ოთხშაბათი, ივლისი 15, 2026
15 ივლისი, ოთხშაბათი, 2026

Passive Voice-ის სწავლება  

თანამედროვე უცხოური ენის სწავლების მთავარი გამოწვევა თეორიული ცოდნის პრაქტიკულ, ფუნქციურ უნარებად ქცევაა. მეათე კლასის ენობრივ დონეზე (B1/B2) მოსწავლეები უკვე კარგად ფლობენ საბაზისო გრამატიკულ სტრუქტურებს, თუმცა მათ წინაშე ახალი ბარიერი აღიმართება: ათვისება აკადემიური და ოფიციალური სტილისა, რომელშიც ვნებით გვარს (Passive Voice) ცენტრალური ადგილი უკავია.

ტრადიციული მეთოდოლოგია, რომელიც უმთავრესად წინადადებების მექანიკურ ტრანსფორმაციასა და აქტიურიდან პასიურში გადაყვანის მშრალ ფორმულებზეა ორიენტირებული, ხშირად მარცხდება. მოსწავლეები სწავლობენ წესს, მაგრამ ვერ ხვდებიან მის ფუნქციურ საჭიროებას – რატომ უნდა თქვან „The window was broken“  (ფანჯარა გატყდა), როცა შეუძლიათ თქვან „Someone broke the window“? შედეგად მათი წერითი თუ ზეპირი მეტყველება არაბუნებრივად და ერთფეროვნად ჟღერს.

ვნებითი გვარის აქტუალობა მხოლოდ გრამატიკული წესების ცოდნაში როდი მდგომარეობს; ის მოსწავლეს ასწავლის აქცენტების სწორად დასმას, ინფორმაციით მანიპულირებას, დიპლომატიურ კომუნიკაციას (როცა, მაგალითად, დამნაშავის ვინაობის დაფარვა გვსურს) და ობიექტური, მეცნიერული ტექსტების კონსტრუირებას. სწორედ ამიტომ ამ თემის სწავლებისას კრიტიკულად მნიშვნელოვანია კონტექსტუალიზაცია – მოსწავლემ უნდა დაინახოს, რომ პასიური კონსტრუქცია რეალური ცხოვრებისეული სიტუაციების აღწერის ხელსაწყოა.

სწორედ ამ მიზნით მეათე კლასში ჩავატარე კომპლექსური გაკვეთილი, რომელზეც გრამატიკული სტრუქტურების ათვისება ინტერაქციული თამაშის – „ჯაშუშის ანგარიშის“ (Spy Report) დახმარებით მოხდა.

 

გაკვეთილის მიზნები და შეფასების კრიტერიუმები

გაკვეთილის დაგეგმვისას უმთავრესი იყო ნათელი და მიღწევადი მიზნების დასახვა.

  • მოსწავლეები შეძლებენ მოქმედებით და ვნებით გვარებს შორის სტრუქტურული განსხვავებების იდენტიფიცირებას; სხვადასხვა დროში (Present, Past, Future) ვნებითი გვარის ფორმულების (be + V+II participle) სწორად გამოყენებას წერილობითი და ზეპირი ფორმით.
  • როლური თამაშების კონტექსტში მოსწავლეები შეძლებენ, გააცნობიერონ ვნებითი გვარის პრაგმატული ფუნქცია (მაგალითად, როდის არის მნიშვნელოვანი ყურადღების გადატანა ობიექტზე, მოქმედი პირის ვინაობის დამალვა ან ოფიციალური/დიპლომატიური ტონის შენარჩუნება).
  • ჯგუფური მუშაობის პროცესში მოსწავლეები განივითარებენ გუნდური მუშაობის, როლების განაწილების, სხვისი აზრის მოსმენისა და საერთო გადაწყვეტილების მიღების უნარებს შეზღუდულ დროში.

მოსწავლეთა პროგრესის ობიექტურად შესაფასებლად გამოვიყენე წინასწარ შემუშავებული რუბრიკა, რომელიც აფასებდა ისეთ კრიტერიუმებს, როგორებიცაა გრამატიკული სიზუსტე, სტილებრივი რეგისტრი, თანამშრომლობა და როლური სიმულაცია, სინთეზი და რეფლექსია.

 

გაკვეთილის მსვლელობა

იმისთვის, რომ გრამატიკული სტრუქტურა მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოს ფურცლებზე დაბეჭდილ წესებად არ დარჩენილიყო, გადავწყვიტე, გაკვეთილზე კომუნიკაციური მეთოდოლოგია, კერძოდ, როლური თამაში (Role-playing) გამომეყენებინა. როლური თამაში საშუალებას აძლევს მეათეკლასელს, მოირგოს კონკრეტული სოციალური როლი, ჩაერთოს სიმულაციურ რეალობაში და გრამატიკა გამოიყენოს არა მიზნად, არამედ მიზნის მიღწევის საშუალებად.

როლურმა თამაშებმა გაკვეთილზე შექმნა ბუნებრივი საჭიროება იმისა, რომ აქცენტი მოქმედი პირიდან (Subject) თავად მოქმედებაზე ან ობიექტზე (Object) გადატანილიყო. კლასი დაიყო მცირე ჯგუფებად და თითოეულ მათგანს გადაეცა სპეციალური სცენარი, რომელშიც წარმატებული კომუნიკაცია პირდაპირ იყო დამოკიდებული ვნებითი გვარის სწორ და მიზანმიმართულ გამოყენებაზე.

 

გაკვეთილის გეგმის სტრუქტურა

 

  • აქტივობა 1: გონებრივი იერიში და წესის ერთობლივი „აღმოჩენა“. როლურ თამაშზე გადასვლამდე აუცილებელი იყო, მოსწავლეებს გაეგოთ ვნებითი გვარის არა მხოლოდ ფორმა, არამედ ფუნქციური დანიშნულებაც. ნაცვლად ტრადიციული ლექციური ტიპის ახსნისა, გამოვიყენე ინდუქციური სწავლების მეთოდი (Guided Discovery). დავსვი სამი კითხვა, რომლებმაც ბიძგი მისცა დისკუსიას:
  1. When do we use the passive voice instead of the active voice? (როდის ვიყენებთ ვნებით გვარს აქტიურის ნაცვლად?)
  2. What is the golden formula for passive voice? (რა არის ვნებითი გვარის „ოქროს ფორმულა“?)
  3. What happens to the verb to bewhen we change tenses? (რა ემართება ზმნას to be დროის ცვლილებისას?)

 

  • აქტივობა 2: „დროის დეტექტივები“ – ინტერაქციული კლასიფიკაცია დაფაზე. მას შემდეგ, რაც მოსწავლეებმა „ოქროს ფორმულა“ აღმოაჩინეს, საჭირო იყო თეორიული ცოდნის პრაქტიკული განმტკიცება. ამისთვის გამოვიყენე ინტერაქციული, კინესთეტიკური მეთოდი. დაფაზე წინასწარ მქონდა გაკრული სხვადასხვა გრამატიკული დროის აღმნიშვნელი ბარათები (მაგალითად: Present Simple, Past Simple, Future Simple და ა.შ.). მოსწავლეებს დავურიგე ფერად ბარათებზე დაწერილი ვნებითი გვარის წინადადებები (რომლებიც თემატურად უკავშირდებოდა მომავალ როლურ თამაშს). თითოეულ მოსწავლეს ან წყვილს უნდა გაეანალიზებინა თავისი წინადადება, დაფასთან მისულიყო და შესაბამისი დროის გრაფაზე მიეკრა.
  • აქტივობა 3: ვიზუალური კონსოლიდაცია და სტრუქტურის გაფორმება. ინტერაქციული და კინესთეტიკური სავარჯიშოების შემდეგ, როდესაც მოსწავლეებმა უკვე პრაქტიკულად გამოსცადეს დროების კლასიფიკაცია, საჭირო გახდა მიღებული გამოცდილების სისტემატიზაცია. ამ მიზნით კლასს წარვუდგინე მულტიმედიური პრეზენტაცია (PowerPoint Presentation), რომელიც მიზნად ისახავდა აქტიური და ვნებითი გვარების სტრუქტურულ ვიზუალიზაციას. პრეზენტაცია არ იყო დატვირთული მშრალი, აკადემიური ტექსტებით; ნაცვლად ამისა, აქცენტი დაისვა ვიზუალურ გრამატიკაზე (Visual Grammar).
  • აქტივობა 4: მართული პრაქტიკა წყვილებში – ინტერაქციული ქვიზი. ვიზუალური პრეზენტაციისა და სტრუქტურის გააზრების შემდეგ, უშუალოდ კომპლექსურ როლურ თამაშზე გადასვლამდე, აუცილებელი იყო იმის შემოწმება, რამდენად კარგად აითვისა თითოეულმა მოსწავლემ მიღებული მასალა. ამ მიზნით გაკვეთილის შემდეგი ფაზა დავუთმე წყვილებში მუშაობას (Pair Work) სპეციალურად მომზადებული ქვიზის გამოყენებით. მოსწავლეები მუშაობდნენ ტესტზე, რომელიც მოიცავდა როგორც ზმნის აქტიური ფორმის პასიურში გადაყვანას (Transformation), ისე არასწორად ფორმულირებულ წინადადებებში გრამატიკული შეცდომების პოვნასა და გასწორებას (Error Correction).
  • აქტივობა 5: კულმინაციური ჯგუფური მუშაობა – „ჯაშუშის ანგარიში“. გაკვეთილის ფინალური და ყველაზე შემოქმედებითი ეტაპი დაეთმო კომპლექსურ ჯგუფურ დავალებას, სახელწოდებით „ჯაშუშის ანგარიში“ (The Spy Report). ამ აქტივობის მიზანი იყო, მოსწავლეებს პრაქტიკულად დაენახათ, როგორ იცვლება ტექსტის სტილი და რეგისტრი ვნებითი გვარის გამოყენებით.

თავდაპირველად კლასი ფერადი ბარათების პრინციპით ორ პირობით ჯგუფად გაიყო: Activeდა Passive. ორივე მათგანს გადაეცა ერთი და იგივე „ნედლი“ ინფორმაცია – აქტიურ გვარში დაწერილი წინადადებების სერია, რომელიც აღწერდა საიდუმლო ინციდენტს:

Group A: Science Laboratory Incident Report (ანგარიშისამეცნიერო ლაბორატორიაში მომხდარი ინციდენტის შესახებ). ამ ჯგუფის მოსწავლეებმა მოირგეს მკვლევრების, ლაბორატორიის თანამშრომლებიც როლი. მათ მეცნიერული ენით უნდა აღეწერათ, რა მოხდა ექსპერიმენტის დროს, როდესაც ნივთიერებები აირია ან ინვენტარი დაზიანდა. აქტიური წინადადებები მათ გარდაქმნეს მკაცრ, ობიექტურ, მეცნიერულ ვნებითი გვარის კონსტრუქციებად. ამით მოსწავლეებმა დაინახეს, რომ სამეცნიერო სფეროში მნიშვნელოვანია არა ის, ვინ დააშავა, არამედ თავად ფაქტის ზუსტი აღწერა.

Group B: Visual Arts Studio Incident Report (ანგარიში ვიზუალური ხელოვნების სტუდიაში მომხდარი ინციდენტის შესახებ). მეორე ჯგუფმა ხელოვნების სტუდიის კურატორებისა და მხატვრების როლი მოირგო. მათ საგამოფენო სივრცეში მომხდარი გაუგებრობის ან ნახატების დაზიანების აღწერა უნდა წარედგინათ დირექტორისთვის. ყოველდღიური აქტიური ფორმების ნაცვლად მათ გამოიყენეს დახვეწილი პროფესიული რეგისტრი. ეს სცენარი მოსწავლეებს იმის დანახვაში დაეხმარა, როგორ გამოიყენება ვნებითი გვარი ხელოვნებისა და მენეჯმენტის სფეროში დიპლომატიური კომუნიკაციისთვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული ვისიმე პირდაპირი დადანაშაულება.

ჯგუფების წინაშე დაისვა კონკრეტული როლური ამოცანა: მათ ეს აქტიური წინადადებები, რომლებიც „ჭორების დონეზე“ გადმოგვცემდა ამბავს, უნდა ექციათ ერთიან ისტორიად და წარედგინათ სკოლის დირექტორისთვის. მთავარი პირობა იყო ის, რომ ანგარიში უნდა ყოფილიყო არა ემოციური, არამედ მაქსიმალურად აკადემიური, ოფიციალური და დიპლომატიური.

ამ აქტივობამ ბრწყინვალედ უპასუხა გაკვეთილის დასაწყისში დასმულ კითხვას: „როდის ვიყენებთ ვნებით გვარს?“ მოსწავლეებმა პრაქტიკაში იგრძნეს ენობრივი რეგისტრის ცვლილება – როგორ იქცევა ყოველდღიური საუბარი ოფიციალურად გრამატიკული სტრუქტურის შეცვლით. როლურმა სიტუაციამ (დირექტორის წინაშე წარდგომა) გაზარდა მათი მოტივაცია, ხოლო დაფაზე წინასწარ მიკრული დროების ბარათები და პრეზენტაციის სლაიდები მათთვის საუკეთესო დამხმარე რესურსი (Scaffolding) აღმოჩნდა.

  • აქტივობა 6: რეფლექსია და შეჯამება ვენის დიაგრამის გამოყენებით. ჯგუფური პრეზენტაციებისა და ანგარიშების წარდგენის შემდეგ გაკვეთილის დასკვნითი ნაწილი დავუთმე მოსწავლეთა მეტაკოგნიტიური უნარების გააქტიურებას. მასალის საბოლოო სისტემატიზაციისთვის კლასს შევთავაზე, ვენის დიაგრამაზე (Venn Diagram) გრაფიკულად გამოეკვეთათ მსგავსებები და განსხვავებები აქტიურ (Active) და ვნებით (Passive) გვარებს შორის.

დამოუკიდებელი მსჯელობის შედეგად მოსწავლეებმა დიაგრამა შემდეგნაირად შეავსეს:

  • განსხვავებები (Active Voice): აქცენტი დაისმის მოქმედ პირზე (Subject/Doer); ჟღერს უფრო დინამიკურად, პირდაპირად და ხშირად გამოიყენება ყოველდღიურ, არაფორმალურ მეტყველებაში.
  • განსხვავებები (Passive Voice): აქცენტი გადატანილია მოქმედების ობიექტზე ან თავად ფაქტზე; მოქმედი პირი შეიძლება საერთოდ უცნობი იყოს; ჟღერს ოფიციალურად, აკადემიურად და გამოიყენება დიპლომატიური ან სამეცნიერო კონტექსტის შესაქმნელად.
  • მსგავსებები (The Overlap): მიუხედავად სტრუქტურული სხვაობისა, ორივე გვარი გადმოსცემს ერთსა და იმავე ძირითად შინაარსსა და მოვლენას; ორივეში გამოიყენება ზმნის დროები. რაც მთავარია, ორივე ფორმა თანაბრად მნიშვნელოვანია სრულფასოვანი, მრავალფეროვანი ინგლისური მეტყველებისთვის.

 

დასკვნა და მასწავლებლის რეფლექსია

გაკვეთილის ფინალურმა ფაზამ, ვენის დიაგრამის შევსებამ, აჩვენა, რომ მეათეკლასელებმა არა მხოლოდ მექანიკურად აითვისეს გრამატიკული ფორმულა, არამედ სიღრმისეულადაც გააანალიზეს აქტიური და ვნებითი გვარების სტილისტიკური და პრაგმატული ღირებულება. მათ დაინახეს, რომ ენა არის არა მხოლოდ წესების ერთობლიობა, არამედ ინსტრუმენტი, რომელიც კონტექსტის მიხედვით უნდა ვცვალოთ.

მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასებისას წინასწარ შემუშავებულმა 10-ქულიანმა რუბრიკამ ორმხრივი ფუნქცია შეასრულა:

  1. მოსწავლეებისთვის ის იყო მკაფიო გზამკვლევი იმისა, რა კრიტერიუმებით ფასდებოდა მათი აკადემიური ტონი, გრამატიკა და გუნდურობა.
  2. მე როგორც მასწავლებ მან მოცემულ მომენტშივე (Real-time feedback) დამანახა თითოეული მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეები, რამაც სუბიექტური შეფასება გამორიცხა.

საშინაო დავალება: საკითხის ცოდნის განსამტკიცებლად და თეორიიდან წერილობით პრაქტიკაზე გადასასვლელად მოსწავლეებს მიეცათ ინდივიდუალური საშინაო დავალება. მათ უნდა აერჩიათ ერთ-ერთი ვარიანტი:

  • ვარიანტი ა (Science Track): დაეწერათ მოკლე ლაბორატორიული ანგარიში (Lab Report) ქიმიის ან ფიზიკის მათ მიერ ჩატარებული ნებისმიერი რეალური ექსპერიმენტის შესახებ, რომელშიც გამოიყენებდნენ ვნებითი გვარის მინიმუმ 5 კონსტრუქციას.
  • ვარიანტი ბ (Art Track): დაეწერათ საგამოფენო სივრცის მოკლე მიმოხილვა ან კრიტიკა (Art Exhibition Review), რომელშიც ყურადღებას გაამახვილებდნენ იმაზე, როგორ იყო წარმოდგენილი, განათებული ან განლაგებული ექსპონატები სტუდიაში.

 

დანართი N1

შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები

 

მაღალი (9-10 ქულა) საშუალოზე მაღალი (7-8 ქულა) საშუალო (5-6 ქულა) დაბალი (1-4 ქულა)
გრამატიკული სიზუსტე („ოქროს ფორმულა“) ვნებითი გვარის ფორმულა (be + V_3) გამოყენებულია უშეცდომოდ. დროები და ზმნის ფორმები სრულად შეთანხმებულია ყველა წინადადებაში.

 

ზმნის ფორმებში დაშვებულია მცირე, არასისტემური შეცდომები (მაგ., არაწესიერი ზმნის მესამე ფორმა), რომლებიც აზრს არ ცვლის. ვლინდება სისტემური შეცდომები დამხმარე ზმნის „to be“ შერჩევაში ან მთავარი ზმნის წარმოებაში. დარღვეულია დროში შეთანხმება. მოსწავლე ვერ ახერხებს ელემენტარული პასიური კონსტრუქციების აგებას. ტექსტი სავსეა უხეში გრამატიკული შეცდომებით.
სტილისტიკური რეგისტრი (აქტიურიდან პასიურში) „ნედლი“ აქტიური წინადადებები წარმატებით არის გარდაქმნილი აკადემიურ, ოფიციალურ და დიპლომატიურ ანგარიშად, რომელიც შეესატყვისება დირექტორთან კომუნიკაციას. წინადადებების უმეტესობა სწორად არის ტრანსფორმირებული; შენარჩუნებულია ოფიციალური ტონი, თუმცა ტექსტში მაინც იპარება რამდენიმე არაფორმალური ელემენტი. ჯგუფს უჭირს აკადემიური სტილის შენარჩუნება; საბოლოო ანგარიში უფრო ყოველდღიურ საუბარს ჰგავს, ვიდრე ოფიციალურ დოკუმენტს. სტილისტისური ცვლილება საერთოდ არ ფიქსირდება. საბოლოო პროდუქტი დარჩენილია არაფორმალურ რეგისტრში, მოქმედების/ობიექტის წინ წამოწევის გარეშე.
თანამშრომლობა და როლური სიმულაცია გამოვლენილია სამაგალითო გუნდურობა ლაბორატორიის/ხელოვნების სტუდიის სცენარებში. როლები მკაფიოდაა განაწილებული და ყველა წევრი თანაბრადაა ჩართული. ჯგუფი მუშაობს შეთანხმებულად. წევრების უმრავლესობა აქტიურად მონაწილეობს ისტორიის შექმნასა და საკუთარი როლების რეპეტიციაში. გუნდურობა სუსტია. დავალების მომზადებისას ლიდერობს მხოლოდ ერთი ან ორი მოსწავლე, ხოლო დანარჩენები პასიურები არიან. ჯგუფური მუშაობა მთლიანად ჩავარდნილია. გუნდის წევრებს შორის არ შეინიშნება არავითარი კოორდინაცია ან ეფექტური კომუნიკაცია.
სინთეზი და რეფლექსია (ვენის დიაგრამა) ვლინდება ღრმა მეტაკოგნიტური უნარები. ვენის დიაგრამაში მკაფიოდ და სიღრმისეულად არის ჩამოყალიბებული ორივე გვარის სტრუქტურული მსგავსებები და პრაგმატული განსხვავებები. დიაგრამა სწორად არის შევსებული; ძირითადი გადამკვეთი და განმასხვავებელი ნიშნები იდენტიფიცირებულია, თუმცა აკლია მცირე დეტალები. ვენის დიაგრამა შევსებულია ნაწილობრივ ან მასში შეტანილია ზედაპირული დაკვირვებები (მაგ., ყურადღება გამახვილებულია მხოლოდ წინადადების სიგრძეზე). მოსწავლე საერთოდ ვერ ახერხებს აქტიურ და ვნებით გვარებს შორის არსებითი მსგავსებებისა თუ განსხვავებების დანახვას.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“