პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სანელებლების ამბავი

ჩემს ქეთო ბებოს ძალიან გემრიელი ხელი ჰქონდა. მეც, მისი შემხედვარე, სამი-ოთხი წლისა, თურმე ჯიუტად ვაბაკუნებდი ფეხს და ვამტკიცებდი, დიდი რომ გავიზრდები, ქეთო ბებო გამოვალ-მეთქი.

უამრავი კერძის კეთება იცოდა და სანელებლებით ისე ოსტატურად აზავებდა, უბრალო სადილიც კი უგემრიელესი გამოსდიოდა. თან უამრავ ამბავს მოაყოლებდა.

მისგან გავიგე, რომ სანელებლების გამოყენება ჯერ კიდევ პირველყოფილ ადამიანებს დაუწყიათ. პალეოლითის ეპოქაში მონადირეები ხორცის გემოს გასაუმჯობესებლად მცენარის ფესვებს, ბოლქვებს და ფოთლებს იყენებდნენ.

მოგვიანებით კარაბადინებში უამრავი სანელებელი აღწერეს და ზოგიერთი მათგანი ოქროსავით ძვირფასი იყო.

რომაელი ისტორიკოსი პლინიუსი ჩიოდა, ეგზოტიკური სანელებლების შესაძენად ყოველწლიურად 50 მილიონამდე სესტერცია იხარჯებაო.

მაგალითად, წიწაკას „შავ“ ან „წითელ“ ოქროს უწოდებდნენ. ძველ რომში მისით იხდიდნენ გადასახადებს და მავანს ქრთამადაც კი აძლევდნენ. ლონდონში „მეწიწაკეების გილდიაც“ ყოფილა, რომლის მოვალეობაც წიწაკის ხარისხის კონტროლი იყო.

დღეს წიწაკით ვერაფრის საფასურსაც ვერ გადაიხდი, თუმცა, კვლევების თანახმად, წიწაკა ჩილი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა და ვინც მას რეგულარულად მიირთმევს, 13%-ით ამცირებს ნაადრევი სიკვდილის რისკს.

ჩილის მთავარი კომპონენტი კაპსაიცინია, რომელიც სიმსივნური უჯრედების ზრდას აჩერებს. ეს უკვე ბებომ კი არა, Google Scholars-ის სტატიებმა თქვეს, რომლებიც კვლევებს ეფუძნება. როდესაც ლაბორატორიულ პირობებში სიმსივნურ უჯრედებს ამ ნივთიერებას ამატებდნენ, უჯრედები გამრავლებას წყვეტდა და აპოპტოზი ანუ უჯრედების დაშლა იწყებოდა.

გარდა ამისა, კაპსაიცინი ასტიმულირებს ნერწყვის გამოყოფას, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, აუმჯობესებს სწორი ნაწლავის პერისტალტიკას.

კაპსაიცინი ცეცხლოვანი წვის გემოს ალკალოიდია. სუფთა სახით ეს უფერო კრისტალური ნივთიერებაა. მისი ლღობის ტემპერატურა 65 გრადუსია, დუღილისა – 210-220. იოლად იხსნება ორგანულ გამხსნელებში, ეთილის სპირტსა და ცხიმებში.

წიწაკის შემდგომ წვას პირის ღრუში რძე ჩააცხრობს, წყალი კი – ნაკლებად. სალათას მოყრილ წიწაკას უფრო იოლად მიირთმევთ.

ცნობისათვის:

წიწაკის სპრეი – 2000-5,300 ერთეული კაპსაიცინი;

ყვითელი ჩილი – 5000-8000 ერთეული კაპსაიცინი;

ჩილაკა – 2500-4000 ერთეული კაპსაიცინი;

მწვანე ჩილი – 500-2000 ერთეული კაპსაიცინი;

წითელი ჩილი – 500-1500 ერთეული კაპსაიცინი;

ბულგარული წიწაკა – 0 ერთეული კაპსაიცინი.

გამოდის, რომ კაპსაიცინის მისაღებად ბულგარული წიწაკა არ გამოგვადგება.

ბებია კურკუმას არ იცნობდა. იმ დროს არც იყო დიდად გაყიდვაში. მე კი მიყვარს და ვიყენებ.

ინდოეთში ის თავდაპირველად, მხოლოდ საღებავი ეგონათ. არც გაემტყუნებათ – რასაც კურკუმას მოაყრით, მაშინვე დამახასიათებელ ყვითელ შეფერილობას იღებს. მერე ეტყობა გემოც მოეწონათ – ნებისმიერ კერძს მართლაც თავისებურ პიკანტურ გემოს აძლევს. სიმსივნური უჯრედების ზრდას ეს სანელებელიც ანელებს. მთავარი მოქმედი ნივთიერება კურკუმინია.

აქვე ერთი განმარტებაც უნდა გავაკეთო, თორემ უმისამართო კრიტიკოსების მეტი რა არის: ვერავითარი ბუნებრივი ალკალოიდი უკვე შორს წასულ დაავადებას ვერ განკურნავს, თუმცა მათმა მუდმივმა გამოყენებამ შესაძლოა დაავადების ჩამოყალიბება აგვაცილოს თავიდან ან ადრეულ სტადიაზე მყოფი გადაგვარებული უჯრედის ზრდა შეაჩეროს.

კურკუმინი იგივე დიფერულოილმეთანია. გვხვდება როგორც დანამატი E100. ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით გამოირჩევა, პოლიფენოლია და მინერალური მჟავების ხსნარში ფერს არ იცვლის, ტუტე გარემოში კი წითელი შეფერილობა აქვს.

დაფნის ფოთოლიც სანელებელია. ბებია არა მხოლოდ საკვებში იყენებდა, მის ნახარშსაც ივლებდა თმაზე. 92 წლისა გარდაიცვალა და ბოლომდე სქელი და ჯანსაღი თმა ჰქონდა.

თუ გახსოვთ, იმპერატორები დაფნის გვირგვინით იმკობდნენ თავს. ტიბერიუსი ამგვარად მეხსაც ემალებოდა. დაფნა სასარგებლოა. მის შემადგენლობაში შედის ეთერზეთები, რომლებსაც ბაქტერიების განადგურება შეუძლია. მაგალითად, ევგენოლი, რომელიც ძლიერი ანტისეპტიკური საშუალებაა და ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტელები იყენებდნენ ჭრილობების დასამუშავებლად.

ევგენოლი, იგივე 4-ალილ-2-მეტოქსიფენოლი, ფენოლების კლასს და სურნელოვან ნივთიერებებს განეკუთვნება.

ევგენოლი C10H12O2 დაფნის ეთერზეთის შემადგენლობაშია და ამ მცენარის ფოთლების ექსტრაქციით გამოყოფენ.

ჯანჯაფილი სამხრეთი აზიიდან ევროპაში შუა საუკუნეებიდან შემოიტანეს. მას შავი ჭირის საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი თვისებები აღმოაჩნდა. ახლა ვიცით, რომ ჯანჯაფილი პოლიფენოლებს შეიცავს – ჯინჯეროლს და მის წარმოებულებს. ებრძვის ანთებით პროცესებს და კიბოს. მასში ასევე შედის მანგანუმი – მიკროელემენტი, რომელიც აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების საწარმოებლად, ძვლების სიმტკიცისთვის და გენეტიკური მასალის დასაცავად.

დარიჩინი – ყავისფერი ხე – სისხლში შაქრის დონეს ამცირებს, ცვლის ინსულინრეზიზსტენტობას და ეს მეორე ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის ძალიან აქტუალურია. აქვეითებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების რაოდენობას. ერთი სუფრის კოვზი დარიჩინი მანგანუმის დღიური ნორმის 70%-ს შეიცავს.

ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი რამ, რაც ადამიანებს გვაქვს, მეხსიერებაა, და ვინაიდან დრო ჩვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს, ნათელი გონების შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია.

სწორედ ამაზე წერდა გალა:

„…სიბერის ხანა გულს ეპარება

და ნათელ დღეთა ჰქრება ფიცხობა,

მას ხან ეშმაკი გადეფარება,

ხან სასიკვდილო გულმავიწყობა…“

სასიკვდილო გულმავიწყობის წინააღმდეგ ავიცენა თავის სამედიცინო ტრაქტატში სამ კომპონენტს განიხილავს. პირველი მათგანი ოხრახუშია. მისი მთავარი მოქმედი ნივთიერება აპეგინინია, რომელიც ნერვულ უჯრედებს შორის კავშირების დამყარებას უწყობს ხელს და ჩვენს მეხსიერებას წრთობის უნარს უნარჩუნებს.

მომდევნოა გვირილა, რომლის ეთერზეთებიც უსაფუძვლო შფოთვას გვაცილებს ადამიანს.

ბოლო კი კურკუმაა, რომელზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ და სიმსივნური უჯრედების გამრავლებასთან ერთად ალცჰაიმერის დაავადების შეფერხებაც შეუძლია.

თუმცა იგივე ავიცენა ყველაზე გავრცელებულ და სახიფათო სანელებლად ჩვეულებრივ სუფრის მარილს მიიჩნევს.

მარილი ნატრიუმისა და ქლორისგან შედგება. მისი დისოციაციის შედეგად წარმოქმნილი ნატრიუმის იონები მონაწილეობს ნერვული უჯრედების ფუნქციობასა და იმპულსების გადაცემაში, უჯრედში გლუკოზის ტრანსპორტირებაში, კუნთების შეკუმშვაში, თუმცა ნატრიუმთან მიმართებით ყველაფერი ასე მარტივად არ არის. ნატრიუმი ორგანიზმში წყალს აკავებს, რასაც შესაძლოა არცთუ სასურველი შედეგი მოჰყვეს. სისხლძარღვებში ზედმეტმა სითხემ შესაძლოა წნევის მომატება გამოიწვიოს. ამრიგად, ჭარბი ნატრიუმი წნევის მატებას უწევს პროვოცირებას, მომატებული წნევა კი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების (ინსულტის, ინფარქტის) და თირკმელების უკმარისობის რისკფაქტორია. ზოგიერთი წყაროს მტკიცებით, მსოფლიო ბაზარზე უკვე გამოჩნდა ე.წ. მარილის შემცვლელი პრეპარატები, რომლებშიც ნატრიუმის იონები კალიუმის ან მაგნიუმის იონებითაა შეცვლილი. თუმცა მათი ავკარგიანობა საბოლოოდ ჯერ არ დაუდგენიათ. გარდა ამისა, ნატრიუმზე სულ მთლად უარის თქმაც არ ივარგებს. გამოდის, რომ საუკეთესო გამოსავალი მარილის ზომიერი მიღებაა.

ახლა სამზარეულოში უკვე მე დავფუსფუსებ. ჩემი ქეთო ბებოს ნეკადაც არ ვღირვარ, მაგრამ რაღაცას მაინც ვახერხებ და სულ ის დრო მენატრება, ხელებდაკაპიწებული ბებო სანელებლებზე რომ მიყვებოდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი