შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ერთი წიგნი, ერთი ფილმი, ერთი ლექსი, ერთი სიზმარი

ამას წინათ ფსიქოლოგთან სულ შემთხვევითი საუბრისას ჩემი მთავარი, ყველაზე ხშირად განმეორებადი სიზმრის არსი გავშიფრე. 

მთელი ბავშვობა და მერეც, დიდობაში, მესიზმრება, როგორ მხვდება ქუჩაში სრულიად შემთხვევით ჩემი დიდი ხნის წინ გარდაცვლილი მამა, როგორ ვიგებ, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე ცოცხალი იყო, რომ სხვა ოჯახი და სხვა შვილები ჰყავდა და როგორ მთავაზობს ჩემი ნახევარდებისა და ნახევარძმების გაცნობას.

ჰოდა, ჩემს ბავშვობაზე ლაპარაკისას, სრულიად შემთხვევით მოვყევი, რომ დიდი ხნის მანძილზე მამა მივლინებაში მეგონა, რადგან ასე მითხრეს უფროსებმა.

მაშინ 5 წლის ვიყავი და ყველამ ჩათვალა, რომ სიტყვა „სიკვდილის” გამოყენება პატარა ბავშვთან არ იყო მიზანშეწონილი. რამდენიმე კვირის განმავლობაში ველოდებოდი მივლინებიდან მამაჩემის დაბრუნებას, მერე ალბათ ამიხსნეს, რომ ის სამუდამოდ წავიდა, მაგრამ კითხვა – „რატომ არ ბრუნდება?!” –  ეტყობა ისე ღრმად ჩასახლდა ჩემს ცნობიერსა და ქვეცნობიერში, რომ საკუთარი, ალტერნატიული პასუხი იპოვა ჩემი სიზმრის სახით, სადაც მამა სხვა, უჩვენო ცხოვრებით ცხოვრობდა. ჰო, ალბათ სიმართლე არ უნდა დავუმალოთ ბავშვებს, თუმცა, ვინ იცის…

ეს ისტორია რამდენიმე დღის წინ გამახსენდა, როდესაც მოსწავლეებს ზაფხულში წასაკითხი წიგნებისა და სანახავი ფილმების სიას ვუდგენდი.

ზაფხული როგორი დროა იცით? როცა შთაბეჭდილებები ყველაზე მძაფრია, მახსოვრობა – ყველაზე მარადიული, დრო – ყველაზე თავისუფალი და, შესაბამისად, ბევრის მომცველი.

 უფროსკლასელებს რამდენიმე წიგნთან ერთად  გენიალური ბერძენი კინორეჟისორის, თეო ანგელოპულოსის ფილმის „პეიზაჟი ნისლში” ნახვა დავავალე. ჰო, რთული ფილმია, ალბათ ბევრ რამეს ვერ გაიგებენ, თუმცა მე ეს ფილმი პირველად დაახლოებით მაგ ასაკში ვნახე (დღემდე ჩემი ყველაზე საყვარელი ფილმი) და შთაბეჭდილებები და განცდები დღემდე მახსოვს.
 
   
ეს საოცრად დრამატული  და ტკივილიანი ფილმი ორი ბერძენი ბავშვის დიდ ოდისეას ასახავს – მამისკენ მიმავალ გზაზე. გზა, რომელიც გერმანიაში, ამ აღთქმულ ქვეყანაში – სადაც მამა ეგულებათ – მიდის, მათი ზრდის, ბოროტისა და კეთილის შეცნობის, სამყაროს სრულიად ახლებურად გაგების გზაა… საშიში,  ბუნდოვანი, ხიფათიანი, ზოგჯერ არარეალური…

საოცარი ფილმია, შესანიშნავი ბერძენი კომპოზიტორის, ელენი კარაინდრუს გასაგიჟებელი მუსიკით გაფორმებული, ბოლო კადრი ხომ საერთოდ – ხშირად მესიზმრება ხოლმე. 

ძალიან მაინტერესებს რას მეტყვიან ამ ფილმის შესახებ მოსწავლეები, რას გაიგებენ, რას დაინახავენ. იქნებ რომელიმეს ზვიად რატიანის ეს შესანიშნავი ლექსიც გაახსენდეს:
მცირე ელეგია მამისათვის

აი, ეს ხეა მამაჩემი.
გაგიკვირდა?
მუხას ელოდი?
არა, ეს ხეა მამაჩემი,
ეს ტანწვრილი
და არც ისე ხანდაზმული,
რომელსაც ფხიზლად ძინავს ზამთარში
და გაზაფხულზე პირველივე სითბო აღვიძებს.
ის არ ჩრდილავს ნახევარ ეზოს,
არ აბნელებს დანარჩენ ხეებს,
მისი ჩრდილი მსუბუქია და თვინიერი –
მას შემოდგომის სუსტი მზეც კი
სულ ადვილად ატრიალებს ღერძის გარშემო,
ხოლო ზაფხულში, როცა ჩვენკენ უზომოდ ცხელა,
მისი ჩრდილი, მეტს თუ არა, ხუთ-ექვს ჩვენგანს ნამდვილად იტევს
და ჩვენ ეს გვყოფნის. მეტი არც ვართ.
მეტი არც გვინდა
 მოკლედ, ველოდები სექტემბერს და ჩემი უფროსკლასელების ყველაზე გულწრფელ შთაბეჭდილებებს. 

უმცროსკლასელთათვის საზაფხულო წიგნების სიის შედგენისას ერთი ძალიან კარგი ქართველი მწერლის (სამწუხაროდ უდროოდ გარდაცვლილი) ზაზა თვარაძის სათავგადასავლო წიგნი „მონტებულსუ ანუ ელის არაჩვეულებრივი მოგზაურობა” მახსენდება. როდესაც ეს წიგნი ლიტერატურული პრემია “გალათი”  დაჯილდოვდა, ცერემონიალის წამყვანმა საზეიმოდ გამოაცხადა – ახლა კი ბატონ ზაზა თვარაძეს ვთხოვთ სცენაზეო! (მწერალი კი გარდაცვლილი იყო, ალბათ იმ მშვენიერმა წამყვანმა ვერ წარმოიდგინა, როგორც შეიძლება ასეთი წიგნის ავტორი ცოცხალი არ იყოს და, ჩემი სიზმრის მსგავსად, მწერლის სიცოცხლის ალტერნატიული ვერსია შექმნა. ასე ავხსენი ეს ფაქტი მაშინ.)

„მაგრამ მამა იყო მხოლოდ ნახატებზე. სინამდვილეში კი მამა უკვე რა ხანია, არ ენახათ.

ადრე, ძალიან ადრე, მთელი ერთი წლის წინ, მამამ უცნაური ტანისამოსი ჩაიცვა, სახლიდან წავიდა და მას მერე აღარ გამოჩენილა.

ელენეს ვერ აეხსნა, რატომ აღარ ბრუნდებოდა მამა შინ. წასვლისას მან ყველანი გადაკოცნა და თქვა, მალე დავბრუნდებიო. მაგრამ დრო გადიოდა და მამა არსად ჩანდა.

ელენე მაშინ სულ პატარა გოგო იყო, სკოლაშიც კი არ დადიოდა.  მაინც  ახსოვდა, როგორ დაუჯდებოდა ხოლმე მამა ძილის წინ და ზღაპრებს უამბობდა – ქონდრისკაცებზე, ჯადოქრებზე, მზეთუნახავზე და მზეჭაბუკზე…” – ასე იწყება ეს ამბავი.

ჰოდა, წიგნის მთავარი გმირი, ელიც მამას ეძებს, მისი გზაც ხიფათით, ბოროტი და კეთილი ადამიანებით, ჯადოქრებითა და სასწაულებითაა სავსე. გზა ღრმაღელიდან ოქროყანამდე – სადაც ომში დაკარგული, დაჭრილი მამა უნდა იპოვოს. „მონტებულსუ” ბოლო დროის ერთ–ერთი საუკეთესო ქართული საბავშვო წიგნია, აუცილებლად წააკითხეთ თქვენს მოსწავლეებს.

ზაფხული მოვიდა, დასვენებებით, შთაბეჭდილებებით, ფერებით, მდინარით, ცხელი სიმინდით, სოფლით, მწვანე ბალახით და ცვალებადი განწყობებით სავსე. ვემშვიდობები მოსწავლეებს, თან ფილმებისა და წიგნების  მსუყე ჩამონათვალს ვატან, რომ მათაც მოძებნონ საკუთარი სათქმელი, მფარველი ანგელოზი თუ, უბრალოდ, პასუხი კითხვებზე, რომელთაც ზოგი წიგნებში, ზოგი კი საკუთარ სიზმრებში პოულობს ხოლმე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი