პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სარეკლამო პედოფილია

ინტერნეტში ბევრმა გაიზიარა სტატუსი, სადაც ერთ-ერთი მშობელი ჰყვებოდა, როგორ გადაახტა მისი შვილის ბიოლოგიის მასწავლებელი სახელმძღვანელოს იმ თავს, რომელშიც გენიტალიების შესახებ ეწერა. მიზეზი, ერთი შეხედვით, დაუჯერებელია, თუმცა, ქართული სივრცის გათვალისწინებით, გასაგები – ახლა მარხვაა და ამას ვერ აგიხსნითო.
ალბათ, განსაკუთრებული პერვერტი უნდა იყო, მარხვის დროს ბავშვების განათლებაზე ზრუნვა ცოდვა რომ გეგონოს. როგორც ჩანს, ბავშვებისა და მოზარდების ინდოქტრინაცია არაერთ სკოლაში „წარმატებით” მიმდინარეობს, თუმცა „ზრუნვას” არც სკოლის გარეთ აკლებენ. რამდენიმე დღის წინ ვნახე რეკლამა, რომელიც სწორედ ამ თემასთან არის დაკავშირებული, თუმცა, ვფიქობ, აჯობებს, სრული სურათისთვის მცირე ექსკურსია მოვაწყოთ მეზობელ ქვეყანაში: 
საბავშვო გადაცემა. ისმის მშვიდი მუსიკა. იხსნება კადრი. ორი თოჯინა ერთმანეთს ეკამათება. ერთი – დათვი, სახელად მიშუტკა – გაიბუტება და პროტესტს გამოაცხადებს. შემოდის სათნო სახის წამყვანი და იწყება სრული სარეკლამო პედოფილია: წამყვანი აკეთებს ყველაფერს, რომ პროტესტი, როგორც ასეთი, წარმოაჩინოს სრულიად უსარგებლო, არაფრის მომცემ და მავნე ქცევად. დასასრულ, იგი სრულიად უგულებელყოფს მიშუტკას პროტესტს და მეორე თოჯინასთან ერთად ღვეზლის ცხობას შეუდგება. აქ კი მიშუტკა ვეღარ მოითმენს და იტყვის, ღვეზელი თუა, ჯანდაბას პროტესტი, მორჩა, აღარ ვაპროტესტებ და თქვენთან ძმურად ვიცხოვრებო.
სამწუხაროდ, ეს არ არის ცუდი მულტიპლიკაციის ცუდი სცენარი, ეს რეალური გადაცემაა რეალური გმირებითა და ანტიგმირებით. სრული შთაბეჭდილებისთვის ვიდეოსაც  მოვაყოლებ: 

ასე ამუშავებს რუსული პროპაგანდა ადამიანებს. ის ცდილობს, ნიჰილიზმის დათესვით, პროტესტის დაცინვით, ღვეზელის პოლიტიკით მოსპოს პროტესტის ყოველგვარი საფუძველი და, რაც მთავარია, ეს გააკეთოს ბავშვობიდანვე, რათა მორჩილი, არამოჯანყე თაობა აღზარდოს.
რა უნდა ისწავლონ ბავშვებმა ამ საბავშვო გადაცემიდან, რომელსაც ძალიან სათნო სახელი – „Спокойной ночи, малыши!” ჰქვია? ის, რომ სისტემას ყოველთვის ექნება „ღვეზელი”, ამიტომ პროტესტს აზრი არ აქვს.

მაგრამ რუსულ პროპაგანდას რატომ გადავეკიდოთ, როცა ქართულიც მოწოდების სიმაღლეზეა. ქართული პროპაგანდა ოდითგანვე „ჰყვარობდა” ბავშვებს – პოლიტიკოსი ბავშვით, პოლიტიკოსი რამდენიმე ბავშვით, პოლიტიკოსი ბევრი ბავშვით… 
ამ ვიდეოში   ხუდონჰესის აშენების სააგიტაციო რეკლამაა. 

ამის თაობაზე საკმაოდ ბევრი ითქვა – პროც და კონტრაც, ავიც და კარგიც, მაგრამ ყველაზე უსიამოვნო ის არის, რომ პროპაგანდის ველში ბავშვები აღმოჩნდნენ. მათ, ცხადია, ჯერ არც კი გაუცნობიერებიათ, სარისკოა თუ არა ხუდონჰესის აშენება, უნდა გაითვალისწინონ თუ არა იმ ადამიანების აზრი, რომლებიც ისტორიული მეხსიერებით არიან მიბმული ამ სივრცეს, აქვს თუ არა უფლება სახელმწიფოს, ძალდატანებით გადაასახლოს მოქალაქეები და ა.შ. ეს არ იციან ბავშვებმა, მაგრამ იციან პოლიტიკოსებმა, რომლებიც აგრესიული პროპაგანდით გვიბომბავენ თვალებს, ყურებს და ცნობიერებას და ამ პროპაგანდისტულ აბსურდში ბავშვებსაც რთავენ.
ნებისმიერ პროპაგანდას კარგი განათლება დააბალანსებს, მაგრამ სანამ მარხვის დროს მოსწავლისთვის განათლების მიცემა ცოდვა გვგონია, არაფერი გამოგვივა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი