პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მხოლოდ კითხვა საკმარისი არ არის

ერთი კარგი ნაცნობი მყავს, სულ რაღაცას კითხულობს, მაგრამ თუ წიგნებით ხელში არ დაინახავ, სხვა ვერაფერზე მიხვდები, რომ ამდენი რამ აქვს წაკითხული – არც განსაკუთრებულად ნათელი გონება აქვს, არც განსაკუთრებულად განვითარებული კრიტიკული აზროვნება, არც არაფერი განსაკუთრებული.  მეტად არ დავკონკრეტდები, ალბათ ყველას გყავთ თითო ასეთი ნაცნობი.

 

მხოლოდ კითხვა საკმარისი არ არის და სწორედ ამიტომ არსებობენ ცალკე დისციპლინებად ლოგიკა, მედიაწიგნიერება და სხვა სპეციალობები, რომლებიც ტექსტების, მოვლენების, ამბების უკეთ აღქმაში გვეხმარებიან, გვწვრთნიან და გვასწავლიან განვასხვაოთ მთავარი ამბები არამთავარისგან, ერთმანეთთან დავაკავშიროთ სხვადასხვა მოვლენა და დავიჭიროთ საერთო კანონზომიერები თუ იშვიათი გამონაკლისები ჩვენ ირგვლივ მიმდინარე პროცესებში.

 

როცა პატარა გოგო და დამწყები მკითხველი ვიყავი, წიგნი ინფორმაციის მიღების ფაქტობრივად ერთადერთი მედიუმი იყო – ისე წავიკითხე ათ-ათჯერ ლინდგრენის ყველა იმ დროისთვის ქართულად გამოცემული წიგნი, რომ ნანახი არ მქონდა თავად ავტორის ფოტო. მეტიც, კარგა ხანს ის კაცი მეგონა. არადა, მაშინ, როცა მის წიგნებს ვეცნობოდი, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და წერილის მიწერაც კი შემეძლო. თუმცა, ეს გვიან გავიგე.

 

დღეს, როცა ჩემს შვილებს წიგნებს ვუკითხავ და უცნობ სიტყვას, ქალაქს ან ისეთ ისტორიულ მოვლენას შევხვდებით, რომელზეც მათ არაფერი იციან, ვეუბნები, რომ შეგვიძლია ინტერნეტში მოვძებნოთ მეტი მათ შესახებ და მერე ვუყურებ, როგორ არჩევენ და ახარისხებენ ინფორმაციას, რაც ინტერნეტში ხვდებათ. მაგალითად, როცა ცნობილი გამომძიებელი კალე ბლუმკვისტი წუხს იმაზე, რატომ ცხოვრობს პატარა, მშვიდ და წესიერ ქალაქში, სადაც არაფერი ხდება, როცა შეიძლებოდა კრიმინალებით სავსე ჩიკაგოში ეცხოვრა, ცოტა ხნით ვტოვებთ კალეს მარტოს თავის დარდებთან და ჩიკაგოს შესახებ google-ს კითხვებს ვუსვამთ.

 

დღევანდელი მკითხველისთვის სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მოპოვება და მათ შორის სანდოსა და არასანდროს, ხარისხიანისა და უხარისხოს გადარჩევა ისეთივე საჭირო უნარია, როგორც სწრაფი კითხვა და წაკითხულის გააზრება. და ეს უსასრულო სამყარო, ანუ ინტერნეტი, რომელიც ჩემს ბავშვობაში ასეთი ხელმისაწვდომი არ იყო, ინახავს ყველაფერს: საყვარელი მწერლების სხვადასხვა დროს გადაღებულ ფოტოებს, მათი სახლებისა და ოჯახის წევრების, მეგობრების დეტალურ აღწერებს, წერილებს, წიგნების სხვადასხვა გამოცემას, სხვადასხვაგვარ ილუსტრაციებს, მათი გმირებით გაფორმებულ ყოველდღიურ ნივთებს, პერსონაჟების გადაადგილების რუკებს და რას აღარ. ეს ყველაფერი წიგნებში მოგზაურობას უფრო სრულყოფილს ხდის, უფრო ფართოა და გაცილებით მრავალფეროვნადაც გამოიყურება სამყარო, რომელსაც ერთი წიგნით შეგიძლია ესტუმრო. ყველაფერი ის, რაც უკვე გაკეთებულია წიგნების შესახებ, ახალი იდეების შთაგონების გზაც არის: თავად დახატო გზამკვლევი, გააკეთო კომიქსები, წარმოიდგინო შენთვის ცნობილი ავტორების დისკუსია სხვადასხვა თემაზე, შექმნა საყვარელი გმირების მენიუები და ასე უსასრულოდ.

 

და მიუხედავად იმისა, რომ კითხვა პირველ რიგში სასიამოვნო უნდა იყოს, ამისთვის მაინც საჭიროა გარკვეული დისციპლინა, მოთმინება და წესები. ნორჩ მკითხველებს კითხვასთან და ინფორმაციის გადახარშვასთან ერთად თხრობის, წერის უნარების განვითარებაც სჭირდებათ, საკუთარი პოზიციების დაცვის ტექნიკის გამომუშავება, დისკუსიაში დაოსტატება და თითქმის ისე წერის უნარი, როგორც ამას მათი საყვარელი მწერლები ახერხებენ: პირდაპირ და შთამბეჭდავად, წლები რომ გახსოვს ფრაზები ან პასაჟები ტექსტებიდან. მათ უნდა იცოდნენ, რომ მათი ხმები, ფიქრები და მოსაზრებები საინტერესოა და ამაში სხვების დასარწმუნებლად ვერავინ დაეხმარება ისე, როგორც საკუთარი თავი. კითხვაც და წერაც ხომ ერთგვარად მარტოსულების თავშესაფარია, სადაც ძალებს იკრეფენ ავტორებიც და მათი მკითხველებიც, იმისთვის, რომ მარტოობა მტანჯველი არ იყოს, სხვებთან თანაცხოვრება შესაძლებელი გახდეს და ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება შევძლოთ. ასე რომ, მხოლოდ კითხვა საკმარისი არ არის, საჭიროა ვიცოდეთ, რატომ და როგორ ვკითხულობთ და რა ხდება მაშინ, როცა ამ ცოდნის გამოყენება გვჭირდება.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი