პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მეორე, მესამე, მეოთხე რუსეთი

ცოტა ხნის წინ მოულოდნელად ჩემთვის უცხო, უცნაურ საზოგადოებაში ამოვყავი თავი. ვნახე ჯოგური ინსტინქტებით შეკავშირებული  ადამიანები, რომელთაც ქედმაღლობა და საკუთარი უნიკალურობის ურყევი რწმენა აერთიანებდათ. ასეთი სნობური თავყრილობების მთავარი მახასიათებელი ავტორიტეტთა აბსოლუტურ ჭეშმარიტებად მიჩნეულ მოსაზრებებზე უქმსიტყვაობა ყოფილა. ცხადია, გამიჭირდა ამგვარ გარემოში ყოფნა, მაგრამ მეგობარს ხათრი ვერ გავუტეხე და ნაცვლად იმისა, რომ იქიდან წამოვსულიყავი, დროებით ოთახის განაპირას მდგარ პატარა სკამზე მოვკალათდი. შორიდან მაინც ვგრძნობდი გამჭოლ მზერას, ელიტის წარმომადგენლები გაფაციცებით აკვირდებოდნენ ჩემს ათლეტურ აღნაგობასა და ქუთაისის საფეიქრო ქარხანაში წარმოებულ კედებს.

ბოლოს უცხო სტუმრისთვის ერთგვარი ტესტის ჩატარება გადაწყვიტეს. გაუგონარი აქცენტით მოსაუბრე რამდენიმე მომხიბვლელი ახალგაზრდა ჩემი საგარეოპოლიტიკური(!) ორიენტაციის დადგენას შეეცადა და რუსეთის საერთაშორისო როლის შესახებ ჩამომიგდო სიტყვა. ოდნავ ამოვისუნთქე და დაინტერესებულ პირებს ყურები გამოვუჭედე ტრუბეცკოის, გუმილიოვის, დუგინის გეოპოლიტიკური თეორიების კრიტიკით. თვალებგაბრწყინებულმა მასპინძლებმა ღიმილით მიპასუხეს, რომ ძალიან მოეწონათ ჩემი მსჯელობა.

ტესტის მომდევნო საფეხურზე დამევალა გაბათილება შემდეგი დებულებისა: ორი რუსეთი არ არსებობს.

ერთი საშინელი თვისება მაქვს – ძალიან ხმამაღლა ვიცინი. გასაქცევად მომზადებულ გამომცდელებს უმალვე მოვუბოდიშე, რადგან მათთვის მეორე, მესამე, მეოთხე რუსეთის არსებობისა და, საზოგადოდ, მრავალფეროვნების შესაძლებლობის დასაბუთების სურვილმა შემიპყრო.

ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია, მალევე დავიწყე მეოცე საუკუნის ერთ დონ კიხოტეზე ლაყბობა. მასპინძლებს შევახსენე, რომ საბჭოთა რუსეთშიც არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ვიღაცის მიერ ერთხელ და სამუდამოდ დადგენილ წესრიგს ეწინააღმდეგებოდნენ, ცდილობდნენ მონობის, უზომო ერთსახოვნების ჭაობიდან თავის დაღწევას, არ ერიდებოდნენ ავადმყოფის დაუმსახურებელი იარლიყის მიკერებას, ყოველთვის ესწრაფოდნენ სიახლეს და მზად იყვნენ, მიეღოთ სასჯელი თავიანთი ბრძოლისთვის – მარტოობა და დევნილობა.

სამწუხაროდ, იოსიფ ბროდსკის საქართველოში უმრავლესობა არ იცნობს. მის შესახებ ცოტა რამ თუ გაუგონიათ ჩვენს მოსწავლეებსაც. ლენინგრადის ბლოკადის დროს დაბადებულმა პოეტმა უმძიმესი ბავშვობა და სიყმაწვილე განვლო. იგი სიღარიბეში იზრდებოდა. 15 წლისამ სკოლა მიატოვა და მუშაობა დაიწყო. წლების განმავლობაში მას ათეულობით პროფესიის გამოცვლა მოუწია, იყო სანიტარი, უბრალო მუშა, ხანდახან ფოტოგრაფობდა ან თარჯიმნის მოვალეობას ასრულებდა. პარალელურად კი მსოფლიო ლიტერატურის კლასიკასა და უახლეს ნაწარმოებებს ეცნობოდა. მალე მან „სოციალისტური რეალიზმისთვის” არასტანდარტული ლექსების წერაც დაიწყო:

e

ალბათ, ბევრს იგი თავზე ხელაღებულ დისიდენტად და პოლიტიკურ აქტივისტად წარმოგიდგებათ. არა, „ახმატოვას ობლებს” შორის გამორჩეული პოეტის ერთადერთი დანაშაული ის იყო, რომ საბჭოთა თარგზე გამოჭრილ მოქალაქედ ვერ მიიჩნევდით. იგი სხვებისგან განსხვავდებოდა, შეშინებული ქვეშევრდომებისთვის გაუგებარი პოეზიის ნაწილს წარმოადგენდა და შესაშური ნიჭით ცდილობდა საკუთარი გზის გაკვალვას.

სწორედ უნიკალური შესაძლებლობების, არასტანდარტული ქცევისა და თავისუფლებისკენ სწრაფვის გამო გახდა ბროდსკი რეპრესიების მსხვერპლი. ჯერ „მუქთახორობის” ბრალდებით ციმბირში უკრეს თავი, ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტის ხალათის მორგებაც აიძულეს, ბოლოს კი საერთოდ გააძევეს საკუთარი ქვეყნიდან. კომუნისტურ ნომენკლატურას ეშინოდა, ლენინგრადელი შემოქმედის საქმიანობას საზოგადოების გამრავალფეროვნების სურვილი არ გამოეწვია.

მიუხედავად უსამართლო დამოკიდებულებისა და ჩაგვრისა, ბროდსკის მეორე, მესამე, მეოთხე რუსეთის არსებობის რწმენა არ დაუკავრგავს. გაძევების ჟამს ბრეჟნევისთვის მიწერილ ტექსტში პოეტი აღნიშნავდა: „მე ვეკუთვნი რუსულ კულტურას, თავს მის ნაწილად მივიჩნევ და ადგილმდებარეობის გამოცვლა საბოლოო შედეგზე ვერაფრით იმოქმედებს. ენა უფრო ძველი და აუცილებელი რამაა, ვიდრე სახელმწიფო. მე ვეკუთვნი რუსულ ენას. რაც შეეხება სახელმწიფოს, ჩემი აზრით, მწერლის პატრიოტიზმის საზომი ისაა, როგორ წერს იგი თავისი ხალხის ენაზე და არა ის, როგორ ფიცს წარმოთქვამს ტრიბუნიდან. მე აქ დავიბადე, გავიზარდე, აქ ვცხოვრობდი და რაც მაქვს, სწორედ რუსეთს ვუმადლი. ყველაფერ ცუდს, რაც წილად მხვდომია, ერთიორად სჭარბობდა კარგი და თავი არასოდეს მიგრძნია სამშობლოზე გაბრაზებულად”.

ემიგრაციაში შვიდკლასდამთავრებული, უდიპლომო ბროდსკი ათეულობით უმაღლესი სასწავლებლის პროფესორი, ცნობილი ესეისტი, ლიტერატურის გავლენიანი კრიტიკოსი და ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. დღესაც კი, გარდაცვალებიდან თითქმის ორი ათეული წლის შემდეგ, სამშობლოში ავტორიტარებს ისევე ეშინიათ მისი, როგორც მრავალი წლის წინათ.

მოდი, კვლავ ჩემს მასპინძლებს დავუბრუნდეთ. მათთან კამათის დასასრულს პოეტის ერთი ინტერვიუც ამომიტივტივდა გონებაში. ვფიქრობ, პოსტსაბჭოთა საზოგადოებათა გარკვეულ ფენებს (განსაკუთრებით კი სნობურ, დაწინაურებულ ჯგუფებს) საერთო უბედურება სჭირთ: ადამიანებისადმი უპატივცემულობა, უსაზღვრო ცინიზმი, აუხსნელი ირონია, რომელსაც სოლიდარობის, თანაგანცდის დაკარგვამდე და საზოგადოების დანაწევრებამდე მივყავართ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი