პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სოლიდარობა, სიღარიბე და სხვა ამბები

ჩემს ბავშვობაში რამდენიმე წლის განმავლობაში ირგვლივ თითქმის არავინ ლაპარაკობდა საჭმელზე, ფულზე, ტანსაცმელსა და  სამსახურზე. საჭმლით ბებო-ბაბუები გვეხმარებოდნენ სოფლებიდან, თბილ ჯემპრებს დედები ქსოვდნენ ნავთის ლამპის შუქზე გაცრეცილი „ბურდა”-დან ამოღებული თარგების მიხედვით. სამსახური თუ ვინმეს ჰქონდა თვის ბოლოს ორნიშნა ციფრად გამოსახულ ხელფასს უდრიდა, შესაბამისად, ფული, როგორც ასეთი, თითქმის არ არსებობდა. 

მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი და კარგად ვერ ვხვდებოდი რა ერქვა ან საიდან მოდიოდა თვეობით გაგრძელებული დაძაბულობა,  ვიცოდი, რომ რაიმეს მოთხოვნას შეიძლება მშობლებისთვის გული ეტკინა, ამიტომაც თითქმის არ ვოცნებობდი ახალ სათამაშოებზე, დაბრაწულ ფუნთუშებსა და ღუნღულა ფეხსაცმელებზე. 
იმ დროს  კლასები ღუმელით თბებოდა, რომლისთვისაც შეშა მორიგეობით მიგვქონდა სახლებიდან, საახალწლო ზეიმებზე თოვლის ბაბუა ვაშლებს და ხელნაკეთ ბარათებს გვჩუქნიდა, სკოლის ბუფეტში თითქმის არავინ ჭამდა და გაკვეთილებსაც ერთმანეთისგან ნათხოვარი წიგნებიდან ვსწავლობდით. ალბათ იმ წლებში გაიყიდა ყველაზე მეტი  საოჯახო რელიქვია და თაობის ნატარები სამკაული ოჯახებიდან. სრული უფულობის პირობებში ის კაპიკები, რასაც ძვირფას ნივთებში მშობლები იღებდნენ, რამდენიმე დღის საკმარ პურს ან თბილ ფეხსაცმელს ნიშნავდა. დიდი მონაპოვარი იყო. 


ისიც შემიძლია გავიხსენო, როგორ დამთავრდა ეს მძიმე წლები. უფრო სწორად რა ნიშნებით მივხვდი, რომ ოცნება უკვე შეიძლებოდა: ჯერ პასკა და წითელი კვერცხები გაჩნდა ერთ-ერთ აღდგომას, მერე დედამ ორი – მწვანე და ლურჯი – სვიტრი გვიყიდა, ზედ ტომი და ჯერი ეხატა, მამამ თბილი ქურთუკები მოგვიტანა მე და ჩემს დას, ერთი უფრო გრძელი, მეორე ოდნავ მოკლე, ისეთმა საღამოებმაც იმატეს, ლამპის ანთება საჭირო რომ აღარ იყო  და მომდევნო ზაფხულს ჩემი მეგობარი ზღვაზე წავიდა. ამიერიდან შეიძლებოდა გეოცნება კიდეც, მაგალითად, ველოსიპედზე ან ფოტოაპარატზე. ამიერიდან დაბადების დღეებზე ტორტები გაჩნდა, ახალგამოცემული წიგნების ყიდვაც შეიძლებოდა და ცხოვრება  უფრო სასიამოვნო და ნაკლებდრამატული გახდა. 

ახლა, როცა შაბათ-კვირას ჩემს მზიან სამზარეულოში გაწელილი საუზმით ვტკბები ხოლმე, მაგიდაზე ნაირ-ნაირი ხილფაფები, რძის პროდუქტები და გემრიელი, ახლადგამომცხვარი პურები აწყვია, მიხარია, რომ ის რეალობა შორეული წარსულია და ჩვენ შეგვიძლია ხურდების თვლის გარეშე გავავსოთ მაცივარი, ვიყიდოთ ლამაზი კაბები ან სულაც სადმე,  სხვა ქვეყანაში სამოგზაუროდ წავიდეთ. მაშინ ეს წარმოუდგენელი იყო.  ყველაზე შორეული და დასაშვები გზა ხევსურეთის პირველ სოფლამდე მიდიოდა, იქ, სადაც მამაჩემი გაიზარდა. 

მიხარია, რომ საკუთარი სიღარიბის გამო დაძაბულობა და სირცხვილი ჩვენი რეალობა აღარ არის, ჩვენ შევძელით და ოდნავ მაინც ავიმაღლეთ ცხოვრების დონე, აღარ გვემუქრება  სამყაროს დაპატარავება ჩვენს პრობლემებამდე. ვინმემ რომ მკითხოს რატომ მუშაობ ამდენსო, ალბათ ასეც ვუპასუხებ:  საკუთარი ცოდნისა და უნარების რეალიზაციის გარდა მნიშვნელოვანია გარანტია იმისა, რომ ჩვენს სამზარეულოში სულ იქნება ნაირნაირი ხილფაფები, კარადაში ლამაზი კაბები, თაროებზე ახალი გამოცემები და გვექნება მთავარი – სურვილების ასრულების იმედი.

ბევრისთვის ეს სასაცილო სიხარულებია, მაგრამ ასევე ბევრისთვის ისეთივე წარმოუდგენელი ბედნიერებაა, როგორც იმ მშიერ წლებში  ჩვენთვის ავსტრალიაში სამოგზაუროდ წასვლა ჩანდა. მაგალითად აქვე,  ჩემი მზიანი სამზარეულოდან რამდენიმე კილომეტრში, კაზრეთში სადაც  თითქმის ერთი თვეა მთელი სოფელი ფეხზე დგას, ადამიანები სწორედ ცარიელ მაცივრებს, შვილებისთვის ტანსაცმლისა და წიგნების საყიდელი ფულის არქონას,  სიღარიბეს და საშინელ სამუშაო პირობებს აპროტესტებენ. ეს ხალხი, ვინც ელემენტარული უსაფრთხოების პირობების დაცვის გარეშე ზეგანაკვეთური სამუშაო გრაფიკით ცდილობს ოჯახის წევრების გამოსაკვები თანხის გამომუშავებას, ვერა და ვერ ეღირსა გაუმჯობესებულ პირობებს, ისინი ჯერ კიდევ იმ სიღარიბეს ებრძვიან, რაც ჩვენთვის შორეული წარსულია. 

არა მხოლოდ კაზრეთელი მაღაროელები, არამედ  მუშების უმეტესობა  საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან სიცოცხლეს  შახტასა და უკიდურეს სიღარიბეში ატარებს. ისინი არანაკლებ იმსახურებენ ყურადღებას და უკეთეს პირობებს, ვიდრე ოქროს მომპოვებლები. კაზრეთს მხოლოდ იმიტომ გამოვყოფ, რომ  სწორედ აქ  ვნახე მასწავლებლებისა და მოსწავლეების გულისამაჩუყებელი სოლიდარობა გაფიცულების მიმართ. ისინი  ერთად დადგნენ  მაღაროელი მშობლების გვერდით და თქვეს რომ – დიახ,  მათ სჭირდებათ  უკეთესი პირობები, სამართლიანობის დაცვა, შრომის დაფასება.  

 ამ მასწავლებლებმა, ალბათ, ყველაზე კარგად იციან, როგორ აისახება სიღატაკე მომავალ თაობებზე, რა მძიმეა ბავშვისთვის შიმშილი და ფეხსაცმლის არქონის გამო გაცდენილი გაკვეთილი, რა ძნელია ასეთ ბავშვს ცრემლიან თვალებში ჩახედო და უსაყვედურო, რომ ცუდად სწავლობს, მაგრამ ეს მაინც უნდა გააკეთო, თუნდაც იმიტომ რომ  უკეთესი მომავლის შექმნაში დაეხმარო. 

უკეთესი მომავლისთვის  მასწავლებელთა სოლიდარობა, ბავშვების თანადგომა და თავად მაღაროელების პროტესტი მხოლოდ ერთი ნაბიჯია. დიდ ცვლილებებს საზოგადოების უმეტესობის შესაბამისი განწყობა სჭირდება. ახლა, როცა ჩემი ბავშვობის მშიერი წლებისგან განსხვავებით მეტი ლაპარაკობს საჭმელზე, ტანსაცმელზე, ფულსა და სამსახურზე, მეტს ვხედავთ და ვმოგზაურობთ, ინფორმაციის გაცვლის მეტი რესურსი გვაქვს, როცა ადამიანებმა მეტი გაიგეს საკუთარი უფლებების შესახებ და თქვეს, რომ მუშა მონა არ არის, შახტასა და მაღაროში შესვლა სიკვდილით არ უნდა მთავრდებოდეს და ხელფასი იმდენი მაინც უნდა იყოს, შვილების საკვებით და სეზონის შესაბამისი ფეხსაცმლით უზრუნველყოფას ახერხებდეს, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ყველამ კაზრეთელი მასწავლებლების მსგავსად  გავითავისოთ რომ მაღაროელების  პრობლემა ლოკალური არ არის და ის ჩვენი საზოგადოების პრობლემაა.  ბავშვები, რომლებიც ოქროს მაღაროდან რამდენიმე კილომეტრში უფანჯრებო შენობებში ცხოვრობენ და სკოლაში სიარულს ვერ ახერხებენ, ჩვენი შვილების და მოსწავლეების გვერდით იზრდებიან და ისევე იმსახურებენ დაბრაწულ ფუნთუშებსა და სუფთა თეთრეულში ძილს, როგორც ყველა სხვა ბავშვი დედამიწაზე.

სიღარიბე და ადამიანის უფლებების უგულებელყოფა თითქმის ყველა საზოგადოების პრობლემაა, განსხვავება მხოლოდ მათდამი დამოკიდებულებებშია. სოლიდარული და მგრძნობიარე ხალხი უკეთ ახერხებს  მათგან თავის დაღწევას, ვიდრე სირაქლემას პოზაში მყოფი ინდიფერენტული მასები. ამიტომაც მოუყევით თქვენს მოსწავლეებს ბავშვებზე, რომლებიც თავიანთი მშობლების გვერდით დგანან სამართლიანობისთვის ბრძოლაში; და მასწავლებლებზეც, რომლებიც იქ, სადაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებები დაცული არ არის, იძულებულები ხდებიან კონკრეტული საგნების გარდა მოსწავლეებს სოლიდარობა, თანადგომა, ჰუმანურობა, სამართლიანობა და გამბედაობაც ასწავლონ.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი