პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ფსევდოპატრიოტიზმი

უკანასკნელი თვეების განმავლობაში რამდენიმე კოლეგასთან ერთად ერთი ძალიან საინტერესო გამოცემის შედგენაზე ვმუშაობ. უკვე წლებია არქივებსა და საჯარო ბიბლიოთეკის მიუდგომელ კუნჭულებში ვიქექებით. ვეძებთ გასული საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქართველი მოაზროვნეების მნიშვნელოვან ტექსტებს. ცოტა ხნის წინ რუსეთის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრის, თებერვლის რევოლუციის შემდგომ ფოსტა-ტელეგრაფის მინისტრად დაწინაურებული კაკი წერეთლის საინტერესო სტატიას გადავაწყდით. ნაშრომში პუბლიცისტი პატრიოტიზმის და მისი ყალბი გამოვლინებების შესახებ წერს: “მე არ ვიცი ისეთი პატიოსანი და გამტაცი გრძნობა, როგორიც მშობელი ხალხის თავგანწირული სიყვარულია, და მასთანვე არ მეგულება არცერთი მოქმედება, გაბედული და ხალხის სიყვარულით გამოწვეული, რომელსაც ჩვენში მამულიშვილობისა და ეროვნების სახელით წინ არ აღდგომოდნენ. მერე რომ იკითხოთ, რა არის მამულიშვილობა ან ეროვნება, ყოველგან პასუხათ გაიგონებთ – ეს სამშობლო ქვეყანის, ერის თავდადებულს სიყვარულიაო. თუ ეს მართლა ასეა, რათ დაუპირისპირეს ერთმანეთს ეს გრძნობები, რით ეწინააღმდეგება მამულიშვილობა და ეროვნება ხალხის სიყვარულს. ხალხისთვის შრომას? ვინც ხალხის სამსახურს და მისთვის გზის გარკვევას სწირავს თავის ძალ-ღონეს, რათ ითვლება ის სამშობლოს დამკარგველათ ერის უარმყოფელათ, და მას კი ვისთვისაც მშობელი ხალხის კვნესა და შვება, მისი მწარე ბრძოლა და იმედიანი მომავალი – ყველა ერთნაირათ უცნობი და შორეულია , რათ მოაქვს თავი ნამდვილ მამულიშვილათ და ერის მოჭირნახულეთ?”

ალბათ არ გაგვიჭირდება შეთანხმება იმის შესახებ, რომ აკაკი წერეთლის სიტყვები დღემდე აქტუალურია. ქართულ საზოგადოებაშიც და ჩვენს სკოლებშიც ფსევდოპატრიოტიზმის ქადაგება საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. დაუსაბუთებელი მითებითა და ტყუილზე დაფუძნებული ამბიციების წარმოჩენით მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი წარმატებით ცდილობს ადამიანთა მრავალრიცხოვანი ჯგუფების სწორი გზიდან გადახვევას. ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, თუ თქვენთან ერთად განვიხილავ ფსევდოპატრიოტიზმის რამდენიმე მახასიათებელს.

ვერავინ უარყოფს, რომ ჩვენ განსაკუთრებული ხალხი ვართ. ჩვენი განვლილი გზაც სავსეა უამრავი უმნიშვნელოვანესი და გმირული თავგადასავლით. ბევრი გამორჩეული მოაზროვნე და ძლიერი ისტორიული ფიგურაც გვყოლია. თუმცა ეს უპირატესობები ნამდვილად არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ საქართველო სამყაროს ცენტრად ან დედამიწის ღერძად წარმოვიდგინოთ. უნიკალური მოვლენებით სხვა ქვეყნების მატიანეც ხომ სავსეა?! მაშასადამე, ფსევდოპატრიოტიზმის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებლად ჩვენი ხალხის მთავარი მახასიათებლებისა და მისი როლის ჰიპერბოლიზება, გაზვიადება შეგვიძლია მივიჩნიოთ.

ყალბ და ცრუ პატრიოტიზმს კიდევ ერთი გარემოება გამოარჩევს. აღნიშნული მიმდინარეობის წარმომადგენლები დრამატულად არიან მიდრეკილნი ერთფეროვნებისაკენ. მათთვის მრავალსუბიექტიანი, ურთიერთგანსხვავებული ჯგუფებისგან შემდგარი საზოგადოება ერთგვარ პრობლემას წარმოადგენს. პლურალიზმი მეტ კამათთან, დისკუსიასთან, მეტ განსხვავებულ აზრთან და გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურებულ პროცესთან ასოცირდება. ფსევდოპატრიოტული პოლიტიკისათვის კი ამოსავალი წერტილი პერმანენტული მობილიზაცია, მუდმივი ერთიანობა და გაუბზარავი მონოლითურობა გახლავთ. მაშინ, როდესაც ერს თავისი ისტორიული და განსაკუთრებული „მისია” აქვს შესასრულებელი, შიდაგანხილვებისა და ორიგინალური მოსაზრებების შეპირისპირების დრო აღარ რჩება. აქედან გამომდინარე, ვინც საერთო ნებას უპირისპირდება, ის ფაქტობრივად ბოროტმოქმედია. ალბათ მსგავსი დამოკიდებულები განაპირობებს ხოლმე პატრიოტიზმის სახელით პროგრესული იდეების წინააღმდეგ გაჩაღებულ უკომპრომისო და დაუნდობელ ბრძოლას.

რისთვის სჭირდებათ ამგვარი განწყობების მქონე ადამიანებს მუდმივი მობილიზაცია და მონოლითურობა??? ისინი ყველა მიმართულებით მტრებს ეძებენ და პოულობენ კიდეც მათ. ნებისმიერ განსხვავებულ კულტურასთან დიალოგი და ღირებულებათა შესახებ მსჯელობა ეროვნული ტრადიციებისათვის ძირგამომთხრელ საქმიანობად, მშობლიური ადათების ღალატად განიხილება. თუმცა, ცხადია, აღნიშნული მოსაზრების დასაბუთებას ფსევდოპატრიოტიზმის იდეოლოგები ვერ ახერხებენ.

თითქმის ერთი წელია საქართველოს საზოგადოებრივ ასპარეზზე ერთი უცნაური, შუა საუკუნეების სამოსში გამოწყობილი მოქალაქე გამოჩნდა. მაღალრეიტინგული ტელეეთერებიდან და საკუთარი ფეშენებელური სახლის ეზოში გაშლილი ელიტურ-ინტელიგენტური სუფრიდან მონდომებით ქადაგებს ფსევდოპატრიოტიზმს. იგი მტრებად ან არასერიოზული საკითხებით დაინტერესებულ დესტრუქტივებად განიხილავს გიგანტური ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ გამოსულ ახალგაზრდებს, ქალთა უფლებებისთვის მებრძოლ აქტივისტებსა და სოციალური სამართლიანობის იდეით გაერთიანებულ სტუდენტებს. რაც მთავარია, მისი გამოსვლების მთავარი სამიზნე ევროპული ცივილიზაცია და პოლიტიკური სისტემა გახლავთ. თავის მხარდამჭერებთან ერთად იგი მონდომებით ცდილობს დასავლური პოზიციების დამახინჯებასა და დემონიზაციას.

ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს ისტორიას, ჩვენი საზოგადოების მრავალფეროვან შემადგენლობას, უნდა ვეძიოთ დასაბუთებული და არგუმენტირებული მოსაზრებები თუ ისტორიული მოვლენები, უნდა ვიყოთ პატრიოტები, მაგრამ გზა უნდა შევუკრათ ფსევდოპატრიოტიზმს, რომელიც ყველაზე საშიში სასკოლო გარემოში ხდება ხოლმე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი