმართება მსჯელობა ისეთ თემებზე, როგორებიცაა „თვითჩაღრმავება / თვითშემეცნება“, „როგორ უხსნიან სიყვარულს“, „ირონია როგორც ლიტერატურული ხერხი“, „თავისუფლება ქცევასა და მანერებში“, „ერთგულება და ღალატი“ და სხვა. ამ თემებს მოსწავლეები განიხილავენ როგორც წარსულის გამოცდილების (ე.წ. სარკმლის პრინციპი), ისე თანამედროვეობის, საკუთარი გამოცდილების (ე.წ. სარკის პრინციპი) კონტექსტში. ამგვარი მუშაობის შედეგად მოსწავლეების დიდ ნაწილს მთელი ტექსტის წაკითხვის სურვილი უჩნდება.
დიდ ბრიტანეთში სასწავლო პროგრამაში მითითებულია აუცილებელი ცოდნა და უნარები, რომლებიც მოსწავლეს უნდა განუვითარდეს ლიტერატურის გაკვეთილებზე და სავალდებულო ლიტერატურის თაობაზე რეკომენდაციებიც არის მოცემული. კერძოდ, პროგრამაში უნდა შედიოდეს შექსპირის რამდენიმე პიესა, XIX საუკუნის რომელიმე რომანი და 1914 წლის შემდეგ შექმნილი ერთი მხატვრული ან დრამატული ნაწარმოები. დანარჩენს თავად მასწავლებელი განსაზღვრავს. ლიტერატურის სწავლების მიზანი ინგლისური ლიტერატურული მემკვიდრეობის სიღრმისეული გააზრებაა, ამიტომ ბრიტანელი მასწავლებლები ორიენტირებულნი არიან არა შესასწავლი ტექსტების რაოდენობაზე, არამედ მათ სიღრმისეულ შესწავლაზე. ისინი დაწყებითი კლასებიდანვე აჩვევენ მოსწავლეებს დამოუკიდებელ და თავისუფალ აზროვნებას. მაგალითად, ანბანის შესწავლისთანავე აწერინებენ თხზულებებს საკუთარ თავზე, ოჯახზე, ახლობელ გარემოზე, შვიდი წლის ასაკში მოსწავლეები ეუფლებიან სიუჟეტის აგების ოსტატობას ზღაპრის მაგალითზე და დამოუკიდებლად წერენ ზღაპრებს. წიგნის კითხვა მათთვის სიამოვნებაა, რადგან არავინ აიძულებს საზეპიროების დასწავლას. გამოცდაზე მათ ეძლევათ იმ ტექსტებით სარგებლობის უფლება, რომლებზეც უნდა იმსჯელონ. სკოლაში ერთი-ორი კლასიკური ტექსტის დამუშავების მაგალითზე ისინი ახერხებენ, გონებით ჩვევად ქცეული მოქმედებები გადაიტანონ ნებისმიერ ტექსტზე – როგორც ნაცნობზე, ისე უცნობზეც.
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის სხვადასხვა შტატს ლიტერატურის სხვადასხვა სტანდარტი აქვს, სავალდებულო ნაწარმოებების ჩამონათვალის ტრადიცია არც ერთ შტატში არ არის შენარჩუნებული. სკოლებს აძლევენ მხოლოდ სარეკომენდაციო ნაწარმოებების სიას (მაგალითად, 10 ნაწარმოები, შერჩეული 10 კრიტერიუმის მიხედვით), რომლებიც აუცილებლად უნდა მოიცავდეს ზოგადსაკაცობრიო თემებს. სწავლება აქაც ვრცელი ნაწარმოებების ნაწყვეტებზეა ფოკუსირებული.
თანამედროვე მოწინავე პედაგოგიური პრაქტიკა ვრცელი ტექსტების სწავლებისას ყველაზე დიდ შეცდომებად მიიჩნევს:
- მხოლოდ შინაარსის გამოკითხვას, რაც კლავს კითხვის მიმართ ინტერესს;
- ყველა ეპიზოდის ერთნაირი სიღრმით სწავლებას;
- მასწავლებლის მონოლოგს;
- მოსწავლეებისგან იმ პასუხების მოთხოვნას, რომლებიც მასწავლებლის გონებაში ღრმად ჩაბეჭდილის იდენტურია.
მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული მიდგომა ასეთია: ჯობს, მოსწავლემ ღრმად გაიაზროს 20 გვერდი, ვიდრე ზედაპირულად -200, – ამიტომ დეტალურად მუშავდება ერთი ეპიზოდი, ერთი დიალოგი, ერთი სიმბოლო, ერთი მეტაფორა. ასეთი მიდგომის წყალობით მოსწავლეს აღარ აშინებს 300-გვერდიანი ტექსტი. მიღებულია ტექსტის დაყოფა აზრობრივ მონაკვეთებად. მაგალითად, ერთი თავი – ერთი საკვანძო შეკითხვა, ერთი ეპიზოდი – ერთი პრობლემა. ხშირად ტექსტს ასწავლიან არა მოქმედების ქრონოლოგიის მიხედვით, არამედ პერსონაჟის სახის დინამიკაზე დაკვირვებით (მაგალითად, როდის ჩნდება არსაკიძე რომანში, როგორ ხდება ის სვეტიცხოვლის დიდი ტაძრის ხუროთმოძღვარი, რა სირთულეებს ლახავს ამ გზაზე, რა არჩევანის წინაშე დგება და ა.შ.) და შინაგანი კონფლიქტის განვითარების კვალდაკვალ.
ასევე გავრცელებული მიდგომაა ტექსტზე მუშაობის დაწყება არა იმაზე ფოკუსირებით, რა მოხდა, არამედ პრობლემური შეკითხვით. მაგალითად: „ამართლებს თუ არა მიზანი ვერაგულ მკვლელობას და თანაც ამ მკვლელობის უცოდველი ხელით აღსრულებას?“ (ეს შეკითხვა წინ უძღვის „დიდოსტატის მარჯვენაში“ ჭიაბერის მკვლელობის მზაკვრული გეგმის განხორციელებას); „არის თუ არა გმირი ყოველთვის მორალური?“ (მაგალითად, ავთანდილი ფატმანთან ურთიერთობისას); „რა უფრო მნიშვნელოვანია – სიყვარული თუ საქმე, რომელმაც შეიძლება უკვდავება მოგიტანოს?“ (არსაკიძის შინაგანი კონფლიქტის ეპიზოდი – სვეტიცხოველი თუ შორენა?).
ტექსტზე მუშაობის პოპულარული მეთოდია „ლიტერატურული წრეები“ (შესაძლოა, შეგხვდეთ ამ სახელწოდებითაც – „კითხვის წრეები“). „ლიტერატურული წრეები“ ერთობლივი საქმიანობის მაგალითია. მოსწავლეთა ჯგუფებში, რომლებშიც შეიძლება (და სასურველიცაა) სხვადასხვა დონისა და შესაძლებლობების მოსწავლეები გაერთიანდნენ, თითოეულს განსხვავებული როლი უნდა დაეკისროს. ეს როლები იცვლება და ყველას ეძლევა საშუალება, სხვადასხვა მიმართულებით მოსინჯოს ძალები.
ლიტერატურული ნაწარმოების შესახებ გამართულ დისკუსიაში მოსწავლეებმა შეიძლება შეასრულონ შემდეგი როლები:
- კრიტიკოსი / კითხვების დამსმელი – სვამს კითხვებს, რომელთა გარშემოც გაიმართება დისკუსია;
- ციტატების შემკრები – ამოკრებს ტექსტიდან მნიშვნელოვან ციტატებს, რომლებიც შეიძლება დისკუსიაში არგუმენტებად გამოდგეს;
- მკვლევარი / ისტორიკოსი – იკვლევს ეპოქას, რომელშიც შეიქმნა ნაწარმოები და/ან ეპოქას, რომელსაც აღწერს ტექსტი;
- კავშირების დამნახველი – მისი მოვალეობაა, მოძებნოს კავშირები ტექსტში ასახულ ამბავსა და თანამედროვეობას შორის;
- ანალიტიკოსი – აანალიზებს / განმარტავს სიმბოლოებს;
- პერსონაჟების ხასიათზე დამკვირვებელი – მსჯელობს პერსონაჟების ხასიათზე, მათი სახის დინამიკაზე, შინაგან კონფლიქტებზე.
როლები შეიძლება შეიცვალოს მიზნისა და ტექსტის/ტექსტის მონაკვეთის შესაბამისად (შესაძლოა, რომელიმე კონკრეტული ტექსტის დამუშავებასა და წარმოდგენას 3-4 როლი დასჭირდეს). ტექსტის კონკრეტული მონაკვეთისთვის მხოლოდ განსაკუთრებით სასარგებლო როლები უნდა შეირჩეს. ვრცელი ტექსტის სხვადასხვა მონაკვეთის დამუშავებისას მოსწავლეებმა სხვადასხვა როლში უნდა მოსინჯონ თავი, რადგან ამ გზით დაგროვილი გამოცდილება მათ ტექსტის შესახებ უფრო მეტი ცოდნის შეძენასა და სხვადასხვა უნარის განვითარებაში დაეხმარება.
ვრცელი ტექსტების სწავლებისას კიდევ ერთი პოპულარული და შედეგიანი მიდგომაა „თანამედროვე პარალელები“. დღეს მოსწავლე ინტერესით ერთვება ტექსტის კითხვაში, როცა შეუძლია, ეს ტექსტი დაუკავშიროს პოპულარულ სერიალებს (მაგალითად, „დიდოსტატის მარჯვენა“ – „სამეფო კარის თამაშებს“), სოციალურ ქსელებში გამართულ პოლემიკას, თანამედროვე პოლიტიკას, ფსიქოლოგიას (მაგალითად, რა ხერხებს მიმართავს „ცნობიერთა დასტაქარი“ ავთანდილი ჯერ ასმათთან, შემდეგ დაბნედილ ტარიელთან ურთიერთობისას და რა შეფასება შეიძლება მიეცეს ამას ფსიქოლოგიის თვალთახედვით).
ძნელია, ერთ სტატიაში ყველა იმ მეთოდზე ვისაუბროთ, რომლებიც ეფექტიანად არის მიჩნეული ვრცელი ტექსტების სწავლებისას, ამიტომ შევეცდებით, ამის შესახებ ინფორმაცია მომდევნო წერილში შემოგთავაზოთ. ასე რომ, გაგრძელება იქნება.
გამოყენებული წყაროები:
* E. Frulla. Making room for BIG books. 2019
* მ. ინასარიძე, მ. ნაჭყებია. მშობლიური ენისა და ლიტერატურის სწავლების თანამედროვე მეთოდები. საიმედო. 2006
* Love Them Well. How to teach English literature in middle and high school [Video]. YouTube. 2024
* მ. მენაბდე. ვრცელი ტექსტები სკოლაში. Mastsavlebeli.ge. 2025


