პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

საიდანაც მზე ამოდის

მრგვალია დედამიწა, თანაც მბრუნავი. დაქრის ბზრიალ-ტრიალით უკიდეგანო კოსმოსში გატკეპნილ ორბიტაზე და დაგვაქროლებს ჩვენც ჩვენი სახლ-კარით, ბაღ-ვენახით, ტანჯული აწმყოთი, მივიწყებული ისტორიით, ბურუსით მოცული მომავლით… ტრიალებს დედამიწა და ვტრიალებთ ჩვენც. ამ უსასრულო ხეტიალში გზა-კვალი რომ არ აგვრეოდა, პლანეტარული სივრცე ოთხ მხარედ დავყავით: ჩრდილოეთად, სამხრეთად, აღმოსავლეთად და დასავლეთად. ამ ოთხიდან ერთს განსაკუთრებული მოწიწებით გავცქერით. ის მარტო გეოგრაფიული კოორდინატი არ არის – მას საკრალური მნიშვნელობაც აქვს: იქიდან ამოდის მზე და მზესთან ერთად – იმედიც. ღამის წყვდიადით შეშინებულებს და სადგომებში შეყუჟულებს, მზის ამოსვლისთანავე თვალისჩინი გვიბრუნდება; გათენებისთანავე სიმშვიდე ისადგურებს ჩვენს გულებში…

სტერეომეტრიის კანონებით, სფეროსებრ სხეულზე მუდამ აღმოსავლეთით რომ იარო, დასავლეთს ვერასდროს მიაღწევ, მაგრამ დედამიწისთვის ეს კანონი არ მუშაობს. ჩვენთვის აღმოსავლეთი იაპონიასთან მთავრდება. იმის იქით დასავლეთია უკვე, ერთ დროს ველურადაც რომ მოვიხსენიებდით – უფრო, ალბათ, განსხვავებული კულტურის, ვიდრე კანის ფერისა თუ თვალის უპეების მოხაზულობის გამო.

დიდი ხანია, მიტაცებს აღმოსავლური კულტურა, მისი სიძველე, ყოფის ფილოსოფია… მეც გავუდექი აღმოსავლეთის გზას. მართალია, მთლად ამომავალი მზის ქვეყნამდე ვერ მივაღწიე, მაგრამ ვიეტნამიდან იაპონიამდე ერთი ხელის გაწვდენაა.

ვიეტნამიც ტიპური აღმოსავლეთის ქვეყანაა. პირველი, რასაც იქ მოხვედრისთანავე გრძნობ, სიცხე და მაღალი ტენიანობაა. ვიეტნამში, ჩვენგან განსხვავებით, წელიწადის პრაქტიკულად ორი დროა – ზამთარი და ზაფხული. ზაფხული აქ წვიმების სეზონია. დღისით ცხელა, მაგრამ სუნთქვა შეიძლება. მოსაღამოებულზე გრილდება, მაგრამ სუნთქვა ჭირს. ამ დროს ჰაერში გაბნეული წყლის პაწაწინა მოლეკულები უფრო მეტად უახლოვდებიან ერთმანეთს და შენც უფრო მეტად გრძნობ ტენიან ჰავას, უცხოელს სუნთქვას რომ უკრავს და ფრეონისა და კონდიციონერის თაყვანისმცემლად აქცევს.

მეორე თვალშისაცემი რამ წვიმაა. თუ ტროპიკული თავსხმა არ არის და დასველებისა არ გეშინია, წვიმაში სეირნობა შეიძლება. თითოეული წვეთი ისე სათუთად გეცემა ტანზე, ისე ფაქიზად, რომ არ გაკრთობს, გელამუნება.

დილა მეტად საინტერესოდ იწყება. ვიეტნამი ალიონზე (5 საათზე) იღვიძებს ჰიმნის ფონზე. იღვიძებს და, თავჩაღუნული, ჭიანჭველასავით იწყებს შრომას – ვინ ბრინჯის ნათესებში მიქრის სკუტერით, ვინ სახელდახელოდ გამართულ ქუჩის კაფეებში აღვივებს კერას საუზმის მოსამზადებლად, ვინ შენობების მიწისზედა სართულებზე მოწყობილ საამქროებში აჩქამებს ჩაქუჩსა და სხვა სამჭედლო იარაღს…

ჰანოი, სხვა დიდი ქალაქების მსგავსად, ორად არის გაყოფილი – თანამედროვე მაღალსართულიან ნაწილად და ძველ კვარტალად. ნამდვილი ვიეტნამი სწორედ ამ უკანასკნელში იგრძნობა. ვიწროშენობებიან ვიწრო ქუჩებში უამრავი სკუტერი მოძრაობს. შვიდმილიონიან ქალაქში ხუთი მილიონი მოტოციკლია. უცხოს ქუჩის გადაკვეთაზე ფიქრიც კი გაფრთხობს. თუმცა ვიეტნამელ მძღოლებს ღამურებზე უკეთესად აქვთ განვითარებული ნავიგაციის უნარი – შეგიძლია, მშვიდად, მოურიდებლად გადაკვეთო ქუჩა, არავინ დაგეჯახება.

ძველი კვარტალი სპეციფიკური სუნითაც დაგამახსოვრებთ თავს… თითქმის ყოველ ნაბიჯზე რაღაც იხარშება, თეფშები პირდაპირ ქუჩაში ირეცხება, ნარჩენებიც იქვე გროვდება. ძნელია, ევროპელმა (თუ ევროპელებში ძალად ჩაწერილმა) ყოველივე ამას გულგრილად შეხედო. გაგაოცებს მათი სამზარეულო, თუმცა ადამიანის ორგანიზმი ხომ ცილებისა და ნახშირწყლების გადამამუშავებელი ერთი დიდი ქარხანაა მხოლოდ – რას გადაამუშავებს, „ქარხნის” დირექტორსა და მის ახირებაზეა დამოკიდებული…

რაც უფრო გამაღიზიანებელია სუნი, მით მეტი სიბრალულით იმსჭვალები, ამდენი შრომის შემდეგ ასეთ სიდუხჭირეში რომ უწევთ ცხოვრება. არადა ღობის იქით კორეა და ტაივანია – თითქმის იმავე კულტურისა და ტრადიციების, მაგრამ სხვა ფორმაციის ქვეყნები. ვიეტნამის სოფლებში უმთავრესად ქალები და ბავშვები ცხოვრობენ, მამაკაცები ქალაქს წასულან: ზოგი – ჰანოიში, ზოგიც – უფრო სამხრეთით, რომელიც უფრო მეტად კაპიტალისტურია(?!). ესეც ვიეტნამის სახეა: ერთ სახელმწიფოში – ფაქტობრივად, ორი ფორმაცია.

მიუხედავად დუხჭირი ყოფისა, სკოლებსა და, საზოგადოდ, სწავლა-განათლებას დიდ ყურადღებას აქცევენ. სიბრძნის დაუფლებისადმი ტრადიციული მისწრაფება კომუნისტურმა რეჟიმმა ვერ ჩაკლა. ერთი კია – სკოლებთან ჩავლისას ჩემი თაობის და უფრო ხანდაზმულმა ხალხმა შესაძლოა დეჟავიუ განიცადოთ წითელყელსახვევიანი გოგო-ბიჭების დანახვაზე…

ვიეტნამელებს ოჯახის შექმნის ტრადიციაც განსაკუთრებული აქვთ: ქალ-ვაჟი რომ დაქორწინდეს, სულ მცირე, ხუთ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. პირველი და უმთავრესი ჰოროსკოპია, რომელსაც თავისი „დისკრიმინანტის” ფორმულა აქვს და რომლის მიხედვითაც გამოითვლიან, ვის ვისთან შეუძლია დაწყვილება. მეორე პროფესიაა. „პრესტიჟული” პროფესიის პატრონები სასურველი სარძლო-სასიძოები არიან და ამ პრესტიჟულ პროფესიებს შორის პირველი მასწავლებლობაა! მესამე კრიტერიუმი ოჯახური ტრადიციაა, მეოთხე – შეძლება და უკანასკნელი, მეხუთე – გრძნობა.

აღმოსავლეთში მასწავლებლის პატივისცემა არც სოციალურ ფორმაციაზეა დამოკიდებული, არც ეკონომიკურ მდგომარეობაზე, – ეს აქაური ტრადიციაა, რომელიც არ დაივიწყეს.

ისე, მშობლებისგან გამიგონია – მათაც განსაკუთრებით ჰყვარებიათ მასწავლებლები…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი