ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

როცა ჩიტები მიფრინავენ

საით?

ალბათ შორს…

 

ეს წერილი ისეთ ამბებზეა, რომლებზეც არ ვსაუბრობთ, დუმილი გვირჩევნია, იმიტომ რომ არ ვიცით, რა ვთქვათ, იმიტომ რომ სიტყვები მიფრინავენ, ზუსტად მათსავით, ვის შესახებაც უნდა მოვყვე. მოვყვე არა – ვთქვა ის სიტყვები, რომლებიც ყველაზე მეტად გვჭირდება, რადგან სიტყვებს ბევრი რამ შეუძლიათ, მათ შორის – განკურნებაც და განადგურებაც. მე მაკურნებელ, ხელახლა დამბადებელ სიტყვებს ავირჩევ, რომ მიწამდე ჩაწოლილ ნისლში გზა გავიგნოთ, რომ უსიერ ტყეში მზის კომორები ვიპოვოთ და ერთი ძალიან, ძალიან ღრმად ამოვისუნთქოთ.

მასწავლებელს ორი ცხოვრება აქვს: ერთი – ჩვეულებრივი, როგორიც ყველა ადამიანს, მეორე – მასწავლებლური. აი, ამ მასწავლებლურ ცხოვრებაში მასწავლებელი იმდენ ცხოვრებას ასწრებს, რამდენი მოსწავლეც ეყოლება. ეს მეორე ცხოვრება ძალიან დაძაბულია, სუპერგმირობას მოითხოვს, ოღონდ ხშირად ესეც არ არის საკმარისი. ამაზე მეტი, გაცილებით მეტი უნდა შევძლოთ, რომ კომორებმა ჩამოაღწიოს დაბურულ ტყეში.

რატომ გავბედე ისეთ საკითხზე ლაპარაკი, რომელსაც ტაბუ ადევს? რომელზე საუბრის დროსაც სიტყვები ქრება? რომელზეც მხოლოდ ვტირით? რომელიც გვანადგურებს? რომელიც სასოწარკვეთილებაში გვაგდებს? იმედს გვართმევს? თავს ყველაზე უსუსურად გვაგრძნობინებს და ჩვენი მასწავლებლური სუპერგმირობაც წვიმაში მოყოლილი მაკიაჟივით იღვენთება, იდღაბნება, და ჩვენც ვშიშვლდებით, ნიღაბს ვიხსნით, სამყაროს წინაშე წარვდგებით ყველაზე უსუსურები, ყველაზე სევდიანები, რადგან ჩემმა მოსწავლემ ეს სამყარო დატოვა, რადგან ჩემი ჩიტი სადღაც შორს გაფრინდა და ახლა კლასში მისი ცარიელი მერხი შავ ხვრელად ქცეულა და მთელ ჩვენს ბედნიერებას, ოცნებებს, ყველა ჩატარებულ და ჩაუტარებელ გაკვეთილს სიღრმეში ითრევს, განადგურებას გვიქადის და არაფრად გვაქცევს? რატომ გავბედე და იმიტომ, რომ ჩემთვის ეს განცდები იმდენად ნაცნობი და მშობლიურია, ეს სასოწარკვეთილება იმდენ ხანს იყო ჩემთან, რომ მოვიშინაურე! ამიტომ, დიახ, მე სიტყვები მაქვს, იმიტომ რომ ჩემმა გაფრენილმა შვილმა ამის ძალა სადღაც უსასრულობიდან შურდულით მტყორცნა. მორჩა, ახლა ეს გახდა ჩემი სისუსტეცა და ძლიერებაც, უბედურებაცა და ბედნიერებაც. აი, სუპერმენები რომ ხდებიან კოსმოსიდან ჩამოვარდნილი ასტეროიდებისა და ამოუცნობი ენერგიების წყალობით, დაახლოებით ასეთი ამბავია, ოღონდ უფრო ჩახლართული და მისტიკური.

ბათუმის ტრაგედიამ მთელი სამყარო ამოაყირავა და ცხოვრება დააპაუზა. დიახ, აღარასოდეს იქნება ჩვენი ცხოვრება ისეთივე ლაღი და უდარდელი, ან როგორ შეიძლება სხვანაირად, როდესაც ჩვენგან სულ რამდენიმე კილომეტრზე ბავშვები ისე გაფრინდნენ, თანაკლასელებთან, მასწავლებლებთან დამშვიდობებაც კი ვერ მოასწრეს. ამ სამყაროს მიტოვება არ ყოფილა მათი არჩევანი, მათი სურვილი, მზად არ ყოფილან ამისთვის, ამიტომ ეს ამბავი კიდევ უფრო მტკივნეული და კიდევ უფრო მწარეა.

მათი მასწავლებლები კი, ეს სუპერგმირი მასწავლებლები, მარტო დარჩენნენ შავი ხვრელების პირისპირ – უამრავი გაფართოებული, ცრემლიანი თვალის პირისპირ, რომლებსაც ერთადერთი რამ აინტერესებთ: რატომ და სად წავიდა მათი კლასელი?

სად გაქრა ერთ დროს ჩახჩახა პლანეტა, ამხელა სევდა როგორ დაიტევს ერთი პაწაწინა კლასი?

ჰოდა, მასწავლებლებიც ჰყვებიან დამამშვიდებელ, მანუგეშებელ ამბებს, რომ მათ კლასელებს უფალთან ჩახუტების და მარადიული ნეტარების ბედნიერება ხვდათ წილად, რომ ანგელოზებად იქცნენ და ამიერიდან ზემოდან გადმოხედავენ, დაეხმარებიან, თუ გაუჭირდათ, ნატვრებსაც კი აუსრულებენ.

მაგრამ ბავშვებს უფრო მეტი სჭირდებათ – ფაქტები და ისტორიები. ინტერესი და ცნობისმოყვარეობა არ ასვენებთ. ნეტავი ახლა რას გრძნობენ? რას ფიქრობენ? მოწყენილები არიან თუ ბედნიერები? ჯადოსნურ ბაღში დასეირნობენ თუ ღრუბლებში დაფრინავენ? ფრთები მართლა აქვთ? და სული თუ გამჭირვალეა, თუ ვერ ვხედავთ, როგორ გამოიყურება ნეტავი?

და აი, ასეთ უმძიმეს დროს, როცა სიტყვები უკვე ვეღარ იძებნება, შეხედავს მასწავლებელი ცრემლით სავსე, სევდიან თვალებს და დაიწყებს „ძმები ლომგულების“ კითხვას. აქ არის ყველა პასუხი, აქ არის ის, რაც გაფრენილი ჩიტების კვალს მიგვაგნებინებს: „და ჩემი სული – თეთრი მტრედი/ მოფრთხიალდება შენს მყუდრო სახლში, /ო, სიყვარულო, მოგძებნის და სამუდამოდ მოისვენებს შენს მკერდზე, კარგო…“

როდესაც ჯონათანი გაფრინდება და დიდ მოგზაურობას შეუდგება, როდესაც მამაცი ბიჭი ამ სამყაროს და თავის ავადმყოფ ძმას მიატოვებს, მისი მასწავლებელი დაწერს: „შენი სკოლის მასწავლებელი არასოდეს დაგივიწყებს, შენს თანაკლასელებს და თანასკოლელებს დიდხანს ემახსოვრები. საშინელი სიცარიელე იქნება კლასიში უშენოდ, ჩვენო მხიარულო, მშვენიერო ჯონათან, მაგრამ ისინი, ვინც ღმერთებს უყვართ, ახალგაზრდები ტოვებენ ქვეყანას. მშვიდობით განისვენე, ჯონათან ლომგულო!“

ამ სამყაროდან გაფრენილი ძმების საოცარი თავგადასავლის მოსმენა, ნანგილიას მშვენიერება და ჯადოსნურობა, ბიჭების სიმამაცე, ბოროტებასთან ბრძოლა, ბავშვებს ბევრ კითხვაზე გასცემს პასუხს და შავ ხვრელად ქცეული მერხიც იქნებ ისევ იქცეს ადრინდელ, ჩახჩახა ვარსკვლავად. მით უფრო, თუ მასწავლებელი სთხოვს ბავშებს, მოხატონ ის, გაალამაზონ, ყვავილები, გულები მიაწებონ, ბარათებით გააფორმონ,  გულიდან ამოსული სიტყვებით დაამშვენონ, შეიძლება საჩუქრებიც კი მიუტანონ. ამით ემოციების გამოხატვის გზას გავუხსნით, თან მერხიც აღარ გამოჩნდება ისეთი ცარიელი და სევდიანი – ის მოგონებებისა და სიყვარულის კერად იქცევა, იქცევა სიმბოლოდ დიდი მოგზაურობის დაწყებისა.

გაფრენილი კლასელის სახელით ჩადენილი სიკეთე ხომ ყველაზე დიდი სიკეთეა! მოდი, მოაგროვონ სახლში ის ნივთები, რომელთა გაცემაც მოუნდებათ და წამოიწყონ ერთი დიდი საქველმოქმედო პროექტი: გავცეთ მათი სახელით, ვინც წასვლა არჩია, ან მათი სახელით, ვისაც ამ სამყაროს მიტოვება მოულოდნელად მოუწია – ჩვენი სამყაროები ხომ მაინც მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული, აქაური, ამ სამყაროსეული საქმეები იმ სამყაროშიც აისახება, ოღონდ ცოტა განსხვავებულად, მაგრამ, რაც მთავარია, ჩვენს გზავნილებს იღებენ, ჩვენ შეგვიძლია, დავუკავშირდეთ მათ და ეს კავშირი ყველაზე მარადიული, ყველაზე გამძლეა, ყველაზე სევდიანი და, ამავე დროს, დიდი იმედის მომცემიც. ჰოდა, ჩვენი კეთილი საქმეები იმ სამყაროში ვარდებად და ყაყაჩოებად, იებად და ენძელებად, იასამნებად და შროშანებად აბიბინდება! ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს, როცა საყვარელ ადამიანს სხვა სამყაროშიც ასეთ საჩუქრებს სჩუქნი და ეუბნები, რომ გიყვარს, რომ გჯერა მისი არსებობისა, გჯერა, რომ ის მუდამ შენთან იქნება – მოღუღუნე მტრედად თუ მოულოდნელად ამოსულ ვაშლის ხედ.

და ეს ამბავი იქცევა პირველ შეჯახებად ცხოვრებასთან, მიღმიერ სამყაროსთან შეხების პირველ გაკვეთილად, მასწავლებელი კი, ეს სუპერძალების მქონე არსება, ახლა უკვე ცხოვრების მასწავლებლად იქცევა, ახლა უკვე წარუშლელ კვალს დატოვებს მათ ცხოვრებაში, ახლა უკვე საერთო სევდა ექნებათ, საერთო რწმენა და საერთო იმედიც. რომ ოდესმე, ბევრი წლის შემდეგ, მთელი კლასი ისევ ერთად შეიკრიბება, ოღონდ ამ დროს არც ერთი მერხი არ იქნება შავად პირდაღებული, პირიქით, ყველა იკაშკაშებს და იბრწყინებს, მასპინძლობას კი ადრიანად გაფრენილი ჩიტები გაუწევენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მასწავლებლის დღიური

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი