პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სასტიკი სტატისტიკა

გუშინ კიდევ ერთმა კაცმა მოკლა ცოლი. ცივი იარაღით მოკლა ქალი, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა, რომელიც, წესით, უნდა ჰყვარებოდა და რომელთანაც უნდა გაეზიარებინა ყველა მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო ამბავი, ჭირი თუ ლხინი. საინფორმაციო წყაროები და სასტიკი სტატისტიკა გვაუწყებენ, რომ მხოლოდ ბოლო სამი თვის განმავლობაში ეს მეთოთხმეტე შემთხვევაა. დიახ, სტატისტიკის ენაზე ოჯახური ძალადობის ფატალური შედეგით დასრულებული 14 შემთხვევა რეალურად გაცილებით მეტი ტრავმირებული ბავშვის, შვილმოკლული მშობლის, მოძალადე კაცის, დამცირებული, შეურაცხყოფილი და ნაადრევად სიცოცხლემოსწრაფებული ქალის ამბავია; მეტიც – ამბავია საზოგადოებისა, რომელიც მშვიდად უყურებს, როგორ იხრწნება შიგნიდან და არ აღიარებს მომაკვდინებელ სენს, რომლითაც იტანჯება. ეს სტატისტიკა თითოეული ჩვენგანის ისტორიაა, რომლებმაც ვიცით, რომ სანამ ჩვენ ვსეირნობთ, ერთმანეთს ამბებს ვუყვებით, სამზარეულოში ვფუსფუსებთ, ჭკვიანური სახეებით სხვადასხვა თემაზე ვმჯელობთ, მავანი ცოლს კლავს, სცემს, შეურაცხყოფს, რაღაცას უკრძალავს და მაინც წარბშეუხრელად, ხმაამოუღებლად ვაგრძელებთ ჩვენს მშვიდ ცხოვრებას.
გუშინაც ასე იყო. დილით სამსახურში წავედი, საღამოს საქმიანი ვახშამი მქონდა, მერე ჩემი შვილის ძილისწინა რიტუალები აღვასრულე და ასე, თითქოს არაფერი მომხდარა, თითქოს აქვე, მეზობელ უბანში არ ყოფილიყოს, წუხელ ქალი რომ მოკლა ქმარმა, ქურაზე წყალი შემოვდგი ჩაისთვის.
მარტო გუშინ კი არა, სულ ასეა, მთელი ცხოვრება.
გესმის სასტიკი ამბები და – ვითომც არაფერი.

ერთი ნათესავი გვყავს, სკოლა არც კი ჰქონდა დამთავრებული, რომ გათხოვდა. როგორც მაშინ ამბობდნენ, გაიპარა. თავისზე რამდენიმე წლით უფროს ბიჭს გაჰყვა მეზობელი სოფლიდან, რომელიც მის სკოლაში გიტარაზე დაკვრას ასწავლიდა. ეს თმაქოჩორა მუსიკის მასწავლებელი დროთა განმავლობაში ტიპური უსინდისო აღმოჩნდა: მუშაობა რომ ეზარებათ, ცოლის გარდა ყველა სხვა ქალი საოცნებო ჰგონიათ, ოჯახის წევრებზე საერთოდ არ ფიქრობენ და თუ მაინც შეძლო ვინმემ მათი ყურადღების მიქცევა, მათგან შეურაცხყოფის მეტს ვერაფერს მიიღებს; საზოგადოების თვალში უტიფრად რომ აგრძელებენ პატიოსანი კაცის როლის თამაშს და ოჯახურ თავყრილობებზე მზრუნველ მამებად და ქმრებად გვევლინებიან, აი, ეგეთი. ჩვენი ნათესავი ამ უსინდისო ადამიანთან თითქმის ოცი წლის განმავლობაში ისე ცხოვრობდა, ისე იტანდა ღალატს, შეურაცხყოფას, უუფლებობას, სიღატაკეს და უყურადღებობას, ისე ზრდიდა ამ არაჯანსაღ გარემოში შვილს, არავის უთქვამს, რომ არასწორად იქცეოდა, რომ ასეთ ოჯახს მარტოხელა დედის სტატუსი სჯობდა, რომ ბავშვისთვის გაცილებით უკეთესი იქნებოდა უსინდისო მამის გარეშე გაზრდა და ასე შემდეგ. არავის შეუთავაზებია ოჯახში ძალადობის ცხელ ხაზზე დარეკვა და სამართლებრივი გზით პრობლემის მოგვარება. ვინმეს რომც ეთქვა რამე, დახმარება ნდომებოდა, მაინც არაფერი გამოვიდოდა, იმიტომ რომ იმ გოგოს ბავშვობიდან ესმოდა შეგონებები ოჯახის შენარჩუნებაზე, ქალის თმენის ვალდებულებაზე, ბავშვების გამო ატანილ შეურაცხყოფასა და სიყვარულის მარადიულობაზე. იმასაც ხედავდა, როგორ ხვდება საზოგადოება მარტოხელა დედებს, როგორი განხილვები სდევს თან ნებისმიერ დანგრეულ ოჯახს, რა ძნელია, მარტომ უზრუნველყო შვილის მომავალი; როცა სწავლას ორი თვის წინ გაცნობილთან ერთად ოჯახის შექმნას ამჯობინებ, ცხოვრების საუკეთესო წლებს საკუთარი თავის რეალიზაციის მაგივრად საოჯახო საქმეებს ახმარ და ძნელად თუ წარმოგიდგენია სამსახური, სადაც რამის გაკეთება შეგიძლია.
ათასობით ასეთი ქალი ცხოვრობს ჩვენ გარშემო და ისინი ერთმანეთის სევდიან, ტრაგიკულ ყოფას ამართლებენ თავიანთი არსებობით, თითქოს ერთმანეთს ეუბნებიან: მეც ასე ვარ, ვითმენ, შენც მოითმინე, მერე რა მოხდა… მერე ის ხდება, რომ ზოგი სიკვდილამდე ძალადობის მსხვერპლია, ზოგიც ამ 14 ქალივით ნაადრევად ასრულებს სიცოცხლეს. 
თუ ვინმემ ვეღარ მოითმინა, ჩემი მეორე ნაცნობის ბედს გაიზიარებს, რომელმაც მოძალადე კაცთან ცხოვრებაზე უარის თქმა კი გაბედა, მაგრამ მას შემდეგ წლებია ისმენს ახლობლებისგან სხვა ქალების ამბებს, რომლებმაც ოჯახი შეინარჩუნეს, მოთმინება გამოიჩინეს, ბავშვს მამასთან ყოფნაზე უარი არ ათქმევინეს და ასე შემდეგ. ისმენს იმასაც, რომ თუ ერთი კავშირი წარუმატებელი აღმოჩნდა, მეორე ცდას აზრი არ აქვს, ღირსებას მოფრთხილება უნდა და უკეთესი იქნება, თუ პირად ბედნიერებაზე ფიქრს თავს დაანებებს.

დიახ, ასეა. ქალებზე, რომლებმაც არასწორი არჩევანი გააკეთეს, რომლებსაც ცუდი ადამიანები შეუყვარდათ, არა მხოლოდ მათი მეორე ნახევრები, არამედ მთელი საზოგადოება ძალადობს. ჩვენ ყველა, ზოგი – ზედმეტი აქტიურობითა და მორალური შეგონებებით, ზოგიც – გულგრილობითა და პრობლემის არშემჩნევით, ვამძიმებთ მათ ისედაც ტრაგიკულ ყოფას. შესაბამისად, როცა ამ ქალებზე დარდისას ვინმე მეუბნება, რომ ასეთი რამ სხვა ქვეყანაშიც ხდება, ყველგან არიან პათოლოგები, რომლებიც ცოლებს, შვილებს, დედებს ხოცავენ, ეს სულაც ვერ მამშვიდებს, ვინაიდან ვიცი, რომ სხვა ქვეყნებში ასეთი პათოლოგების გვერდით არსებობს კარგად გამართული და მოქმედი სამართლებრივი სისტემაც, რომელიც სავსებით ადეკვატურად რეაგირებს ოჯახური დანაშაულის შემთხვევებზე; არსებობს ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრები, სადაც მისვლა სირცხვილი არ არის; იქ ქალისთვის გაცილებით ადვილია სამუშაოს პოვნა და, რაც მთავარია, არსებობს საზოგადოება, რომელიც მსხვერპლისგან პირში წყლის ჩაგუბებას და საკუთარ პრობლემებთან შეგუებას არ ელოდება.
დიახ, სწორედ ეს არის განსხვავება ჩვენსა და სხვა (უფრო განვითარებულ) ქვეყნებს შორის, სადაც ასევე ხდება ოჯახური ძალადობა და ასევე ხოცავენ ქმრები ცოლებს. 
დიახ, სწორედ იმიტომაა საგანგაშო ეს მონაცემები, რომ თითოეული ამბის შემდეგ იწყება მსჯელობა, იმსახურებდა თუ არა ქალი სიკვდილს და ცოტას თუ ახსენდება, რომ ადამიანის სიცოცხლე უმაღლესი ღირებულებაა, რომლის ხელყოფის უფლება არავის აქვს.
იქნებ ეს სასტიკი სტატისტიკა და 14 მოკლული ცოლი მაინც იქცეს იმპულსად იმისა, რომ ჩვენ ყველა უფრო გამბედავები ვიყოთ დამნაშავესთან და მეტი მხარდაჭერა გამოვუცხადოთ მსხვერპლს; იქნებ დადგა დრო, ყველამ ვიკისროთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ჩვენ გარშემო მცხოვრებ ქალებს ვუთხრათ, რა სისულელეა თავს მოხვეული თმენის ვალდებულება, როცა ვიღაც გცემს და შეურაცხგყოფს, როგორ არ ღირს არანაირი სტატუსი უუფლებო მდგომარეობად, როგორ არ სჭირდებათ შვილებს დრამატული ოჯახები…
მჯერა, ამ საქმეში მასწავლებლებს ფრთხილი მოქმედებით და კარგად შერჩეული ტონით გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი როლის შესრულება შეუძლიათ, ამიტომ მინდა გთხოვოთ: ნუ დახუჭავთ თვალს მოძალადე მშობლებსა და საზოგადოების ზეწოლის გამო შენარჩუნებულ ოჯახებზე, ნუ ახსენებთ თმენის ვალდებულებას გოგონებთან საუბრისას და შეახსენეთ დედებს ოჯახში ძალადობის ცხელი ხაზის არსებობის შესახებ. ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ ვცადოთ, იქნებ გამოვიდეს, იქნებ ვიღაც სწორედ ჩვენ გადავარჩინოთ ცივი იარაღით სიკვდილს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი