ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

„მშობელსა და შვილს შორის“ – აუცილებელი საკითხავი მშობლებისთვის

რაც უფრო იზრდებიან ჩვენი შვილები, უფრო მეტად ვრწმუნდებით, როგორი მნიშვნელოვანია მათთან ინდივიდუალური საკომუნიკაციო ენის გამონახვა და მათი პიროვნებებად აღქმა. მნიშვნელოვანია დაკვირვება მათ ხასიათზე, ქცევასა და ემოციებზე. ასე ხომ ვსწავლობთ მათ პიროვნულ თვისებებს; ვიგებთ რა მოსწონთ, რა არ მოსწონთ, რა უხარიათ და რა სწყინთ ხოლმე. ჩვენი შვილები ერთმანეთისგანაც ძალიან განსხვავდებიან და მათი ეს უნიკალურობა, კიდევ უფრო საინტერესო ხდება დროთა განმავლობაში.

 

წლები გადის და ყველაზე ძვირფასი კავშირი, რომელიც მშობლებსა და შვილებს შორის არსებობს, უფრო მყარდება, ზოგჯერ კი – პირიქით, უფრო მეტად ირღვევა, რასაც თავისი მიზეზები აქვს. მშობელსა და შვილს შორის კავშირის გაღრმავება ჩვენზე – მშობლებზეა დამოკიდებული. დამოკიდებულია იმაზეც, რა გზით და რა ფორმით წარვმართავთ შვილებთან ურთიერთობას; როგორ დავინახავთ მათ პიროვნებას; როგორ გავაკრიტიკებთ ისე, რომ არ დავაზიანებთ მათ; როგორ ვეტყვით საყვედურს ისე, რომ არ შევულახავთ თავმოყვარეობას; როგორ დავეხმარებით პიროვნულ განვითარებაში ისე, რომ არ ვაიძულებთ გახდნენ ისეთები, როგორიც ჩვენ მოგვწონს.

 

როცა შვილის პიროვნება მშობლის მიერ შექმნილი „იდეალური შვილის” სურათ-ხატს არ ემთხვევა, მშობლებს უჭირთ შვილის ასეთად მიღება. ამიტომ ხშირად არ ვიღებთ მათ პიროვნებას, რადგან მშობელთა უმეტესობისთვის კარგი შვილი დამჯერი, მორჩილი და მშობლის სურვილების უპირობო შემსრულებელია. ასეთ დროს იშვიათად ვსვამთ შეკითხვებს – რა სურთ მათ? რა აინტერესებთ ჩვენს შვილებს? რა იქნებოდა მათთვის უფრო კარგი? როგორ ამოვიცნო მათი რეალური სურვილი და განწყობა? იმისათვის, რომ ეს კითხვები დავსვათ, საჭიროა დავინტერესდეთ ჩვენი შვილების ბუნების, ხასიათის და ქცევის შესწავლით, მოვძებნოთ შესაფერისი სათქმელი, შესაბამისი ხმის ტემბრი და მივიღოთ ისინი თავიანთი უარყოფითი ქცევებით. სინამდვილეში კი სულ პირიქით ხდება, მშობლები ვბრაზობთ, როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენი შვილები „აუტანლად” იქცევიან, არცთუ ისე ასერტულად გამოხატავენ საკუთარ აზრებს, აგრესიულად გვპასუხობენ და ა.შ. ასეთ განწყობას მივყავართ კონფლიქტამდე და ნეგატიური ემოციების ამოფრქვევამდე.

 

დეკემბერში ერთ საინტერესო წიგნს ვკითხულობდი მშობლებისა და შვილების ურთიერთობაზე. წიგნის სათაურია „მშობელსა და შვილს შორის”. მისი ავტორია ჰაიმ ჯ. ჯინოტი. ჰაიმ ჯინოტი კლინიკური ფსიქოლოგი, პედიატრი და მშობლებისთვის განკუთვნილი სემინარების ხელმძღვანელი იყო. ჯინოტის წიგნები 30 ენაზე ითარგმნა და ბესტსელერებად იქცა. მშობლებს ძალიან გვაკლია და გვჭირდება ისეთი ლიტერატურა, რომელიც დაგვეხმარება, უკეთ გავერკვეთ ჩვენი შვილების ემოციების სამყაროში და მათ გრძნობებში გავიკვლიოთ გზა. ჯინოტის ეს შესანიშნავი წიგნი კი ერთგვარი სახელმძღვანელოა იმის გასაგებად, როგორ უნდა დაუახლოვდე და ამოიცნო შვილების აზრები, გესმოდეს მათი და როგორ გახდე უფრო გულისხმიერი აღმზრდელი. როგორც წიგნის წინასიტყვაობიდან ვიგებთ, სანამ ფსიქოლოგი გახდებოდა, ჰაიმ ჯინოტი სკოლის მასწავლებელი იყო. იერუსალიმის დავიდ იელინის პედაგოგიური კოლეჯი ჰქონდა დამთავრებული. რამდენიმეწლიანმა პედაგოგიურმა გამოცდილებამ იგი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ ბავშვებთან საკმარისი მომზადება არ ჰქონდა და ამის შემდეგ გადაწყვიტა, სწავლა გაეგრძელებინა კოლუმბიის უნივერსიტეტის პედაგოგიურ კოლეჯში, სადაც დოქტორის ხარისხი მოიპოვა. ჰაიმ ჯინოტი, მრავალი წელი მშობლებთან და შვილებთან ინდივიდუალურ და ჯგუფურ ფსიქოთერაპიულ სეანსებს ატარებდა. ატარებდა ასევე სემინარებს მშობლებისთვის. სწორედ ამ გამოცდილების ნაყოფი გახდა წიგნი, რომელიც არა მარტო მშობლებს, მასწავლებლებსაც დაეხმარება რთული სიტუაციების გადაწყვეტაში და საჭირო სიტყვების შერჩევაში.

 

„მე ბავშვთა ფსიქოთერაპევტი ვარ და ვცდილობ, მათ დავეხმარო. როდესაც ბავშვს ერთი წლის განმავლობაში კვირაში ერთხელ ერთი საათით ვხვდები, ვატყობ, როგორ უქრება შფოთვის სიმპტომები, თავს უკეთ გრძნობს, სხვებთან ურთიერთობასაც უკეთ ახერხებს და სკოლაშიც უკეთესად იქცევა. როგორ ვახერხებ მათ დახმარებას? იმის წყალობით, რომ ბავშვებს მზრუნველობით ვექცევი. ვიყენებ ნებისმიერ საშუალებას, რათა მათ საკუთარი თავის რწმენა გავუღვივო. თუკი მზრუნველი დამოკიდებულება ავადმყოფ ბავშვებს სასიკეთოდ წაადგებათ, ეს პრინციპები და პრაქტიკა მშობლებმა და მასწავლებლებმა უნდა გამოიყენონ. მართალია, ფსიქოთერაპევტს შეუძლია ბავშვი განკურნოს, მაგრამ მათ, ვინც ბავშვთან ყოველდღიურად ურთიერთობენ, შეუძლიათ ის თავიდანვე ფსიქოლოგიურად ჯანმრთელები გაზარდონ”, – ეს ავტორის სიტყვებია, რომელიც მან მისი ერთ-ერთი გამოსვლის დროს განაცხადა.

 

ავტორი მშობლებს იმ ტექნიკებს ასწავლის და უზიარებს, რომლის გამოყენებით შესაძლებელია მშობლებსა და შვილებს შორის არსებული ურთიერთობა უფრო სასიამოვნო გახდეს და თავიდან აირიდონ კონფლიქტური სიტუაციები. სიტყვები – ის მთავარი არსენალია, რომელიც შეიძლება ორივე მხარისთვის სასარგებლოდ გამოვიყენოთ, ან პირიქით – დავნაღმოთ ჩვენი შვილების გული. დაუფიქრებელმა სიტყვებმა კი შეიძლება დამანგრევლად იმოქმედოს ჩვენს შვილებზე. ჰაიმ ჯინოტი გვირჩევს ყველაფრის შეცვლა საკუთარი თავიდან დავიწყოთ, შევისწავლოთ ჩვენი რეაქციები, პასუხები და შვილებთან ურთიერთობის განსაკუთრებული მეთოდი გამოვიმუშაოთ. როგორც ჰაიმ ჯინოტი წერს: „სიყვარული საკმარისი არ არის. არც გამჭრიახობაა საკმარისი. კარგ მშობლებს შესაბამისი ცოდნა უნდა ჰქონდეთ”.

 

„ის სიტყვები ხომ ვიცით, რომლებიც ასეთ დროს უნდა გამოვიყენოთ. ისინი არაერთხელ გვსმენია ჩვენი მშობლებისგან, როდესაც სტუმრებს ან უცნობებს მიმართავენ. ეს ის ენაა, რომელიც გრძნობებს არ ხელყოფს და საქციელს არ აკრიტიკებს. ჰოდა, შვილებსაც ისე უნდა მოვეპყროთ, როგორც სტუმრებს ვეპყრობით ხოლმე”.

 

მშობლად ყოფნა იოლი არ არის და ერთ-ერთი დიდი გამოცდაა ცხოვრების გზაზე, რაც კი შეიძლება ადამიანს თავს გადახდეს. მშობლებს ყველაზე ნაკლებად გვინდა გამოუსწორებელი შეცდომები დავუშვათ აღზრდის პროცესში. ყველაზე მეტად ჩვენ ვართ დაინტერესებული ეს ურთიერთობა სასიამოვნო და მეგობრული იყოს, შვილებთან გვქონდეს ახლო ურთიერთობა და მათ გვერდით ვიყოთ სხვადასხვა რთულ პერიოდში. ალბათ, არ არსებობს უშეცდომო ურთიერთობები, მაგრამ თუ სურვილი გვაქვს, ჩვენს მშობლობას უფრო მაღალი ხარისხის ნიშანი ჰქონდეს, შვილებთან ურთიერთობა უნდა ვისწავლოთ, ვეძიოთ მათთან ურთიერთობის სწორი ფორმები და გავხდეთ უფრო მეტად მიმტევებლები და მზრუნველები მათ მიმართ.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი