პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

მილიონერი, ავიაკონსტრუქტორი და პარფიუმერი

საქართველოში ფაქტობრივად შეუძლებელია ისეთი ოჯახის აღმოჩენა, რომლის ერთი ახლობელი მაინც არ იყოს გადახვეწილი უცხო ქვეყანაში. დღეს მილიონობით ჩვენი თანამოქალაქე ხუთივე დასახლებულ კონტინენტზე ცდილობს მძიმე შრომის ფასად თანამემამულეებისათვის ელემენტარული კეთილდღეობის დონის უზრუნველყოფას. თუ რამდენიმე ქართველ ეკონომისტს დავუჯერებთ ჩვენი საერთო ეროვნული შემოსავლის სოლიდური წილი სწორედ ემიგრანტთა მიერ გადმორიცხულ გრანდიოზულ თანხებზე მოდის. საზღვარგარეთ მცხოვრები და პატიოსნად მშრომელი თანამემამულეები ჩემთვის სოლიდარობის გმირულ მაგალითს ქმნიან.

საინტერესოა, როგორ გამოვხატავთ ჩვენს მადლიერებას, თანადგომას საზოგადოების ყველაზე შრომისმოყვარე და შორს მყოფი სოციალური ფენის მიმართ ???

ბევრს ჰგონია, რომ ახლობელთან გაგზავნილი რამდენიმე სენტიმენტალური ელეტრონული შეტყობინება ან თვის განმავლობაში განხორციელებული ორიოდე სატელეფონო ზარი ყველაფრისათვის საკმარისია. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენს ქცევას უმადურობაც კი შეიძლება ეწოდოს. ნებისმიერი ღირსეული საზოგადოება მასზე მზრუნველ ადამიანებს გაცილებით მეტად, სერიოზულად აფასებს და ზუსტად, ძალიან მკაფიოდ გამოკვეთს მოამაგეთა წვლილს საერთო განვითარების საქმეში.

ცხადია, ემიგრანტებისადმი განსაკუთრებული პატივისცემის გამოხატვისა და დამოუკიდებლობის ორი ათწლეულის განმავლობაში მათ მიერ შერულებული მნიშვნელოვანი როლის  გამოყოფის საუკეთესო გზა საჯარო სკოლებზე გადის. ვფიქრობ, არაფერი დაშავდებოდა, თუ სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოებს ქართული ემიგრაციის ისტორიის შესახებ რამდენიმე ფურცელი მაინც დაემატებოდა და მოსწავლეებს უფრო მეტი ეცოდინებოდათ საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების წარსულის ან დღევანდელი ყოფის შესახებ. 

ვგონებ, ურიგო არ უნდა იყოს საზოგადოებისათვის რამდენიმე გამორჩეული ქართველი ემიგრანტის თავგადასავლის კიდევ ერთხელ შეხსენება.

ალბათ, ჩვენს საკლასო ოთახებში მსხდომ მოზარდთაგან ძალიან ცოტას სმენია სოფელ თხმორიდან ბორჯომის მინის ქარხანაში სამუშაოდ გაქცეული ათი წლის ბიჭის შესახებ, რომელიც უკრაინის, რუსეთის, პოლონეთის, გერმანიისა და ინგლისის გავლით საბოლოოდ აშშ-ში დამკვიდრდა. 1929 წელს კი მისმა ყოველწლიურ შემოსავალმა 4 მილიონ დოლარს მიაღწია. გრიგოლ კობახიძე (ჯორჯ კობი) უბრალო რაჭველი გლეხის შვილი და „ჯენერალ ელექტრიკის” ნიჭიერი მუშა გახლდათ, რომელმაც გასული საუკუნის ოციან წლებში თავისი განსაკუთრებული მონდომების წყალობით საკუთარი მინის კომპანია შექმნა. “the Coby Glass Products Company” გახლდათ ყველაზე წარმატებული ქართველი ემიგრანტის საწარმო, რომელიც ოკეანის გაღმა ქვეყნიდან გადახვეწილი ჩვენი თანამემამულეების საიმედო თავშესაფარი და ცხოვრების ელემენტარული პირობებით უზრუნველყოფის წყარო გახდა. აღნიშნულმა საწარმომ წარმატებით მოახერხა „დიდი დეპრესიის” წინააღმდეგობების გადალახვა, მეორე მსოფლიო ომში ანტიფაშიტური კოალიციის ჯარებისა და სამედიცინო მისიების მინის პროდუქციით მომარაგება. ამერიკის რამდენიმე შტატში დღესაც შეიძლება აღმოაჩინოთ კობის ფირმის მიერ დამზადებული ნაძვის ხის სათამაშოები. 

თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯორჯ კობის თაოსნობით, დაფინანსებით ჩაეყარა საფუძველი აშშ-ში ქართულ სათვისტომოს. გრიგოლ კობახიძე ედგა სათავეში დემოკრატიული რესპუბლიკის დახმარების მოძრაობასაც. ბოლშევიკური ოკუპაციის მიუხედავად, იგი მაინც ცდილობდა არაორდინარული გზით დახმარებოდა რესპრესიულ გარემოში მცხოვრებ თანამოქალაქეებს. 

მილიონერი მხოლოდ საკუთარი ჯიბის გასქელებაზე არ ფიქრობდა, თავის ნაჭუჭში არ იკეტებოდა და ცდილობა გზა გაეხსნა სხვა ნიჭიერი ადამიანებისათვისაც. მოსაზრების დასადასტურებლად კი არაერთი მაგალითის მოხმობა შეგვიძლია. კერძოდ, ჯორჯ კობმა უშუამდგომლა ცნობილ ავიაკონსტრუქტორს, ალექსანდრე ქართველიშვილს ამერიკაში მოქმედ წამყვან საავიაციო კორპორაციებთან. კობის წყალობით დაუკავშირდა საფრანგეთში განათლებამიღებული ნიჭიერი ავიაკონსტრუქტორი ცნობილ და გავლენიან ინჟინრებს ჩარლზ ლევინსა და ალექსანდრე დე სევერსკის. სწორედ, ამ უკანასკნელის ფირმაში, მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის დროს დააპროექტა ალექსანდრე ქართველიშვილმა ყველაზე მძლავრი ამერიკული საბრძოლო თვითფრინავის, „Thunderbolt-ის” პირველი მოდელი. აღნიშნული სერიის ავიაგამანადგურებლებს ამერიკული არმია ინტენსურად იყენებდა თითქმის ორმოცდაათი წლის განმავლობაში. ავიაგამანადგურებლების კონსტურქტორი თავისი საქმიანობისთვის ფრანკლის რუზველტმაც კი დააჯილდოვა „სახელმწიფო თავდაცვის მედლით”, რაც უნიკალურ შემთხვევადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. ცხადია, ალექსანდრე ქართველიშვილიც ამერიკაში ჩვენი სათვისტომოს ერთ-ერთი მთავარი გულშემატკივარი იყო.

ჯორჯ კობის სახელს შეგვიძლია დავუკავშიროთ იტალიაში საქართველოს საელჩოს პირველი მეთაურის, გიორგი მაჩაბლის სამეწარმეო საქმიანობის წარმატებაც. პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიაში მუშაობის, საქართველოში წყალქვეშა ნავებით საიდუმლო ტვირთების შემოტანის ორგანიზებისა და დამოუკიდებელი საქართველოს დიპლომატიური სამსახურის გაუქმების შემდეგ გიორგი მაჩაბელიც ემიგრაციაში აღმოჩნდა. საბოლოოდ, მასაც ამერიკაში გადასახლება მოუწია. პოლიტიკური საქმიანობის დაწყებისათვის, მისი ფინანსური უზრუნველყოფისათვის მაჩაბელმა ახალგაზრდობის დროინდელი გატაცება გაიხსენა. კერძოდ, ემიგრანტმა სუნამოების შეზავება გადაწყვიტა. 1926 წელს, აღმოსავლეთ სანაპიროზე მან დააპატენტა სუნამო „საქართველოს დედოფალი”, რომელიც კობახიძის მინის ქარხანაში დამზადებული ოქროსვარაყიანი ქართული გვირგვინის ფორმის ფლაკონში იყო ჩამოსხმული. სუნამომ უდიდესი მოწონება დაიმსახურა და 20-30-იან წლებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ამერიკელ ქალებს შორის. ათ წელიწადში მაჩაბელმა კიდევ ათი სახეობის პროდუქცია გამოუშვა და უბრალო ჰობიდან მილიონიან ბიზნესს ჩაუყარა საფუძველი. თუ არ ვცდები, კონექტიკუტში დღემდე მოქმედებს ფირმა „Prince Machabeli”, რომელიც ჩვენს საუკუნეშიც  აწარმოებს პარფიუმერულ პროდუქტს.

დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელ ემიგრაციაშიც უამრავი უნიჭიერესი ადამიანი ცდილობს წარმატების მოპოვებას. არ არის აუცილებელი მილიონების მოხვეჭა, მსოფლიო რანგის ავიაკონსტრუქტორის სტატუსის მოპოვება ან მომგებიანი პარფიუმერული ნაწარმის შექმნა, არც მრავალწლიანი ლოდინი უნდა იყოს სასარგებლო ადამიანთა გარჯის აღმოსაჩენად. სჯობს დღესვე დავაფასოთ უცხო გარემოში მყოფი რიგითი მოჯამაგირის ღირსეული შრომა, რომელიც ფაქტობრივად ჩვენს არსებობას უზრუნველყოფს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი