შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

მუსიკა და პოლიტიკა

ალბათ გსმენიათ ცნობილი იმ გამონათქვამის შესახებ, რომელიც მუსიკალური სმენის არმქონე ადამიანისა და სპილოს ურთიერთობის საკითხებს განიხილავს. ჩემი მუსიკალური მონაცემების შეფასებაც ყველაზე უკეთ სწორედ ამ საყოველთაოდ გავრცელებული ფრაზითაა შესაძლებელი. შესაბამისად უსინდისობა იქნება, თუ თქვენ წინაშე სხვადასხვა კომპოზიციის მხატვრული ღირებულების განსჯას დავიწყებ. თუმცა ნამდვილად შემიძლია რამდენიმე სიტყვა პოლიტიკისა და მუსიკის ურთიერთმიმართების შესახებ გითხრათ.

ცხადია, პირველი კლასიკური პოლიტიკური კომპოზიციის შექმნა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან რევოლუციას უკავშირდება. 1789 წლის მოვლენების შემდეგ, რამდენიმე წელიწადში აჯანყებულმა ფრანგებმა რესპუბლიკა დააარსეს, რომლის წინააღმდეგ კონტინენტური ევროპის ყველა მონარქია დაირაზმა. ორგანიზებული მონარქისტული ძალები თამამად და მარტივად უმკლავდებოდნენ ახლადშექმნილი რესპუბლიკური სამხედრო ფორმირებების წინააღმდეგობას. საფრანგეთის საკანონმდებლო კრება უამრავი წაგებული ბრძოლის შედეგების გაქარწყლებას საგანგებო დადგენილებით შეეცადა და რევოლუციის ავანგარდულ ძალას, ახალგაზრდობას, მორიგი შეტევისკენ მოუწოდა. 1792 წლის 20 სექტემბერს დაბა ვალმისთან გამართულ შეტაკებაში დაგლეჯილი უნიფორმებით შემოსილმა და მშიერმა ფრანგმა ჯარისკაცებმა პრუსიის არმია დაამარცხეს. იოჰან ვოლფგანგ გოეთემ სწორედ ვალმის ბრძოლის შესახებ თქვა: “ამ დღიდან და ამ ადგილიდან ისტორიაში ახალი ეპოქა იწყება. ესაა მეეფებზე ხალხების პირველი გამარჯვება…”  რევოლუციურ ეპოქაში, მონარქისტებთან ბრძოლის დროს, ფრანგთა მთავარი სიმღერა რუჟე დე ლილის ლექსზე შექმნილი „მარსელიეზა” გახლდათ. სხვათა შორის ამავე კომპოზიციის შესრულება ძალიან უყვარდათ 1900-იანი წლების გურიაშიც.

„მარსელიეზას” შემდეგ ათობით პოლიტიკური ჰიმნი და მარში დაიწერა, რომელთა გარეშეც ფაქტობრივად წარმოუდგენელი იქნებოდა მეცხრამეტე საუკუნის ევროპის მატიანე. ჩვენთვის ყველაზე ნაცნობი „ინტერნაციონალი” გახლავთ, რომელიც რუსმა იმპერიალისტებმა და ბოლშევიკებმა ჩვენს მეხსიერებაში ყველაზე მახინჯი ფორმით აღბეჭდეს.

პოლიტიკური სიმღერების ახალი ტალღის წარმოქმნას ხელი კიდევ ერთმა უმნიშვნელოვანესმა ისტორიულმა მოვლენამ შეუწყო. მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ესპანეთს სამოქალაქო ომის ქარ–ცეცხლმა გადაუარა. „სახალხო ფრონტად” და „ფალანგად” გახლეჩილი ქვეყანა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. სამოქალაქო დაპირისპირების მონაწილე ორივე პოლუსს სხვადასხვა კონტინენტიდანაც გამოექომაგნენ. მემარცხენეებმაც და მემარჯვენეებმაც თავიანთი საბრძოლო მარშები შექმნეს, რომლებსაც სამხედრო და სამოქალაქო სექტორის მობილიზებისათვის იყენებდნენ. გასული ასწლეულის შუა პერიოდის განმავლობაში ანტიფაშისტური მოძრაობის ჰიტად ესპანური ფოლკლორის ნიმუშების საფუძველზე შექმნილი კომპოზიცია „Viva la Quinta Brigada ” იქცა. მეტიც, რესპუბლიკელთა ჰიმნის თანამედროვე ვარიანტები დღემდე იქმნება და ამ ეპოქაშიც ასრულებს თანამოაზრეების თავშეყრის ფუნქციას. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი მუსიკალური ნაწარმოები ირლანდიელ მუსიკოს ქრისტოფერ ენდრიუ მურს ეკუთვნის, რომელიც მან ესპანეთის სამოქალაქო ომში მებრძოლ თანამემამულეებს მიუძღვნა.

შეუძლებელია ყურადღება არ გავამახვილოთ „Baby Boom-ის” ეპოქაზე, პაციფისტებსა და პირდაპირი დემოკრატიის მომხრეებზე. ვიეტნამის ომისა და რეტროგრადული პარტიების მმართველობას 60-70-იანი წლების ამერიკაშიც და ევროპაშიც ძირითადად სტუდენტები დაუპირისპირდნენ. მათ საყოველთაო ანტისაომარი კამპანიის წარმოება მოახერხეს, რომელშიც მთელი მსოფლიო ჩაერთო. პროტესტანტები მშვიდობის დამყარებასთან ერთად პოლიტიკურ პროცესებში თანამონაწილეობის შესაძლებლობის გაზრდასაც ითხოვდნენ. ცხადია, მათ გლობალურ კამპანიას მხარდამჭერები მუსიკოსთა შორისაც აღმოაჩნდნენ. ახალი თაობის ერთ-ერთი მთავარი ქომაგი ჯონ ლენონი გახლდათ. მისი პირველი სოლოკომპოზიციების ნახევარი სწორედ ანტისაომარ და დემოკრატიულ თემატიკას ეთმობოდა. „Give Peace a Chance” და „Power to the People” რიგი საზოგადოებრივი ჯგუფებისათვის დღემდე საკულტო მელოდიად რჩება.

უნიკალურ სამხრეთამერიკელ ავტორებზე, „დუბლინელებზე” და სხვა აქტივისტ მუსიკოსებზე მოგვიანებით მოგიყვებით. მანამდე კი მხოლოდ ერთ გარემოებაზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას. ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, თუ სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე მოსწავლეებს არსებით დეტალზე მივანიშნებთ. მათ აუცილებლად უნდა შევახსენოთ, რომ თანამედროვე ხელოვნების მიზანი მხოლოდ კულტურის სფეროს სამსახური და ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენა არ არის. მუსიკას ჩვენი ღირებულებების, პრიორიტეტებისა და მიზნების საზოგადოების ფართო ფენებამდე მიტანაც შეუძლია, რაც მისი კიდევ ერთი მახასიათებელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი